Facebook Twitter

ა-6241-გან-28-2023

22 იანვარი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ა.შ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა:

1. ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 23 თებერვალს მ.მ–ძესა და ა.შ–ძეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

2. მოსარჩელე მ.მ–ძეს აღუდგა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი 3100.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი ...........;

3. დადებულად იქნა აღიარებული მ.მ–ძესა და ა.შ–ძეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; სესხის სახით გადაცემული თანხის - 11 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ.მ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი 3100.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N ..........

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.შ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა.შ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა.შ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებით ა.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება.

2013 წლის 5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა.შ–ძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ა.შ–ძეს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა.შ–ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინება.

2023 წლის 8 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ა.შ–ძემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ ა.შ–ძის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხი უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების განსახილველად მიღების სპეციალურ წესს არ ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შესაბამისად, საჭიროა საპროცესო ანალოგიის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი-ის მე-2 ნაწილი: თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა მოტივირებულია იმით, რომ ეს სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.მ–ძის სარჩელი მოპასუხე ა.შ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა.შ–ძის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.შ–ძე, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელი.

ზემოხსენებულის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი იყო ა.შ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

2023 წლის 8 დეკემბრის განცხადებით ა.შ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არ არის განსჯადი წარმოდგენილი განცხადების განხილვაზე, რის გამოც განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთანავე, პალატა განუმარტავს მხარეს, რომ მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.შ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოს მხარეს, რომ მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით მიმართოს განჩინების გამომტან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი