26 იანვარი, 2024 წელი,
საქმე №ას-629-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - სს „კ.ბ–ი“ (მოპასუხე)
II კასატორი - სს „ს.კ. ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინაარმდეგე მხარე - რ.ლ–ძე - (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სს „კ.ბ–ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 22 იანვარს, სს ,,ფ.ბ.ს–ოს’’, ინდმეწარმე ზ.ტ–ძეს, ზ.ტ–ძესა (შემდეგში წინამდებარე ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი ან დაზღვეული) და რ.ლ–ძეს (შემდეგში - მოსარჩელე) შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც ბანკმა ინდმეწარმეზე 40 000 ლარის ოდენობით აგრო სესხი გასცა.
2. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–სა“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი ან სადაზღვევო კომპანია) და ინდმეწარმე ზ.ტ–ძეს შორის სიცოცხლის დაზღვევის პოლისი გაფორმდა, სადაც მიეთითა, რომ: მზღვეველია - პირველი მოპასუხე, დამზღვევია - ინდმეწარმე ზ.ტ–ძე, მოსარგებლეა - სს ,,ფ.ბ.ს–ო’’, ხოლო, დაზღვეული რისკია - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა პოლისის დანართში მითითებული გამონაკლისებისა.
3. სადაზღვევო პოლისის დანართის თანახმად, პოლისის დანართში მითითებული სხვა გამონაკლისების გარდა, სადაზღვევო პირობები შემდეგ გამონაკლისს ითვალისწინებს: სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული ან ქრონიკული დაავადებით, (აღნიშნული გამონაკლისი ძალაშია პოლისის გაფორმებიდან პირველი 9 თვის განმავლობაში) ასევე, მზღვეველის მოთხოვნისამებრ, სასესხო დავალიანების ასანაზღაურებლად აუცილებელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის და წინამდებარე პოლისის დანართით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში.
4. სადაზღვევო პოლისის დანართის შესაბამისად, მზღვეველი აანაზღაურებს მსესხებლის/თანამსესხებლის გარდაცვალების დღისათვის არსებულ მიმდინარე დავალიანებას სესხში მსესხებლის/თანამსესხებლის წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინებით.
5. სადაზღვევო პოლისის დანართის მიხედვით, სადაზღვევო ანაზღაურებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობაა ფორმა N106/ფორმა N100-ის წარდგენა, სადაც პირდაპირ, ცხადად, ერთმნიშვნელოვნად და არაორაზროვნად იქნება დადგენილი გარდაცვალების მიზეზი და დაავადების განვითარების სტადიები.
მზღვეველი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული დოკუმენტების გარდა, გარდაცვალების მიზეზის ან შრომისუუნარობის ხარისხის დაზუსტების მიზნით ჩაატაროს/მემკვიდრეს მოსთხოვოს დამატებითი მოკვლევა/ექსპერტიზა.
შემთხვევა არ ანაზღაურდება, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი არის დაუდგენელი ან/და არ დგინდება პირდაპირ, ცხადად, ერთმნიშვნელოვნად და არაორაზროვნად ან/და თუ დაავადების სტადიები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სრულად არ არის მოცემული.
6. მსესხებელი 2021 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა.
7. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის 2 აგვისტოს N1 ცნობა ფორმა N100-ის თანახმად, მსესხებელი დაავადებული იყო გულის იშემიური და ჰიპერტენზიული დაავადებით, რის გამოც სტენოკარდიული შეტევის გამო სტენტირება ჰქონდა გაკეთებული და მუდმივად მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მას კვლავ აღენიშნა ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, რის ფონზეც გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზია - გულის იშემიური დაავადება, თანდართული თრომბოემბოლიით. ამ ჩივილების გამო, იყო გამოძახემული სასაწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა, რომელსაც მსესხებელი გარდაცვლილი დახვდა.
8. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის 2 აგვისტოს N9 ცნობა ფორმა N100-ის თანახმად, გასული წლების წინ მსესხებელს აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდის არეში და არტერიული წნევის მომატება, რის გამოც 2015 წელს სასწრაფოდ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და სტენტირება ჩაუტარეს;
2015 წლის შემდეგ, მას რაიმე ჩივილები აღარ აღენიშნებოდა და არც რაიმე მედიკამენტებს არ იღებდა; 2021 წლის 22 ივლისს, დილით, გულმკერდის არეში ტკივილი იგრძნო და რამდენიმე წუთში უეცრად გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, გარდაცვალების მიზეზია თრომბოემბოლია და, არა 2015 წლამდე არსებული დაავადება, რადგან, ოპერაციის შემდეგ ის ჯანმრთელობის არანაირ პრობლემას აღარ უჩიოდა. დასკვნის სახით ცნობაში აღნიშნულია, რომ მსესხებლის გარდაცვალების მიზეზია გულ-ფილტვის მწვავე უკმარისობა, თრომბოემბოლია.
9. მოსარჩელე მსესხებლის მემკვიდრეა.
10. 2021 წლის 11 აგვისტოს, მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას მსესხებლის გარდაცვალების შესახებ აცნობა და სადაზღვევო თანხის ანაზღაურება ითხოვა.
11. 2021 წლის 24 აგვისტოს წერილით სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მსესხებლის გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული დაავადება იყო, რაც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას გამორიცხავდა.
12. 2021 წლის 12 აგვისტოს, მოსარჩელემ, ლ.ტ–ძემ და ბ.ტ–ძემ სსიპ საქართველოს დაზღვევი სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მიმართეს და მიუთითეს, რომ სადაზღვევო კომპანია ნაკისრ ვალდებულებას უგულველყოფდა, რის გამოც საკითხის შესწავლას ითხოვდნენ.
13. 2021 წლის 26 აგვისტოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მოსარჩელეს აცნობა, რომ საქმის წარმოების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიის მხრიდან საზედამხედველო ნორმების დარღვევა არ გამოკვეთილა, ამასთან, დაზღვეულის ანამნეზში არსებული დაავადებების და გარდაცვალების მიზეზის დადგენა/შეფასება, მათი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა.
14. 2021 წლის 18 ოქტომბერს, სს ,,ფ.ბ.ს–ო’’ სს ,,კ.ბ–ს’’ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, კასატორი ან კრედიტორი) შეერწყა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სს ,,ფ.ბ–ის’’უფლებამონაცვლეა.
15. მსესხებლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საკითხზე სადაზღვევო კომპანიამ კრედიტორს წერილით აცნობა შემდეგი: დაზღვეულს ანამნეზში აღენიშნებოდა ქრონიკული პათოლოგიები, გარდაცვალების მიზეზად იკვეთება ანამნეზში არსებული ქრონიკული დაავადებების გართულება.
ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევა დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ,,მოცდის პერიოდში’’ (დაზღვევის დაწყებიდან 9 თვე), არ არის ცნობილი გარდაცვალების უშუალო მიზეზი, მაგრამ იკვეთება ქრონიკული დაავადებების გართულება - ანაზღაურების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
16. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:
- სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე მეორე მოპასუხისათვის პირველ მოპასუხეს დაჰკისრებოდა მსესხებლის გარდაცვალების მომენტისათვის არსებული დავალიანების, 35 976.77 ლარის გადახდა.
- მოსარჩელის სასარგებლოდ მეორე მოპასუხეს დაჰკირებოდა 2021 წლის 22 ივლისიდან სარჩელის შეტანის დღემდე სესხის ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი 9 753.54 ლარისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული მის მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხის ანაზღაურება.
17. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით:
17.1. სარჩელი დაკმაყოფილდა;
17.2. პირველ მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მსესხებლის გარდაცვალების მომენტისათვის არსებული დავალიანების, 35 976.77 ლარის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე მეორე მოპასუხისათვის გადახდა;
17.3. მეორე მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის 22 ივლისიდან სარჩელის შეტანის დღემდე სესხის ხელშკრულების შესაბამისად გადახდილი 9 753.54 ლარისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში სესხის ხელშკრულების გრაფიკით გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ანაზღაურება;
17.4. მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისრა 1 079.30 ლარის, ხოლო, მეორე მოპასუხეს - 292.60 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
17.5. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს თანაბრად დაეკისრათ იურიდიული მომსახურების საფასურის, 500 ლარის ანაზღაურება.
18. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
19.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-15 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ დაზღვეულის გარდაცვალებით სახეზეა სადაზღვევო შემთხვევა, ხოლო, მზღვეველისათვის წარდგენილი დოკუმენტები ქმნიდა დამზღვევის სასარგებლოდ სადაზღვევო ანაზღაურების საფუძველს. შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე მზღვეველის უარი არამართლზომიერი იყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ ორი სამედიცინო ცნობა ფორმა N100 წარადგინა, რომელთა შორის რაიმე შეუსაბამობა არ იკვეთებოდა და განსხვავებული შინაარსის მქონე სამედიცინო დოკუმენტაციას არ წარმოადგენდა.
მის მიერ გაცემულ პირველ სამედიცინო ცნობაში, - ფორმა N100-ში, ექიმმა მიუთითა, ხოლო, შემდეგ, მეორე ცნობაში, გარდაცვალების მიზეზი დააკონკრეტა, და დასკვნის სახით აღნიშნა, რომ მსესხებლის გარდაცვალება უეცრად განვითარებულმა თრომბოემბოლიამ გამოიწვია და, არა რაიმე სახის ქრონიკულმა დაავადებამ. ამდენად, სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში წარუდგინა სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც უდავოდ ადასტურებდნენ დაზღვეულის გარდაცვალების ფაქტსა და გარდაცვალების ისეთ მიზეზს, რაც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დამაბრკოლებელ საგამონაკლისო შემთხვევებს არ მიეკუთვნებოდა.
სააპელაციო სასამართლომ დაზღვევის ხელშეკრულების პოლისში მითითებულ იმ ჩანაწერზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც განმარტებულია, რომ, მზღვეველი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული დოკუმენტების გარდა, გარდაცვალების მიზეზის ან შრომისუუნარობის ხარისხის დაზუსტების მიზნით ჩაატაროს/მემკვიდრეს მოსთხოვოს დამატებითი მოკვლევა/ექსპერტიზა.
ამდენად, დაზღვეულის გარდაცვალების დაზუსტების მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარების უფლებამოსილება მზღვეველსაც ჰქონდა, რაც მას არ გამოუყენებია. საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რაც ქრონიკული დაავადების გამო (მაგ. პაციენტის ისტორია) დაზღვეული პირის გარდაცვალების ფაქტს დაადასტურებდა და სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას გამორიცხავდა. ასეთად ვერც მოპასუხის სიტყვიერი განმარტება ვერ გამოდგებოდა და ვერც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წერილი, რომლის თანახმადაც, საქმის წარმოების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიის მხრიდან საზედამხედველო ნორმების დარღვევა არ გამოკვეთილა, რადაგან მითითებული წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ დაზღვეულის ანამნეზში არსებული დაავადებების და გარდაცვალების მიზეზის დადგენა/შეფასება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა, და არა ის გარემოება, რომ დაზღვეულის ანამნეზში არსებული დაავადება და გარდაცვალების მიზეზი, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა.
19.2. რაკი საქმეზე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სადაზღვევო კომპანიის მიერ შესრულების საფუძველი გამოიკვეთა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სასესხო ვალდებულების შესასრულებლად კრედიტორისათვის გადახდილი თანხა დაბრუნებას ექვემდებარებოდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 991-ე მუხლი).
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი შემოიტანეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, მათ მიმართ სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
20.1. პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგია:
- დაზღვევის ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ ბანკს შეეძლო, შესაბამისად, სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება მოსარჩელეს არ ჰქონდა. სადაზღვევო კომპანიის მიმართ მოთხოვნის უფლება სამკვიდრო მასაში არ შედიოდა, ამდენად, დაზღვეულის მემკვიდრის მიერ მზღვეველისადმი მოთხოვნის წარდგენის წინაპირობაც არ იკვეთება.
- არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მსესხებლის გარდაცვალება რაიმე ქრონიკულმა დაავადებამ კი არა, უეცრად განვითარებულმა თრომბოემბოლიამ გამოიწვია.
20.2. მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგი შინაარსისაა:
მოსარჩელე მეორე მოპასუხესთან საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება, რის საფუძველზეც ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს. შესაბამისად, მსესხებელთან ერთად, მოსარჩელე მოპასუხე ბანკის სოლიდარული მოვალეა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისისა და 31 მაისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
22. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
25. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის საგანი, კერძოდ, დაზღვეულის გარდაცვალება წარმოადგენს თუ არა ამ უკანასკნელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის განხორციელების წინაპირობას და, შესაბამისად, ქმნის თუ არა მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად უპასუხა, რისი დამასაბუთებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.
ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ორი სამედიცინო ცნობა ფორმა N100. სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მის მიერ გაცემულ პირველ სამედიცინო ცნობაში (ფორმა N100) ექიმი მიუთითებს, ხოლო, შემდეგ, მეორე ცნობაში, დამატებით აკონკრეტებს გარდაცვალების მიზეზს, და დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ მსესხებლის გარდაცვალება უეცრად განვითარებულმა თრომბო ემბოლიამ გამოიწვია და არა რაიმე სახის ქრონიკულმა დაავადებამ.
შესაბამისად, მზღვეველისათვის წარდგენილი დაზღვეულის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შეიცავს მითითებას გარდაცვალების კონკრეტულ და ზუსტ მიზეზე (თრომბოემბოლია), რაც თავისთავად ასაბუთებს დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი უტყუარი საბუთის სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენის ფაქტს და მოცემული კუთხით კასატორის პრეტენზიას საფუძველს აცლის. ამდენად, სსკ-ის 799.1 მუხლიდან გამომდინარე სარჩელი წარმატებულია.
26. რაც შეეხება განსახილველი დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას, მოცემული კუთხითაც გასაჩივრებული განჩინება სწორ მსჯელობასა და დასკვნას შეიცავს. მითითებული საკითხის შეფასებისას საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი ორი გარემოებაა საყურადღებო, სახელდობრ:
1). სადაზღვევო კომპანიამ კრედიტორს 2022 წლის 8 თებერვლის წერილით სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი იმ მოტივით განუცხადა, რომ დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული დაავადება იყო, რაც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას გამორიცხავდა.
2). სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდგომ კრედიტორს სადავოდ არ გაუხდია სადაზღვევო კომპანიის მიერ განცხადებული უარის მართლზომიერება, სადაზღვევო შემთხვევის დადასტურებისა და სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით რაიმე ქმედეთი ღონისძიებისათვის (მაგალითად: დამატებით მიმართვა სადაზღვევო კომპანიისთვის განმარტების მიღების მიზნით, ან/და კონკრეტული მოთხოვნით) დამატებით არ მიუმართავს და არც რაიმე სამართლებრივი საშუალება არ გამოუყენებია დაზღვეულის/მისი მემკვიდრის ინტერესების დასაცავად (მაგალითად: სასარჩელო წარმოების საერთო წესით მიმართვა სასამართლოსათვის სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით).
რაკი სადაზღვევო ანაზღაურების გაუცემლობის გამო კრედიტორი სადაზღვევო კომპანიას არ შედავებია, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულის გამო მოსარჩელეს უფლება წარმოეშვა - სადაზღვევო კომპანიიისათვის მოთხოვნა თავად წარედგინა, ვინაიდან ამ უკანასკნელის ნაცვლად მოუწია/მოუწევს დაზარალებულის მემკვიდრეს ბანკის წინაშე ვალებულების შესრულება და ეს შესრულება მიიღო ან მას იღებს კრედიტორი (შდრ. იხ.: სუსგ, საქმე Nას-461-435-2014, 30.08.2016).
27. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, კერძოდ, რადგან საქმეზე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სადაზღვევო კომპანიის მხრიდან შესრულების საფუძველი გამოიკვეთა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ სასესხო ვალდებულების შესასრულებლად კრედიტორისათვის გადახდილი თანხა დაბრუნებას ექვემდებარებოდა, გამომდინარე, სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და ამავე კოდექსის 991-ე მუხლიდან (პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული).
28. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
30. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „კ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „კ.ბ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 743.84 ლარის (საგადახდო დავალება # 9818438, გადახდის თარიღი - 25.05.2023) 70% - 1 220.68 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 800 ლარის (საგადახდო დავალება # 552842018, გადახდის თარიღი - 23.03.2023) 70% - 1 260 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე