Facebook Twitter

№ას-296-2023

28 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.ლ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს–ი“ (შპს „ჯ–ის“ უფლებამონაცვლე, მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ლ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს–ის“ (შპს „ჯ–ის“ უფლებამონაცვლე) (შემდეგში მოპასუხე) მიმართ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 7821 ლარის დაკისრების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 2--17).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ლ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ა.ლ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ა.ლ–მა, შესაბამისი სააბონენტო ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს „ჯ–ისგან“ სხვადასხვა დროს შეიძინა, ჯამში, 400-მდე სააბონენტო ნომერი.

5.2. მხარეთა შორის დადებული სააბონენტო ხელშეკრულებების 1.12 პუნქტის თანახმად, „მომსახურება“ განმარტებულია როგორც „ხელშეკრულებით“ ან/და მისი „დანართებით“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული ან/და „აბონენტის“ მიერ „ჯ–ისაგან“ მიღებული/მისაღები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება. ხელშეკრულების 1.21 პუნქტის მიხედვით, „სიმ-ბარათი“ წარმოადგენს, „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად „ჯ–ის“ მიერ „აბონენტისათვის“ გადაცემულ პერსონალურ საიდენტიფიკაციო ბარათს, რომელზეც დაპროგრამებულია (გაწერილია) „ნომერი“, რომელიც უზრუნველყოფს „აბონენტის“ „ტექნიკური საშუალების“ კავშირს „ჯ–ის“ ქსელთან და რომელიც გამოიყენება „აბონენტის“ მიერ „მომსახურების“ მისაღებად. ხელშეკრულების 3.10 პუნქტის შესაბამისად, „აბონენტი“ ვალდებულია „ჯ–ის“ მიერ გაწეული „მომსახურება“ გამოიყენოს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის, მიზნად არ დაისახოს მისი შემდგომში მიყიდვა „მესამე პირებზე“ და მიიღოს „მომსახურება“ იმ მოცულობითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია და ნებადართულია წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და მოქმედი კანონმდებლობით.

5.3. ხელშეკრულების 4.2.1 პუნქტის თანახმად, „ჯ–ი“ უფლებამოსილია შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურება „ხელშეკრულებითა“ და „რეგლამენტით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, თუ აბონენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით დათქმულ რომელიმე ვალდებულებას. ამავე ხელშეკრულების 4.2.2 მუხლის მიხედვით კი - შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურება, თუ იგი ჯ–ის გაფრთხილების მიუხედავად იმგვარად იყენებს მომსახურებას, რომ ირღვევა ხელშეკრულებით დათქმული პირობები ან/და ეს ქმედება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

5.4. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, აბონენტი უფლებამოსილია მოითხოვოს პირდაპირი ზიანის (ზარალის) ანაზღაურება, თუ ასეთი გამოწვეულია „ჯ–ის“ ბრალით ან დაუდევრობით ან მესამე პირის ბრალით ან დაუდევრობით, რომელზეც პასუხისმგებელია „ჯ–ი“ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც „ჯ–ისთვის“ წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამასთან, ზიანი დადასტურებული უნდა იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აბონენტი არ ექვემდებარება არაპირდაპირი ზიანის კომპენსაციას, როგორიცაა მაგ. მიუღებელი შემოსავალი ან სხვა შედეგობრივი დანაკარგები.

5.5. www.mymarket.ge-დან ამოღებული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელე აღნიშნული ვებ გვერდის მეშვეობით ახორციელებდა მის სარგებლობაში არსებული შპს „ჯ–ის“ სააბონენტო ნომრების რეალიზაციას.

5.6. შპს „ჯ–ის“ მიერ ზემოაღნიშნული ფაქტების გამოვლენის შემდგომ, მოსარჩელეს გაეგზავნა გამაფრთხილებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, გაგზავნის მომენტისათვის მის სახელზე არსებულ ყველა სააბონენტო ნომერზე (ჯამში 403 სააბონენტო ნომერი) ტექსტით - „დაფიქსირდა თქვენს მიერ სააბონენტო ხელშეკრულების დარღევით ნომრის მესამე პირისათვის შეთავაზება. შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში შეგიწყდებათ მომსახურეობა“. გარდა აღნიშნულისა, კომპანიამ მოსარჩელეს ინფორმაცია მიაწოდა www.mymarket.ge-ზე პირადი შეტყობინების გაგზავნის გზით.

5.7. 2017 წლის ივლისის თვეში შპს „ჯ–მა“ ა.ლ–ს მის სახელზე რიცხულ რამდენიმე ასეულ ნომერზე შეუწყვიტა მომსახურება და გაუუქმა მობილური ნომრები იმ მოტივით, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, აბონენტის მხრიდან დაფიქსირდა „ჯ–ის“ მიერ გაწეული მომსახურების მესამე პირზე გასხვისების ფაქტი.

5.8. მოსარჩელემ შპს „ჯ–ის“ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სახალხო დამცველთან, ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2018 წლის 20 აგვისტოს წერილის თანახმად, განმცხადებელმა საჩივრით მათ სამსახურს მიმართა 2017 წლის 10 აგვისტოს. საკითხის შესწავლის მიზნით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შპს „ჯ–ისაგან“ გამოითხოვა ინფორმაცია და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შპს „ჯ–ის“ წერილობითი პასუხისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად არ დადგინდა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევა, რის შედეგადაც განმცხადებლის საჩივარზე წარმოება შეწყდა.

5.9. შპს „ჯ–ი“ შეერწყა სს „ს–ს“ და ამჟამად შპს „ჯ–ის“ უფლებამონაცვლე სს „ს–ია“.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.9. პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (www.mymarket.ge ვებგვერდის ე.წ. „სკრინშოტებით“) დასტურდებოდა მოსარჩელის სახელით მისივე სახელზე რეგისტრირებული შპს „ჯ–ის“ სააბონენტო ნომრების რეალიზაციის ფაქტები, ასეთ ვითარებაში საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა მან ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. მოსარჩელე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ სააბონენტო ნომრების გაყიდვის ფაქტის ზეპირი უარყოფით და განმარტა, რომ ნომრების სარეალიზაციოდ განთავსება მის მიერ არ მომხდარა. ასევე, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ იგი სადავო ნომრებით ნამდვილად ოპერირებდა და ჰქონდა კომუნიკაცია სხვა პირებთან.

5.10. პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების და მხარეთა შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების პირობების (3.10 პუნქტი) დარღვევა, რაც ამავე ხელშეკრულების 4.2.1 პუნქტის თანახმად („ჯ–ი“ უფლებამოსილია შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურება „ხელშეკრულებითა“ და „რეგლამენტით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, თუ აბონენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით დათქმულ რომელიმე ვალდებულებას), მოპასუხეს უქმნიდა სააბონენტო ხელშეკრულებების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს. საქმეზე არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელი წინაპირობა - შპს „ჯ–ის“ მიერ კანონის დანაწესებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც პალატის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ნომრების რეალიზაციის ფაქტს.

6.2. მოპასუხე ვალდებულია სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს დაუბრუნოს ნომრებში გადახდილი თანხა. ასევე, კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების გაფორმებისას დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომელიც ცალსახად განმარტავს, რომ თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა, მას არ შეუძლია მეორე მხარეს შესთავაზოს არათანაბარი პირობები.

6.3. მოპასუხეს, მოსარჩელის გაფრთხილების მიზნით, სათანადო წესით გაგზავნილი შეტყობინებების დამადასტურებელი მტკიცეებულებები არ წარმოუდგენია.

6.4. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მან დეტალურად მიუთითა ფასიან ნომრებში გადახდილი თანხების ოდენობა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე, ა.ლ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.

14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

15. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

19. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (ას-178-167-2017, 14.07.2017წ).

21. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

23. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია შეეხება მოპასუხის მიერ რაიმე სახის მტკიცებულების წარმოუდგენლობას, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ნომრების რეალიზაციის ფააქტს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მან დეტალურად მიუთითა ფასიან ნომრებში გადახდილი თანხების ოდენობა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, დავით ლონდრიშვილი ითხოვს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 7821 ლარის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელისაგან დადასტურებულია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, მისი მტკიცების ფარგლებში სათანადო, სარწმუნო და ვარგისი მტკიცებულება, რომელიც მიყენებული ზიანის კონკრეტულ ოდენობას უტყუარად დაადასტურებდა სასამართლოს ვერ წარუდგინა. ამასთან კასატორი თავადაც აღნიშნავს, რომ „სარჩელში დეტალურად მიუთითა მის მიერ გადახდილი თანხების ოდენობა“. პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის დასადასტურებლად, მოსარჩელის მხოლოდ მითითება საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდებოდა და ვერც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობისათვის აუცილებელია დადასტურდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, რამაც უშუალო ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან სააბონენტო მომსახურების შეწყვეტას საფუძვლად დაედო დავით ლონდრიშვილის მიერ სააბონენტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის, როგორ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას არ ჰქონია ადგილი.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, რადგან არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი - ვერ დაადასტურა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი და ასევე ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ მოვალეობების დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება დ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 391.50 ლარის 70% – 274.05 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ა.ლ–ს (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 391.50 ლარის (საგადახდო დავალება N16526891317, გადახდის თარიღი 27.03.2023) 70% – 274.05 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე