საქმე №ას-1651-2023 31 იანვარი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.თ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.თ–იამ (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემდგომ - საზოგადოებრივი მაუწყებლი, დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციის დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე 1990 წლიდან დასაქმებული იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2017 წლის რეორგანიზაციული ცვლილებების შედეგადა ამავე წლის 17 ივლისიდან მოსარჩელე დაინიშნა არქივში, ვიდეოფონდის ჯგუფში, რედაქტორის პოზიციაზე. მოსარჩელის მტკიცებით, აქვს მხედველობის პრობლემები, ასთენოპიური ჩივილების გამო ვერ ახერხებს სათვალისა და ლინზის მორგებას, თუმცა აღნიშნულს ხელი არ შეუშლია მისთვის შეესრულებინა პოლიტიკურ, გასართობ და საინფორმაციო თოქ-შოუებში რედაქტორის ფუნქცია - მოვალეობები. არქივში, ვიდეოფონდის ჯგუფის რედაქტორის პოზიციაზე შესასრულებელი სამუშაო მისი სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვდა განსხვავებულ დატვირთვას, რაც მისი ჯანმრთელობისთვის იყო საზიანო. აღნიშნულის მიუხედავად, ასრულებდა მოვალეობებს სანამ კრიტიკულად არ დამძიმდა მისი მხედველობა. 2021 წლის თებერვალში მოსარჩელემ წერილობით მიმართა დამსაქმებელს სხვა თანამდებობაზე გადაყვანის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ 27 ახალი თანამშრომელი მიიღო 2022 წლის 1 იანვრიდან - 1 სექტემბრამდე პერიოდში.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის 2022 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ-ის) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად. მოსარჩელე არ ეთანხმება ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ გარემოებას და განმარტავს, რომ იგი ცხადდებოდა სამსახურში მას შემდეგაც კი, რაც გაურთულდა მხედველობის პრობლემები, ხოლო დამსაქმებელმა, შესაძლებლობის მიუხედავად არ გადაიყვანა იგი სხვა თანამდებობაზე.
4. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 9 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის -10 000 ლარის გადახდა და განაცდური ხელფასის - 1200 ლარის (დაუბეგრავი) ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან - 2022 წლის 9 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მოპასუხის შესაგებელი
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობისა და ისეთი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, რომელიც მოსარჩლის მოთხოვნებსა და გამოცდილებას შეესაბამებოდა, დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2022 წლის 9 აგვისტოს №222-კ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა შრომითი ურთიერობის უკანონოდ შეწყვეტის გამო, კომპენსაცია 2 000 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1200 (დასაბეგრი) ლარი, 2022 წლის 1 ნოემბრიდან წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტები.
10. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ არ იკვეთებოდა მოსარჩელის ხანგრძლივი შრომისუუნარობის ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება მისი მხრიდან ჩადენილი გადაცდომით იყო გამოწვეული, რაც გამოიხატა ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობით. საქმეში წარმოდგენილ განცხადებებში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა და ითხოვს, მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით გადაიყვანონ ისეთ თანამდებობაზე, სადაც ნაკლებად მოუწევს კომპიუტერის ეკრანთან მუშაობა, წერა და კითხვა. მოსარჩელის განცხადებას ადასტურებს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელეს აქვს ქრონიკული ჰიპერმეტროპია - მაღალი ხარისხის, საცრემლე ჯირკვლის სხვა ავადმყოფობები, მშრალი თავლისი სინდრომი, ამბლიოპია, როგორც ანოპსიის შედეგი და ასტიგმატიზმი საშუალო ხარისხის.
11. მოპასუხე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებას ადასტურებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის ასახავს განცხადებებში, სადაც ის ითხოვს სხვა თანამდებობაზე გადაყვანას. აპელანტი ასევე უთითებს არქივის კინო-ფოტო და ვიდეო ფონდების ხელმძღვანელის, არქივის სამსახურის ხელმძღვანელისა და მაუწყებლის მედია-დირექტორის მოხსენებით ბარათებზე, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელე არ ასრულებს თავის მოვალეობას. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხოლოდ ეს მტკიცებულებები ვერ დაადასტურებს დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რომ მოსარჩელე 1. ჯანრთელობის მდგომარეობის გამო არ (ვერ) ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2. მიუხედავად მისი მოთხოვნისა სხვა სამსახურში გადაყვანაზე, მისი შესაფერისი თანამდებობა ვერ მოიძებნა მიუხედავად 27 ვაკანტური თანამდებობის არსებობისა. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატის აზრით, საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები თუ რა მოცულობით ვერ ასრულებდა მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობას, მოვალეობის შეუსრულებლობას (ასეთის არსებობის შეთმხვევაში) ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, თუ ხასიათდებოდა პერიოდულობით, დროის რა პერიოდზე, რა ინტენსივობით, ჰქონდა ადგილი სამუშაოს სრულად შეუსრულებლობას, თუ არაჯეროვან შესრულებას და ა.შ., ასევე არ არის დასაბუთებული კონკრეტულად, რატომ ვერ მოხერხდა მოსარჩელის სხვა სამსახურში გადაყვანა შესაბამისი მოთხოვნების, კვალიფიკაციის თუ სხვა ობიექტური მიზეზის არსებობის კუთხით.
12. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მხრიდან სხვა ობიექტური გარემოების არსებობის თაობაზე არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლითაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას გაამართლებდა, წარმოდგენილი ვერ იქნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, მოსარჩელის ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობის შესახებ.
13. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამუშაო გამოცდილების, კომპეტენციის, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ოდენობა გონივრული იყო და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
15. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის ხანგრძლივი შრომისუუნარობა უტყუარად დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულბებით. მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს და მიუთითა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და ამის გამო ხელი ეშლებოდა სამუშაოს შესრულებაში. ასევე აღნიშნავდა, რომ სამუშაოს შესრულების გაგრძელება კიდევ უფრო აზიანებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყო მძიმე და ამის გამო მას ხელი ეშლებოდა სამუშაოს შესრულებაში. ასევე აღნიშნავდა, რომ სამუშაოს შესრულების გაგრძელება კიდევ უფრო აზიანებდა მის ჯანმრთელობას და ითხოვდა სხვა ისეთ სამუშაოზე გადაყვანას, სადაც არ იქნებოდა საჭირო კომპიუტერთან მუშაობა, ბევრი წერა და კითხვა. ამავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავდა იმასაც, რომ რამდენიმე წინადადების დაწერაც კი მას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. მოსარჩელის მიერ დამსაქმებლისთვის მიწოდებული აღნიშნული ინფორმაცია უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - სამედიცინო ცნობებით.
16. მოპასუხის მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ვაკანტური პოზიციის მოძიების, ან ისეთი პოზიციის დამატებით აუცილებლობის შესახებ, რაზეც სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. ასეთ ვითარებაში დამსაქმებლის მოქმედება შეიძლება ყოფილიყო შემდეგნაირი: მოსარჩელისთვის სპეციალურად შექმნილიყო ისეთი პოზიცია, რომლის საჭიროება არ არსებობდა; გამოიწვევდა მაუწყებლის საბიუჯეტო სახსრების არაგონივრულ ხარჯვას; მოსარჩელე დაეტოვებინათ მის მიერ დაკავებულ პოზიციაზე, მაგრამ არ დაევალებინათ სამუშაოს შესრულება; მოსარჩელესთან მოშლილიყო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული მაუწყებლის საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უდავოა, რომ მოსარჩელის ხანგრძლივი შრომისუუნარობის ფაქტი არარსებობის პირობებშიც სახეზე იყო ობიექტური გარემოებები, რომლებიც ამართლებდა მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების მოშლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), სსკ-ის 409-ე მუხლი (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილი (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია).
23. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-877-2023, 20 ოქტომბერი, 2023 წელი; №ას-928-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) და „ი“ (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული − ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება). ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივ საფუძველად დამსაქმებელი უთითებს: ა) ხანგრძლივ შრომისუუნარობასა და ბ) სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შეუძლებლობას.
24. პალატა მიუთითებს, რომ ვიდრე სასამართლო შეამოწმებს, იყო თუ არა დარღვევები ხელშეკრულების შეწყვეტის თანაზომიერი, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს თავად ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე მიუთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შდრ: სუსგ. №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი; №ას-180-2023 18 მაისი, 2023 წელი; №ას-703-2023, 20 ოქტომბერი, 2023 წელი).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომითსამართლებრივი ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, სწორედ სადავო სამართალურთიერთობის ძლიერი მხარე - დამსაქმებელი იყო ვალდებული, სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა, რომ დასაქმებული ჯანრთელობის მდგომარეობის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ ფაქტის დადასტურებას მოპასუხე ცდილობს მოსარჩელის განცხადებებზე მითითებით, სადაც იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვს სხვა თანამდებობაზე გადაყვანას. წარმოდგენილი ცნობების თანახმად, მოსარჩელეს აქვს ქრონიკული ჰიპერმეტროპია - მაღალი ხარისხის, საცრემლე ჯირკვლის სხვა ავადმყოფობები, მშრალი თავლისი სინდრომი, ამბლიოპია, როგორც ანოპსიის შედეგი და ასტიგმატიზმი საშუალო ხარისხის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობას, კერძოდ, იმ პირბებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, მაინც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მოპასუხეს სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა კონკრეტულად რა ინტენსივობითა თუ პერიოდულობით, დროის რა მონაკვეთში ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას დასაქმებული და რომ მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა აჭარბებს კანონით დადგენილ საპატიო დღეების რაოდენობას. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დამსაქმებლის მხრიდან რაიმე სახის ღონისძიების განხორციელებას დასაქმებულთან მიმართებით.
26. მოპასუხის არგუმენტები ასევე ემყარება თანამშრომელთა მოხსენებით ბარათებს, რომლებშიც მითითებულია, რომ მოსარჩელე არ ასრულებს თავის მოვალეობას. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან, თავისივე თანამშრომლის მოხსენებითი ბარათებისა და მოსარჩელის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განმარტება, სარწმუნოდ ვერ ადასტურებს დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ ზედიზედ 40 კალენდარულ დღეზე მეტი ან 6 თვის განმავლობაში 60 კალენდარულ დღეზე მეტი შრომისუუნარო იყო.
27. ნორმის შემადგენლობიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ კანონი ადგენს იმ ვადის მაქსიმალურ ოდენობას, რომლის განმავლობაშიც პირის სამუშაოზე გამოუცხადებლობა ითვლება საპატიოდ, თუმცა, საპატიოობის მიუხედავად, თუკი გამოუცხადებლობა ამ ვადას აღემატება, პრეზუმირებულია, რომ დამსაქმებელს ადგება ზიანი და მას სრული უფლება გააჩნია, ცალმხრივად გამოავლინოს სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის მიღებასავალდებულო ნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც პრეცედენტული სამართლით, ისე - ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ დასაქმებულის დაცვის სტანდარტს შეესაბამება შრომითი ურთიერთობის შეჩერების კანონით გარანტირებული ხანგრძლივი ვადა, ხოლო მაქსიმალური ვადის დარღვევა კი, აღიქმება უკვე დამსაქმებლის ინტერესების ხელყოფად, რაც კანონმდებლის გამართლებული პოზიციაა და ემსახურება მხარეთა ინტერესების დაბალანსებას (იხ. სუსგ №ას-1090-1010-2017, 15 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-1558-2019, 4 ივნისი, 2020 წელი). საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ მითითებული დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები არ დასტურდება.
28. რაც შეეხება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ მეორე გარემოებას - მიუხედავად სხვა სამსახურში გადაყვანაზე დასაქმებულის მოთხოვნისა, მისი შესაფერისი თანამდებობა ვერ მოიძებნა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სამუშაოდან დასაქმებულის გათავისუფლება ობიექტურ გარემოებას უნდა ეყრდნობოდეს. მითითებული საფუძვლისას დამსაქმებელის მტკიცების ტვირთში შემავალი ფაქტებია: 1) ობიექტური გარემოების არსებობა; 2) ამ გარემოებათა არსებობის პიროებებში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზანშეწონილობა და გარდაუვალობა.
29. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება შეფასდეს სშკ-ის გათვალისწინებულ ობიექტურ გარემოებად. სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შეუძლებლობა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არსებობდა 27 ვაკანტური თანამდებობა დასაქმებულისთვის ალტერნატიული, მისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სხვა სამუშაოს შეთავაზების გარეშე, არ წარმოადგენდა იმ „სხვა ობიექტურ გარემოებას“, რომელიც გაამართლებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. დამსაქმებელმა არ უზრუნველყო დასაქმებული ალტერნატიული სამუშაოთი და ვერც ის გარემოება დაამტკიცა სარწმუნოდ, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა (სუსგ №ას-45-2019, 5 აპრილი 2019 წელი.).
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი; №ას-1392-2023, 25 იანვარი, 2024 წელი).
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესათუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე №2/2-389).
32. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით), დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე მიუთითებს.
34. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 2 260 ლარის 70% – 1 582 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელს (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 260 ლარის (საგადასახადო დავალება №25746/ გადახდის თარიღი 17.11.2023) 70% - 1 582 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე