Facebook Twitter

საქმე №ას-1374-2023 18 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ჯ–ი, ნ.ს–ნი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ვალდებულების შესრულებულად აღიარება, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.კ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ჯ–ისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და ნ.ს–ნის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2017 წლის 20 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარება; ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა; ქალაქ კასპში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ........) მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება და მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 20 მარტს პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ ექვსი თვის ვადით ისესხა 18 000 ლარი ყოველთვიური სამი პროცენტის დარიცხვით. სესხის გადახდის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 სექტემბრით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის ხელშეკრულებს ვადის გაგრძელება დასაშვები იყო მხოლოდ წერილობითი ფორმით, მაგრამ არ გაგრძელებულა. მოსარჩელის განმარტებით, სესხის ძირი და პროცენტი ერთად 21 240 ლარი იყო, რასაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ერთი თვის პროცენტი - 540 ლარი. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 20 700 ლარი. სესხის მიღების შემდეგ მოსარჩელე სამუშაოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ და სესხის თანხას ბანკის მეშვეობით ურიცხავდა პირველ მოპასუხეს. 2017 წლის 4 ივნისიდან 2020 წლის 16 მარტამდე მოსარჩელემ სესხის დასაფარად გადმორიცხა 6 372 ევრო, რაც ლარზე კონვერტაციისას 20 700 ლარი იყო. შესაბამისად, მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მიუხედავად აღნიშნულისა, პირველმა მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს, რომელსაც არ მიაწოდა მოსარჩელის სესხის დასაფარად გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია და 2020 წლის 15 ივლისს მიიღო სააღსრულებო ფურცელი. ამ ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო საქმისწარმოება, რა დროსაც აღმასრულებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. აღმასრულებელი არ შეეცადა აღსრულების წარმოების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მოსარჩელის ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონზე რეალიზაცია ისე შეძლო, რომ მისი მესაკუთრისათვის არ უცნობებია. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება აუქციონზე 17 000 ლარად შეიძინა პირველი მოპასუხის დისშვილმა მეორე მოპასუხემ, რომელმაც 2021 წლის 7 აპრილს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სადავო უძრავი ქონებიდან მოსარჩელის გამოსახლების მოთხოვნით.

მოპასუხის შესაგებელი:

3. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, 6 თვის ვადის დაცვით არ გადაიხადა ძირი თანხა 18 000 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ გადმორიცხული თანხა არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის, 18 000 ლარის, პროცენტი. ამ ფაქტს თავად მოსარჩელეც ადასტურებს მათ შორის არსებულ მიმოწერაში. შესაბამისად, ნოტარიუსმა კანონმდებლობის სრული დაცვით გასცა სააღსრულებო ფურცელი. კერძო აღმასრულებელმა კი, 2020 წლის 14 და 18 სექტემბერს, საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა შეტყობინება მოვალეს, თუმცა გზავნილი ადრესატს არ ჩაჰბარდა. 2021 წლის 1 ოქტომბერს აღმასრულებელმა სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ განკარგულება გასცა. შესაბამისად, აღმასრულებელმა კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართა ყველა სააღსრულებო მოქმედება.

4. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეიძინა აუქციონზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არის კეთილსინდისიერი შემძენი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არარსებობის დადგენის თაობაზე (სსსკ-ის 180-ე მუხლი) სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 15 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და, აქედან გამომდინარე, კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანებისაგან მოვალის გათავისუფლება იყო. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა შესრულების საფუძველზე ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი (სსკ-ის 427-ე მუხლი) და ის, რომ მის მიერ გადახდილი თანხით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცა მართლზომიერად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

10. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ოდენობის თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელეს სარჩელში მითითებული ჰქონდა, რომ გადახდილი თანხა 20 700 ლარი იყო. სასამართლომ ეს გარემოება არ მიიღო მხედველობაში და საკუთარი ინიციატივით მიუთითა თითოეული გადარიცხვის დროისათვის ეროვნული ბანკის კურსზე ევროსთან მიმართებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გადაიხადა ჯამურად 16 946,24 ლარი. მხარეებს შორის სადავო არ იყო მოსარჩელის მიერ 20 700 ლარის პირველი მოპასუხისთვის გადარიცხვის ფაქტი, სადავო იყო ამ თანხის მიზნობრიობა. სასამართლომ არასწორად დაადგინა ისიც, რომ მოსარჩელის ფულადი ვალდებულება აუქციონის გამოცხადების პერიოდისთვის იყო 1054 ლარი. ამასთან, თუკი, მოსარჩელისთვის ცნობილი იქნებოდა ეს გარემოება, ამ თანხის (1054 ლარი) გადახდით თავიდან აიცილებდა იძულებით აუქციონის დანიშვნას და საცხოვრებელი სახლის გარეშე არ დარჩებოდა. სასამართლოს ნაწილობრივ მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რითაც ნაწილობრივ ბათილად იქნებოდა ცნობილი სააღსრულებო ფურცელი.

11. სააპელაციო სასამართლომ მთელი განჩინება დააფუძნა მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილ ინტერნეტმიმოწერას. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ თავისი სახელით მეუღლე წერდა, რისთვისაც მოწმის სახით მეუღლის დაკითხვა იშუამდგომლა. პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მიმოწერა საქმისათვის უმიშვნელოდ მიიჩნია. ეს ფაქტობრივი გარემოება მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლომ კი მიუთითა, რომ სხვა პირის მიერ ამ გვერდით უკანონოდ სარგებლობის ფაქტი მოსარჩელეს არ დაუმტკიცებია. ამდენად, სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა ისეთი ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომელიც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

12. მხარეთა შორის შეთანხმებული იყო, რომ ხელშეკრულება წერილობით უნდა გაგრძელებულიყო. ინტერნეტმიმოწერა ვერ მიიჩნევა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების წერილობით ფორმად. მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ რა ვადით გაგრძელდა ხელშეკრულება, პროცენტი იგივე დარჩა, გაიზარდა თუ შემცირდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე. მიმოწერა არცერთ ამ პირობას არ შეიცავს. ამასთან, საეჭვოა ავთენტიკურობა, რამდენადაც მიმოწერას არ აქვს კონკრეტული თარიღი, ზუსტი დრო. მოპასუხე შესაგებელში თავად უთითებდა რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება ზეპირსიტყვიერად გაგრძელდა. სასამართლომ კი თავისი ინიციატივით მიმოწერა წერილობით ვადის გაგრძელებად მიიჩნია.

13. სასამართლოს განსჯით, ხელშეკრულება 2020 წელს გაგრძელდა. ასეთ ვითარებაში, გამოდის, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ხელშეკრულება არ არსებობდა მხარეთა შორის. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა სესხის ძირს უნდა გამოჰკლებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ, თუკი მოსარჩელე მოპასუხეს თანხას ურიცხავდა პროცენტის სახით, რატომ არ ემთხვევა გადმორიცხული თანხის ოდენობა პროცენტის ოდენობას არცერთ შემთხვევაში და რატომ აღემატება მას?

14. რაც შეეხება იძულებით აუქციონს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საპროცესო კოდექსით საზღვარგარეთ მყოფი პირისათვის უწყების ჩაბარების წესი განსხვავებულია. მოსარჩელის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი კი, ცნობილი იყო როგორც მოპასუხისათვის, ისე – აღმასრულებლისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. მოსარჩელე აღძრული სარჩელით სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას პირველ მოპასუხესთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულებული აქვს – სესხის თანხა სრულად დააბრუნა (2017 წლის 20 სექტემბრიდან 2020 წლის 16 მარტამდე მან ეტაპობრივად დაფარა სესხის ძირი თანხა), შესაბამისად, არასწორად გაიცა სადავო ქონების აქციონის წესით გასხვისების თაობაზე ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და აუქციონზე გასხვისებული ქონება მას საკუთრებად უნდა დაუბრუნდეს.

21. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის გასაჩივრებული აუქციონის შედეგები, რაც თავისთავად გამორიცხავს საჯარო აუქციონზე გასხვისებული უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნებას. რაც შეეხება ვალდებულების შესრულებულად აღიარებას, პირველი მოპასუხის შედავების მიხედვით, მოსარჩელის მიერ გადმორიცხული თანხა არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის – 18 000 ლარის პროცენტი. მოსარჩელემ 6 თვის ვადაში არ გადაიხადა ძირი თანხა 18 000 ლარი და ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა, რასაც ადასტურებს მხარეთა შორის არსებული ინტერნეტმიმოწერა, კერძოდ, მიმოწერის მიხედვით, მსესხებელი ადასტურებს გამსესხებლისათვის სესხის პროცენტის გადახდას. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე ელექტრონული მიმოწერა წერილობითი მტკიცებულებად მიიჩნია, რომელიც შეიცავს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ ცნობებს. მართალია, მიმოწერა შესრულებული იყო ლათინური ანბანის შრიფტით, მაგრამ შინაარსი გადმოცემული იყო ქართულ ენაზე. ამასთან, სხვა პირის (თავისივე მეუღლის) მიერ მოსარჩელის გვერდით უკანონოდ სარგებლობის ფაქტი მოსარჩელეს არ დაუმტკიცებია. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო პრეტენზიის მიხედვით, ამ ფაქტის დადასტურება მოსარჩელეს თავისი მეუღლის მოწმის სახით დაკითხვით სურდა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თუნდაც მოსარჩელის მეუღლე მოწმედ დაკითხულიყო, სადავო ფაქტი მხოლოდ მოსარჩელის მეუღლის აღიარებით, რომ იგი მეუღლის სახელითა და მისი სოციალური ქსელის გვერდის გამოყენებით წერდა გამსესხებელს, ვერ დადასტურდებოდა, რადგან ის არასაკმარისი და არასარწმუნო მტკიცებულება იქნებოდა. საკასაციო პალატა, მიმოწერის შინაარსიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნასაც, რომ ის უთანაბრდება სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ წერილობით შეთანხმებას.

22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კასატორმა ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ გადახდილი თანხით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, შესაბამისად, ვერც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესრულების საფუძველზე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი ვერ დადასტურდა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააღსრულებო ფურცლის მართლზომიერად გაცემის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას.

23. კასატორის პრეტენზია მისთვის აუქციონის შესახებ ინფორმაციის სათანადო წესით შეუტყობინებლობასაც უკავშირდება. მისი მტკიცებით, აღმასრულებლისათვის ცნობილი იყო მოვალის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ის არ შეეცადა, იძულებითი აუქციონის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრებისათვის. საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ მითითებულ პრეტენზიაზე მსჯელობა სცდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საკითხის განხილვის ფარგლებს და წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას, კერძოდ, თუკი კასატორი მიიჩნევს, რომ შეეზღუდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობის უფლება, რაც სააღსრულებო წარმოების უკანონოდ მიჩნევისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის წინაპირობებს წარმოადგენს, შესაბამისი მოთხოვნით ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა მიმართოს (შდრ. სუსგ №ბს-1009(2კ-22); 20 თებერვალი, 2023 წელი).

24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1 062.00 ლარის 70% – 743.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. გ.კ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ზ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 062.00 ლარის (საგადასახადო დავალება №34808100, გადახდის თარიღი 10.11.2023), 70% - 743.4 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე