Facebook Twitter

საქმე №ას-1607-2023 31 იანვარი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.ც–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.მ–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვნის ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტმა 2023 წლის 23 მარტს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ მან, როგორც ჰააგის 1980 წლის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების“ შესახებ კონვენციით (შემდგომ - კონვენცია) განსაზღვრულმა ცენტრალურმა ორგანომ, მიიღო ნიდერლანდების სამეფოს ცენტრალური ორგანოდან წერილი, რომლის საფუძველზეც ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე გ.მ–ი (შემდგომ - მამა, მოსარჩელე) ითხოვს არასრულწლოვანი, 2021 წლის 23 დეკემბერს დაბადებული, ლ.მ–ის (შემდგომ - ბავშვი, არასრულწლოვანი) დაბრუნებას ნიდერლანდების სამეფოში ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე- 11 მუხლის შესაბამისად.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის განმარტებით, მშობლებსა და დასთან ერთად 1991 წლიდან ცხოვრობს ნიდერლანდებში. 2018 წლიდან ა.ც–ძესთან (შემდგომ - დედა, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში. აქვს საკუთარი სახლი და მეუღლეები ოჯახის შექმნის დღიდან ნიდერლანდებში ცხოვრობდნენ დამოუკიდებლად, ცალკე ოჯახად. ბავშვი ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეა და მისი საცხოვრებელი ადგილია: ნიდერლანდების სამეფო, კამსალამანდერი 3, დაბა გოირლე, საფოსტო ინდექსი 5052 HD. 2022 წლის 6 აგვისტოს დედა საქართველოში ჩამოვიდა მშობლებისა და ახლობლების მოსანახულებლად. მან თან წამოიყვანა ბავშვი, რაზეც თანხმობა მისცა მამამ. იგი ბავშვის საქართველოში დატოვებას 2022 წლის 5 ნოემბრამდე დასთანხმდა. ამ დღეს დედა ბავშვთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო ნიდერლანდების სამეფოში. მოპასუხემ მოსარჩელეს განუცხადა, რომ თვითმფრინავში დაეწყო ისტერიკა, ბავშვმაც დაიწყო ტირილი და ამის გამო ჩამოვიდა თვითმფრინავიდან. სახლში დაბრუნების შემდეგ კი, მოსარჩელეს მისწერა წერილი, რომ მას აღარ სურს ნიდერლანდებში დაბრუნება, ვერ ძლებს, ვერ შეეგუა ამ ქვეყანას, მუდმივად ენატრება საქართველო და აღარ დაბრუნდება მეუღლესთან. მოსარჩელისათვის ეს იყო ძლიერი ემოციური და მორალური დარტყმა, რადგან ამ წერილის მიწერამდე, მოპასუხეს არცერთხელ არ უთქვამს და არც უგრძნობინებია, რომ არ სურდა ამ ქვეყანაში ან მეუღლესთან ცხოვრება. მოსარჩელე საქართველოში ჩამოვიდა 2022 წლის 14 ნოემბერს და იმყოფებოდა 19 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ბავშვის დედამ უარი განაცხადა როგორც მისი, ისე ბავშვის ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნებაზე.

3. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი მამის ნებისა და თანხმობის გარეშე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რის გამოც ითხოვს ბავშვის დაბრუნებას ნიდერლანდების სამეფოში, წაყვანას კი უზრუნველყოფს თავად. მოსარჩელის განმარტებით, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებია დედასთან ერთად დაბრუნება, წინააღმდეგი არ არის, დედასთან ერთად დაბრუნდეს ჩვეულ საცხოვრებელ სახლში, სანამ მოპასუხე არ მიიღებს სახელმწიფოსაგან თავშესაფარს ან სხვა საცხოვრებელს. ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში, მოსარჩელე თავად გადავა თავის მშობლებთან და სახლს დაუთმობს მეუღლესა და შვილს. მოსარჩელე ასევე თანახმაა, მათთვის იქირაოს ბინა თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, უზრუნველყოფს ბავშვის ყველა საჭიროებას, ფინანსურად დაეხმარება მოპასუხეს კვებისა და მედიკამენტებისათვის საჭირო თანხით, გაიღებს ტრანსპორტირებისა და ბილეთების ხარჯებსაც.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ბავშვთან ერთად აპირებდა ნიდერლანდებში დაბრუნებას 2022 წლის 5 ნოემბერს, თუმცა თვითმფრინავში ბავშვი სრულიად მოულოდნელად ისტერიულად ატირდა, რამაც, ცხადია, დედაზე იმოქმედა და იძულებული გახდა, ჩამოსულიყო თვითმფრინავიდან. ამის შესახებ მან აცნობა მოსარჩელეს, რაზედაც იგი ძალიან გაბრაზდა და მოპასუხეს შვილის წართმევით დაემუქრა.

5. მოპასუხე ნიდერლანდების სამეფოში ყოფნის პერიოდში მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისაგან (დედა და და) მუდმივად განიცდიდა ფსიქიკურ ზემოქმედებას, კერძოდ, უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა მათ გადაწყვეტილებებს ნებისმიერ საკითხში, უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც მათ სურდათ, არ მოსწონდათ მისი ხასიათი, ჩაგრავდნენ და არაფრად აგდებდნენ. მოპასუხე ცდილობდა, ოჯახში არ ყოფილიყო დაძაბული ურთიერთობა და ყველაფერს ითმენდა, თუმცა შინაგანად ძალიან განიცდიდა, იყო დათრგუნული. იგი მარტო იყო უცხო ქვეყანაში და არავინ ჰყავდა. მოსარჩელე სისტემატურად, ფსიქიკურად ძალადობდა მოპასუხის მიმართ, ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც თავად სურდა. მოპასუხემ შიშის გამო ვერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მიუხედავად ყველაფრისა, მოპასუხე აპირებდა ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნებას, მაგრამ, როდესაც დათქმულ დროს ვერ დაბრუნდა და მოსარჩელისაგან მიიღო მუქარა ბავშვის წართმევასთან დაკავშირებით, მიხვდა, რომ მათი ურთიერთობის ნორმალურად მოგვარება შეუძლებელი იყო.

6. ამჟამად ბავშვი საქართველოს მოქალაქეც არის, მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი და რეგისტრირებულია დედის - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მშობლები არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ დრომდე, ვიდრე უფლებამოსილი ორგანო ახალი ვითარების გათვალისწინებით, არ განსაზღვრავს, რომელი მშობლის საცხოვრებელი ადგილია ბავშვის საცხოვრებელი, ბავშვი მიჩნეული ვერ იქნება არამართლზომიერად დაკავებულად. ამასთან, ვლინდება დედასთან აბსოლუტური მიჯაჭვულობა, ანუ გარემოება, როდესაც ბავშვის უკან დაბრუნებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს და გახდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო. არასრულწლოვანი დაცულად გრძნობს თავს და ადაპტირებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში, უზრუნველყოფილია მისი სტაბილურობა და უსაფრთხოება. დედა და ოჯახის სხვა წევრები მისთვის სანდო და მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, ხოლო ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება ბავშვის ფსიქიკისთვის მატრავმირებელი იქნება. როდესაც ბავშვი საქართველოში შემოვიდა, იყო 7 თვის, დღეს არის 17 თვის, ანუ მან იმაზე მეტი იცხოვრა დედის გვერდით საქართველოში, ვიდრე იმყოფებოდა ნიდერლანდებში. საქართველოში აიდგა ფეხი, აქ დაიწყო საუბარი, შეიმეცნა დედის ოჯახში. ბავშვის ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან დედის გარეშე შეექმნება მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მიზნებსა და ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს.

მესამე პირის პოზიცია

7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელის მოსაზრებით, არასრულწლოვანი არამართლზომიერად არის დაკავებული საქართველოში, მაგრამ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაეთანხმება ბავშვის დაბრუნებას ნიდერლანდების სამეფოში იმ შემთხვევაში, თუ იგი დაბრუნდება დედასთან ერთად, მოსარჩელის მიერ მისი მატერიალური და საცხოვრებლის უზრუნველყოფით. დედის გარეშე ბავშვის დაბრუნება, არ იქნება მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების შესაბამისი. პრობლემები კი, რასაც ასახელებს მოპასუხე, დაძლევადია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: არასრულწლოვანი (დაბადების თარიღი 23.12.2021 წელი, მოქალაქეობა - ნიდერლანდების სამეფო, პ/ნ №S1349H36, №S1349H362NLD2112231F2702043) დაბრუნებულ იქნა ნიდერლანდების სამეფოში. საქართველოდან ნიდერლანდების სამეფოში არასრულწლოვნის დაბრუნება დადგინდა დედის - მოპასუხის მიერ, მამის - მოსარჩელის თანხლებით, მოსარჩელის მიერ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებით, როდესაც მოსარჩელემ, გადაწყვეტილების აღსრულებიდან ნიდერლანდების სამეფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ 2021 წლის 23 დეკემბერს დაბადებული არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, უზრუნველყოს: მოპასუხისა და არასრულწლოვნის განთავსება მისამართზე: ნიდერლადების სამეფო, კამსალამანდერ 3, დაბა გოირლე და მათთვის აღნიშნული საცხოვრებლის გადაცემა ინდივიდუალურ სარგებლობაში, მოპასუხის მიერ მისი სურვილის შესაბამისად საცხოვრებლის შეცვლამდე (ნიდერლანდების სამეფოში); მოპასუხისა და არასრულწლოვნისთვის კომუნალური სერვისებით შეუფერხებლად სარგებლობა; მოპასუხისა და არასრულწლოვანის მატერიალური მხარდაჭერა მოპასუხის ანგარიშზე ყოველთვიურად 600 ევროს გადარიცხვით.

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად შემოვიდა, იგი მამის თანხმობით ჩამოიყვანა დედამ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაც 2022 წლის 5 ნოემბრის შემდგომ არასრულწლოვანი ბავშვის არამართლზომიერად დაკავებას და ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნებას უკავშირდება. ამასთან, დადგენილია, რომ ბავშვზე მეურვეობის უფლება მამას ჩამორთმეული ან შეზღუდული არ აქვს, რაც იმთავითვე გამორიცხავს ამავე უფლებით დედის მიერ ექსკლუზიურად სარგებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ერთი მშობლის გადაწყვეტილებით არასრულწლოვნის ჩვეული ადგილსამყოფლიდან დაკავება უცხო ქვეყანაში წარმოადგენს ბავშვის უფლებების დარღვევას და არამართლზომიერ ქმედებას.

12. რაც შეეხება სასამართლოს საკვლევ იმ გარემოებას, თუ რომელი ადგილი უნდა მივიჩნიოთ არასრულწლოვნების ჩვეულ საცხოვრებელ ადგილად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება, რომ არასრულწლოვანი საქართველოში ჩამოყვანამდე ცხოვრობდა მამასა და დედასთან ერთად მამის საცხოვრებელ მისამართზე ნიდერლანდების სამეფოში. აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს არც თავად აპელანტი. ამასთან, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დაიბადა ნიდერლანდების სამეფოში, ხოლო დედამ გადაწყვიტა რა მოსარჩელესთან ერთად ოჯახის შექმნა, საცხოვრებელ ადგილად აირჩია ნიდერლანდების სამეფო და იქ გეგმავდა ცხოვრების გაგრძელებას. ამასთან, როგორც მოპასუხე განმარტავდა, რომ არა ბავშვისა და მისი ემოციური მდგომარეობა, ის 2022 წლის 5 ნოემბერს გეგმავდა ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნებას. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეცაა, პალატის აზრით, ასეთ შემთხვევაშიც კი, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის შესაბამისად, ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით. შესაბამისად, ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის საჭიროა მეორე მშობლის – მამის ნებაც. ეს გარემოება კი, სადავო შემთხვევაში დადგენილი არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის არამართლზომიერად დაკავებამდე მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი იყო ნიდერლანდების სამეფო.

13. ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან საქმის გარჩევის დაწყებამდე ერთ წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვერ დადგინდა არასრულწლოვანი ბავშვის საქართველოში სრული ინტეგრირების ფაქტი. პალატის განმარტებით, ინტეგრაცია არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ გარემოსთან შეგუება. ის მოიცავს ფსიქოლოგიურ ელემენტს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებასა და გარემოში დამკვიდრებასთან. ბავშვების ინტეგრაცია იმდენად აშკარა უნდა იყოს, რომ ამ გარემოში დარჩენა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესს და მან გადაფაროს კონვენციის უპირველესი ამოცანა, რომელიც არასრულწლოვნის უკან დაბრუნებას გულისხმობს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ მიუთითა, თუ რით ვლინდება ბავშვის ინტეგრაცია და გარემოსთან ადაპტაცია. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ ბავშვის არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან (2022 წლის 5 ნოემბერი) მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის მომენტამდე არ იყო გასული ერთი წელი (2022 წლის 30 დეკემბერი). მართალია, სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის პერიოდისთვის გასულია ერთი წელი, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არასრულწლოვნის ცხოვრების წესის იმგვარი ადაპტაცია, როდესაც ის თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, რაც ცალსახად გამორიცხავს კონვენციის მე-12 მუხლით განმტკიცებული საგამონაკლისო ნორმის გამოყენების შესაძლებლობას.

14. არამართლზომიერად გადაადგილებული პირის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების მეორე საგამონაკლისო შემთხვევა განსაზღვრულია ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლით, რომლის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს ბავშვის დაბრუნების თაობაზე განკარგულება, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ: ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ან/და დაეთანხმა, ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას, ან დაკავებას; ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქიკურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

15. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის მამას, რომელიც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას შვილზე რეალურად ზრუნავდა, არასრულწლოვნის გადაადგილებაზე თანხმობა არ გაუცია და არც შემდგომში არ შეჰგუებია მას (წარადგინა სარჩელი), ამიტომ მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოება არ არსებობს, რაც შეეხება „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს, აპელანტი მიუთითებს, ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ და ფსიქიკურ საფრთხეებს შეუქმნის და, ამასთან, აუტანელ მდგომარეობაში ჩააყენებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ფსიქოლოგ ლ.ს–ძის 11.08.2023 წლის არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური შეფასებიდან ირკვევა, რომ „ბავშვს აქვს განვითარების ეტაპების დაყოვნება, აუცილებელია მასთან ქცევითი თერაპევტის მუშაობა იმ მიზნით, რომ ბავშვი დაეწიოს განვითარების ნიშან-სვეტებს. დედას მიეცა რეკომენდაცია და მიმართულება, როგორ უნდა იმუშაოს ბავშვთან სახლის პირობებში, ასევე გადამისამართებულ იქნა ქცევით თერაპევტთა, რომელთანაც 2023 წლის სექტემბრიდან ატარებს ბავშვს. ბავშვის სოციალიზაციისათვის რეკომედირებულია რამოდენიმე თვეში ბაღში შეყვანა, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს აქვს მიმართული მეტყველების გაგების პრობლემა, რეკომენდირებულია ის იზრდებოდეს ერთენოვან გარემოში, ბაღში საუბრობდნენ ქართულად. აუცილებელია სექტემბრიდან ქცევითი თერაპიის დაწყება და ბავშვის მდგომარეობის შეფასება 6-8 თვის შემდეგ მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით“. ამასთან, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ბავშვთა ნევროლოგის – გოჩა ჩიქვინიძის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედით, „არასრულწლოვნის დიაგნოზია R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება. ექიმის რეკომენდაციით: ესაჭიროება ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიკითხა სპეციალისტი - ბავშვთა ფსიქიატრი, ა.გ–ძე, მისი განმარტებით, 2023 წლის 1 ნოემბერს მიმართეს არასრუწლოვნის გასასინჯად, რომელსაც ესწრებოდა ბავშვის დედა, მამა და ბებია, როგორც მისთვის ცნობილია, ბებიამ ჩაწერა კონსულტაციაზე. ფსიქიატრს მიმართეს აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის მიზნით. სპეციალისტის დასკვნით, ბავშვს მისი ასაკის გათვალისწინებით აქვს განვითარების ეტაპის შეყოვნება აუტისტური სპექტრის ელემენტებით. მოსამართლის კითხვაზე: უცხო გარემოში მოხვედრა, ფსიქიკურ საფრთხეს შეუქმნის თუ არა ბავშვს. სპეციალისტმა უპასუხა: თუ მკურნალობა იქნება სწორი და თანმიმდევრული საფრთხე არ იქნება. ეს იქნება ნიდერლანდები თუ საქართველო, მთავარია იყოს უწყვეტი, თანმიმდევრული და ინტენსიური თერაპია (იხ. 14.11.2023 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 13:47:18 წუთიდან). ამდენად, სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე დადგინდა და სადავო არ არის, რომ არაწრულწლოვანს აქვს განვითარების ეტაპის შეყოვნება და ესაჭიროება ინტენსიური თერაპია, რაც შეეხება ფსიქოლოგ ლ.ს–ძის დასკვნას, რომ ბავშვს აქვს მეტყველების პრობლემა და რეკომენდირებულია ის იზრდებოდეს ერთენოვან გარემოში, პალატამ აღნიშნა, რომ არასრულწლოვნის ოჯახი ერთენოვანია, ოჯახში საუბრობენ ქართულ ენაზე. ასევე, სადავო არ არის, რომ ნიდერლანდების სამეფოში ბავშვისთვის აუცილებელი თერაპიის კურსი ხელმისაწვდომი იქნება. პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული სპეციალისტების დასკვნები არ შეიცავს კატეგორიულ შეფასებას იმის შესახებ, რომ ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნება ბავშვისთვის იქნება მატრავმირებელი, აუტანელი გამოცდილება, ფსიქიკური ან ფიზიკური საფრთხის შემცველი, რითაც შესაძლოა, ზიანი მიადგეს მის განვითარებას და ფსიქოემოციურ სტაბილურობას და ხელი შეეშლება ინტენსიური თერაპიის კურსში.

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტების განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად მიუთითა, რომ მოპასუხემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც არასრულწლოვნის ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნების შემთხვევაში, შეიცავს მასზე ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობის საფრთხეს ან ბავშვს შეუქმნის აუტანელ მდგომარეობას. შესაბამისად, არ გამოვლინდა ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, რა დროსაც სასამართლო არ არის ვალდებული, არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება.

17. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას, რომ ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, მისთვის ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნება უსაფრთხოების გარანტის გარეშე გამოიწვევს რეტრავმატიზაციას, პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ არ დგინდება, მოპასუხე ხელახლა აღმოჩნდება რთულ ვითარებაში უსაფრთხოების გარანტის გარეშე ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნებით, რაც ბავშვის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, პალატის მოსაზრებით, აპელანტს შეუძლია, თავისუფლად აირჩიოს თავისი საცხოვრებელი ადგილი და მოსარჩელესთან თანაცხოვრების ურთიერთობის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული საკითხი მოცემული დავის ფარგლებში არ განიხილებოდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

19. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს ბავშვი არ უნდა მიეჩნია არამართლზომიერად დაკავებულად. როგორც სასამართლომაც დაადგინა, შექმნილი, გაუთვალისწინებული ფაქტის გამო მოუწიათ დედა-შვილს თვითმფრინავიდან ჩამოსვლა, როდესაც ნიდერლანდებში დაბრუნებას აპირებდნენ. იმ მდგომარეობამ, რაც ბავშვს ბოლო პერიოდში გამოუვლინდა, გასაგები გახადა თვითმფრინავის ეპიზოდი. ამასთან, მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაბარი მეურვეობის უფლებები აქვთ, თავად ბავშვი კი ორივე ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოში აქვს დედის საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი.

20. მართებულიც რომ იყოს ბაშვის არამართლზომიერად დაკავებულად მიჩნევა, სასამართლოს უნდა გამოერიცხა კონვენციის გათვალისწინებული გამონაკლისების არსებობა. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებს, რომ ბავშვის ნიდერლანდებში დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი ინტერესების დარღვევის გარეშე.

21. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა და არასწორად შეაფასა ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრის განმარტება. 19.05.2023 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვი დედას არის მიჯაჭვული და მატრავმირებელი იქნება მცირეწლოვნისთვის დედის გარეშე ყოფნა. ხოლო დედის წასვლა დაუშვებელი და გამორიცხულია. 11.08.2023 წლის ფსიქოლოგ ლ.ს–ძის დასკვნაში მითითებულია, რომ რეკომენდებულია ბავშვი იზრდებოდეს ერთენოვან გარემოში, ბაღშიც საუბრობდნენ ქართულად. დასკვნის მიხედვით, მოპასუხის ნიდერლანდებში დაბრუნება დედას ხელახლა შეუქმნის ტრავმულ გარემოს, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. იგივეა მითითებული ფსიქიატრ ნ.მ–ის დასკვნაში. ამის მიუხედავად, სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ მამის ოჯახის ახლობლის ფსიქიატრის ჩვენება. ამდენად, დგინდება კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა.

22. გარდა ამისა, ვლინდება კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევაც, რამდენადაც ბავშვი 1 წელზე მეტია საქართველოშია და ინტეგრირებულია ქართულ გარემოში. ამასთან, დგინდება განვითარების ეტაპების ჩამორჩენა აუტისტური სპექტრის ნიშნებით და მისი საუკეთესო ინტერესებისთვის გარდაუვალია საქართველოში დარჩენა, რადგან ქართულად მიმდინარეობს უწყვეტი თერაპია და ქართულად იწყებს აზროვნებასა და მეტყველებას. თავად მოსარჩელის ახლობლის ფსიქიატრის ჩვენებით, სადაც დაიწყებს ბავშვი თერაპიას, ნიდერლანდები იქნება თუ საქართველო, იქ უნდა იყოს ინტენსიური, უწყვეტი და თანმიმდევრული. ბავშვმა კი, სექტემბრიდან საქართველოში დაიწყო ინტენსიური თერაპია. სასამართლომ განჩინებაში თავი აარიდა ბავშვის ბაღის თემას. მას 2 წლიდან სავალდებულოდ ესაჭიროება იმ ენოვან ბაღში სიარული, რომელ ენაზეც იღებს თერაპიას და რომელ ენაზეც დაიწყო მეტყველება. ამდენად, სასამართლომ არასწორად დაადგინა ბავშვის ნიდერლადებში დაბრუნების გამომრიცხავი გარემოებების არარსებობა.

23. კასატორმა იშუამდგომლა საქმეზე ვიდეოჩანაწერის დართვა, სადაც ჩაწერილია ბავშვის აქტივობები ქართულ ენაზე. მანვე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

24. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

27. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (საკონსტიტუციო სასამართლოს 03.07.2003წ. გადაწყვეტილება №2/6/205,232) (სუსგ: №ას-807-2020, 12.11.2020წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). ამ შემთხვევაში, არსებითია, არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმისწარმოება, კერძოდ კი, იმავე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმე შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილონ (სუსგ: №ა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ: №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისა და დადგენისას კი, საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებით აღჭურავს, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრითა და მტკიცებულებათა გამოთხოვით გამოიხატება, კერძოდ, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახოსამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მართალია, საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ №ას-173-2022, 8.07.2022წ.). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობების შეფასებისას, საკასაციო პალატა მხარეთა მიერ ქვემდგომი ინსტანციით საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებების გარდა, საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებათა გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღებს განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებებსაც (საკასაციო საჩივარს თანდართული CD დისკი, სადაც აღბეჭდილია ბავშვის აქტივობები; ცნობა საბავშვო ბაღიდან, რომ ბავშვი ააიპ ქ. თბილისის №9 საბავშვო ბაღის აღსაზდელია; მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომ ბავშვს არ დაუწყია თერაპია სახელმწიფო პროგრამაში), (სუსგ: №ას-1076-2022, 23.12.2022წ.; №ას-1480-2022, 11.01.2023წ.; №ას-1302-2023, 18.01.2024წ.).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერ გადაადგილებასთან/დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციით არის რეგლამენტირებული. ამასთან, აღნიშნული კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად. ჰააგის კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo-ს“ აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). აღნიშნული კი, საბოლოოდ უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი – ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, ერთიანად პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25). ამასთან, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-35118 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-13059 მუხლებზე, რომლებიც აწესრიგებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებებს, ასევე ითვალისწინებს ასეთი საქმეების განხილვის თავისებურებებს და აღნიშნული ნორმები სრულად შეესაბამება 1980 წლის ჰააგის კონვენციის მოთხოვნებს.

32. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზანი ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არ გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ როგორ მოწესრიგდება მომავალში მასზე მეურვეობა. დაბრუნების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს არამართლზომიერი გადაადგილების შედეგად დარღვეული უფლება ბავშვის იქ დაბრუნებით, სადაც მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილია. თუ მეურვეობის უფლება უნდა შეიცვალოს, მაშინ ეს იქნება ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტი. ერთ-ერთ საქმეში ფინეთის უზენაესი სასამართლო განმარტავს (Finland: Supreme Court of Finland: KKO:2004:76 [INCADAT cite: HC/E/FI 839]), კონვენციის ამოსავალი წერტილია, რომ არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს არა მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, არამედ იმ ქვეყანას, სადაც არის არასრულწლოვნის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, კონვენცია არ ეხება ბავშვზე მეურვეობის უფლების განსაზღვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონვენციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მისი რეგულირების სფერო და მეურვეობის უფლება. კონვენციის მე-16 მუხლი (მას შემდეგ, რაც მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც შეეხება ბავშვის არამართლოზმიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე-3 მუხლის მნიშვნელობით, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები, რომელში გადაყვანილი ან დაკავებულია ბავშვი, არ იღებენ გადაწყვეტილებას მეურვეობის უფლებათა არსის თაობაზე მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ბავშვი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ამ კონვენციის მიხედვით ან, თუ ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული განაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში) მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ აძლევს უფლებამოსილებას, მიიღონ მეურვეობის უფლების შესახებ გადაწყვეტილება მანამ, სანამ არ გამოვა გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ან კონვენციის საფუძველზე განაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში. ამასთან, კონვენციის მე-19 მუხლის (ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ არ უნდა ჩაითვალოს დადგენილებად მეურვეობასთან დაკავშირებული რაიმე საკითხის არსის თაობაზე) თანახმად, უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ განსაზღვრავს და არ ადგენს მეურვეობის უფლების არსს. ამ დებულების მთავარი მიზანია, მოახდინოს იმ პირის მიერ, რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი, ცალმხრივი ქმედებით შეცვლილი გარემოების ზეგავლენის პრევენცია არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 20).

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მეურვეობის უფლების რეალური გამოყენება ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერებას. ამ კრიტერიუმის ძირითადი იდეა არის ის, რომ სახელმწიფოებმა მეურვეობის უფლება არ უნდა აღიარონ მარტივად და გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინდეს, თუ რამდენად ხდებოდა რეალურად ამ უფლებით სარგებლობა. ამასთან, მისი მიზანია, დაიცვას ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება – არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებობს ამ კრიტერიუმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის პრაქტიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც დაფიქსირდა არაერთი ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არის ის, რომ კონვენციის საფუძველზე მეურვეობის უფლების დასადგენად არ არის სავალდებულო მეურვეობის უფლება უშუალოდ და პირდაპირ ხორციელდებოდეს ამ უფლების მქონე პირის მიერ. უპირატესი მეურვეობის უფლების მქონე პირს (parent having primary custody right) ხშირად შიდა კანონმდებლობის საფუძველზე, აქვს უფლება, განსაზღვროს, ვის მიანდოს ბავშვი აღსაზრდელად. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მეურვეობის უფლების მქონე პირს აქვს უფლებამოსილება, განსაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მის მიმართ. სხვა მიდგომის მიხედვით, მეურვეობის უფლების განხორციელება შესაძლებელია იმ მშობლის მხრიდანაც, რომელიც არ ფლობს უპირატეს მეურვეობას, მაგრამ მუდმივად/რეგულარულად ურთიერთობს ბავშვთან და ინარჩუნებს ამ უფლებას. იმ მშობლის მხრიდან ბავშვთან რეგულარული ურთიერთობის შენარჩუნება, რომელიც ფლობს de jure მეურვეობის უფლებას, ნიშნავს, რომ მშობელი ამ უფლებას ახორციელებს. ამასთან, მშობელი, რომელსაც უფლება აქვს, შეეწინააღმდეგოს მისი თანხმობის გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბავშვის გაყვანას, მიიჩნევა რომ ახორციელებს მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 32-34; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 72). განსახილველ შემთხვევაში ორივე მშობლის მეურვეობის უფლება სადავო არ არის.

34. კასატორის პრეტენზია, ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილად ნიდერლანდების სამეფოს მიჩნევას უკავშირდება. ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილად. კონვენციის საფუძველზე განხილულ საქმეებში ეს ტერმინი, ძირითადად, შემდეგ სამ თეორიაზე დაყრდობით განიმარტება – ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ: 1. სად ცხოვრობდა რეალურად ბავშვი; 2. სად აქვთ მშობლებს განზრახული, რომ იცხოვროს; 3. ორივე კრიტერიუმის ერთობლიობით. პირველი მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე; მეორე მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისას მნიშვნელოვანია მშობლების (ან ბავშვზე მეურვეობის მქონე სხვა ნებისმიერი პირის) განზრახვის, მიზნების გათვალისწინება. ჩვეული საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება ტერმინისგან - „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” (ე.წ. Domicile), რადგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის საჭიროა, არსებობდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მუდმივად ცხოვრების განზრახვა ან ვადის განსაზღვრის გარეშე კონკრეტულ ადგილას ცხოვრება შესაბამისი განზრახვით. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის ასეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 25-26).

35. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჰააგის კონვენციის მიზნებისათვის, არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს საქართველოში ჩამოსვლამდე ნიდერლადების სამეფო წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი საქართველოში ჩამოყვანამდე ცხოვრობდა მამასა და დედასთან ერთად მამის საცხოვრებელ მისამართზე ნიდერლანდების სამეფოში. აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს არც თავად აპელანტი. ამასთან, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დაიბადა ნიდერლანდების სამეფოში, ხოლო დედამ გადაწყვიტა რა მოსარჩელესთან ერთად ოჯახის შექმნა, საცხოვრებელ ადგილად აირჩია ნიდერლანდების სამეფო და იქ გეგმავდა ცხოვრების გაგრძელებას. ამასთან, როგორც მოპასუხე განმარტავდა, რომ არა ბავშვისა და მისი ემოციური მდგომარეობა, ის 2022 წლის 5 ნოემბერს გეგმავდა ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნებას. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებელი პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას არასრულწლოვნის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილად ნიდერლანდების სამეფოს განსაზღვრასთან დაკავშირებით.

36. რაც შეეხება ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საგამონაკლისო შემთხვევებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის დაბრუნების ზოგად წესზე მიუთითებს ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის პირველი აბზაცი (როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე), საიდანაც ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ, თუ განცხადება ბავშვის დაბრუნების შესახებ წარდგენილია ერთწლიანი ვადის დაცვით, მაშინ მოპასუხე მხარე ვერ იდავებს არასრულწლოვნის დაბრუნებაზე ბავშვის გარემოში ინტეგრაციის საფუძვლით, ვინაიდან კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ არ არსებობს სხვა საგამონაკლისო საფუძველი ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმისათვის (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 43-44). საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა კონვენციის მე-12 მუხლის პირველი აბზაცით დადგენილი ერთწლიანი ვადის დაცვით, რაც ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნების საფუძველს ქმნის. ხოლო კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად (სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე, იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში), თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან საქმის გარჩევის დაწყებამდე ერთ წელზე მეტი ვადა გავიდა, სასამართლომ ან შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვის ინტეგრაცია ახალ გარემოში თვალნათლივ არის ნაჩვენები (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 43-44). აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს.

37. იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული, მიიღოს არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება, მიეკუთვნება კონვენციის მე-13 მუხლიც (მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, დასესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ: ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მზრუნველობს ბავშვზე, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას, ან დაკავებას; ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქიკურ საფრთხეს შექუმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში). ამასთან, საყურადღებოა, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ აქვთ ჰააგის კონვენციით განსაზღვრული გამონაკლისების ფართო ინტერპრეტაციის საშუალება, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიწვევდა კონვენციის მიზნების განხორციელების ხელშეშლას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ეს გამონაკლისები „შეზღუდულად უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გვინდა, რომ კონვენცია ქაღალდის ნაგლეჯად იქცეს“. ამასთან, ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გამონაკლისების სისტემატური მოხმობა და ამით ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს ჩანაცვლება გამტაცებლის მიერ არჩეული სასამართლოთი, დაარღვევს კონვენციის მთელ სტრუქტურას და გამოაცლის მას ორმხრივი ნდობის სულს, რასაც იგი ეფუძნებოდა (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 47-48; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 34). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონვენციისა და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, გამონაკლისი შემთხვევების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ანუ პირს, ვინც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰააგის კონვენციის მე-12-მე-13 მუხლებით განსაზღვრულია მხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, იგი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით (lex fori) (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 49; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 109).

38. სადავო საკითხთან მიმართებით, პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებისთვის, ადაპტაცია განიხილება არა გარემოსადმი შეგუებად, არამედ არასრულწლოვნის მხრიდან გარემო პირობების, ცხოვრების წესის იმგვარ ადაპტაციად, როდესაც ის თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, ობიექტურად განიცდის კეთილგანწყობას იმ ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი, სადაც მას მოუხდა ცხოვრება და ფაქტობრივად ჩამოუყალიბდა ოჯახური ცხოვრების განცდა, რომლის დარღვევაც მეტი ზიანის მომტანი იქნება მისთვის (სუსგ: №ას-1040-2020, 19.04.2021წ.).

39. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა საქმის განხილვისა და საკასაციო განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი არ არის ინტეგრირებული ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში იმდაგვარად, რომ ვლინდებოდეს ამ საფუძვლით ბავშვების დაბრუნებაზე უარის თქმის წინაპირობა. პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვების ინტეგრაცია ახალი გარემოსადმი, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს მისი ჩვეულებრივი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნებას, იმდენად ღრმა და ძლიერი უნდა იყოს, რომ ბავშვის დაბრუნება და ამით ახალი, უკვე ინტეგრირებული გარემოსაგან მოწყვეტა უფრო მეტი ზიანის მომტანი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის, ვიდრე დაბრუნებაზე უარის თქმა.

40. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული და შეფასებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, საფუძველს მოკლებულია მითითება ბავშვების იმგვარ ინტეგრაციაზე, რომელიც დაბრუნების შემთხვევაში მისი საუკეთესო ინტერესებისათვის საზიანო იქნება. ამ მიმართებით, კასატორი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ბავშვს განვითარების ეტაპების ჩამორჩენა დაუდგინდა და სექტემბრიდან ქართულ ენაზე დაიწყო თერაპია, ფსიქიატრის რეკომენდაციით, ბავშვს ესაჭიროება ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა, რომელშიც ბავშვი უკვე მონაწილეობს. კასატორი მიუთითებს ფსიქიატრის იმ ჩვენებაზეც, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სადაც დაიწყებს ბავშვი თერაპიას, ნიდერლანდები იქნება თუ საქართველო, იქ უნდა იყოს ინტენსიური, უწყვეტი და თანმიმდევრული. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ბავშვი არ არის ჩართული ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამაში, მეორე მხრივ კი, უდავოა, ნიდერლანდების სამეფოში ბავშვისთვის აუცილებელი თერაპიის კურსი ხელმისაწვდომი იქნება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნება ბავშვისთვის იქნება მატრავმირებელი, აუტანელი გამოცდილება, ფსიქიკური ან ფიზიკური საფრთხის შემცველი, რითაც შესაძლოა, ზიანი მიადგეს მის განვითარებას და ფსიქოემოციურ სტაბილურობას და ხელი შეეშლება მისთვის ინტენსიური თერაპიის კურსს. ამასთან, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, კიდევ ერთხელ, მიუთითოს, რომ ბავშვების ჩვეულ საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნება არ გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ როგორ მოწესრიგდება მომავალში მასზე მეურვეობა. არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს ნიდერლანდების სამეფოს სასამართლოს, რომელიც შესაბამის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს. კანონდარღვევით შეცვლილი ფაქტობრივი მდგომარეობის გამო კი, დაუშვებელია ხელოვნურად შეიცვალოს ბავშვის საცხოვრებლის შესახებ დავის განმხილველი სასამართლოს იურისდიქცია.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ ვლინდება კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ბავშვების ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნებაზე უარის თქმის საგამონაკლისო წინაპირობა - ინტეგრაცია ახალ გარემოში. არ ვლინდება არც მე-13 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საგამონაკლისო წინაპირობა, რაც ხელს შეუშლიდა ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - ნიდერლანდების სამეფოში დაბრუნებას და გაამართლებდა მის არამართლზომიერ დაკავებას.

42. რაც შეეხება მტკიცებას, რომ დედას არ სურს ნიდერლანდებში ცხოვრება, მისთვის იქ დაბრუნება მატრავმირებელი იქნება და საქართველოში უკეთ გრძნობს თავს, პალატა განმარტავს, რომ კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებში ჩამოყალიბებულია ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი, რომელიც ემყარება არასრულწლოვნისთვის ფიზიკური ან ფსიქიკური საფრთხის ან სხვაგვარად გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენების რეალური რისკის არსებობას. კონვენციის მე-13(ბ) მუხლი ხაზს უსვამს იმას, რომ დაბრუნების შემთხვევაში უშუალოდ არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვს (და არა სხვა პირს) უნდა შეექმნას ფიზიკური ან ფსიქიკური საფრთხე ან სხვაგვარად ჩავარდეს გაუსაძლის მდგომარეობაში, რომ გამოყენებულ იქნეს ეს დებულება.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ც–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ა.ც–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე