Facebook Twitter

24 იანვარი, 2024 წელი,

საქმე №ა-2865-შ-80-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „პ.ლ.ს–სი“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ია, შპს „ჯ–ი“ (საარბიტრაჟო მოპასუხეები)

განხილვის საგანი – ბალტიის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის (საქმეზე №C-1133/270522) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბალტიის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით (საქმეზე № C-1133/270522):

შპს „პ.ლ.ს–სის“ (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დადგინდა, რომ შპს „ჯ–ისგან“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე) ამოღებულ იქნეს, ხოლო, დავალიანების ამოღების შეუძლებლობის შემთხვევაში, გ.დ–იას (შემდეგში - მეორე მოპასუხე) დაეკისროს: დავალიანების ძირი თანხა - 43 902.54 აშშ დოლარი, სახელშეკრულებო ჯარიმა - 4 390.26 აშშ დოლარი, დავალიანების პროცენტი - 43 902.54 აშშ დოლარი, სასამართლო ხარჯები - 2 256.69 ევრო. აღიარებულ იქნა მოსარჩელის უფლება, პირველი მოპასუხისგან მიიღოს დავალიანება, ხოლო ამოღების შეუძლებლობის შემთხვევაში, მეორე მოპასუხისგან - კანონიერი პროცენტი ამოღებული თანხიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე წელიწადში 6%-ის ოდენობით. აღიარებულ იქნა პირველი მოპასუხისგან მოსარჩელის ანაზღაურების უფლება, ხოლო, ამოღების შეუძლებლობის შემთხვევაში, მეორე მოპასუხისგან აინაზღაუროს კანონიერი 8%, წელიწადში გადაუხდელი ძირითადი თანხიდან 43 902.54 აშშ დოლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემომითითებულ ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ითხოვა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ საქმე მხარეთა დასწრების გარეშე განიხილებოდა.

4. ზემომითითებული შუამდგომლობის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სასამართლო შეტყობინებები ფოსტით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა ხსენებული შეტყობინებების მათთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, საქმის განხილვის შესახებ მოპასუხეებს სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელების გზით ეცნობათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. სსსკ-ის 35622 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ხსენებული კანონის 44.1 მუხლით დადგენილია, რომ, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

8. ამავდროულად, უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების საკითხები 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციითაა მოწესრიგებული, რომლის 4.1 და 4.2 მუხლებით დადგენილია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის მხარემ შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინოს:

1). სათანადოდ დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული მისი ასლი;

2). კონკრეტული სახელშეკრულებო ან სხვა სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე მხარეთა შორის დადებული წერილობითი შეთანხმების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული მისი ასლი; თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება დაწერილი არ არის იმ ქვეყნის ოფიციალურ ენაზე, სადაც ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოითხოვება, შუამდგომლობის აღმძვრელი მხარე წარადგენს ზემოაღნიშნული საბუთების ამ ენაზე თარგმანს.

9. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესები „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითაა მოწესრიგებული, რომლის 44.2 მუხლით შემდეგი ქცევის წესია დადგენილი:

მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე, ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობისათვის სავალდებულო წინაპირობები, სსსკ-ის 35620 და 35621 (1) მუხლებითაა განსაზღვრული.

10. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1 მუხლის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ:

ა). მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა). საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

ა.ბ). იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;

ა.გ). საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს;

ა.დ). არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა;

ა.ე). საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი;

ბ). სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ბ.ბ). საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

11. საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველი შუამდგომლობა კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:

ა). 2021 წლის 30 ივლისს დადებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთმოლაპარაკებით დავის გადაწყვეტის შეუძლებლობისას, ამ შეთანხმებიდან გამომდინარე პრეტენზია ბალტიის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყდება;

ბ). თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხეები ინფორმირებულები იყვნენ სასამართლო სხდომის თაობაზე.

გ). საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა;

დ). სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, პირველი მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

12. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სსსკ-ის 35622 მუხლისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44.4 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე განჩინების აღსრულების მიზნით უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

14. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პ.ლ.ს–სის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბალტიის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი (საქმეზე №C-1133/270522) რომლითაც:

2.1. შპს „პ.ლ.ს–სის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2.2. დადგინდა, რომ შპს „ჯ–ისგან“ ამოღებულ იქნეს, ხოლო, დავალიანების ამოღების შეუძლებლობის შემთხვევაში, გ.დ–იას დაეკისროს: დავალიანების ძირი თანხა - 43 902.54 აშშ დოლარი, სახელშეკრულებო ჯარიმა - 4 390.26 აშშ დოლარი, დავალიანების პროცენტი - 43 902.54 აშშ დოლარი, იურიდიული წარმოების ხარჯები - 2 256.69 ევრო;

2.3. აღიარებულ იქნა შპს „პ.ლ.ს–სის“ უფლება, შპს „ჯ–ისგან“ მიიღოს დავალიანება, ხოლო ამოღების შეუძლებლობის შემთხვევაში, გ.დ–იასგან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამოღებული თანხიდან კანონიერი პროცენტი 6%-ის ოდენობით წელიწადში;

2.4. აღიარებულ იქნა „პ.ლ.ს–სის“ ანაზღაურების უფლება, შპს „ჯ–ისგან“, ხოლო ამოღების შეუძლებლობის შემთხვევაში, გ.დ–იასგან - კანონიერი პროცენტი 8%-ის ოდენობით წელიწადში გადაუხდელი ძირითადი თანხიდან 43 902.54 აშშ დოლარი გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე;

3. გ.დ–იასა და შპს „ჯ–ს “შპს „პ.ლ.ს–სის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის გადახდა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე