22 სექტემბერი 2023 წელი
საქმე №ას-247-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ გ.ი.ნ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ბ–ვა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ი.ნ–იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ს.ბ–ვას მიმართ, ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2020 წლის 15 თებერვალს გაცემულ № 200162770 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის გზით, გადასახდელი თანხის 680 აშშ დოლარამდე შემცირების შესახებ.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გ.ი.ნ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2020 წლის 15 თებერვალს გაცემული №200162770 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და მის საფუძველზე დაწყებული №A20018980-004/002 სააღსრულებო წარმოება, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. ს.ბ–ვასა (წარმომადგენელი - ნ.მ–ი) და ვ.მ–ძეს (წარმომადგენელი ზ.მ–ძე), როგორც იპოთეკარებს და გ.ი.ნ–ის, როგორც მოვალეს (მესაკუთრე) შორის, 2015 წლის 25 ნოემბერს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო.
5.2. 2015 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, ვ.მ–ძემ მოსარჩელეს ასესხა 4000 აშშ დოლარი, ხოლო ს.ბ–ვამ - ასევე, 4000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის ძირითად თანხას ყოველთვიურად 2,5% დაერიცხებოდა.
5.3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ........ მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 6 თვე, კერძოდ, სესხი 2016 წლის 25 მაისს უნდა დაბრუნებულიყო (ტ.1, ს.ფ. 29-34).
5.4. ნოტარიუს ე.შ–ის მიერ, 2017 წლის 7 ივლისს, ცვლილება შევიდა 2015 წლის 25 ნოემბერს დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, აღნიშნული ცვლილების მიხედვით, ვ.მ–ძის სესხის თანხა გაიზარდა 9000 აშშ დოლარით და ვ.მ–ძის სესხის საერთო თანხად 13 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, ასევე ცვლილება შევიდა საპროცენტო სარგებლის ნაწილში და 2,5%-ის ნაცვლად 2% დადგინდა. ს.ბ–ვას მიერ გასესხებული თანხის ოდენობა - 4000 აშშ დოლარი უცვლელი დარჩა. იმავე ხელშეკრულების მიხედვით, სესხი 2020 წლის 7 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო.
5.5. ნოტარიუსმა, 2020 წლის 15 თებერვალს, გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორ ს.ბ–ვას წინაშე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა: სესხის ძირითადი თანხა - 4000 აშშ დოლარი; ყოველთვიური სარგებელი 2%-ის ოდენობით - 1260 აშშ დოლარი; სააღსრულებო ფურცლის თანხა - 126.72 ლარი.
5.6. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის მიხედვით, იძულებითი აღსრულება (საქმის ნომერი NA20018980-004/002) დაიწყო და კერძო აღმასრულებელ ნ.ე–ის მიერ, მოვალემ (მოსარჩელემ) გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება მიიღო. აღნიშნული წინადადების მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 4000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1260 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯი სრულად.
5.7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულება ს.ბ–ვას მიმართ, სესხის ძირითადი თანხის - 4000 აშშ დოლარის და სარგებლის - 1260 აშშ დოლარის ნაწილში, არ შესრულებულა.
5.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მას ს.ბ–ვასთვის გადახდილი აქვს 8200 აშშ დოლარი, რომელსაც პროცენტის სახით გადახდილი 4900 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს, 3240 აშშ დოლარი ძირითად თანხაში ჩაეთვალოს და გადასახდელად მხოლოდ 760 აშშ დოლარი დაეკისროს. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
5.9. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ნ.მ–ის მიერ თანხის მიღებას ადგენს ე.წ. ხელწერილია (ს.ფ. 43-44), რომელშიც ეს უკანასკნელი ხელმოწერით ადასტურებს კონკრეტული თვეების მიხედვით 200 დოლარის (ერთ შემთხვევაში 400 დოლარის) მიღების ფაქტს. მართალია, აღნიშნულ დოკუმენტში გარკვევით მითითებული არ არის, თუ ვისგან ხდებოდა თანხის გადახდა, თუმცა სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ნ.მ–ის მიერ თანხის მიღების ფაქტი იმ ნაწილში, რომელიც ნ.მ–ის მიერ ხელმოწერილია.
5.10. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ყოველთვიურად გადახდილი 200 აშშ დოლარით მხოლოდ ს.ბ–ვასაგან სესხის სახით მიღებული ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი იფარებოდა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა. ე.წ. ხელწერილში აღნიშნულია ნ.მ–ის მიერ მხოლოდ 200 აშშ დოლარის მიღების ფაქტი იმაზე მითითების გარეშე, თუ რომელი ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა გადახდა. შესაბამისად, პალატის დასკვნით, არ დასტურდებოდა, რომ აღნიშნული გადახდები მხოლოდ ს.ბ–ვას სესხის თანხის დაფარვას მიემართებოდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, გამსესხებლები მოსარჩელის მიერ გადახდილ საპროცენტო სარგებელს იყოფდნენ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:36-10:37 სთ.). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ზ.მ–ძემ დაადასტურა, რომ 200 აშშ დოლარი ორივე იპოთეკარზე თანაბრად გასანაწილებელი პროცენტის თანხა იყო. ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესაბამის პერიოდზე ყოველთვიურად გადახდილი 200 აშშ დოლარით ს.ბ–ვასაგან და ვ.მ–ძისაგან სესხის სახით მიღებული თანხის საპროცენტო სარგებელი იფარებოდა.
5.11. სააპელაციო პალატის დასკვნით, არ დგინდებოდა მოპასუხისათვის 8200 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი, რადგან გამსესხებლის წარმომადგენლის მიერ დადასტურებულია მხოლოდ 2016 წლის 03 თებერვლიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით (17 თვე) ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის ოდენობით თანხის მიღება.
5.12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2015 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ს.ბ–ვასათვის და ვ.მ–ძისათვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა 2017 წლის 7 ივლისამდე, ყოველთვიურად ჯამში 200 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2017 წლის 7 ივლისიდან მოსარჩელის მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა ს.ბ–ვას მიმართ ყოველთვიურად 80 აშშ დოლარს (4000 აშშ დოლარის 2%), ხოლო ვ.მ–ძის მიმართ - 260 აშშ დოლარს (13000 აშშ დოლარის 2%) შეადგენდა. სესხი კი, გამსესხებლისათვის 2020 წლის 7 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო.
5.13. ნოტარიუსის მიერ გაცემული 2020 წლის 15 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ხელშეკრულება მოვალის მიერ 2019 წლის 25 იანვარს, სარგებლის გადაუხდელობით დაირღვა. ამდენად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 25 იანვრის შემდეგ ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი გადახდილი არ არის, ხოლო გადახდილი თანხის ოდენობა არათუ არ აღემატება შესასრულებელი ვალდებულების ოდენობას, არამედ ვერ ფარავს მას. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების გარეშე თანხის გადახდის ფაქტი, რომელიც ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასრულებელი ვალდებულებიდან უსაფუძვლოდ გადახდილის გამოკლების საფუძველი გახდებოდა.
5.14. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების შედეგად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა მასზე დაკისრებული ვალდებულების მის მიერვე მითითებული ოდენობით შესრულება, რაც მან ვერ უზრუნველყო, კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხისათვის 8200 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი ვერ დაადასტურა.
5.15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა სესხის ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. მაშასადამე, სარგებლის (პროცენტის) გადახდა კრედიტორს ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად შეუძლია მოითხოვოს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ვინაიდან მოვალემ ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის 4000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი; მოვალის მიერ სესხისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება 2019 წლის 25 იანვარს დაირღვა; გამსესხებლისათვის სესხი 2020 წლის 7 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, იმავდროულად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იმ დროისათვის შეწყვეტილი არ იყო, ხოლო სააღსრულებო ფურცელი, საპროცენტო სარგებლის ნაწილში, 1260 აშშ დოლარზეა გაცემული, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ ვლინდებოდა სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი არ ეთანხმება 2020 წლის 15 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ გადასახდელი თანხის ოდენობას და ამტკიცებს, რომ კრედიტორ ს.ბ–ვას წარმომადგენლისათვის - ნ.მ–ისათვის, გადახდილი აქვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებიდან - 2015 წლის დეკემბრიდან, 2019 წლის აპრილის ჩათვლით, ყოველთვიურად 200 აშშ დოლარი, მთლიანობაში - 8200 აშშ დოლარი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მსესხებლის მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულება.
11. კასატორის მტიცებით, იგი კრედიტორ ს.ბ–ვას წინაშე არსებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად იხდიდა 200 აშშ დოლარს და მთლიანობაში გადახდილი აქვს 8200 აშშ დოლარი.
12. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ:
დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ვ.მ–ძემ და ს.ბ–ვამ მოსარჩელეს 4000-4000 აშშ დოლარი ასესხეს, სესხის ძირითად თანხაზე ყოველთვიური სარგებლის - 2.5%-ის დარიცხვით.
2017 წლის 07 ივლისს, ცვლილება შევიდა 2015 წლის 25 ნოემბერს დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და ვ.მ–ძის სესხის თანხა გაიზარდა 9000 აშშ დოლარით, რის შემდეგაც ვ.მ–ძის სესხის საერთო თანხად 13000 აშშ დოლარი განისაზღვრა, ხოლო ს.ბ–ვას მიერ გასესხებული თანხის ოდენობა - 4000 აშშ დოლარი უცვლელი დარჩა. ასევე, ცვლილება შევიდა საპროცენტო სარგებლის ნაწილში და 2.5%-ის ნაცვლად 2% დადგინდა. იმავე ხელშეკრულების მიხედვით, სესხი 2020 წლის 07 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო (ს.ფ. 35-38).
დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ს.ბ–ვას მიმართ სესხის ძირითადი თანხის - 4000 აშშ დოლარის და სარგებლის - 1260 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, ვალდებულება არ შეუსრულებია.
ნოტარიუსმა, 2020 წლის 15 თებერვალს, გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორ ს.ბ–ვას წინაშე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 4000 აშშ დოლარი; ყოველთვიური სარგებელი 2%-ის ოდენობით - 1260 აშშ დოლარი; სააღსრულებო ფურცლის თანხა - 126.72 ლარი (ტ.1, ს.ფ. 21-23).
სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება (საქმის ნომერი NA20018980-004/002).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 15 თებერვალს გაცემულ №200162770 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის 680 აშშ დოლარამდე შემცირებაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი: ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
14. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. ს.უ.ს.გ. N ას-1541-1547-2011, 19.04.2012წ).
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის განმსაზღვრელია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით სურს მოვალეს, ვალდებულების შესრულების (ნაწილობრივ) დადასტურება.
16. ამ კუთხით, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მოიხმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე არაერთხელ განმარტა, რომ, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომლის არსი ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (შდრ. ს.უ.ს.გ. №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი).
საკასაციო პალატა მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე მიუთითებს, რომლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.
17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ფულადი ვალდებულების შესრულების დასამტკიცებლად მოიხმობს თავის ახსნა-განმარტებას და ე.წ. ხელწერილს (ს.ფ. 43-44), რომელშიც ნ.მ–ი (ს.ბ–ვას წარმომადგენელი) ხელმოწერით ადასტურებს კონკრეტული თვეების მიხედვით 200 დოლარის (ერთ შემთხვევაში 400 დოლარის) მიღების ფაქტს.
18. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად გადახდილი 200 აშშ დოლარით ორივე კრედიტორის მიმართ სესხის პროცენტი იფარებოდა, შესაბამისად, არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ გადახილი თანხები მხოლოდ ს.ბ–ვასაგან მიღებული სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვას ემსახურებოდა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ე.წ. ხელწერილში აღნიშნულია ნ.მ–ის მიერ მხოლოდ 200 აშშ დოლარის მიღების ფაქტი იმაზე მითითების გარეშე, თუ რომელი ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა გადახდა. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ აღნიშნული გადახდები მხოლოდ ს.ბ–ვას სესხის თანხის დაფარვას მიემართებოდა. აღნიშნულს ადასტურებს 2015 წლის 25 ნოემბერს დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში 2017 წლის 7 ივლისს შეტანილი ცვლილებაც, რომლის თანახმად, ხელშეკრულების პირველი პუნქტი შეცვლილი შინაარსით ჩამოყალიბდა და ს.ბ–ვას მიერ გასესხებული თანხის ოდენობად კვლავ 4000 აშშ დოლარი მიეთითა, რასაც ასევე ხელს აწერს მოსარჩელე. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტი, რომ მის მიერ ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის გადახდით, ს.ბ–ვასაგან სესხის სახით მიღებული თანხის საპროცენტო სარგებელი და ძირითადი თანხის ნაწილი იფარებოდა. ასეთ შემთხვევაში, ძირითადი თანხის ოდენობა უნდა შემცირებულიყო. შესაბამისად, 2017 წლის 7 ივლისისათვის სესხის ძირითადი თანხის ოდენობად 4000 აშშ დოლარის განსაზღვრის თაობაზე მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა მისივე არგუმენტს ეწინაღმდეგება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის წარმომადგენელ ნ.მ–ის მიერ 200 აშშ დოლარის ოდენობით თანხის მიღება 2016 წლის 03 თებერვლიდან დასტურდება.
ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის განმარტებაც იმის შესახებ, რომ გამსესხებლები მოსარჩელის მიერ გადახდილ საპროცენტო სარგებელს იყოფდნენ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:36-10:37 სთ.) და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ზ.მ–ძის ჩვენება, რომ 200 აშშ დოლარი ორივე იპოთეკარზე თანაბრად გასანაწილებელი პროცენტის თანხა იყო. აღნიშნულ მტკიცებულებებბზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შესაბამის პერიოდზე ყოველთვიურად გადახდილი 200 აშშ დოლარით ს.ბ–ვასაგან და ვ.მ–ძისაგან სესხის სახით მიღებული თანხის საპროცენტო სარგებელი იფარებოდა.
19. გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან 2016 წლის 03 თებერვლიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით (17 თვე) ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით მოპასუხისათვის 8200 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი არ დგინდება.
2015 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ს.ბ–ვასათვის და ვ.მ–ძისათვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა 2017 წლის 07 ივლისამდე, ყოველთვიურად ჯამში 200 აშშ დოლარს (100-100 აშშ დოლარი; 8000 აშშ დოლარის 2.5%) შეადგენდა, ხოლო ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2017 წლის 07 ივლისიდან გ.ი.ნ–ის მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა ს.ბ–ვას მიმართ ყოველთვიურად 80 აშშ დოლარს (4000 აშშ დოლარის 2%), ხოლო ვ.მ–ძის მიმართ - 260 აშშ დოლარს (13000 აშშ დოლარის 2%) შეადგენდა. სესხი კი გამსესხებლისათვის 2020 წლის 07 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო.
ნოტარიუსის მიერ გაცემული 2020 წლის 15 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ხელშეკრულება მოვალის მიერ 2019 წლის 25 იანვარს, სარგებლის გადაუხდელობით დაირღვა. ამდენად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 25 იანვრის შემდეგ ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი გადახდილი არ არის, ხოლო გადახდილი თანხის ოდენობა არათუ არ აღემატება შესასრულებელი ვალდებულების ოდენობას, არამედ ვერ ფარავს მას.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 413 ლარი ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ი.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.ი.ნ–ის (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 590 ლარის (საგადახდო დავალება № 5831, გადახდის თარიღი: 27.03.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 413 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე