Facebook Twitter

საქმე№ას-396-2022

13 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ე–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.მ–ა (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე, შპს „ე–ს“, მოსარჩელე გ.მ–ას სასარგებლოდ დაეკისროს 15 000

ლარის გადახდა.

2. სარჩელის საფუძვლები

1.1 გ.მ–ამ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), სარჩელი აღძრა შპს „ე–ის“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, აპელანტი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე, შპს „ე–ს“, მოსარჩელე გ.მ–ას სასარგებლოდ 15 000 ლარის დაკისრება.

1.2 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან დადო შეთანხმება მომსახურების შეწყვეტის შესახებ, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოპასუხემ 15000 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

3.3 შეგებებული სარჩელის მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საწარმოს წინაშე მას რაიმე ვალდებულება არ უკისრია და არც რაიმე სახის დავალიანება გააჩნდა. მანვე მიუთითა, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ მითითებული დანაკლისის არსებობა სარწმუნო მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

3. მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) პოზიცია

3.1 მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით, 15000 ლარი მოსარჩელისთვის იმ შემთხვევაში უნდა გადაეხადა, თუ ეს უკანასკნელი მოპასუხის წინაშე არსებულ ფინანსურ ვალდებულებას შეასრულებდა.

3.2 მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი და თავდაპირველი მოსარჩელისათვის 3712.54 ლარის დაკისრება მოითხოვა. მისი განმარტებით, გ.მ–ა კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობდა, საქონელს კონტრაქტორ კომპანიებს აწვდიდა და რეალიზებული საქონლის ღირებულებას საწარმოს გადასცემდა (ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში). საწარმოში ჩატარებული მოკვლევით გაირკვა, რომ მოპასუხემ რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად არ გადასცა საწარმოს, კერძოდ, დანაკლისმა შეადგინა 3712.54 ლარი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ.მ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 ლარის გადახდა. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, იგი არ დაკმაყოფილდა.

4.2 აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე–იმ“ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, შპს „ე–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.3 მხარეთა შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2020 წლის 27 თებერვლის დადებული შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელისთვის თანხის გადახდის თაობაზე. კერძოდ, შეთანხმების მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულს გადაეცემა თანხა 15 000 ლარის ოდენობით. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული თანხის გადახდა წარმოებს კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე და არ გამომდინარეობს რაიმე სახის ვალდებულებისაგან. თუმცა, მოპასუხე სადავოდ ხდის გადახდის ვალდებულების ვადამოსულობას და თავის შესაგებელს აფუძნებს მოსარჩელის მიერ შემხვედრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობა შპს „ე–ის“ წინაშე. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ აბსტრაქტული ჩანაწერი მხარეთა შეთანხმების მე-5 პუნქტში, კონკრეტული ფინანსური ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე ვერ იქნება შეფასებული მოსარჩელის მხრიდან შემხვედრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტად.

5.4 მეორეს მხრივ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, შპს „ე–ის“ დავალიანების არსებობა მოსარჩელის მიმართ. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შპს „ე–ის“ მოსარჩელისათვის არ შეუსრულებია 2020 წლის 27 თებერვლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.

5.5 სააპელაციო პალატამ განმარტა - კომპანიამ ვერ დაამტკიცა, რომ მისი დანაკლისი დასაქმებულის ქმედებამ გამოიწვია. სადავო 3712.54 ლარის დავალიანების არსებობის ფაქტის სამტკიცებლად, საწარმომ წარმოადგინა კონტრაქტორ კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტები და მათივე განმარტებები. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით სადავო გარემოება არ დასტურდება. კერძოდ, ე.წ. შედარების აქტებით ირკვევა, რომ კონტრაქტორი კომპანიები აღიარებენ საწარმოს მიმართ არსებული დავალიანებების არსებობას, თუმცა წერილობით განმარტავენ, რომ მათ სადავო თანხა დისტრიბუტორს გადასცეს. იმ ვითარებაში, როდესაც კონტრაქტორ კომპანიებს არ გააჩნიათ დისტრიბუტორისათვის სადავო თანხის გადაცემის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე-430-ე მუხლებით გათვალისწინებული შესრულების დამადასტურებელი ფაქტები, მხოლოდ მათი განმარტება დისტრიბუტორის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. საწარმოს შეუძლია, შედარების აქტების საფუძველზე, მოთხოვნა წაუყენოს კონტრაქტორ კომპანიებს (და არა დისტრიბუტორს) მათ მიერ აღიარებული ვალის გადახდის თაობაზე.

5.6 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ

გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე–იმ“და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.2 კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები, მათ შორის ხელშეკრულების თავისუფლების სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 319-ე მუხლი. არასწორად იქნა შეფასებული ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის 365-ე და 341-ე მუხლებით, აღნიშნული მუხლები არ უნდა გამოეყენებინათ სასამართლოებს მოცემული ურთიერთობის შეფასებისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება მხარეთა შორის რეალურად არსებული ურთიერთობის შინაარსს.

6.3 კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს ზოგადი ხასიათის მსჯელობებს, რაც მოცემულ საქმის კომპლექსური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ წარმოადგენს საკმარის დასაბუთებას.

6.4 კასატორი აღნიშნავს, რომ გამყიდველის წარმომადგენლებსა და მყიდველებს (კონტრაქტორებს) შორის შედგა ურთიერთშედარებები, რის შედეგადაც მხარეებმა დააჯამეს მყიდველთა ჯგუფისთვის მიწოდებული პროდუქციის ოდენობა და მათ მიერ დისტრიბუტორისთვის გადახდილი თანხები. აღნიშნული შედარების აქტები, სწორედ გამყიდველის წარმომადგენლების მიერ კომპლექსური მოკვლევის შედეგია. მყიდველები პირდაპირ აცხადებენ, რომ თანხა გადასცეს დისტრიბუტორს (გ.მ–ას), ხოლო მას აღნიშნული თანხა სალაროში არ შეუტანია, რითაც ზიანი მიაყენა საწარმოს. 27.02.2020 წლის დოკუმენტის შედგენის მიზანს სწორედაც, რომ გ.მ–ას მიერ კომპანიისთვის ზიანის შესაძლო მიყენების რისკის დაზღვევა წარმოადგენდა. კომპანია აცხადებდა, რომ გ.მ–ას 15 000 ლარს გადასახადების ჩათვლით მას შემდეგ გადაუხდიდა, როდესაც იგი ფინანსურ დავალიანებას დაფარავდა. ხოლო სასამართლოს განმარტება მხარეთა მიერ შედგენილ დოკუმენტის სხვაგვარ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო ურთიერთობის არსს და ერთგვარ ჩარჩოებში აქცევს მხარეებს.

6.5 კასატორი განმარტავს, მხარეთა შეთანხმების მე-3 მუხლში ნათლადაა ასახული, რომ თანხის გადახდა წარმოებს კეთილი ნების საფუძველზე და არ გამომდინარეობს რაიმე სახის ვალდებულებიდან. აქედან გამომდინარე, კასატორისთვის გაურკვეველია, იმ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც მას არ აუღია, თუ როგორ უნდა მოხდეს მისთვის თანხის დაკისრება. შეუძლებელია კეთილი ნების გაიგივება ვალდებულებასთან, კეთილი ნება გულისხმობს ფაქტს, რომელიც შესაძლოა დადგეს ან არ დადგეს. კეთილი ნებისა და ვალდებულების განსხვავება ის არის, რომ შეუსრულებლობა წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლით დარეგულირებულ საკითხს, ხოლო კეთილი ნების საფუძველზე გამოხატული ნება შეუძლებელია დარეგულირდეს ვალდებულებითი სამართლით, რაც სასამართლომ არასწორად განმარტა და აბსტრაქტულ ვალის აღიარებად შეაფასა.

6.6 საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში წერია, რომ კონტრაგენტებმა თანხები გადასცეს დისტრიბუტორს, ასევე ზეპირ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლებმა დამატებით გააკეთეს განმარტებები, თუ რატომ უნდა გაეზიარებინა მათი დასაბუთება სასამართლოს, რაც სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021წლის 16 ნოემბრის განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ. კასატორი სადავოდ ხდის 15000 ლარის ოდენობით ვალდებულების არსებობას და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მე-3 მუხლი ადასტურებს მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე მოსარჩელისათვის თანხის გადახდის შესაძლებლობას.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 341-ე მუხლი, რომლის მიხედვით იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას;

13. ამგვარად, ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა. პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.).

14. ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, ანუ იგი მიმართულია ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე... დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით. ამდენად, კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (იხ.საქმე №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.; №ას-392-371-2013, 08.11.2013წ.; საქმე №ას-1582-2018, 09.09.2022წ.). რაც შეეხება, ე.წ. კონსტიტუციურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, აქ მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის.

15. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ 2020 წლის 27 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვით, "დასაქმებულს გადაეცემა თანხა 15000 ლარი (გადასახადების ჩათვლით), 12000 ლარი (გადასახადების გარეშე). ამ შეთანხმებით განსაზღვრული თანხის გადახდა წარმოებს კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე და არ გამომდინარეობს რაიმე სახის ვალდებულებისგან".

16.საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ აღნიშნული შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების თაობაზე აკმაყოფილებს გარიგების ნამდვილობის პირობებს. კასატორმა, აღნიშნული შეთანხმებით აღიარა და გამოხატა მზაობა 15 000 ლარის გადახდაზე, რაც წარმოშობს დამოუკიდებელ ვალდებულებას და წარმოადგენს ვალის აბსტრაქტულ აღიარებას. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 27 თებერვლის შეთანხმებითვე განისაზღვრა ნაკისრი ვალდებულების გადახდის წესი. კერძოდ, ამ შეთანხმების მე-5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 15 000 ლარის გადახდა მოხდება შემსრულებლის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვისთანავე.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. აღნიშნული დეფინიცია ქმნის ვალდებულებითი სამართლის არსს და მიუთითებს, რომ სხვა პირისგან რაიმეს მოთხოვნისათვის აუცილებელია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი - ვალდებულება. მისი წარმოშობის საფუძველი კი, შეიძლება იყოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი).

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

19. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

20. საკასაციო პრეტენზიებიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების მტკიცება, თუ რა ფინანსური ვალდებულებები უნდა დაეფარა მოწინააღმდეგე მხარეს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ შეთანხმებაში არ არის მითითებული, თუ რა იგულისხმეს მხარეებმა დასაქმებულის მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებში, ამასთან, არც ისაა განსაზღვრული, თუ როგორ უნდა დადგენილიყო მისი ოდენობა.

21. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

კასატორის განმარტებით, დასაქმებულის ფინანსურ ვალდებულებაში იგულისხმება საწარმოს იმ დანაკლისის (ზიანის) ანაზღაურება, რაც მას მოწინააღმდეგე მხარის სადისტრიბუციო საქმიანობით მიადგა. ამასთან, ამ დანაკლისის დაანგარიშება ფაქტობრივ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და დროს მოითხოვდა. ამიტომაც ვერ მიეთითა ხელშეკრულებაში ფინანსური დავალიანების კონკრეტული ოდენობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის მომავალში დაზუსტდებოდა, რაშიც თავად დასაქმებულიც მიიღებდა მონაწილეობას.

22. ვინაიდან გარიგების მონაწილე მხარე მიუთითებს, რომ არ დასტურდება მისი სადისტრიბუციო საქმიანობის შედეგად ქონებრივი დანაკლისის არსებობა და ამ განმარტების საფუძველზე, 2020 წლის 27 თებერვლის შეთანხმების მე-5 პუნქტში აღნიშნულ ფინანსურ ვალდებულებაში მოაზრებული რომც იქნას სადისტრიბუციო საქმიანობის შედეგად არსებული დანაკლისი, მაინც არ იკვეთება სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოება: კასატორი ვერ ამტკიცებს, რომ დანაკლისი დასაქმებულის ქმედებით იქნა გამოწვეული. კერძოდ, სადავო 3712.54 ლარის დავალიანების არსებობის ფაქტის სამტკიცებლად, წარმოდგენილია არარელევანტური მტკიცებულებები: კონტრაქტორ კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები თანდართული განმარტებებით.

23. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

24. კერძოდ, ე.წ. ურთიერთშედარების აქტებით ირკვევა, რომ კონტრაქტორი კომპანიები აღიარებენ საწარმოს მიმართ დავალიანებების არსებობას და წერილობით განმარტავენ, რომ მათ სადავო თანხა დისტრიბუტორს გადასცეს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული წერილობითი განმარტებები მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საქმეზე განკუთვნად მტკიცებულებას, ისევე, როგორც მართებულად არ არის გაზიარებული მტკიცება ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე, სადისტრიბუციო საქმიანობის შედეგად 3712.54 ლარის დანაკლისის არსებობაზე.

25. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას გაამახვილებს კვლავ საკასაციო საჩივრის არგუმენტებზე და აღნიშნავს, რომ ზოგადად, სასაქონლო ზედნადებით, ნამდვილად დასტურდება პროდუქციის მიწოდება და ოდენობა, თუმცა არ დასტურდება დისტრიბუტორისათვის თანხის გადაცემის ფაქტები.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ.სუსგ საქმე Nას-570-541-2015, 11.112015 წელი; Nას-970-935-2016, 18.12.2017წ.).

27. იმ ვითარებაში, როდესაც კონტრაქტორ კომპანიებს არ გააჩნიათ დისტრიბუტორისათვის სადავო თანხის გადაცემის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე-430-ე მუხლებით გათვალისწინებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები დისტრიბუტორის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება.

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

29. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმება არ შეიცავს მითითებას ვალდებულების შესრულების კონკრეტულ ვადაზე. ამასთან, ცხადია, რომ მოსარჩელე, როგორც კრედიტორი ითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოპასუხე მას არ ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ნამდვილი და ვადამოსულია.

30. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ქმნის მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდის დაკისრების წინაპირობას.

31. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

8. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 940 ლარის 70% –658 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, შპს „ე–ის“ (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ფ. ფ–ძის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2022 წლის 20 აპრილს, №13110224531 საგადახდო დავალებით გადახდილი 940 ლარის 70% - 658 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე