08 თებერვალი 2024 წელი საქმე№ას-1331-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ხ.ე–ვი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.თ–ია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.თ–იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.ე–ვის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ქ. თბილისი, ......... სართული, ბინა N34, ფართით 18 კვ.მ. საკადასტრო კოდით: ....... (რომელიც მოცემულია შპს ,,მაგნიტუდეს’’ მიერ 2021 წლის 17 ოქტომბერს მომზადებულ ნახაზზე, შემდეგში სადავო უძრავი ნივთი) გამოთხოვის მოთხოვნით. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით ხ.ე–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ.ე–ვმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. 2024 წლის 04 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ხ.ე–ვის წარმომადგენელმა ს.კ–მა (იხ. მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ. 271) და განმარტა, რომ მხარემ საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის წარმომადგენლის განცხადებას და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ხ.ე–ვის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
10. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ხ.ე–ვის წარმომადგენლის ს.კ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხ.ე–ვის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, უნდა განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინება საკასაციო წესით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ე–ვის წარმომადგენლის _ ს.კ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ხ.ე–ვის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. ხ.ე–ვს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარი (გადახდის თარიღი: 26.10.2023წ. გადამხდელი: ს.კ–ი (პ/ნ .......) საგადასახადო დავალება №19116888581, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი