18 იანვარი, 2024 წელი,
საქმე №ას-1154 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.თ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. და რ.ჯ–ძეები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.თ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ. ჯ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) - 4176 ლარის, ხოლო ქ. ჯ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოპასუხე ან პირველი მოპასუხის შვილი) - 3305 ლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; გაუმჯობესების ხარჯისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ: კასატორების მტკიცებით, სადავო ქონებასთან მიმართებით მემკვიდრის სტატუსი არ ჰქონია. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სადავო ქონებაზე მის მიერ გაწეული - 4300 ლარის საამშენებლო სამუშაოების შედეგად, ქონების საბაზრო ღირებულება გაიზარდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2017 წლის 9 ოქტომბერს პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს - 34 450 ლარად, თბილისში, ...... მეორე დასახლება, ...... ქუჩა, მესამე ჩიხი #8-ში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება ან უძრავი ქონება) მდებარე უძრავი ქონება მიჰყიდა გადახდის განვადებით, კერძოდ, ნასყიდობის საფასური მყიდველს 2018 წლის 30 ოქტომბრამდე უნდა გადაეხადა (სსსკ-ის 477 და 505 მუხლები). უძრავი ქონება ამ უკანასკნელის სახელზე აღირიცხა.
4.4. უძრავ ქონებაზე/ნასყიდობის საგანზე პირველი მოპასუხის შვილის სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო იპოთეკა.
4.5. მხარეთა შეთანხმებით, იპოთეკური სესხისთვის გადახდილი თანხა ნასყიდობის საფასურში უნდა ჩათვლილიყო.
4.6. მოსარჩელე სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და იღებს საარსებო შემწეობას.
4.7. მყიდველს შეთანხმებულ ვადაში ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია.
4.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება), პირველი მოპასუხის სარჩელი განსახილველ დავაში მოსარჩელის წინააღმდეგ ხელშეკრულების შეწყვეტისა და უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა და, უძრავი ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა.
4.8.1. მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ მოწესრიგებულა.
4.9. 2021 წლის 2 ივნისს, პირველმა მოპასუხემ რ.ჯ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაჩუქრებული) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა სადავო უძრავი ქონება და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ ( სსკ-ის) 524-ე მუხლი).
4.10. მოსარჩელემ ჯამურად - 3438 ლარი გადაიხადა.
4.11. პირველი მოპასუხის შვილის იპოთეკური სესხის ანგარიშზე მოსარჩელემ - 3305 ლარი შეიტანა.
4.12. მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის - 6 550 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.
5. თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 976.1 „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) გამომდინარეობდა.
6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების მხოლოდ ნაწილის არსებობა. რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულად არ იყო სახეზე, სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, კერძოდ:
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია თუ რამდენად სწორად უარყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ - 6550 აშშ დოლარის, უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა.
8. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
8.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
8.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
8.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
8.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
8.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
8.6. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სახელდობრ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა პირველი მოპასუხისთვის - 6550 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, რადგან ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია მტკიცების სტანდარტის დაცულობაც. ეს სტანდარტი კი, იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადაცემის ნამდვილობისთვის მხოლოდ მოწმის ჩვენება და მხარის ახსნა-განმარტება არასაკმარისი მტკიცებულებებია და იგი ამ ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას მხოლოდ მტკიცებულებების სხვა სახესთან ერთობლიობაში იძლევა.
8.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით დოკუმენტს, მაგალითად - სავალო საბუთს, გადარიცხვის ქვითარს, სალაროს შემოსავლის ორდერს, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ წარდგენილა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი, კასატორის პრეტენზიას, რომ მან ხელშეკრულების გაფორმებისას გამყიდველს ხელზე გადასცა - 6550 აშშ დოლარი, დაუსაბუთებლად აქცევს.
9. კასატორის პრეტენზია, უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 163.2. (კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა) და 987-ე მუხლის პირველ ნაწილს (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) შეიძლება, დაეფუძნოს.
9.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადაგინდეს სსკ-ის 163.2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) რა დროიდან წარმოადგენს მოსარჩელე ნივთის არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს;
ბ) კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს გაწია თუ არა მან ხარჯები ნივთზე, დადებით შემთხვევაში - რას შეადგენდა ამ ხარჯების ოდენობა;
გ) მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯი ხომ არ არის გადახდილი ამ ნივთით სარგებლობითა და ამ სარგებლობისგან მიღებული ნაყოფით.
9.2. მოსარჩელის სანივთო მოთხოვნა ამ შემთხვევაში მიზნად ისახავს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას და, შესაბამისად, სსკ-ის 163-ე მუხლი უფრო მეტად იცავს კეთილსინდისიერი მფლობელის ინტერესებს სსკ-ის 987-ე მუხლთან შედარებით, რადგანაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კრედიტორს მხოლოდ იმ დანახარჯების მოთხოვნა შეუძლია, რითაც გამდიდრდა ნივთის მესაკუთრე. ამდენად, იგი უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, სსკ-ის 163-ე მუხლის სპეციალური ბუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან მიმართებით უდავოა, ვინაიდან იგი კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელის სამართლებრივ სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს ამომწურავად აწესრიგებს. სსკ-ის 163-ე მუხლის გამოყენების სფეროს ავიწროებს ამ ნორმის საგამონაკლისო წინაპირობა - არაუფლებამოსილი მფლობელის კეთილსინდისიერების ფაქტი. სწორედ ამ წინაპირობის გათვალისწინებით, უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სსკ-ის 163-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა (მოსარჩელის მიერ სადავო ქონების მემკვიდრის სტატუსით ფლობა) უსაფუძვლო გამდიდრების გამოყენების სფეროს გამორიცხავს. ამ შემთხვევაში იკვეთება განმდევნი თუ გამომრიცხველი კონკურენცია, რომლის შესაბამისად, სსკ-ის 163-ე მუხლით უნდა გამოირიცხოს კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ სსკ-ის 979-ე და შემდგომი მუხლების გამოყენება (შდრ. მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, გვ. 171, სოფიო ჩაჩავა, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი 2011, Olzen/Wank Zivilrechtliche Klausurenlehre mit Fallrepetitorium, 2. Aufl., 1998, S.407; Palandt/Bassenge, BGB Kommentar, 67. Aufl., 2008, par. 993, RdNr.1.; Stadler, Gestaltungsfhreiheit und Verkehrsschutz durch Abstraktion: Eine rechtsvergleichende Studie zur abstrakten und kausalen Gestaltung rechtsgeschatftlicher Zuwendungen anhand des deutschen, scweizerischen, osterreichischen, franzosischen und US amerikanischen Rechts, 1996, S. 229, f.; BGh Urteil vom 29.09.1995 – V ZR 130/94 (Karslruhe), NJW, 1996, S. 52).
9.3. საქმეში დაცული მტკიცებულებებით, მოსარჩელის მიერ უძრავი ნივთის გაუმჯობესებაზე ხარჯების გაწევა არ დასტურდება, უფრო მეტიც სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას როგორც სოციალურად დაუცველს, ქონების გაუმჯობესებაზე გარკვეული ტიპის ხარჯი არ გაუღია (იხ. სხდომის ოქმი), შესაბამისად, მისი ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
10. კასატორის პრეტენზია მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაცაა.
10.1. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ პრეტენზიასაც უარყოფს და პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომლის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს; ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა.
გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
10.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
10.3. არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (შდრ, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016.).
10.4. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო გარიგებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ გარიგების ბათილად ცნობა“ (შდრ. სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).
10.5. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების მართლზომიერებაა.
10.6. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ აუცილებელია არსებობდეს მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით კი იურიდიული ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში რეალურად მიღწევადი უნდა იყოს.
10.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობებში მოსარჩელე ვერ განახორციელებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგიტრაციას, ხოლო რაც შეეხება მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, აღნიშნული უზრუნველყოფილია საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით, რომლითაც პირველ მოპასუხერს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ-ით #........გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
10.8. აქედან გამომდინარე თვალნათელია, რომ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არ არსებობა, რაც მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელის უარყოფის საფუძველია.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე