საქმე №ას-1221-2023 26 იანვარი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ო.ს.ფ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ.ო.ს.ფ–სმა“ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ს–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, თავდები, აპელანტი, კასატორი) და ნ.რ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ SM/201257 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 633.11 აშშ დოლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 507.77 აშშ დოლარი და ჯარიმა 125.34 აშშ დოლარი) და SM/201258 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 6204.20 აშშ დოლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5640.32 აშშ დოლარი და ჯარიმა 563.88 აშშ დოლარი).
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ SM/201257 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 557.77 აშშ დოლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 507.77 აშშ დოლარი და ჯარიმა 50 აშშ დოლარი), ხოლო SM/201258 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 5940.32 აშშ დოლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5640.32 აშშ დოლარი და ჯარიმა 300 აშშ დოლარი); მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 510.74 ლარისა და გამარტივებული საქმისწარმოების ხარჯის - 1077.20 ლარის გადახდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სარგებლის დავალიანება უნდა დაანგარიშდეს არა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების ოდენობიდან, არამედ, სესხის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებული კლებადი პროცენტის დაჯამების შესაბამისად და მიუთითა, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული რაოდენობით სარგებლის დაფარვა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა კეთილსინდისიერად, სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, რაც განაპირობებდა ძირითადი თანხის შემცირებასა და შესაბამისად, ყოველთვიური სარგებლის შემცირებასაც. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან მსესხებელი არ ასრულებდა სესხის ყოველთვიურად დაფარვის ვალდებულებას, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრებოდა ნარჩენი/შეუმცირებელი ძირითადი თანხის 18%-ით (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად) და არა სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის შესაბამისად.
6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სააღსრულებო ბიუროს მომსახურებისათვის გაწეული დანახარჯთან დაკავშირებითაც და საქართველო სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 408.1 და 412-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული ზიანის ექვემდებარება ანაზღაურებას.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. კასატორის მითითებით, უსაფუძვლია პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ძირითად თანხას არ გამოაკლო ზედმეტად გადახდილი 569 აშშ დოლარი, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული მტკიცებულებები.
9. კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებულ სააღსრულებო ბიუროს ხარჯსაც და მიუთითებს, რომ მისი დაკისრება უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოსარჩელის მოთხოვნის - სესხისა და პირგასამტეხლოს მოპასუხეთათვის დაკისრების საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლები.
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები შესრულებულია, კერძოდ, სახეზეა შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოიშვა, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მსესხებლის სახელზე სესხის სახით SM/201257 სესხის ხელშეკრულების ფაგლებში გასცა 3155 აშშ დოლარი, 40 თვით, ხოლო SM/201257 სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 8795 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, რომელთათვისაც გათვალისწინებულ იქნა როგორც სარგებელი წლიური 18%, ასევე - პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%). ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემული თანხა მსესხებელს სრულად არ დაუბრუნებია. ამასთან, სესხის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად კასატორთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
16. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა არ არსებობდა და მიუთითებს, რომ სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, მსესხებელმა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ივალდებულა. უდავოა, რომ მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, რამაც დასახელებული ნორმის საფუძველზე მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა წარმოშვა. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა.
17. რაც შეეხება, კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ძირითად თანხას არ გამოაკლო ზედმეტად გადახდილი 569 აშშ დოლარი, პალატა აღნიშნულსაც დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და კრედიტორის წინაშე მოპასუხეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში სავსებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი როგორც საპროცესო, ისე - მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი; №ას-517-490-2014, 2014 წლის 15 სექტემბრი), რაც სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, კასატორმა ვერ დაასაბუთა, კერძოდ, მას საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე დაკისრებლი თანხის გაანგარიშების განსხვავებული ოდენობის თაობაზე მტკიცება არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც კანონიერად დაეკისრა კასატორის მიერ მოთხოვნილი ძირითადი თანხა.
18. სააღსრულებო წარმოების ხარჯის ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია, კერძოდ, უდავოა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების მოთხოვნით, რაც უშედეგოდ დასრულდა რესპოდენტის მიერ წარდგენილი პროტესტის გამო, შესაბამისად, კრედიტორმა გასწია ხარჯი, რითაც მიიღო მატერიალური ზიანი, რაც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო მოპასუხეებისათვის და ექვემდებარება ანაზღაურებას.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1238-2023, 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება; საქმე №ას-455-2023, 2023 წლის 8 ივნისის განჩინება; საქმე №ას-540-2022, 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინება; საქმე №ას-1309-2020, 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ნ.ს–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1 / გადახდის თარიღი 11.12.2023), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე