Facebook Twitter

საქმე №ას-1165-2023 14 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ს.კ.ტ.ქ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ–მა“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ქ–მამ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.ტ.ქ–სის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის თებერვალში მხარეებს - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომ - მერია), იმერეთის გუბერნატორსა (რწმუნებულს) და მოსარჩელეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მერიამ იკისრა ვალდებულება, გადაეცა მოპასუხის 100%-იანი წილი სახელმწიფოსთვის იმ პირობით, რომ სახელმწიფო ამავე საწარმოს 100%-იან წილს გადასცემდა მომავალში მოსარჩელეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ სხვა ვალდებულებებთან ერთად იკისრა 2020 წლის 1 მარტამდე მოპასუხის სასარგებლოდ 1 700 00 ლარის ინვესტიციის ვალდებულება, მას შემდეგ რაც გადაეცემოდა საფეხბურთო კლუბი საკუთრებაში. მოსარჩელე იღებდა პასუხისმგებლობას ემართა კლუბი, როგორც სათანადო მესაკუთრეს, პატიოსანი კომერსანტის (ბიზნესმენის) ძალისხმევით, მოეძია ინვესტორები, დონორები და სხვა შემოსავლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველ წელს განეხორციელებინა მთლიანობაში, სულ მცირე 500 000 ლარის ინვესტიცია იმ დაფინანსების გარდა, რომელსაც მოპასუხე მიიღებდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს 11.02.2020 წლიდან 16.11.2020 წლამდე გადაურიცხა 2,297,950.83 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ შეასრულა თავისი საინვესტიციო ვალდებულებების ერთი ნაწილი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს დღემდე არ შეუსრულებიათ საკუთარი. შესაბამისად, მოპასუხემ უნდა დააბრუნოს მიღებული თანხა.

3. მოსარჩელის მიზანია არა მხოლოდ უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, არამედ იმ ზიანის ანაზღაურებაც, რომელიც მას მიადგა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაყოვნებით. სარჩელს თან ერთვის გამოანგარიშება, რომლის მიხედვითაც მოპასუხისათვის გადახდილ თანხაზე დარიცხული პროცენტების ჯამი 11.02.2020 წლიდან 2021 წლის 30 ივლისამდე პერიოდში იქნებოდა 285,308.89 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელის მიზანია, რომ მოპასუხეს დაეკისროს ძირი თანხის - 2 297 950.83 ლარის 0.0323 % (წლიური 11.65% : 360 დღეზე = 0.0323%) გადახდა ყოველდღიურად, 2021 წლის 1 აგვისტოდან საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

მოპასუხის შესაგებელი:

3. მოპასუხემ თავდაპირველ ეტაპზე წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მართლაც ჩაურიცხა თანხა მოპასუხეს, რაც საჭიროებდა დაზუსტებას, თუმცა, ხელშეკრულების დარღვევის გამო საფეხბურთო კლუბს მიაყენა გაცილებით მეტი ზიანი. შემდგომში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეალურად არსებობდა სასპონსორო ურთიერთობა, კერძოდ, მოსარჩელე სპონსორობას უწევდა საფეხბურთო კლუბს, ხოლო, საფეხბურთო კლუბი მოსარჩელის მიერ ნომინირებული კომპანიების სარეკლამო მასალებს ანთავსებდა თავის საფეხბურთო ბაზაზე, სტადიონზე, კლუბის ფორმაზე, კლუბის სატრანსპორტო საშუალებებზე და ა.შ.

4. მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - მხარი დაუჭირეს მოპასუხის პოზიციას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა 2 297 950.83 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელის სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4447.5 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ბათილ სამართლებრივ ურთიერთობას ქონდა ადგილი, ამიტომ გადახდილი თანხები მოპასუხისაგან მას უსაფუძვლო გამდიდრებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმებით უნდა დაუბრუნდეს; მოპასუხე მიიჩნევს, რომ მხარებს შორის არსებობდა ნამდვილი გარიგება, სპონსორობის შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა და მხოლოდ შეცდომა გარიგების მოტივში არ უნდა გახდეს ამ გარიგების ბათილობის საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხრეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო ბათილი პირობითი გარიგება (კონკრეტულად კი ნასყიდობის ხელშეკრულება). ამ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე უნდა გამხდარიყო მოპასუხის 100%-იანი წილის მესაკუთრე - მხოლოდ მისი მესაკუთრეობა პირობადადებული იყო, ანუ ითვალისწინებდა მოსარჩელის მხრიდან გარკვეული ვალდებულების შესრულებას. ამასთან, იმისათვის, რათა ეს უკანასკნელი გამხდარიყო მესაკუთრე, გარიგების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები იღებდნენ ვალდებულებას, რომ სახელმწიფო იყიდდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს (და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო საერთოდ არ მონაწილეობდა გარიგებაში), ხოლო შემდგომ პირდაპირი მიყიდვის წესით მიყიდდა მოსარჩელეს შეღავათიან ფასად. მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხების გადაწყვეტის კუთხით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეთანხმების დადების დროს საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო მერია. შესაბამისად, მას ქონების ამგვარი განკარგვის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რადგან ასეთი ქონების განკარგვა უნდა მომხდარიყო პრივატიზების გზით. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.09.2007 წლის №1-1/1416 ბრძანებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაზე“ და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს 2020 წლის თებერვლის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტის გაფორმების წესსა და პირობებს და ამგვარი შეთანხმება ეწინააღმდეგება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ასევე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.09.2007 წლის №1-1/1416 ბრძანებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების’’ მოთხოვნებს, შესაბამისად, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ბათილი იყო.

10. რაც შეეხება მხარეთა შორის დადებული ბათილი გარიგების სამართლებრივ ბუნებას, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტი მხარის მოსაზრება და მიიჩნია, რომ შეთანხმება მასში მითითებული პირობების გათვალისწინებით წარმოადგენდა არა სასპონსორო, არამედ საინვესტიციო შეთანხმებას, რომლის საბოლოო მიზანიც მოსარჩელის საკუთრებაში მოპასუხის 100%-იანი წილის გადასვლა იყო. აღნიშნული გარემოება (ანუ მხარეთა შორის რეალურად არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი), დასტურდება არა მხოლოდ და უშუალოდ ბათილი გარიგების შინაარსით, არამედ საქმეში განთავსებული არაერთი მტკიცებულებებით, მათ შორის მხარეთა მიმოწერით (იხ. 9 აპრილის, 25 აგვისტოს, 9 თებერვლის წერილები).

11. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო თანხა გადაურიცხა 2020 წლის თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, სადაც მკაფიოდ არის მითითებული, რომ მოსარჩელეს სურს გადახდილი ფულის სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილი. შეთანხმებაში არსად არ არის ნახსენები არც სპონსორობა, არც სარეკლამო წარწერების და აბრების განთავსების უფლება-ვალდებულებები, არც ასეთი შეთანხების ღირებულება. ასევე, არცერთი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული, რომ ამ ორგანიზაციებს კავშირი ჰქონდა მოსარჩელესთან და საერთოდ მათი არსებობაც არ არის დადასტურებული, რაც გამორიცხავს სპონსორობის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის ჩარიცხვას მოპასუხისათვის.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოება, რაც სსკ-ის 979.1 მუხლის შესაბამისად, მიღებული თანხის უკან დაბრუნების საფუძველი იყო, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა 2 297 950,83 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

10. კასატორის მტკიცებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შესრულების კონდიქციური მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რამდენადაც შესრულების კონდიქცია ითვალისიწინებს გარიგების ბათილობის გამო მიღებული შესრულების უკან დაბრუნებას. შესაბამისად მისი სუბიქტები არიან ბათილი გარიგების მხარეები ვითომ კრედიტორი და მოვალე და არა - სხვა მესამე პირები. გარიგების ბათილობის მხარე არის მერია და სწორედ ის წარმოადგენს გამდიდრებულ ვითომ-კრედიტორს და არა - მოპასუხე. ბათილი გარიგების მხარე მოპასუხე არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 976-ე მუხლი, არასწორად მიიჩია, რომ ამ ნორმის ყველა წინაპირობა კლუბთან მიმართებით შესრულებული იყო.

11. სასამართლომ დადგენილად უნდა მიიჩნიოს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა გუნდის სპონსორს და მის მიერ გადარიცხული თანხა მიმართული იყო სახელფასო დავალიანების დაფარვაზე (30.03.2022. მტკიცებულება), ფორმებსა და აუცილებელ ინვენტარზე. ამასთან, მათ შორის არსებობდა სპონსორობის ურთიერთობა. მოსარჩელე თანხებს რიცხავდა მოპასუხის ანგარიშზე, ხოლო, საფეხბურთო კლუბი მათ მიერ ნომინირებული კომპანიების სარეკლამო მასალებს ანთავსებდა ფეხბურთელების სათამაშო ფორმებზე, სტადიონის ბანერებზე, საფეხბურთო ბაზაზე, კლუბის ავტობუსზე. არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა, სადაც სპონსორს უფლება აქვს თავისი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, უკან მოსთხოვოს გადაცემული ქონება, თანხა ბენეფიციარს.

12. მოპასუხემ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ სპონსორი ურიცხადვა თანხას, გადაიხადა სახელფასო დავალიანებები და შეიძინა აუცილებელი ინვენტარი, შესაბამისად, გამოდის, რომ იგი გამდიდრდა ხელფასებით და აუცილებელი ინვენტატრით, რაც გუნდის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფდა. სადავო ხელშეკრულებაშიც მითითებულია და მოსარჩელეც განმარტავს, რომ „ინვესტორი იღებს ვალდებულებას, დაფაროს ფეხბურთელებისა და მომსახურე პერსონალის სახელფასო დავალიანებები“. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ ბათილი გარიგების საფუძველზე გამდიდრებული არის გარიგების არამონაწილე მესამე პირი, ვლინდება მოთხოვნის გამომრიცხავი (მომსპობი) გარემოებები, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მოსარჩელის მიერ სარჩელშივე მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის იმის პრეზუმციას, რომ მოპასუხეს შეეძლო ევარაუდა და ივარაუდა კიდეც, რომ სპონსორს, მოსარჩელეს სურდა თანხის გადაცემა. ამ პრეზუმფციების გაქარწყლება ვისი მტკიცების ტვირთი იყო სასამართლოს არც კი გაურკვევია.

13. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენების წინაპირობებს იმიტომაც, რომ მოსარჩელე ბათილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანზე მიუთითებს და მისი მოთხოვნა მიმართულია გარიგების მხარეთა - ქუთაისის მერიისა და რწმუნებულის არაკეთილსინდისიერებასა და ბრალეულობაზე, ხოლო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს მოპასუხეს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის - 2 297 950.83 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და სსკ-ის 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).

20. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

21. 2 297 950.83 ლარის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემა მხარეთა შორის სადავო არ არის. ისინი შესრულების სამართლებრივ საფუძველზე დავობენ. მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, მან თანხა მიიღო სასპონსორო ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სპონსორობა, არც სარეკლამო წარწერების და აბრების განთავსების უფლება-ვალდებულებები, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დგინდებოდა. ასევე, არცერთი მტკიცებულებით არ იყო დადასტურებული, რომ მოპასუხის მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს (რომელთაც მოპასუხე რეკლამას უწევდა) კავშირი ჰქონდა მოსარჩელესთან და საერთოდ მათი არსებობაც არ დასტურდებოდა. ამ გარემოებათა წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მას თანხის დაბრუნების ვალდებულება არ ჰქონდა იმიტომაც, რომ არ იყო ბათილი გარიგების მონაწილე. შესაბამისად, ხელშეკრულების მხარე - მერია იყო ვალდებული დაებრუნებინა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული თანხა. საკასაციო სასამართლო არც ამ პრეტენზიას იზიარებს და მიუთითებს, დადგენილია, რომ 2 297 950.83 ლარი მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა, დადგენლია ისიც, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება არ არსებობდა. სწორედ ხელშეკრულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 976-ე მუხლი (შდრ. სუსგ №ას-1237-1087-2010, 27 ივნისი, 2011 წელი). ამდენად, რაკი დადგენილია, რომ მოსარჩელის ქონება 2 297 950.83 ლარით შემცირდა და არ არსებობდა ამ შესრულების ვალდებულებით -სამართლებრივი საფუძველი, შესრულების მიმღები - მოპასუხე გამდიდრდა ამავე თანხით, რის გამოც ეს უკანასკნელი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული შესრულება.

23. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ მოპასუხეს არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მაშინაც კი, თუ არ იკვეთება გამდიდრებული პირის ბრალეულობა და ამგვარად დაზარალებულს არ აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, გამდიდრებული მაინც ვალდებულია დააბრუნოს, რაც მან უსაფუძვლოდ მიიღო.

24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 8 000 ლარის 70% – 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.კ.ტ.ქ–სის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ს.კ.ტ.ქ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება №1692862793, გადახდის თარიღი 24.08.2023), 70% - 5 600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე