Facebook Twitter

¹ ბს-70-4-გ-04 8 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წ. 24 სექტემბერს გ. ს.-მა, ს. ს.-მ და სხვებმა (სულ 17 კაცმა) სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წ. 15 თებერვლის ¹1-3/96 ბრძანების, თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის ტექნიკური პასპორტის, საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 5 მარტის დადგენილების გაუქმება, საცხოვრებელი ფართის მათთვის დროებით გამოყოფა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წ. 15 თებერვლის ¹1-3/96 ბრძანების გამოცემამდე თბილისში, ... მდებარე სადავო შენობა იყო უმოქმედო და თბილისის მანქანათმშენებელი ტექნიკუმის (თბილისის ტექნიკური კოლეჯის) ბალანსზე ირიცხებოდა საკუთრების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. იძულებით ადგილნაცვალ პირებს უფლება აქვთ მიიღონ სახელმწიფოსაგან თავშესაფარი, როგორც დევნილად ცნობამდე, ისე დევნილად ცნობის შემდეგ. მათი ამ უფლების განხორციელება უნდა უზრუნველეყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რაც მოსარჩელეთა მიმართ არ განხორციელებულა.

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წ. 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულების მიხედვით, იძულებით ადგილნაცვალ პირებს _ დევნილებს უნდა გადასცემოდათ დროებით თავისუფალი უმოქმედო შენობები აფხაზეთის კონფლიქტის დროებით მოწესრიგებამდე. კოლეჯის შენობა, მოსარჩელეთა განმარტებით, სწორედ ასეთ უმოქმედო შენობას წარმოადგენდა.

მოსარჩელეთა აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით წაართვა უფლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც ვალდებული იყო გამოეყო მათთვის საცხოვრებელი ფართი. ლტოლვილები ასევე თვლიან, რომ ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2001 წ. 15 თებერვლის ¹1-3/96 ბრძანების მიღებისას არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რადგან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლით აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულებების (ქონების) გასხვისება.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან, აგრეთვე, თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2002 წ. 7 ივნისს გაცემულ ახალ პასპორტს, რომლის მიხედვითაც, სადავო შენობა ცხადდება შპს “მ.-ის” საკუთრებად. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული შენობა იყო სახელმწიფო საკუთრება და შპს “მ.-ის” ახალ მესაკუთრედ გამოცხადების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

მოსარჩელეთა აზრით, 2002 წ. 11 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ შესრულებულია კანონის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევით, მოქმედი კანონმდებლობის სრული იგნორირებით და ის სასამართლოს მიერ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელი განეკუთვნება საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას, ხოლო “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო წარმოადგენს სამთავრობო დაწესებულებას და 2002 წ. 30 სექტემბრის განჩინებით სარჩელი თანდართული მასალებით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაუგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება საქმის განსჯადობის შესახებ და მიიჩნია, რომ აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის სარჩელი შპს “მ.-ის”, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, განათლების სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიმართ რაიონული სასამართლოს განსჯადია, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად: “საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგებების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს”. შპს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალი კი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა 159013 ლარით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003 წ. 17 აპრილის განჩინებით აღნიშნული საქმე გადაუგზავნა ისევ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ კი განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად საქმე გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის წარმომადგენლის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელეები დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელით ითხოვენ: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წ. 16 თებერვლის ¹1-3/96 ბრძანების ბათილად ცნობას, თბილისის საჯარო რეესტრში ... მდებარე სადავო შენობის შპს “მ.-ის” საკუთრებად რეგისტრაციისა და შპს “მ.-ის” სახელზე ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ახალი ტექპასპორტის ბათილობას. მოსარჩელეები ასევე მოითხოვენ შპს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 5 მარტის დადგენილების გაუქმებას და აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით სადავო შენობის მათთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილთათვის, საცხოვრებლად გამოყოფას.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წ. 15 თებერვლის სადავო ¹1-3/96 ბრძანებით, სახელმწიფომ, როგორც შპს “მ.-ის” დამფუძნებელმა, გამოხატა ნება საწარმოს საწესდებო კაპიტალში 133693 ლარის ღირებულების ქონების, კერძოდ, ... მდებარე სასწავლო კორპუსისა და ძირითადი საშუალებების შეტანაზე. აღნიშნული შენატანის შედეგად შპს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალი გაიზარდა და განისაზღვრა 159013 ლარით. ამდენად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანებით სახელმწიფომ, როგორც საწარმოს პარტნიორმა, გამოხატა ნება შენატანით საწესდებო კაპიტალის გაზრდაზე, რაც იურიდიულად წარმოადგენს სამეწარმეო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ გარიგებას, რადგან ამ სადავო გარიგების ფასი, ანუ დავის საგანის ღირებულება შეადგენს 133693 ლარს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით კი საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსჯადი დავებია ადმინისტრაციული გარიგება, რომლის ფასიც 500000 ლარს აღემატება, ამიტომ განსახილველი დავა პროცესუალურად ამავე კოდექსის მე-5 მუხლით განსახილველ რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხეა ეკონომიკის სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლე, რომელიც მდებარეობს გ. ჭანტურიას ქუჩაზე, ამიტომ ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით სარჩელის აღნიშნული ნაწილი უნდა დაექვემდებაროს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, თანახმად სსკ-ის მე-15 მუხლისა.

მოსარჩელეები ასევე ითხოვენ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 5 მარტის დადგენილების გაუქმებას, რომლითაც სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაიზარდა შპს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალი. საწესდებო კაპიტალში ცვლილების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, საკასაციო პალატის აზრით, უნდა გადაწყდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ¹1-3/96 ბრძანების კანონიერების დადგენის შემდეგ. ამასთან, “მეწარმეთა შესახებ” კანონისა და სსკ-ის XLI თავის ნორმების მიხედვით სარჩელი ამ ნაწილში განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება სადავო დადგენილების გამომტან ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და კონკრეტულ შემთხვევაში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული და თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგია სარჩელის ამ ნაწილში არაგანსჯადი სასამართლოა.

მოსარჩელეები მოითხოვენ თბილისის საჯარო რეესტრში ... მდებარე სადავო შენობის შპს “მ.-ის” საკუთრებად რეგისტრაციისა და “მ.-ის” სახელზე თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ახალი ტექპასპორტის ბათილობას, რაც წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ¹1-3/96 ბრძანების კანონიერებაზე და შპს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში ცვლილებების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სარჩელების განხილვის სამართლებრივ შედეგს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებები შესაბამის ცვლილებებს გამოიწვევს საჯარო რეესტრის სადავო მონაცემსა და ტექპასპორტში. ამიტომ, საკასაციო სასამართლოს აზრით, დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნად მათი გამოყოფისა და განხილვის აუცილებლობა არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად ზემოაღნიშნული მითითებებით განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს;

2. სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.