Facebook Twitter

№ა-1174-შ-30-2023 14 თებერვალი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო.მ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – მეურვეობის რეესტრში არ აღრიცხვის შესახებ ნიდერლანდების, ჰააგის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის სამართალწარმოების დეკლარაცია

დავის საგანი – მეურვეობის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნიდერლანდების სამეფოს, ჰააგის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის დეკლარაციის მიხედვით, ჰ.ტ–უ, დაბადების თარიღი 05.02.2020, დაბადების ადგილი ჰააგა, მისამართი ....., მშობლი 1 ტ. მ., მშობელი 2 მ.ო., არ არის აღრიცხული მეურვეობის რეესტრში და დედას (ო.მ–ი პ/ნ .....) აქვს ერთპიროვნული მეურვეობა.

2. ო.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთდასახელებული დეკლარაციის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ დეკლარაციაზე საჩივარი არ არის წარდგენილი.

4. სასამართლოში წარმოდგენილი არასრულწლოვან ჰ.ტ–უს პასპორტის ასლით დასტურდება, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. ნიდერლანდების სამეფოს, ჰააგის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის დეკლარაციის მიხედვით, ჰ.ტ–უ, დაბადების თარიღი 05.02.2020 დაბადების ადგილი ჰააგა, მისამართი ......., მშობლი 1 ტ.მ., მშობელი 2 მ. ო., არ არის აღრიცხული მეურვეობის რეესტრში და დედას (ო.მ–ი პ/ნ ..........) აქვს ერთპიროვნული მეურვეობა.

8. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ დეკლარაციაზე საჩივარი არ წარდგენილა.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

11. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილი არასრულწლოვან ჰ.ტ–უს პასპორტით დასტურდება, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

13. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, დეკლარაცია ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს მეურვეობის რეესტრში არ აღრიცხვის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს, ჰააგის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ჰ.ტ–უ, დაბადების თარიღი 05.02.2020, დაბადების ადგილი ჰააგა, მისამართი ......, მშობლი 1 ტ.მ., მშობელი 2 მ. ო., არ არის აღრიცხული მეურვეობის რეესტრში და დედას (ო.მ–ი პ/ნ ........) აქვს ერთპიროვნული მეურვეობა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე