Facebook Twitter

საქმე №ას-1130-2023 31 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „გ.ჯ–ია“

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ა.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მხარეთა შორის 2017 წლის 04 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ა.გ–ძის მიერ უარის თქმის გამო, მოსარჩელე ა.გ–ძეს საკუთრებაში დაუბრუნდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., დაზუსტებული ფართობი 2271.00 კვ.მ. ს/კოდი: N..........; მოპასუხე შპს „გ.ჯ–ია“-ს მოსარჩელე ა.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაღები ფართის გაუქირავებლობის გამო მიუღებელი შემოსავალის 2020 წლის 04 დეკემბრიდან 2021 წლის 09 ივნისამდე პერიოდზე 36691,66 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე ა.გ–ძის მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარის შპს „გ.ჯ–ია“-ს წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილები ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. აპელანტმა სააპელაციო ეტაპზე იშუამდგომლა შემდეგი: შპს „გ.რ“-ს აეკრძალოს მშენებარე მრავალსართულიან კორპუსზე მდებარე: ....... მშენებლობის გაგრძელება და მშენებარე ბინების გასხვისება (გაყიდვა, საჩუქრად გადაცემა და სხვა) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით, შპს „გ.ჯ“-ს წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. 2023 წლის 28 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მომართა შპს „გ.ჯ“-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, განსახილველად უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა .

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მოპასუხე მხარის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

11. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია, შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის (სუსგ №ას-1215-2019, 31.01.2020წ.). შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-587-2019, 20.02.2020წ.).

12. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელი საფუძვლიანობასა და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. განმცხადებელმა დაასაბუთა საარბიტრაჟო მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვის რისკი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი კი ის არის, რომ დაიცვას მოსარჩელე მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან.

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

14. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის თანახმად, სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი აპელანტს უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებაზე. ამასთან, საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მოსარჩელეს წარმატებით აქვს დაწყებული დავის საგნის „პროდუქტის“ მშენებარე ბინების გასხვისება და ამ წარმატების შესრულების შემთხვევაში, ყველაფერი რაზეც დავა მიმდინარეობს მართლაც „კეთილსინდისიერ“ შემძენთა ხელში აღმოჩნდება.

15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შუამდგომლობის ავტორი მოპასუხე მხარეა, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (191-ე მუხლი) არ იცნობს მოპასუხის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. ასევე, შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს საპროცესო სტატუსის არმქონე სუბიექტის ქონებრივ შეზღუდვასა და გადაწყვეტილების დაუბრკოლებელი აღსრულების მიზნების უზრუნველყოფას შორის არსებულ მიზეზობრივი კავშირი.

16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.ჯ–იას“ საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე