საქმე №ას-1634-2023 26 იანვარი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ „ა.ჭ.მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ - მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) სარჩელი ინდივიდულაური მეწარმე „ა.ჭ.მ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, პირგასამტეხლოს ჯამში 23 547.32 ლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლო - 4 319.67 ლარი სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის (სამინისტროს) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშება სწორად განისაზღვრა ხელშეკრულების შესასრულებელი ღირებულებიდან, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის მხედველობაში მიღებით.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. კასატორის განმარტებით, იმისთვის, რომ პირგასამტეხლოს შემცირება იყოს სამართლიანი, ის უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება. სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს მიზანს და აზრს უკარგავს მის არსებობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამინისტროსა და მოპასუხეს შორის, 2021 წლის 29 აპრილს გაფორმდა №329 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა საპოლიციო და გასამხედროვებული დანაყოფების ჟილეტები, ხელშეკრულების დანართი №1-ში გათვალისწინებული ვადების (გრაფიკის) შესაბამისად. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, კერძოდ, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები (ხელშეკრულების პირველი პოზიციით გათვალისწინებული 24 200 ლარის ღირებულების ექსპერტ-კრიმინალისტების ჟილეტი, ნაცვლად 2021 წლის 28 ივნისისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 29 ივლისს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით; ხელშეკრულების მეორე პოზიციით გათვალისწინებული 18 000 ლარის ღირებულების დეტექტივ-გამომძიებლის ჟილეტი, ნაცვლად 2021 წლის 13 ივლისისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 29 ივლისს, 16 კალენდარული დღის დაგვიანებით; ხელშეკრულების მესამე პოზიციით გათვალისწინებული 3022 ლარის ღირებულების საქონელი - ჟილეტი, ნაცვლად 2021 წლის 28 ივნისისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 24 აგვისტოს - 57 კალენდარული დღის დაგვიანებით; ხელშეკრულების მე-4 პოზიციით გათვალისწინებული 61 250 ლარის ღირებულების საქონელი, 2021 წლის 28 ივლისის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 24 აგვისტოს - 27 კალენდარული დღის დაგვიანებით; ხელშეკრულების მე-5 პოზიციით გათვალისწინებული 1 050 ლარის ღირებულების ინსტრუქტორის ჟილეტი, ნაცვლად 2021 წლის 28 ივლისისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 12 აგვისტოს - 15 კალენდარული დღის დაგვიანებით), რის გამოც, მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო, მოპასუხეს დააკისრა ხელშეკრულების 9.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა - 23 547.32 ლარი.
13. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (107 522 ლარი) 0.15%, ჯამში 23 547.32 ლარი იმ გარემოებაზე მითითებით შეამცირეს 4319.67 ლარამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაანაგრიშებულ უნდა იქნეს თითოეული მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რასაც კასატორი სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირეს.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობასთან მიმართებით და მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამასთან, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (ის. სუსგ საქმე №ას-1819-2019; 19 თებერვალი, 2020; საქმე № ას-732-2022, 24 ნოემბერი, 2022 წელი).
15. ნიშანდობლიბის ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ: საქმე №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; საქმე №ას-1511-2018, 26.03. 2019წ.).
16. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 23 547.32 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, ვინაიდან, მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა ვადის გადაცილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. პალატა დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა (ვადაგადაცილება), მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია. ამიტომაც, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 4 319.67 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
17. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის თაობაზე კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: საქმე №ას-240-2023, 2023 წლის 21 მარტის განჩინება; №ას-1281-2020, 2021 წლის 28 იანვრის განჩინება; №ას-947-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე