Facebook Twitter

13 თებერვალი, 2024 წელი,

საქმე №ა-2176-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განმცხადებელი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე/კასატორი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჭ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ.ჭ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 1 თებერვლის #700/კ ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2017 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს ყოველთვიურად განაცდურის - 1100 ლარის (დაუბეგრავი) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5.1. საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო დანიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა. საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესახებ 2021 წლის 30 მარტის განჩინება (რომლითაც კასატორს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა) 2021 წლის 1 აპრილს ჩაჰბარდა სააგენტოს კანცელარიას.

კასატორის მიერ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორებულა და არც რაიმე შუამდგომლობა არ ყოფილა წარმოდგენილი. ამ გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 396.3 მუხლი).

6. 2021 წლის 27 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

6.1. განმცხადებლის მითითებით, საქმისწარმოებისა და სამრთლებრივი უზრუნველყოფის სამსახურმა 2021 წლის 6 აპრილს სასამართლოში გაგზავნის მიზნით მოამზადა ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე წერილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც სააგენტოს კურიერს იმავე დღეს ჩაჰბარდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. მოგვიანებით, საკასაციო სასამართლომ განცხადების განხილვა სასამართლო სხდომაზე 2024 წლის 13 თებერვალს დანიშნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე წარმოება დასრულდა საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით, რომლითაც საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

9. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

10. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა, კერძოდ, არსებობს თუ არა სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

12. ზემოაღნიშნულ მოთხოვნას მხარე შემდეგნაირად ასაბუთებს:

საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საქმისწარმოებისა და სამრთლებრივი უზრუნველყოფის სამსახურმა 2021 წლის 6 აპრილს მოამზადა წერილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც სააგენტოს კურიერს იმავე დღეს ჩაჰბარდა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლები), შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.

14. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).

15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ხარვეზის ვადაში შევსებულად ჩათვლის თაობაზე მოთხოვნას, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განცხადების არა ფოსტაში, არამედ მათივე სამსახურის კურიერისთვის ჩაბარებას უკავშირებს. საკასაციო სასამართლო კასატორის მსჯელობას არ იზიარებს და მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 61.3 მუხლზე (საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება), რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ საპროცესო მოქმედება ვადის დაცვით შესრულებუულად ჩაითვალოს, საჭიროა განცხადება ჩაჰბარდეს საფოსტო მომსახურების განმახორციელებელ დამოუკიდებელ სუბიექტს და არა საქმეში მონაწილე მხარის, ამ შემთხვევაში - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კურიერს. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება კი, რომ კასატორმა ხარვეზის შევსების განცხადება ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე ჩააბარა არა საკუთარ თანამშრომელს არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილში დასახელებულ ერთ ერთ სუბიექტს არ მოიპოვება, რაც განცხადების უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე