Facebook Twitter

საქმე№ას-431-2022

13 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ს.ჰ-ჰ.ფ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი - საიჯარო ქირის გადახდა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 მოპასუხე ა(ა)იპ „ს.ჰ-ჰ.ფ–იისთვის“, მოსარჩელის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, 13 240.33 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ასევე, მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა(ა)იპ „ს.ჰ-ჰ.ფ–იას“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 1 640.33 ლარის გადახდა.

3.2 აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.3 2011 წლის 03 აგვისტოს სსიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ

,,ს.ჰ-ჰ.ფ–იას“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს ქალაქ რუსთავში, ..... მდებარე, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის სახელზე რეგისტრირებული №27 ბაგა-ბაღის შენობიდან 63.3 კვ.მ ფართი გადაეცა იჯარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 წლით.

4.4 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის ოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრა 190 ლარით.

4.5 ხელშეკრულების 3.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადა მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით შეიძლებოდა შეცვლილიყო. სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საიჯარო ხელშეკრულება გაგრძელდა. უძრავი ქონება იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში.

4.6 მოპასუხემ 2018 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელეს, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ფართის დაბრუნების მოთხოვნით.

4.7 ქალაქ რუსთავის საკრებულოს 23.04.2019 წლის №261 განკარგულებისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 16.05.2019 წლის №509 ბრძანების საფუძველზე მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა.

4.8 იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოპასუხემ, ჯამში გადაიხადა 2 840 ლარი.

4.9 მოსარჩელემ საიჯარო დავალიანება 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით განსაზღვრა, რამაც, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების გამოკლებით, ჯამში, 13 240.33 ლარი შეადგინა.

4.10 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეული იქნა ნაწილობრივ ხანდაზმულად.

4.11 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ ის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს შეეხება. შესაბამისად, პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება აღნიშნულ ნაწილში შეამოწმა.

4.12 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის საკითხის შეფასების არამართებულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოიჯარეს ვალდებულების შესრულება ევალებოდა გარკვეული პერიოდულობით. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, თანხის ყოველი გადახდის მიმართ, უნდა აითვალოს დამოუკიდებლად (სარჩელის შეტანის მომენტიდან, შესაბამისად, პალატამ სასარჩელო მოთხოვნა საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ (გასაჩივრებულ ნაწილში) ხანდაზმულად მიიჩნია.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5.2 კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა სამართლებრივი ნორმები, კერძოდ, სააპელაციო პალატა განჩინების მე-11.6-11.7 პუნქტებში განმარტავს, რომ მოიჯარეს ვალდებულების შესრულება გარკვეული პერიოდულობით ევალებოდა და ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა თანხის გადახდის თითოეული პერიოდისთვის ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

5.3 კასატორმა აღნიშნა, რომ მართალია, არაერთი სასამართლო პრაქტიკაა დადგენილი ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით, თუმცა ყველა საქმე განსხვავებულია და საჭიროებს ინდივიდუალურ შესწავლას. კასატორმა მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ძალაში იყო 2019 წლის 6 მაისამდე, ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ძალაში იყო ხელშეკრულების შეწყვეტამდე. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წარმოშობის მომენტი განპირობებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით არ იქნა სწორად შეფასებული.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, სსიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1. 2011 წლის 03 აგვისტოს სსიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ ,,ს.ჰ-ჰ.ფ–იას“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს ქალაქ რუსთავში, ......... მდებარე, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის სახელზე რეგისტრირებული №27 ბაგა-ბაღის შენობიდან 63.3 კვ.მ ფართი გადაეცა იჯარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 წლით;

11.2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის ოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრა 190 ლარით; ხელშეკრულების 3.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადა მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით შეიძლებოდა შეცვლილიყო. სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საიჯარო ხელშეკრულება გაგრძელდა. უძრავი ქონება იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში; მოპასუხემ 2018 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელეს, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ფართის დაბრუნების მოთხოვნით.

11.3. ქალაქ რუსთავის საკრებულოს 23.04.2019 წლის №261 განკარგულებისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 16.05.2019 წლის №509 ბრძანების საფუძველზე მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა.

11.4. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოპასუხემ, ჯამში გადაიხადა 2 840 ლარი. მოსარჩელემ საიჯარო დავალიანება 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით განსაზღვრა, რამაც, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების გამოკლებით, ჯამში, 13 240.33 ლარი შეადგინა.

12. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოთხოვნა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, პალატა შეაფასებს მოთხოვნის წარმოშობის და მისი განხორციელების სამართლებრივ ფარგლებს, ვინაიდან მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება, ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში სარჩელის წარმატება შეფერხდება. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულობის შეფასების საკითხი.

13. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ო.ს-ი და ი.ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი. შდრ: სუსგ №ას-1437-1357-2018, 11 მაისი, 2018 წელი).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი) (საქმე №ას-1191-2019, 04.12 2019წ.).

15. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

16. საკასაციო პალატა კვლავ ყურადღებას გაამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ქონებით სარგებლობისთვის, 190 ლარის ოდენობით, ყოველთვიური ქირის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრება. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ #ას- 1688-1673-2011, 02.02.2012 წ.; # ას-1144-1090-2014 ,23.02.2015 წ. # ას-445-420-2014, 22 .04.2015 წ.).

17. სასამართლო პრაქტიკაში არაერთხელ განიმარტა, სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 130-ე მუხლის გამოყენების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს ევალებოდა საიჯარო ქირის არა ერთიანად, არამედ პერიოდულად, ყოველთვიურად გადახდა და აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშობოდა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე (შდ. იხ. სუსგ #ას-1203-1130-2015, 01.06.2016წ.) მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის არსებობის გამო, იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საიჯარო ქირის მოთხოვნა ნაწილობრივ არ არის განხორციელებადი. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა 2011 წლის 03 აგვისტოს გააფორმეს იჯარის ხელშეკრულება სამი წლის ვადით, რომელიც გაგრძელდა 2018 წლის 22 აგვისტომდე. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში მხარეები იმყოფებოდნენ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობაში, რომლის თანახმად, ქონებით სარგებლობისთვის მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 190 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა აითვალოს დამოუკიდებლად (სარჩელის შეტანის მომენტიდან უკუსვლით 3 წელზე გაანგარიშებით), რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისთვის – 2020 წლის 10 დეკემბრისთვის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო 2017 წლის 10 დეკემბრამდე გადასახდელი თანხის მოთხოვნის ნაწილში და შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით. ხოლო, 2018 წლის 03 იანვრიდან, 2018 წლის 22 აგვისტომდე შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში მოთხოვნა არ წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმ გარემოებასთან მიმართებით, სადაც მიუთითებს, რომ მოპასუხეს, უნდა დაეკისროს 2018 წლის 03 იანვრიდან, 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით საიჯარო თანხის, 1640.33 ლარის გადახდა.

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, სადაც მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მოქმედი იყო 2019 წლის 06 მაისამდე, რის საფუძველზეც მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ძალაში იყო ხელშეკრულების შეწყვეტამდე, რაც განაპირობებს მოთხოვნის წარმოშობის მომენტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად და რაც სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა სწორად შეფასებული. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება, მოპასუხის მოთხოვნით 2018 წლის 22 აგვისტოს ცალმხრივად შეწყდა, როდესაც მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა იჯარით გადაცემული ქონება.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. პროცესის ხარჯები

კასატორი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე