Facebook Twitter

საქმე №ას-1510-2023 31 იანვარი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ჯ.რ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ჯ.რ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი) მიმართ ზიანის - 18 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2021 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე ტყიბულის რაიონის სოფელ ......... მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის გამო ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევ პირად აღიარებული იქნა ფიზიკური პირი კ.კ–ი და მოპასუხე იურიდიული პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაზარალდა მოსარჩელე, კერძოდ, დაზიანდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ ექვმდებარება აღდგენას, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 18 500 ლარის გადახდა.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

შეგებებული სარჩელი

4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ 19 048 ლარის დაკისრების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელის მიხედვით, შპს-ს საკუთრებაში მყოფი ექსკავატორით katerpillari 428ტე 428, რომელსაც მართავდა მძღოლი კ.კ–ი თავის სამოძრაო ზოლში შეეჯახა საწინააღმდეგო მხრიდან ექსკავატორის სამოძრაო ზოლში გადმოსული ავტომანქანა MERSEDES-BENCE E-320, რომელსა მართავდა შეგებებული სარჩელის მოპასუხე. ორივე მძღოლი სამართალდარღვევ პირებად არიან ცნობილნი, კერძოდ, მოსარჩელე ალკოჰოლური თრობის გამო, ხოლო მეორე - მართვის მოწმობის არ ქონის გამო. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ გამოვლენილა ავტოსაგზაო შემთხვევა თუ ვისი ბრალეული ქმედებით მოხდა. აუდიტორული კომპანია „ი.ა–ის" მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ზიანი განისაზღვრა 19 048 ლარით. ვინაიდან, სარჩელზე თანდართული საბუთების შესაბამისად დგინდება შეგებებული სარჩელის მოპასუხის ბრალეული ქმედება და ალკოჰოლური თრობა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და საპროცესო ხარჯი - აუდიტორული დასკვნისათვის გადახდილი 300 ლარი.

შეგებებული სარჩელის მოპასუხის შესაგებელი

5. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლთან ერთად, მოსარჩელემაც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, რადგან უწყვეტი ხაზის გადაკვეთა და საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში გადასვლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაა (ასკ-ის 125.71 მუხლი). მართალია, მოსარჩელე ამ საფუძვლით არ დაჯარიმებულა, მაგრამ ეს არ ცვლის მის მიერ ჩადენილი ქმედების არსს. მით უფრო, როცა მოსარჩელემ ვერ შეძლო სარწმუნოდ დასაბუთება, რომ უწყვეტი ხაზის გადაკვეთა და საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში გადასვლა მისგან დამოუკიდებელმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა.

10. პალატის მოსაზრებით, შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, თუ სატრანსპორტო საშუალების რომელ მძღოლს უფრო მეტი ბრალი მიუძღვის ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში. ეს გარემოება გამორიცხავს სსკ-ის 415-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას და რომელიმე ერთი მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას. ამასთან, თანაბარი ბრალეულობის შემთხვევაში, ერთმანეთისათვის პრეტენზიების წაყენებას თუ შესაძლებლად მივიჩნევთ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ურთიერთპრეტენზიების მოცულობა ფაქტობრივად ტოლია. შესაბამისად, ამ მოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულებებიც უნდა შეწყდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რომელი მხარე იყო სამართალდამრღვევი პირი, რომელი დაზარალებული. სამართალდარღვევაზე გამოცემული ორივე ადმინისტრაციული აქტი კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის ბრალეულობასთან დაკავშირებით. პალატა გასცდა თავის უფლებამოსილებას და პოლიციის უფლება-მოვალეობები შეითავსა.

13. გაუგებარია ისიც, თუ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობთ ადგენს სასამართლო მოსარჩელის ბრალეულობას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე მოსარჩელე მოძრაობდა თავის ზოლში, როდესაც მოულოდნელად მარჯვენა მხარეზე გზიდან გადასული მოპასუხის საკუთრებაში არსებული ექსკავატორი, რომელსაც მართავდა მძღოლი მართვის უფლების გარეშე, უეცრად დაიძრა ადგილიდან და გადაჭრა ცენტრალური გზის უწყვეტი ხაზი და შექმნა საავარიო სიტუაცია. შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელე იძულებული გახდა, გადაეხვია გზიდან უკიდურესად მარცხენა მხარეს, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა მაინც ვერ აიცილა თავიდან. თუკი მოპასუხე მიიჩნევდა, რომ თავად არ იყო ბრალეული მომხდარის გამო, რატომ არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევ პირად ცნობის აქტი?!

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნის - მოპასუხისათვის 18 500 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

20. პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის ელემენტები მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალია. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-184-2023, 21.04.2023წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას, მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დაარღვია მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე შესვლის წესი, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. ამდენად, ამ მტკიცებულებით დასტურდება მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. არც ისაა სადავო, რომ ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ავტომანქანას მიადგა ზიანი, კერძოდ, მის აღსადგენად საჭიროა 18 500 ლარი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა მოსარჩელემ, ასწრებდა რა თავისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა ამ ზოლში მოძრავ მოპასუხის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას. აუდიტორული კომპანია „ი-ა–ის“ აუდიტორული დასკვნის მიხედვით, მოპასუხის სატრანსპორტო საშუალებისათვის ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 19 048 ლარს. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ერთმნიშნველოვნად დგინდება მოსარჩელის ბრალეულობაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევაში.

22. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ პალატა გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს და მოსარჩელის ბრალეულობა დაადგინა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ადმინისტრაციული წესით ამ საფუძვლით არ დაჯარიმებულა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სსსკ-ის 30917 მუხლის 1-ლი ნაწილი). ამასთან, ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღარების თაობაზე სარჩელის განხილვისას მხარეები სსსკ-ის 102-103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ სასამართლოს, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის მიყენების ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, რომელთაც სასამართლო იმავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციულ სამართლადარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის ბრალეულობა წარმოდგენილი არ არის, თუმცა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (ავტოსაგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმითა და სქემით; სატრანსპორტო საშუალების მძღოლებთან გასაუბრების ოქმებით; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით) დასტურდება მოსარჩელის ბრალეულობაც. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის სარწმუნოდ დასაბუთება, რომ უწყვეტი ხაზის გადაკვეთა და საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში გადასვლა მისგან დამოუკიდებელმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა, რაც მან ვერ შეძლო.

24. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 415-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის თანაბრალეულობის მიხედვით განისაზღვრება როგორც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ისე მისი მოცულობაც. შესაბამისად, ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანაბრალეულობა ზიანში გავლენას ახდენს ზიანის ოდენობის განსაზღვრაზეც. ზიანი დაზარალებულისა და დამზიანებლის პასუხისმგებლობის თანაფარდობის საფუძველზე უნდა გადანაწილდეს, როდესაც მნიშვნელოვან როლს არსულებს ბრალის ხარისხი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, რაკი შეუძლებელია იმის დადგენა, სატრანსპორტო საშუალების რომელ მძღოლს უფრო მეტი ბრალი მიუძღვის ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში, ამასთან, მათ მიერ მიღებული ზიანი თითქმის ტოლია, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-482-2022, 10 ივნისი, 2022 წელი; №ას-630-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-383-383-2018, 15 მაისი, 2018 წელი; №ას-65-62-2016, 2016 წლის 12 აპრილი).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 926 ლარის 70% – 648.2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.რ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ჯ.რ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 926 ლარის (საგადასახადო დავალება №873372000, გადახდის თარიღი 27.11.2023), 70% - 648.2 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე