Facebook Twitter

საქმე №ას-443-2020 30 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I. კასატორი - სს „ტ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

II. კასატორი - მ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ტ–ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება

I. კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II. კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გარიგების/ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ჯ–ძემ (შემდგომ – მეანაბრე, მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ტ–ის“ (შემდგომ - ბანკი, მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა გარიგების/ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 4 აპრილს მას და ბანკს შორის დაიდო საბანკო ანაბრის ხელშეკრულება და მოსარჩელემ 800 000 აშშ დოლარი დეპოზიტზე განათავსა. 2014 წლის 4 აპრილამდე მოსარჩელემ 759 800 აშშ დოლარი დატოვა საბანკო ანგარიშზე მაღალი სარგებლის მიღების მიზნით. მეანაბრეს ამავე ბანკში გახსნილ საბარათე ანგარიშზე თითქმის ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად დათქმულ რიცხვში ერიცხებოდა დეპოზიტის შესაბამისი სარგებელი. 2016 წლის მარტში, როცა მას კუთვნილი სარგებლის თანხა არ ჩაერიცხა, ვითარების გასარკვევად დაუკავშირდა ბანკს. აღმოჩნდა, რომ მისი სადეპოზიტო ანგარიში იყო განულებული 2014 წლის 4 აპრილიდან. მეანაბრის მიერ ანგარიშთან დაკავშირებით დოკუმენტების ბანკიდან გამოთხოვის შედეგად გაირკვა, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 4 აპრილს სრულად განკარგა კუთვნილი თანხა მისთვის უცნობი 4 პირის კრედიტის დასაფარად, ნაწილი კი – ფილიალის მმართველის კომპანიის ანგარიშზე იქნა შეტანილი. კვალის დაფარვისა და მოსარჩელის მოტყუების მიზნით მოსარჩელის საბარათე ანგარიშზე მომდევნო 22 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ირიცხებოდა სარგებელი. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო მეანაბრის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტი, ბანკმა არ გაიზიარა მოსარჩელის სამართლიანი მოთხოვნა კუთვნილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უნებართვოდ თავისივე ანგარიშიდან განკარგული თანხის - 759 800 აშშ დოლარის დაბრუნება; ზიანის - დასაბრუნებელ თანხაზე დარიცხული ყოველწლიური სარგებლის 12%-ის, რაც 2017 წლის 6 დეკემბრისათვის 334 978 აშშ დოლარია და 2017 წლის 6 დეკემბრიდან დასაბრუნებელი თანხის სრულად დაბრუნებამდე ყოველ დღეზე 249.79 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება; კანონით დადგენილი პროცენტის – მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის 0,5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე, რაც 2017 წლის 6 დეკემბრამდე (611 დღე) 2321.189 აშშ დოლარია, ხოლო 2017 წლის 6 დეკემბრიდან დასაბრუნებელი თანხის სრულად დაბრუნებამდე ყოველ დღეზე 3 799 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება; მოსარჩელემ მოითხოვა 2013 წლის 4 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ვადიანი დეპოზიტის შესახებ (სარგებლის ყოველთვიური გატანით) ხელშეკრულების, 2013 წლის 4 აპრილის თავდებობის შესახებ მოსარჩელის განცხადებათა (ა.მ–ის, ნ.კ–ის დ.მ–ძის, დ.ხ–ის სასარგებლოდ) და 2013 წლის 4 აპრილის თავდებობის ხელშეკრულებათა, ასევე – 2014 წლის 4 აპრილის განცხადების ბათილად ცნობა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადეპოზიტო ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ფიქციური იყო, რადგან მოსარჩელემ ბანკთან სადეპოზიტო ურთიერთობები დაიწყო თვალთმაქცური გარიგებებით, რომლებმაც გადაფარეს ბანკისა და ა.მ–ძის (შემდგომ - მესამე პირი) ნამდვილი სადეპოზიტო ურთიერთობები. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილ ანგარიშზე განთავსებული თანხა ეკუთვნოდა მესამე პირს და რეალურად სწორედ მის მიერ იმართებოდა. მან 2011 წლის 30 მარტსა და 1 აპრილს უცხოეთიდან სესხის სახით მიღებული 1,500,000 აშშ დოლარიდან, 2011 წლის 4 აპრილს 1,000,000 აშშ დოლარი ანაბრის სახით განათავსა ბანკის დიდუბის ფილიალში. იმის გამო, რომ მესამე პირმა სესხად მიღებული თანხა არ დააბრუნა, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 1,606,875 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. თანხის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, მან ანაბარზე უფლება მოჩვენებითი გარიგების გზით დაუთმო ჯერ თავის შვილს - ხოლო მოგვიანებით, რძალს - მოსარჩელეს, რომელმაც 2013 წლის 4 აპრილს 800,000 აშშ დოლარი ბანკში საკუთარ სახელზე განათავსა. მიუხედავად ზემოაღნიშნული გადაცემებისა, მესამე პირი ყოველთვის რჩებოდა ანაბრის რეალურ მესაკუთრედ. ამასთან, ეს უკანასკნელი ფილიალის მმართველის - ი.ა–ვას (შემდგომ - ფილიალის მმართველი) მეგობარი იყო და მათ შორის ბანკისაგან დამოუკიდებელი შეთანხმება არსებობდა, რის საფუძველზეც მესამე პირი ბანკისგან მისაღებ სარგებელს მაინც იღებდა ფილიალის მმართველისაგან.

5. მოსარჩელის 2014 წლის 4 აპრილის განცხადება, რომლითაც დაიფარა ფილიალის მმართველის სესხი, სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ნამდვილი მეანაბრის მიმართ. მოსარჩელე არ წარმოადგენს აღნიშნული განცხადების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილ სუბიექტს. რაც შეეხება 2013 წლის 4 აპრილს გაფორმებულ ანაბრის ხელშეკრულებებსა და ბანკსა და მოსარჩელეს შორის დადებულ ოთხ ყალბ თავდებობის ხელშეკრულებას, 2016 წლის 27 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით ცნობილია, რომ ამ დოკუმენტებზე მოსარჩელის ხელმოწერა ყალბია. ამ ხელშეკრულებებზე არ არის ორივე მხარის ხელმოწერა, შესაბამისად, არ არსებობს არც გარიგება. ვინაიდან მოსარჩელე არ არის დეპოზიტის მესაკუთრე და რეალური მესაკუთრე მესამე პირია, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა ავტომატურად იწვევს მოსარჩელის სხვა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობასაც, თუმცა მათი დაუკმაყოფილებლობის სხვა დამოუკიდებელი საფუძვლებიც არსებობს, არ ვლინდება ბანკის მხრიდან უკანონო ქმედება ან/და ვალდებულების დარღვევა, არ არსებობს ბანკის ბრალეული ქმედება და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 500 000 აშშ დოლარისა და 500 000 აშშ დოლარის წლიური 4%-ის, 2016 წლის მარტიდან თანხის სრულად დაფარვამდე გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. დასაბრუნებელ თანხაზე დარიცხული ყოველწლიური სარგებლის - 12%-ის 2014 წლის 4 აპრილიდან ანაზღაურების მოთხოვნისა და ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის დაკისრების შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, 2013 წლის 4 აპრილით დათარიღებული ვადიანი დეპოზიტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელესა და მოპასუხეს (წარმოდგენილი ...... ფილიალის მმართველის სახით) შორის გაფორმდა ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულება, 12 თვის ვადით, წლიური 12% და მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე განათავსა 800000 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ აღნიშნული ურთიერთობა არ უნდა შეფასდეს როგორც ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობად, რადგან ბანკის ფილიალის ყოფილი მმართველი და მესამე პირი, რომელიც იყო თანხის რეალური მესაკუთრე, შეთანხმებულად მოქმედებდნენ პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რითაც ბანკს მიაყენეს ზიანი. სააპელაციო პალატის მითითებით, 2013 წლის 4 აპრილის ვადიანი დეპოზიტის შესახებ ხელშეკრულების დადებისას ბანკი წარმოდგენილი იყო ...... ფილიალის მმართველით, რაც მოსარჩელისათვის იყო ბანკთან ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველი.

10. უდავო იყო, რომ მოსარჩელემ განთავსებული 800 000 აშშ დოლარიდან მიიღო 300 000 აშშ დოლარი და 2015 წლის 4 აპრილიდან მოსარჩელის ანგარიშზე ყოველთვიურად ერიცხებოდა 500 000 აშშ დოლარის შესაბამისი სარგებელი (წლიური 12%) 2016 წლის მარტამდე. მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ როგორც გამოვლინდა, ბანკს 2014 წლის 4 აპრილის შემდგომ არ გადაუხდია მისთვის თანხა და, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ფილიალის მმართველი, თითქოსდა, ბანკში გახსნილი ანაბრიდან გადასცემდა თანხას, ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრების საფუძველი, რაც უკვე მიღებული აქვს მოსარჩელეს ბანკთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის – 2014 წლის 4 აპრილიდან ანაბარზე განთავსებული თანხის ყოველწლიური 12% სარგებლის სახით, იმისდა მიუხედავად, თუ კონკრეტულად ვინ გადასცა მას ბანკში თანხა და ვინ ურიცხავდა ყოველთვიურ სარგებელს ბანკის ანგარიშზე. მოსარჩელე აცნობიერებდა, რომ ბანკთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდა, დეპოზიტიდან მიიღო 300 000 აშშ დოლარი, დეპოზიტზე დარჩა 500 000 აშშ დოლარი, რომლის პროპორციულად ერიცხებოდა წლიური სარგებელი ყოველთვიურად. მოსარჩელის მოთხოვნა არის მისი ნების საწინააღმდეგოდ განკარგული თანხის დაბრუნება, რაც რეალურად შეადგენს 500 000 აშშ დოლარს და მითითებული თანხის დაბრუნება უნდა დაეკისროს ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ.

11. 2013 წლის 4 აპრილით დათარიღებული ვადიანი დეპოზიტის შესახებ ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, დეპოზიტარი დეპოზიტის თანხას თუ არ მოითხოვს, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით, რა ვადითაც იყო იგი დადებული. ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში დეპოზიტს დაერიცხება სარგებელი გაგრძელების დღისათვის ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად. მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის მარტიდან საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ამერიკული დოლარის ვადიან ანაბარზე მერყეობს 3.3-4%-ის ფარგლებში, რაც შეესაბამება კომერციული ბანკების სტატისტიკურ მონაცემებს ფიზიკური პირების მიერ ვადიან ანაბარზე განთავსებულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. რაკი მხარეთა შორის დადებული ვადიანი დეპოზიტის შესახებ ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელებულა და მოსარჩელეს 2014 წლის 4 აპრილიდან 2016 წლის მარტამდე ანგარიშზე ყოველთვიურად ერიცხებოდა თანხის შესაბამისი სარგებელი წლიური 12%, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება დასაბრუნებელი თანხის - 500000 აშშ დოლარის წლიური 4%-ის ოდენობით 2016 წლის მარტიდან თანხის სრულად დაფარვამდე.

12. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო თანხაზე 0,5%-ის დარიცხვასთან დაკავშირებით დასაბუთებაც – სარჩელი დასაბრუნებელ თანხაზე დარიცხული ყოველწლიური სარგებლის 12%-ის 2014 წლის 4 აპრილიდან ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0,5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა, ვინაიდან ნორმა უკავშირდებოდა ფულადი გადარიცხვის ვადის დარღვევას, რაც განსახილველ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდებოდა.

პირველი კასატორის მოთხოვნა:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. პირველი კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ბანკს ანაბრის მხოლოდ ნაწილის დაბრუნება დაავალა. სასამართლო მოპასუხისთვის 500,000.00 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების დაკისრებას ასაბუთებს მსჯელობით, თითქოს, მოსარჩელეს უკვე მიღებული აქვს „ბანკთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში“ 259,800.00 აშშ დოლარი და, შესაბამისად, არ არსებობს ბანკისთვის 759,800.00 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი. მოსარჩელის მიერ ბანკის თანამშრომლისგან მიღებული თანხით, რომელიც ამ უკანასკნელმა ვალდებულების გარეშე გადაიხადა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, არ შეიძლება შემცირდეს ბანკის ვალდებულება. ამდენად, უზენაესმა სასამართლომ უნდა შეაფასოს ბანკის დანაშაულის შედეგად დასაკუთრებული თანხის სრულად დაბრუნების თაობაზე ბანკის ვალდებულება შესაძლებელია თუ არა შემცირდეს მესამე პირების მიერ დანაშაულის დაფარვის მიზნით გადახდილი პირადი თანხებით, მაშინ, როდესაც ეს პირები მოქმედებდნენ დამოუკიდებლად და არა - ბანკის დავალებით. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 997-ე მუხლით და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისათვის კი არ უნდა გამოეკლო მესამე პირთა გადახდილი თანხა, არამედ უფრო სპეციალური, საბანკო მომსახურების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სსკ-ის 861-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ ბანკისათვის უნდა დაევალებინა არასწორად განკარგული თანხის კვლავ მეანაბრისათვის სრულად დაბრუნება.

15. სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ბანკთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 4 აპრილიდან 2016 წლის მარტამდე ფილიალის მმართველისაგან მიიღო ანაბარზე სარგებელი წლიური 12%. უდავოა, რომ ბანკს მოსარჩელისთვის არ გადაუხდია არცერთი ცენტი. შესაბამისად, სასამართლომ ფაქტები არასწორად შეაფასა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელეს მესამე პირთა მიერ გადახდილი თანხა ბანკის მიერ გადახდილად მიაჩნდა. ბანკმა ორი წელი 2014-2016 წლებში 759,800.00 აშშ დოლარის უსასყიდლოდ სარგებლობით მიიღო ამ თანხის 10-12%-ის მოგება, რადგან სწორედ ამდენი იყო უცხოურ ვალუტაზე ვადიან დეპოზიტზე სარგებლის საპროცენტო განაკვეთი. გაუგებარია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა სააპელაციო სასამართლომ ზიანის წლიური 4%. პალატა დაეყრდნო ბანკის განმარტებას, რომ 2016 წლის მარტიდან აშშ დოლარის საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მერყეობდა 3.3-4%-მდე. ეს მონაცემი არასრულყოფილია, რამდენადაც არ მოიცავს 2016-2020 წლების მონაცემებს. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საჯაროდ ხელმისაწვდომ საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს ზიანის ანაზღაურების გაცემის მიზნებისათვის, მას უნდა განესაზღვრა არა საშუალო სტატისტიკური შეწონილი განაკვეთი, არამედ ბაზარზე არსებული ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი 1 წელზე მეტი ვადით განთავსებულ აშშ დოლარით გახსნილი ვადიანი დეპოზიტისათვის.

16. რაც შეეხება დაგვიანებული თანხის 0,5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებას, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი სასამართლომ უნდა განმარტოს არა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, არამედ ნორმის სამართლებრივი დანიშნულებისა და რეალური შინაარსიდან გამომდინარე. ნორმის მთავარი მიზანია, ბანკმა მითითებისთანავე შეასრულოს თანხის დაბრუნების თაობაზე კლიენტის დავალება. კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს - 0.5%-ის დაკისრების მართლზომიერება იკვეთება იქიდანაც, რომ, თუკი ბანკს დაეკისრება მხოლოდ უკანონოდ დასაკუთრებული თანხა და ზიანი, რაც ანაბარზე საბაზრო სარგებლის ტოლია, ნიშნავს, რომ ბანკს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან მეანაბრეს დაუბრუნებს თანხას და იმ სარგებელს, რასაც ისედაც გადაიხდიდა, ანაბრის თანხა მართლზომიერად რომ განეკარგა. ამ ლოგიკით ნებისმიერ კომერციულ ბანკს შეუძლია, არ დააბრუნოს ანაბრის თანხა და აიძულოს მეანაბრე მრავალწლიანი სასამართლო დავის გზით დაიბრუნოს იგივე თანხა.

მეორე კასატორის მოთხოვნა:

17. მოპასუხის მხარეზე არ არსებობს არცერთი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც მოსარჩელის მეანაბრეობას გამორიცხავდა. სამაგიეროდ, არსებობს ბევრი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ფორმალურად გამართული დეპოზიტის ხელშეკრულების მიუხედავად, ამ ხელშეკრულებაში გამოხატული მხარეთა ნება მოჩვენებითია და სხვა გარიგების დასაფარად დაიდო. ფილიალის მმართველი და ნამდვილი მეანაბრე შეთანხმდნენ, რომ ეს უაკანსკნელი თავისი დეპოზიტით თავდებად დაუდგებოდა ფილიალის მმართველს და დაეხმარებოდა ბანკიდან სესხის მიღებაში, სანაცვლოდ მის დეპოზიტს იმაზე მეტ პროცენტს დაარიცხავდა, ვიდრე ეს დროის მოცემულ მონაკვეთში ბანკში იყო დადგენილი. ამდენად, ამ გარიგებით ფილიალის მმართველის მოგება იყო მიღებული სესხის მეტ პროცენტად გასესხება, ნამდვილი მეანაბრის - ანაბრისათვის სტანდარტულზე მაღალი პროცენტი. ბანკის მტკიცებით, თუკი ნამდვილი მეანაბრე დაზარალდა (ბანკი მოსარჩელეს არ განიხილავდა ანაბრის მესაკუთრედ), მაშინ მასზე პასუხისმგებლობა უნდა დაჰკისრებოდა არა ბანკს, არამედ ფილიალის მმართველს, რომელმაც ვერ უზრუნველყო მას და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმების შესრულება და პირადი ვალის დაფარვა.

18. მოსარჩელე რომ საერთოდ არ კითხულობდა, რაზე აწერდა ხელს, ეს გასაგებია. იგი ფიქციური პირი იყო, ყოველთვის ხელს აწერდა ნამდვილ მეანაბრესთან ერთად და ამით მისი მოვალეობა ამოწურული იყო. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის ხელმოწერა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მესამე პირისათვის. თუ სასამართლო დაადგენდა, რომ ანაბრის მესაკუთრე იყო არა მოსარჩელე, არამედ მესამე პირი, სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.

19. სასამართლო ეყრდნობა განაჩენს, თუმცა არგუმენტირებულად არ პასუხობს განაჩენთან დაკავშირებით ბანკის კითხვებს. არც ბრალდების მხარის და არც სასამართლოს წინაშე არ დასმულა საკითხი, დაიდო თუ არა თვალთმაქცური გარიგება, როდესაც მესამე პირის მეანაბრეობა მისმა შვილმა, ხოლო შემდეგ მოსარჩელემ ჩაანაცვლა. მათთვის უცნობი ან უინტერესო იყო, რომ ჩანაცვლების საფუძველი მეანაბრის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული კრედიტორის მოთხოვნა იყო. ბანკი არ ყოფილა სისხლის სამართლის პროცესის მხარე, მას არ მიუწვდებოდა ხელი პროცესის მასალებზე და არც გავლენის მოხდენა არ შეეძლო ბრალდების ან დაცვის მხარის პოზიციაზე. განაჩენი არ უშლის ხელს სასამართლომ, სამოქალაქოსამართლებრივად შეაფასოს ურთიერთობის მთელი პერიოდი არა 2013 წლიდან, არამედ 2011 წლიდან. შეფასებისას პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - იყო თუ არა ანაბრის რეალური მესაკუთრე მესამე პირი და არსებობდა თუ არა კერძო გარიგება მას და ბანკის მოხელეს შორის.

20. სასამართლომ უგულებელყო ფაქტობრივი გარემოებები. დავის საგანია არა ის, რომ დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ ბანკმა მეანაბრეს შენატანი არ დაუბრუნა, არამედ ის, რომ მოსარჩელემ შენატანის დაბრუნების შემდეგ, თავისი განცხადებით, სხვა პირთა სესხი დაფარა. შესაბამისად, როდესაც მოსარჩელემ გაუთვითცნობიერებლად თავისი ფული ფილიალის მმართველის სასარგებლოდ მიმართა, ამ განკარგვაზე ბანკია პასუხისმგებელი თუ ის, ვინც ფული მიიღო? ვის წინაშეა ბანკი პასუხისმგებელი – ნამდვილი მეანაბრისა თუ მოსარჩელის, რომელიც თვალთმაქცური გარიგების მონაწილე და მოჩვენებითი მეანაბრე იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ანაბარზე განთავსებული თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას უკავშირდება და არ გამომდინარეობს დელიქტური სამართლიდან. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 874.1 (ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია, ვადის დადგომისას იმავე ვალუტით დააბრუნოს მიღებული თანხა), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) 404-ე (კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) 408-ე (პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ - მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების შესაბამისად უნდა შემოწმდეს.

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ბანკთან გააფორმა ანაბრის ხელშეკრულება და საანაბრე ანგარიშზე განათავსა თანხა, რომელიც მეანაბრის ნების საწინააღმდეგოდ იქნა გატანილი ანგარიშიდან. სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ მეანაბრეს კუთვნილი თანხიდან ნაწილი - 500 000 აშშ დოლარი ბანკისგან დღემდე არ მიუღია.

25. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 874-ე მუხლით გათვალისწინებული ანაბრის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება, ხელშეკრულების საგანი არის ფული, რომელიც მეანაბრეს შეაქვს ანაბარზე და ამ თანხაზე საკუთრებას გადასცემს საკრედიტო დაწესებულებას, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია, დადგენილი ვადის დაცვით დაუბრუნოს მეანაბრეს იმდენივე თანხა პროცენტთან ერთად. ანაბრის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ხელშეკრულების საგანი, გვაროვნული ნივთი - ფულია, რომელზე საკუთრებასაც მეანაბრე გადასცემს საკრედიტო დაწესებულებას, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, დააბრუნოს სარგებელთან ერთად.

26. არ არის გასაზიარებელი მოპასუხის საკასაციო პრეტენზია, რომ მოსარჩელის წინაშე პასუხისმგებელი ფილიალის მმართველია, რადგან თანხა მართლსაწინააღმდეგოდ სწორედ მან განკარგა. დადგენილია, რომ მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ თანხა გავიდა დეპოზიტიდან, ასეთ ვითარებაში, მოპასუხე ბანკის მმართველის მხრიდან თანხის გატანა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მოსარჩელის კუთვნილი თანხის გატანა, ვინაიდან ხელშეკრულების საგანზე საკუთრების უფლება (სსკ-ის 170-ე მუხლი) გადაცემული აქვს საკრედიტო დაწესებულებას და სწორედ ის არის ვალდებული, დააბრუნოს მიღებული თანხა თავისი თანამშრომლის მიერ არაკანონიერად განკარგვის დროს (სსკ-ის 104-ე მუხლი). ამ დასაბუთებით უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცებაც, რომ ანაბრიდან უკვე დაბრუნებული თანხაც უნდა დაუბრუნდეს, რამდენადაც ბანკმა არა ანაბარზე განთავსებული თანხა, არამედ სხვა ფული დააბრუნა, რომელიც მოსარჩელის ანაბარზე შეიტანეს ფილიალის მმართველმა თუ ამ სქემაში ჩართულმა სხვა პირებმა. კიდევ ერთხელ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საგანი იყო გვაროვნული ნივთი, რომელზე საკუთრებაც მოსარჩელემ ბანკს გადასცა, ეს უკანასკნელი კი, ვალდებულია, დააბრუნოს იმავე ოდენობის თანხა. ანაბრის თანხასთან მიმართებით ბანკის თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედება ბანკის ვალდებულებას, დააბრუნოს იმდენივე თანხა, ვერც შეამსუბუქებს და ვერც დაამძიმებს. შესაბამისად, ანაბრიდან უკვე დაბრუნებული თანხა უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობას.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.; №ას-1747-2019, 28.05.2020წ.; №ას-1768-2019, 29.05.2020წ.). სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ. მ.თოდუა/ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 874-ე მუხლით და კანონიერად დააკისრა მოპასუხეს საანაბრე ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.

29. არ არის გასაზიარებელი მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზია, რომ თანხის დაბრუნებას გამორიცხავდა ფაქტი, რომ ანაბრის ხელშეკრულებაში გამოხატული მხარეთა ნება მოჩვენებითი იყო და სხვა გარიგების დასაფარად დაიდო. მოპასუხე (კასატორი) უთითებს, რომ ფილიალის მმართველსა და მესამე პირს შორის არსებობდა ბანკის გვერდის ავლით შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ნამდვილი მეანაბრე თავისი დეპოზიტით თავდებად დაუდგა ფილიალის მმართველს და დაეხმარა ბანკიდან სესხის მიღებაში, სანაცვლოდ, მის დეპოზიტს იმაზე მეტი პროცენტი დაერიცხა, ვიდრე ეს დროის მოცემულ მონაკვეთში ბანკში იყო დადგენილი. სწორედ ამის გამო, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მოჩვენებითი გარიგება დაიდო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოჩვენებითი გარიგების დადების მოტივი არ არის სათანადო და დამაჯერებელი. გაუგებარია გარიგების მოჩვენებითდ მიჩნევის საფუძვლად მითითებული გარემოებები რატომ უშლიდა ხელს მესამე პირს, თავად ყოფილიყო მეანაბრე. კასატორის მტკიცებით, ფარული გარიგების შესახებ ფაქტების გამჟღავნებით ნამდვილი მეანაბრე დაკარგავდა ბანკისგან თანხის უკან მოთხოვნის უფლებას, რაც არასწორია. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები (დადასტურებულად რომც მივიჩნიოთ) ბანკს ანაბარზე განთავსებული თანხის დაკავების უფლებას არ წარმოუშობდა. შესაბამისად, ამ მსჯელობის მიხედვით, გარიგების მოჩვენებითად თუ თვალთმაქცურად მიჩნევა დაუსაბუთებელია. რაც შეეხება იმ მტკიცებას, რომ ჩანაცვლების საფუძველი მეანაბრის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული კრედიტორის მოთხოვნა იყო, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მაშასადამე, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული საფუძვლით გარიგების მოჩვენებითობის ინტერესი შესაძლებელია ჰიპოთეტურად ჰქონდეს იმ პირს, რომლის მოტყუებასაც მიზნად ისახავს გარიგებაში მონაწილე მხარე (სუსგ №ას-794-2020, 24.12.2020წ.; №ას-1470-2018, 15.02.2019წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომც დავუშვათ, მესამე პირმა სხვა რომელიღაც ვალდებულების შესრულებისაგან თავის ასარიდებლად ბანკთან ანაბრის ხელშეკრულება შეწყვიტა, ბანკი არ არის პირი, რომლის უფლებაც დაირღვა ამგვარი ნების შეთანხმებული გამოვლენის შედეგად. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არ ქმნის გამოყენებული ნორმის (სსკ-ის 56.1 მუხლის) შემადგენლობას.

30. მეანაბრე უფლებამოსილია, საკრედიტო დაწესებულებას მოსთხოვოს, როგორც ანაბარზე განთავსებული ფულადი თანხის, ისე – მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება. ბანკის ვალდებულებაა, დაუბრუნოს მეანაბრეს ანაბარზე განთავსებული თანხა დარიცხული პროცენტით ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, იმავე ვალუტით. ამავე დროს, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ანაბარი ვადიანია და მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებული კონკრეტულ ვადაზე ან ანაბარი დადებულია რაიმე პირობით და ბანკი ვალდებულია, ვალდებულება შეასრულოს ამ პირობის წარმოშობისთანავე, შეთანხმებული ვადის გასვლა ან პირობის გაჩენა თავისთავად (მეანაბრის მოთხოვნის გარეშე) არ ნიშნავს, რომ კრედიტორის მოთხოვნის არარსებობის პირობებში ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვრული ვადით თანხის დეპონირებით შეწყვიტოს ვალდებულება და თანხა დაიტოვის თავად. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს ანაბრის თანხა მოთხოვნისამებრ, მიუხედავად შენატანის ხანდაზმულობისა, თუ არ დაამტკიცებს საანაბრო ურთიერთობის შეწყვეტას და მეანაბრისათვის თანხის დაბრუნებას (იხ. „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი 4, ტომი II, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001 გვ. 205).

31. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ ეფუძნება იმ დასაბუთებას, რომ, რაკი მას ხელშეკრულების შესაბამისად, ანაბარზე სარგებელი ყოველწლიური 12% ერიცხებოდა, დასაბრუნებელ თანხას სწორედ ამდენივე პროცენტი უნდა დაემატოს, როგორც მიუღებელი შემოსავალი. მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიის მიხედვით, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ 4% იყო მოსარჩელის ზიანი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიას და განმარტავს, რომ კრედიტორს, რომელიც მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო ვერ იღებს კუთვნილ თანხას, ზიანი ადგება დაკარგული პროცენტების სახითაც, რომელიც ანაზღაურდება, როგორც მიუღებელი შემოსავალი. სავარაუდო პროცენტები არ განისაზღვრება კანონისმიერი საპროცენტო განაკვეთის და არც რაიმე ერთიანი კრიტერიუმის მიხედვით - გადამწყვეტია დროის მოცემულ მონაკვეთში საბაზრო მდგომარეობა და მოთხოვნის განმაპირობებელი ხელშეკრულების ტიპი (გ. რუსიაშვილი , „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 411, გვ 729-730). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საფუძველზე სწორად განსაზღვრეს დაკარგული პროცენტების ოდენობა. იმის მტკიცება კი, რომ სადავო პერიოდისათვის საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ამერიკული დოლარის ვადიან ანაბარზე 4%-ზე მეტი იყო, მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ გარემოების დასამტკიცებლად მას მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ზიანის 2016 წლის მარტიდან დაკისრებას, უდავოა, რომ 2014 წლის 4 აპრილიდან 2016 წლის მარტამდე ყოველთვიურად ერიცხებოდა თანხის შესაბამისი სარგებელი წლიური 12%, რის გამოც ამ პერიოდისათვის დაკარგული პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

32. დაუსაბუთებელია მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის (საბანკო მომსახურების თაობაზე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობის პირობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას, ბანკი ვალდებულია, კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა, ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე) შესაბამისად, დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0,5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციი სასამართლოება სწორად მიუთითეს, რომ ნორმა ფულადი გადარიცხვის ვადის დარღვევას უკავშირდება და არა - ანაბარზე განთავსებული თანხის ვადის დარღვევით დაბრუნებას, რის გამოც განსახილველ დავაზე ვერ გავრცელდება.

33. პირველი კასატორის პრეტენზიის მიხედვით, თუკი ბანკი მხოლოდ ანაბრის თანხასა და ანაბარზე საშუალო საბაზრო საპროცენტო სარგებლის დააბრუნებს, გამოვა, რომ იმავეს დააბრუნებს, რასაც გადაიხდიდა ანაბრის თანხა მართლზომიერად რომ განეკარგა. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-3 მუხლი) მოსარჩელე თავად წყვეტს, რა მოთხოვნას წაუყენებს მოპასუხეს, ხოლო შეჯიბრობითობის პრინციპიდან (სსსკ-ის მე-4 მუხლი) გამომდინარე, თავად განსაზღვრავს, თუ რომელ ფაქტებს დაუდებს საფუძვლად ამ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით დაადასტურებს ამ ფაქტებს. შესაბამისად, თუკი მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ანაბარზე შეტანილი თანხის დროულად დაუბრუნებლობით მას უფრო მეტი ზიანის მიადგა, ვიდრე დაკარგული პროცენტები იყო, მას შესაბამისი მოთხოვნის, ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენით შეეძლო საკუთარი უფლების რეალიზაცია.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ტ–ისა“ და მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე