Facebook Twitter

საქმე №ას-1116-2023 27 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი/მ გ.შ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი/მ გ.შ–ის (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში მოპასუხე, პოლიციის დეპარტამენტი ან დეპარტამენტი) მიმართ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი არსებობდა. ხელშეკრულების შეწყვეტის ძირითადი და არსებითი მოტივი (მაგ. გამოძახებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადასაყვანად ევაკუატორის დაგვიანება) დაუსაბუთებელია. სარჩელის უარყოფა სასამართლომ ფაქტობრივად დაამყარა ერთ-ერთი ავტოსადგომის დარაჯის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს (ავტომანქანებისა და ავტომანქანების ნაწილების თაღლითურად გასხვისება), თუმცა დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულით მოპასუხეს არანაირი ზიანი არ მისდგომია, ყველა გასხვისებული ავტოსატრანპორტო საშუალება დაუბრუნდა პატრონს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ეს ფაქტი არ გამხდარა, რადგან მას შემდეგ ხელშეკრულება კიდევ ორი წლის მანძილზე მოქმედებდა.

3. სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ფაქტობრივი გარემოებები, რაც უშუალოდ გამომდინარეობს სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადამდე ადრე შეწყვეტიდან, რის შედეგადაც შეფერხდა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობა. მოპასუხემ ვერ შეძლო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულება და საბანკო დაწესებულების სარჩელის საფუძველზე, იძულებით აუქციონზე გასხვისდა ამავე ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონება (ნ. და კ.კ–ების კუთვნილი საცხოვრებელი ბინა), რაც მისი საბაზრო ღირებულებისა და მოსარჩელის სოლიდარული ვალდებულების (1/3 წილის, 8000 აშშ დოლარის) გათვალისწინებით, ასევე, წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს, როგორც სადავო ხელშეკრულების ვადამდე ადრე უსაფუძვლოდ შეწყვეტის უშუალო შედეგს და ექვემდებარება ანაზღაურებას.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სსსკ“), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.1. 2006 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა N3 ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება), რომლის საგანიც იყო დეპარტამენტსა და სპეციალურ ავტოსადგომს შორის თანამშრომლობა. ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მათი დაცვის ვალდებულება.

8.2. ხელშეკრულების თანახმად,

1) დეპარტამენტი ვალდებული იყო, დროებით ჩამორთმეული სატრასპორტო საშუალებების სპეციალური ავტოსადგომისათვის გადაცემა დაედასტურებინა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით;

2) სპეციალური ავტოსადგომი ვალდებული იყო, დეპარტამენტის მიერ გამოძახების შემთხვევაში, უზრუნველეყო ადგილზე ოპერატიულად გამოცხადება (არაუმეტეს 15 წუთში, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც საჭირო იყო დამატებით ტექნიკის მობილიზაცია - არაუმეტეს 30 წუთისა), გზის სავალი ნაწილის უმოკლეს ვადაში გასუფთავება და ავტომობილების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა. დადგენილი დროის გადაცილების ფაქტი, დაგვიანების დროისა და მიზეზების მითითებით, უნდა დაფიქსირებულიყო მიღება-ჩაბარების აქტში.

3) სპეციალურ ავტოსადგომს უნდა უზრუნველეყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა გადაყვანა პროზექტურაში ადგილზე გამოცხადებიდან არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში.

4) სპეციალურ ავტოსადგომს უნდა უზრუნველეყო:

- სპეცავტოსადგომის ეფექტური სადღეღამისო დაცვა;

- სატრანსპორტო საშუალებების სადგომზე გადაყვანის და შენახვის ისეთი პირობები, რომლებიც გამორიცხავდა მათი ძარისა და დეტალების დაზიანებას, გარდა ბუნებრივი ცვეთისა და ფორსმაჟორული სიტუაციებისა;

- დახურული ტერიტორიის გამოყოფა, სადაც მოხდებოდა იმ სატრანსპორტო საშუალებების შენახვა და დაცვა, რომელთა მიმართაც ჩასატარებელი იყო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, არავინ უნდა დაშვებულიყო ასეთ ვტომანქანებთან გამომძიებლის წერილობითი ნებართვის გარეშე;

- არ დაეშვა შესანახად მინდობილი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მფლობელისა და დეპარტამენტის ნებართვის გარეშე. უზრუნველეყო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების დაცვა და დაუზიანებლად შენახვა.

- დაეცვა სახანძრო უსაფრთხოების პირობები;

5) სპეციალური ავტოსადგომში გადაყვანის მომსახურება იყო უსასყიდლო. სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის და შენახვის ხარჯები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ეკისრებოდა დამრღვევ მძღოლს.

6) ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო მისი ხელმოწერიდან 3 წელი. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ განაცხადებდა ნებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულება ითვლებოდა გაგრძელებულად იმავე ვადით და იმავე პირობებით.

8.3. სადავო ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს ავტომანქანები გადაჰყავდა მის საკუთრებაში არსებულ ორ ავტოსადგომზე, მდებარე, ქ. რუსთავი, ....... ქუჩა №8 და ქ. რუსთავი,....... 103 ქუჩის გადაკვეთა.

8.4. დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება-საჩივარი და ძალადაკარგულად გამოცხადდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის N20/23-7-2155802, N20/11-2524824, N20/12-183792 და N20/12-390809 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 16 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მოითხოვა მოპასუხის იმ წერილების გაუქმება, რომლითაც მასთან ხელშეკრულება შეწყდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ აღმოფხვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის დარღვევები, რის გამოც უარი ეთქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე. კერძოდ, მის მიერ მოწყობილ ავტოსადგომზე დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, კეთილმოეწყო მოქალაქეთა მისაღები, ასევე დაიხვეწა და გაიზარდა მოქალაქეთა მომსახურების სერვისი.

8.5. 2016 წლის 24 მარტის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, 2016 წლის 1 აპრილიდან ცალმხრივად წყვეტდა 2006 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებას. წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულების შემდეგი პუნქტები: 3.8 პუნქტი - დეპარტამენტის მიერ გამოძახების შემთხვევაში ადგილზე ოპერატიულად გამოცხადება); 3.13 პუნქტი - ადგილზე გამოცხადებიდან არაუმეტეს 15 წუთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის გადაყვანა პროზექტურაში; 3.1.4 პუნქტი - სპეციალური სადგომის ეფექტური სადღეღამისო დაცვა; 3.17 პუნქტი - სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების დაცვა და დაუზიანებლად შენახვა; 3.18 პუნქტი - სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვა. მიუხედავად გაფრთხილებისა, დარღვევები გრძელდება და არ გამოსწორებულა.

8.6. 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში მოსარჩელის კუთვნილ საჯარიმო ავტოსადგომზე, მდებარე: ქ.რუსთავი, ....... ქუჩა №8, ამავე სადგომის დარაჯი ა.გ–ნი თაღლითურად დაეუფლა იქ განთავსებულ ავტომანქანებს და მათი უმრავლესობა გაასხვისა.

8.7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ა.გ–ნი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ 2014 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში რუსთავში, ....... ქუჩაზე არსებულ საჯრიმო ავტოსადგომის დარაჯმა ა.გ–ნმა ამავე ავტოსადგომზე მდგარი მოქალაქე ლ.თ–ის კუთვნილი SK და HONDA-ს მარკის ავტომობილები მესაკუთრის დაუკითხავად მიჰყიდა ა.ჯ–ძეს და მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ თანხას, 1000 ლარს (ა.ჯ–ძის ეპიოზოდი). 2014 წლის 1 სექტემბერს ამავე ავტოსადგომზე მდგარი მოქალაქე დ.ქ–ას კუთვნილი ვაზ 21074 -ის მოდელის ავტომობილი სახ ნომრით ........ მესაკუთრის დაუკითხავად მიჰყიდა ს.ბ–ს და მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ თანხს 500 ლარს (ს.ბ–ის ეპიოზოდი); 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში ამავე ავტოსადგომზე მდგარი მოქალაქე ი.გ–ის კუთვნილი BMW316-ის მოდელის ავტომობილი ტრანზიტული ნომრით .... მესაკუთრის დაუკითხავად მიჰყიდა ზ.ს–ს და მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ თანხას - 1600 ლარს (ზ.ს–ის ეპიოზოდი); 2014 წლის 11 სექტემბერს ამავე ავტოსადგომზე მდგარი ს.ზ–ძის კუთვნილი MERSEDES BENC 190D-ის მოდელის ავტომობილი სახ ნომრით .... მესაკუთრის დაუკითხავად მიჰყიდა ა.ჯ–ძეს და მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ თანხას, 200 ლარს (ა.ჯ–ძის ეპიზოდი); ამავე განაჩენით დადგენილია, რომ ა.გ–ნმა ასევე გაასხვისა მიბარებული ავტომობილების ნაწილები, რითიც მატერიალური ზიანი მიადგათ დაზარალებულებს: ლ.ა–ს - 1385 ლარი, ვ.მ–ს - 30 ლარი, ნ.კ–ს - 150 ლარი, ი.ე–ს - 1610 ლარი, დ.თ–ს - 40 ლარი, ს.ზ–ძეს - 1235 ლარი, ბ.ყ–ს - 460 ლარი, ზ.ს–ს - 910 ლარი, ნ.გ–ძეს - 280 ლარი, ა.კ–ას - 415 ლარი, კომპანიას „კ.ტ.კ–ას“ საქართველოს წარმომადგენლობას – 270 ლარი; ავტომობილების გაყიდვის ფაქტის გამოძიება დაიწყო 2014 წლის 14 სექტემბერს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სადაც მითითებულია, რომ ავტოსადგომის დარაჯმა ა.გ–ნმა გაყიდა შსს სამმართველოს 1-ლი განყოფილების მიერ ამოღებული და ავტოსადგომზე მიბარებული ავტომანქანები. გამოძიებისათვის 2014 წლის 15 სექტემბერს მიცემულ განმარტებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ა.გ–ნი დარაჯად მიიყვანა 2014 წლის მაისისში. მისი დარაჯად დაქირავების დროს სადგომზე იყო 15 ავტომობილი, მათ შორის, 2 კვადროციკლი. 2014 წლის 14 სექტემბერს ავტოსადგომზე მისვლისას აღმოაჩინა, რომ იქ აღარ იდგა BMW-316 და ორი ცალი ჰონდას ფირმის კვადროციკლი. ეს ავტომობილები სადგომზე შეყვანილი იყო 2012 წელს რუსთავის შსს სამმართველოს მიერ. მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილები ბოლოს ნახა ერთი თვის წინ. მას შედეგ ავტოსადგომზე ნამყოფი არ იყო. 2014 წლის 15 სექტემბერს მიცემულ განმარტებაში გ.შ–მა განმარტა, რომ დარჩენილ ავტომანქანებზე მოხსნილია სხვადასხვა დეტალები. განმარტებაში მიუთითებს 11 ავტომობილის დაზიანებაზე. ასევე განმარტავს, რომ აღარ დგას 2 ცალი კვადროცილკი, ერთი ცალი BMW და ერთი ცალი ვაზ 2107; 2014 წლის 18 სექტემბრის გამოკითხვის ოქმში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სხვა ავტომობილებთან ერთად ა.გ–ნმა ავტოსადგომზე მყოფი მანქანებიდან გაყიდა ასევე ვაზ 21074 სახ. ნომერი ....., რომელიც საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი იყო საპატრულო პოლიციის მიერ, ავტომობილი დაკავებული იყო სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე).

8.8. 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ბოლომდე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიერ ჟურნალში აღრიცხულია მოსარჩელის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შედეგად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე გამოცხადების დრო და აღრიცხულია საგზაო შემთხვევის ადგილზე ევაკუატორის დაგვიანებით მისვლის 72 შემთხვევა.

8.9. საგზაო შემთხვევის ადგილზე გამოცხადების შესახებ მოსარჩელესა და საპატრულო პოლიციას შორის არ არის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები.

8.10. 2015 წლის საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, მოსარჩელის, როგორც ინდ. მეწარმის ერთობლივი შემოსავალია 118 908,87 ლარი. 2016 წლის საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით კი -141 286,86 ლარი.

8.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის ცნობის თანახმად, მოსარჩელეს ერიცხება აღიარებული სალდირებული დავალიანება 21 657,6 ლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 11 970,89 ლარი, ჯარიმა - 418,32 ლარი და საურავი - 9268,39 ლარი. ძირითადი დავალიანება არის საშემოსავლო გადასახადის დავალიანება.

8.12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი ერთი მხრივ, სს „პ.ბ–სა“ და მეორე მხრივ, გ.შ–ს, კ.კ–სა და ნ. კ–ძეს შორის შემდეგი პირობებით:

- სოლიდარული მოვალეები გ.შ–ი და კ.კ– აღიარებენ და სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას, დაფარონ სს „პ.ბ–ის“ წინაშე არსებული საკრედიტო ხელშეკრულება N2.8010 და N2.8011-დან გამომდინარე დავალიანება ჯამში 14,116.18 აშშ დოლარი შემდეგი შენატანებით: 2019 წლის 15 მარტიდან ყოველთვიურად 500.00 აშშ დოლარი 27 თვის ვადაში, ხოლო 28-ე თვეს დარჩენილი დავალიანება სრულად, რაც შეადგენს 616.18 აშშ დოლარს;

- სოლიდარული მოვალეები გ.შ–ი და კ.კ. აღიარებენ და სოლიდარულად კისრულობენ 2018 წლის თებერვლის ბოლომდე აუნაზღაურონ მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სასამართლოს გარეშე ხარჯი ჯამში 30.00 (ოცდა ათი) ლარის ოდენობით (ამონაწერის განახლების საფასური 15. 00 ლარი და სასამართლოს გზავნილების გაგზავნის საფასური 15.00 ლარი);

- იპოთეკის საგნის მესაკუთრე ნ. კ–ძე თანახმაა უზრუნველყოს სოლიდარული მოვალეების მიერ ამ მორიგებით გათავლისწინებული (ნაკისრი) მთლიანი ვალდებულება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. რაც გამოიხატება იმაში, რომ უძრავ ქონებაზე ს/კ ........ მორიგების აქტის გაფორმებით არ უქმდება სს „პ.ბ–ის“ იპოთეკის უფლება: რეგისტრაციის ნომერი 882014498221 თარიღი 18/09/2014, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნებს;

- მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ან/და ნებაყოფილობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ მორიგების პირველი და მეორე პუნქტებში მითითებული და მორიგების აქტზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მთლიანი თანხის, მორიგების დარღვევის მომენტში დარჩენილი გადაუხდელი დავალიანების ნაწილის ფარგლებში;

- დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: ზონა რუსთავი 02; .......; კვარტალი 02; ნაკვეთი ..; კოდი ....; მისამართი: ქ. რუსთავი, ......, სართული 9, ბინა №88; ფართი 61.45კვ.მ., ს/კ .....; მესაკუთრე ნ. კ–ძე;

- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მთლიანი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება განხორციელდება სოლიდარულ მოვალეების გ.შ–ის და კ. კ–ძის ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის გზით;

- მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 29 იანვარს იძულებით აუქციონზე გასხვისდა განჩინებაში მითითებული კ. და ნ. კ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - რუსთავი, ....... ქონება შპს „პ.ფ–იმ“ შეიძინა 38 640 ლარად. კერძო აღმასრულებლის ზ.ფ–ის მოთხოვნის საფუძველზე, შპს „ი–იმ“ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 69 000 ლარით.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022).

10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ერთობლივად მოიცავდა როგორც ნარდობის (სსკ 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს როგორც ნივთის დამზადება, ასევე მომსახურების გაწევა. საპატრულო პოლიციის დავალებით გარდაცვლილი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და საგზაო შემთხვევის ადგილის მოწესრიგება დამკვეთისათვის (მოსარჩელისთვის) მომსახურების გაწევის ვალდებულებას წარმოშობდა), ასევე მიბარების სახელშეკრულებო ელემენტებს (მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი (სსკ-ის 763-ე მუხლი) (მოსარჩელეს ევალებოდა მოპასუხის მიერ მისთვის გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეფექტური სადღეღამისო დაცვა); მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სსკ-ის 764-ე მუხლი); თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა (სსკ-ის 765-ე მუხლი) მიმბარებელს (მოპასუხეს) მიბარებული ავტომობილების საფასურის გადახდა არ ეკისრებოდა, თუმცა შემნახველისათვის (მოსარჩელისთვის) მიბარებული ავტომობილების შენახვა ფასიანი იყო და საფასურს იხდიდნენ ავტომობილის მფლობელი/მესაკუთრეები სადგომიდან ავტომობილის გაყვანისას).

11. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, სადავოა ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება.

12. კასატორი აცხადებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად უარყვეს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ფაქტობრივი გარემოებები, რაც უშუალოდ გამომდინარეობდა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადამდე ადრე უსაფუძვლოდ შეწყვეტიდან.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების შესრულება ხორციელდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, ხოლო კრედიტორი ღებულობს შესრულებას. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. (ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების საკითხზე იხ. სუსგ საქმე №ას-1166-2019, 6 აპრილი 2020). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების საკითხის დადებითად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული მისი თანმდევი მატერიალური შედეგის - ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულის უკან დაბრუნების დადგომაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა.

14. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები).

15. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ან/და კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. სუსგ საქმე Nას-1003-924-2017, 1 დეკემბერი, 2017 წელი; საქმე Nას-1166-2019, 6 აპრილი, 2020 წელი).

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები კერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი (თუმცა, სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. ამასთან, თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო, კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს). ამასთან, ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება, ესენია: თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

18. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავო ხელშეკრულება ვადამდე ადრე შეწყვიტა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულებების არაერთგზის დარღვევის გამო. 2016 წლის 24 მარტის წერილში მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულების 3.8, 3.13, 3.1.4, 3.17 და 3.18 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გულისხმობდა დეპარტამენტის მიერ გამოძახების შემთხვევაში ადგილზე ოპერატიულად გამოცხადებას, ადგილზე გამოცხადებიდან არაუმეტეს 15 წუთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის გადაყვანას პროზექტურაში, სპეციალური სადგომის ეფექტურ სადღეღამისო დაცვას, სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების დაცვასა და დაუზიანებლად შენახვას, ასევე, სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვას.

19. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია აღნიშნული, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

20. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის.

21. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს უფლება აქვთ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

22. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

23. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

24. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

25. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.

26. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, ახსნა-განმარტებებიც დასაბუთებული და უშუალოდ დავასთან დაკავშირებული უნდა იყოს.

27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა.

28. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს.

29. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

30. საქმეში დაცული არაერთი წერილობითი მტკიცებულებით (მათ შორის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით) დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯეროვნად ვერ ასრულებდა მის კუთვნილ ავტოსადგომზე განთავსებული ავტომობილების დაცვა-შენახვის ვალდებულებას. მოსარჩელის მიერ დაქირავებულმა ავტოსადგომის დარაჯმა (ა.გ–ნმა) 2014 წლის აგვისტოსა და სექტემბერში გაასხვისა ავტოსადგომზე მიბარებული 5 ავტომობილი. ასევე, მიბარებული ავტომობილების უმრავლესობას მოხსნა დეტალები და სხვადასხვა პირებზე გაასხვისა, რის გამოც დადგენილია არაერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის სხვადასხვა ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. დადასტურებულია, ასევე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოსარჩელის არაერთგზის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევებიც, რასაც არც თავად მოსარჩელე უარყოფს და მას მოძველებული და ამორტიზებული სპეც-ტექნიკის არსებობით ხსნის (საქმეზე წარდგენილი პატრულ-ინსპექტორის 2014 წლის პატაკით ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი პირის გადაყვანისათვის საჭირო იყო კატაფალკა, რომელიც გამოძახებიდან (დაახლოებით 23:20 სთ) 3 საათის დაგვიანებით ( 02.15 სთ) გამოცხადდა).

31. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან 2014 წლის ივლისში მოპასუხემ თავისივე აქტით (რომლითაც ძალადაკარგულად ცნო მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის აქტი) დაადასტურა ავტოსადგომის სათანადო მზაობა და მისი შესაბამისობა ხელშეკრულების მოთხოვნებთან, აღნიშნული ქმნიდა ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას. მითითებული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, 2014 წლის 23 ივლისის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხარეთა შორის გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა ავტოსადგომის დარაჯის მიერ ავტომანქანებისა და ავტომანქანების ნაწილების გასხვისების ფაქტი მოხდა იმავე წლის აგვისტო-სექტემბერში, რაც უსაფუძვლოს ხდის კასატორის მითითებას ზემოაღნიშნულ აქტზე, როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილ ავტოსადგომზე დაცული იყო ავტოსადგომის უსაფრთხოების წესები და იგი აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს ან/და 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის შემდგომ გაუმჯობესდა ავტოსადგომის უსაფრთხოების ნორმები, რაც მითითებულ ნაკლთან მიმართებით გამორიცხავს კასატორის პრეტენზიის (რომ იგი არ წარმოშობდა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს) გაზიარების შესაძლებლობას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების დარღვევის არსისა და მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების (რაც გულისხმობდა საგზაო შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკის დაგვიანებით გამოცხადებას, ავტოსადგომზე განთავსებული ავტომობილების უკანონო გასხვისებასა და დაზიანებას) არაჯეროვნად შესრულება ერთობლიობაში სახელშეკრულებო ვალდებულების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა, რაც სავსებით ამართლებდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლას, რაც, თავის მხრივ, უსაფუძვლოს ხდიდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებებიც, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ გ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ი/მ გ.შ–ს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 4 000 ლარის 30% - 1 200 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე