საქმე №ას-1486-2023 31 იანვარი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს-ც.თ.კ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ზ....“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ზ....-მა“ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ც.თ.კ–ის“ (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 3 730 ლარის გადახდა (საიდანაც 2 890 ლარი დეკემბრის თვის ქირაა, ხოლო 840 ლარი - მუშების მომსახურების თანხა), ასევე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3720 ლარის 0.2% - 7.46 ლარი, 2021 წლის 28 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 3 730 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; ასევე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2021 წლის 28 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 805.68 ლარისა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მტკიცება, რომ დეკემბრის თვის ქირის საფასურის გადახდა არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან ამ პერიოდში მას არ უსარგებლია სასაწყობე და საოფისე ფართით, დაუსაბუთებელია და საქმის მასალებით არ დასტურდება, შესაბამისად, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის დეკემბრის საფასურის დაკისრების თაობაზე (სსკ-ის 531-ე და 775-ე მუხლები). ასევე, მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრებაც, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საწყობიდან გატანილი საქონლის ავტოტრანსპორტზე დატვირთვის სამუშაოებისათვის (სსკ-ის 629-ე მუხლი). რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ეს უკანასკნელი ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული ვალდებულების დარღვევისათვის, რისი გათვალისწინებითაც, სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების საფუძველზე, მისი გადახდაც მართებულად დაეკისრა მოპასუხეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს 2021 წლის დეკემბრის განმავლობაში საჭიროებისამებრ გაჰქონდა ტერიტორიიდან დასაწყობებული პროდუქცია და მას ეს უფლება არ შეზღუდვია. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ, 2021 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა ჩხრეკა და დაილუქა მოწინააღმდეგე მხარის უძრავი ქონება, სადაც კასატორს დასაწყობებული ჰქონდა საქონელი, შესაბამისად, ფართის დალუქვის შემდეგ კასატორი არაბრალეულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაუბრკოლებლად და საჭიროებისამებრ გაეტანა დასაწყობებული საქონელი. გამოძიების მიმდინარეობისას, გამოძიების მიერ მოხდა ლუქის ახსნა იმ პირობით, რომ კასატორს უმოკლეს ვადაში დაეცალა საწყობი, სადაც განთავსებული იყო მისი კუთვნილი დაახლოებით 87 ტონა საქონელი. კასატორი შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდა საბაზრო ფასთან შედარებით მაღალ ფასში დაექირავებინა ფართი, ასევე - მუშახელი და ტრანსპორტი საქონლის გადასაზიდად და დასასაწყობებლად.
8. კასატორის მითითებით, ფართის დალუქვამდე კასატორს ჰქონდა შესაძლებლობა ნებისმიერ დროს საწყობიდან დაუყოვნებლივ მიეღო/გაეტანა პროდუქცია. საგამოძიებო სამსახურის მიერ ფართის დალუქვის შემდეგ კი საჭირო გახდა ყოველ კონკრეტულ საჭიროებაზე საგამოძიებო სამსახურისათვის განცხადებით მიმართვა, რასაც ბუნებრივი ვერ მოჰყვებოდა დაუყოვნებელი რეაგირება საწყობზე ლუქის ახსნის თვალსაზრისით. ამ ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ არ გაუარესებულა მოპასუხის მდგომარეობა, დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - საქონლის მიბარების, ფართით სარგებლობისა და ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვის საფასურის, ასევე, მათი გადახდის დაგვიანებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე თავისი შინაარსით შერეულ ხელშეკრულებას წარმოადგენა, რადგან იგი ერთდროულად შეიცავს მიბარების, ქირავნობისა და ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის ნიშნებს, შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზემოხსენებულ ხელშეკრულებათა მარეგულირებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული მათი თავისებურებებისა და ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით.
14. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საქონლის დასაწყობებას, მიმბარებლის მოთხოვნის შემთხვევაში საქონლის გადმოტვირთვა/დატვირთვას. მიბარებული საქონლის შენახვის, სასაქონლე საწყობითა და საოფისე ფართით სარგებლობისათვის მოპასუხე ყოვეთვიურად იხდიდა 3000 ლარს. მოპასუხემ მიბარებული საქონელი საწყობიდან 2021 წლის დეკემბრის ბოლოს გაიტანა, თუმცა ამ თვის საზღაური მოსარჩელისათვის არ გადაუხდია და სადავოდ ხდის მისთვის თანხის დაკისრებას და მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მისთვის გადაცემული ფართი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაილუქა, რის გამოც ხელი ეშლებოდა ფართში განთავსებული საქონლის შეუფერხებლად გატანასა და ფართით სარგებლობაში, რაც მისთვის თანხის დაკისრებას გამორიცხავს.
15. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და სსსკ-ის მე-4 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) მითითებით განმარტავს, რომ მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით არ დაუდასტურებია მისი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, კერძოდ, კასატორის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ქონებით სარგებლობის უფლების ისეთ შეზღუდვას, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობად ვერ ჩაითვლებოდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, საქმის მასალებით დგინდება, რომ პროდუქციის ტერიტორიიდან გატანა ხდებოდა მარტივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე - იხსნებოდა ლუქი, ხოლო პროდუქციის გატანის შემდეგ ფართი კვლავ ილუქებოდა (იხ. დალუქვისა და ლუქის მოხსნის აქტები). კასატორის მიერ 2021 წლის დეკემბრის სხვადასხვა რიცხვებში პროდუქციის ზაჰესის ტერიტორიიდან გატანას ადასტურებს როგორც საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ასევე - მოპასუხის ბუღალტერის ხელწერილები.
16. პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურება, რომ ფართის დალუქვამ მოპასუხისათვის დაბრკოლება შექმნა მასში განთავსებული ნივთების გამოყენების კუთხით, კერძოდ, მართალია, ფართის დალუქვის შემდეგ ამ ფართით სარგებლობა და მასში დასაწყობებული საქონლის გატანა შესაძლებელი იყო მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის ნებართვით, მაგრამ საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ მოთხოვნისთანავე ყოველთვის მიიღო ნებართვები და საქონელიც გაიტანა საწყობიდან. ამ კუთხით მას არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც იმ გარემოებას დაადასტურებდა, რომ მან საგამოძიებო სამსახურს მიმართა და ამ უკანსკნელმა უარი უთხრა ან დროულად არ გასცა ფართიდან საქონლის გატანის ნებართვა. ნიშანდობლვია ის გარემოებაც, რომ საწყობიდან საქონლის გატანა მოპასუხეს მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით შეეძლო. ფართის დალუქვის შემდეგ კი მოსარჩელის თანხმობა საგამოძიებო სამსახურის ნებართვის დაწესებით შეიცვალა, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის მდგომარეობა არსებითად არ გაუარესებულა, სავსებით მართებულია.
17. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომლის თანახმად, იძულებული გახდა საბაზრო ფასთან შედარებით მაღალ ფასში დაექირავებინა სხვა ფართი, მუშახელი და ტრანსპორტი პროდუქციის გადასაზიდად და დასასაწყობებლად, პალატა აღნიშნულს ვერ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად და განმარტავს, რომ ჯერ ერთი, მოპასუხეს ხელი არ შეშლია ხელშეკრულების საგნით სარგებლობაში და მეორეც, ასეც რომ ყოფილიყო, ის მოსარჩელის ბრალით გამოწვეული არ ყოფილა, რაც საკასაციო პრეტენზიის საფუძვლიანობას გამორიცხავს.
18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს 2021 წლის დეკემბრის განმავლობაში საჭიროებისამებრ გაჰქონდა ზაჰესის ტერიტორიიდან დასაწყობებული პროდუქცია და მას ეს უფლება ხელშეკრულების ფარგლებში არ შეზღუდვია, შესაბამისად, არ არსებობს კასატორის საკასაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი და სარჩელი სსკ-ის 531-ე, 775-ე, 629-ე, 417-ე და 418-ე მუხლების საფუძველზე, მართლებულად დაკმაყოფილდა.
19. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-754-2023, 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, საქმე №ას-844-2023, 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება, საქმე №ას-1276-2019, 2021 წლის 31 მარტის განჩინება).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ც.თ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ს-ც.თ.კ–ას“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ს–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საბუთის №19932017416 / გადახდის თარიღი 25.12.2023), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე