საქმე №ას-754-2022
21 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ნ–ბი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს "ს.ნ–ბს" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 5007 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1 2018 წლის 12 ნოემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ს.ნ–ბს შორის გაფორმდა N-03.01/30/503 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი სოფორას ხის და უნგრული ცაცხვის ნერგების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 166 900 ლარით.
2.2 2018 წლის 12 ნოემბრის N-03.01/30/503 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართის თანახმად, მოსარწყავი ხეების რაოდენობა განისაზღვრა 210 ერთეულით.
2.3 ხელშეკრულების ფარგლებში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, თებერვლის თვეში უნდა განხორციელებულიყო თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მორწყვა (210 ერთეული), თუმცა მისამართების ნაწილზე, ხე-მცენარეები არ იქნა მორწყული. N- 03.01/30/ 503 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლო-ბისათვის, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების 166900 ლარის 0.5 %-ის ოდენობით, 834.5 ლარი.
2.4 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 2 მაისის N18-01191223252 წერილიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მარტის თვეში ქ. თბილისში შესრულებული აქტი N4-ში მითითებულ მისამართებზე ორჯერ უნდა მოერწყა დარგული ხეები, ერთხელ უნდა მოეწყო დარგული ხე მცენარეებისათვის სარწყავი ჯამები, ასევე შეეძინა და შეეტანა ორგანული სასუქი, თუმცა შპს „ს.ნ–ბმა“ ყველა მისამართზე ერთხელ მორწყა და მოაწყო სარწყავი ჯამები. რაც შეეხება ორგანული სასუქის შეძენას და შეტანას, მიმწოდებელს არც ერთ მისამართზე არ განუხორციელებია აღნიშნული ღონისძიება, N-3.01/30/503 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა (3-ჯერ: ორგანული სასუქის შეძენა, შეტანა, მორწყვა) ხელშეკრულების ღირებულების 166900 ლარის 0.5 %-ის ოდენობით 2503.5 ლარი.
2.5 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 30 მაისის N18-01191501289 წერილიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, აპრილის თვეში უნდა განხორციელებულიყო თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მორწყვა 2-ჯერ, თუმცა არც ერთ მისამართზე ხე-მცენარეები არ იქნა მორწყული, N-03.01/30/503 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე (2-ჯერ) ხელშეკრულების ღირებულების 166900 ლარის 0.5 %-ის ოდენობით 1669 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეს არ უარყვია ხელშეკრულების დარღვევა და საბოლოოდ შპს „ს.ნ–ბმა“ სარჩელი ცნო 1000 ლარის ფარგლებში.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს ,,ს.ნ–ბის“ მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს ,,ს.ნ–ბს“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - 2000 ლარის ოდენობით.
4.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
5.2 სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე. პალატამ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე გააკეთა აპელირება და განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-708-662-2107, 11.01.2017წ; №ას-506-480-2015, 29.07.2016წ.). ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და დარღვევების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნები, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად განსაზღვრა იგი 2 000 ლარის ოდენობით.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.2 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით. კასატორმა განმარტა, რომ მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული, თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო: მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან თუ შეუსრულებელი ან დარღვეული ვალდებულების მოცულობასთან.
6.3 კასატორი თვლის, რომ სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, თუ რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში გონივრული თანხით შეამციროს იგი, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტაციით სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების ავტონომიას, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება გაუმართლებლად ჩაერიოს ხელშეკრულების თავისუფლებაში და მას არ აქვს უფლებამოსილება შეცვალოს ხელშეკრულების ის პირობები, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა ნების საფუძველზე.
6.4 კასატორისთვის გაუგებარია რა პრინციპით დაადგინა სასამართლომ 2000 ლარი გონივრულ პირგასამტეხლოდ და რატომ ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა შეუსაბამოდ, იმ პირობებში, როცა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ღირებულება საერთო ჯამში წარმოადგენდა 166 900 ლარს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. კასატორის პრეტენზია ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერებას შეეხება.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულობა წარმოადგენს.
13.აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება„pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით საკუთარი ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულების ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა შორისაა ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
14. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
15. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა 2018 წლის 12 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე შპს ,,ს.ნ–ბს“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უნდა შეესრულებინა შეთანხმებული სამუშაოები, კერძოდ, თბილისის სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი სოფორას ხის და უნგრული ცაცხვის ნერგების დარგვა, მიწოდება; დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 166900 ლარით. აქედან მწვანე ნარგავების მიწოდება 133118 ლარით, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა 33 782 ლარით.
17. მითითებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტი ითვალისწინებდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 166900 ლარის 0.5 %-ის ოდენობით.
18. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელი მოვლა-პატრონობის პერიოდში ჯეროვნად, ხარისხიანად ვერ ან არ განახორციელებს შესაბამის აგრო-ტექნიკურ ღონისძიებებს (ჯამების მოწყობა-გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი მომსახურების ჯამური ღირებულების 0,2 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 25.04.2019წ. N12-01191154134; 10.05.2019წ. N12-011913058; 06.06.2019წ. N12-01191571394 წერილებზე, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ს.ნ–ბი“-ს მიერ დარღვეული იქნა 2018 წლის 12 ნოემბრის შესყიდვების ხელშეკრულების (ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი სოფორას ხის და უნგრული ცაცხვის ნერგების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა, მოვლა-პატრონობა), პირობები. კერძოდ, 25.04.2019წ. N12-01191154134 წერილის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, თებერვლის თვეში უნდა განხორციელებულიყო თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მორწყვა, თუმცა მისამართის ნაწილზე, ხე-მცენარეები არ იქნა მორწყული, რის გამოც ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ს.ნ–ბს“ დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (166 900 ლარი) 0.5% 834.5 ლარი; 10.05.2019წ. N12-011913058 წერილის შესაბამისად, ხელშეკრულების ფარგლებში გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მარტის თვეში უნდა განხორციელებულიყო თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისათვის 1) სარწყავი ჯამების მორწყვა; 2) ორგანული სასუქის შეძენა; 3)ორგანული სასუქის შეტანა და 4) მორწყვა 2-ჯერ, თუმცა ყველა მისამართზე მოწყობილი იქნა სარწყავი ჯამები და მორწყვა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ, ხოლო მეორედ არც ერთ მისამართზე ხე-მცენარეები არ იქნა მორწყული, ამასთან, არ იქნა შეძენილი და შეტანილი ორგანული სასუქი, რის გამოც ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ს.ნ–ბს“ დაეკისრა ჯარიმა, ყოველ ჯერზე (3-ჯერ: ორგანული სასუქის შეძენა, შეტანა, მორწყვა), ხელშეკრულების ღირებულების (166 900 ლარი) 0.5% 2503.5 ლარი; 06.06.2019წ. N12-01191571394 წერილის საფუძველზე, ხელშეკრულების ფარგლებში გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, აპრილის თვეში უნდა განხორციელებულიყო თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მორწყვა 2-ჯერ, თუმცა არცერთ მისამართზე ხე-მცენარეები არ იქნა მორწყული. რისთვისაც, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ს.ნ–ბს“ დაეკისრა ჯარიმა, ყოველ ჯერზე (2-ჯერ) ხელშეკრულების ღირებულების (166 900 ლარი) 0.5% 1669 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ განუხორციელებია შედავება პირგასამტეხლოს დაანგარიშების სისწორესთან დაკავშირებით, მან არ უარყო ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და სარჩელი ცნო 1000 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
20. საკასაციო პალატა, კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
21. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).
22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ფაქტების ერთობლიობის ანალიზის შედეგად, მართებულად შეამცირეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და ასევე მართებულად იქნა შეფასებული, რომ გამოვლენილ დარღვევებს, რომლის გამოც მეწარმე სუბიექტს დაეკისრა სანქცია, ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებისთვის, ხელი არ შეუშლია. იმ პირობებში, როდესაც გასაწევ მომსახურებას ხე-მცენარეების ნერგების მორწყვა და ორგანული სასუქის შეტანა წარმოადგენდა, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სახეზეა შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს 2000 ლარის ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
23. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
8. პროცესის ხარჯები
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე