8 თებერვალი, 2024 წელი,
საქმე №ას-1319-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.ფ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 13 აგვისტოს, სს „ს.კ.ა–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი, კომპანია) და შ.ფ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დამზღვევი) შორის ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პოლისი გაფორმდა, რომელიც კომპანიის ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობებთან და ავტოტრანსპორტის დაზღვევის განაცხადთან ერთად, ერთიან დაზღვევის ხელშეკრულებას წარმოადგენდა.
სადაზღვევო პერიოდი 2022 წლის 13 აგვისტოს 24 საათამდე განისაზღვრა.
2. ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პირობების I ნაწილის 1.3 პუნქტის თანახმად, სრული დაზიანება (განადგურება) განმარტებულია შემდეგნაირად - სატრანსპორტო საშუალება ითვლება განადგურებულად, თუ ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს ან თუ განადგურებულია ავტოტრანსპორტის 70% ან მეტი ან თუ არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომ დაზღვეული ავტომობილი აღდგენას არ ექვემდებარება.
ამავე პირობების 4.1 ქვეპუნქტის მიხედვით, სრული დაზიანებისას დამზღვევი მიიღებს სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის ავტომობილის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო თანხისა, ფრანშიზის, ევაკუაციის ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით და დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით.
3. ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პირობების IV ნაწილით გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების ზოგადი საგამონაკლისო ნორმები, კერძოდ, 1.1.6 ქვეპუნქტის თანახმად, დაზღვევა არ მოქმედებდა და, შესაბამისად, დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდებოდა, თუ ადგილი ჰქონდა „ქმედებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე“;
11.1 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიას შეეძლო უარი განეცხადებინა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, თუ ადგილი ექნებოდა დამზღვევის მიერ სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ან ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზაურების ოდენობის გამოთვლისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები) წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი იქნებოდა.
4. 2022 წლის 26 იანვარს, 1:20 საათზე, დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანით (FORD MUSTANG, სახელმწიფო ნომრით - .....) მოძრავმა გ.ჩ–ძემ (შემდეგში - მოსარგებლე), მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .......აში გამავალ გზაზე ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა, გზის მარჯვენა მხარეს გადავიდა და წინა ნაწილით ბეტონის მასიურ ფილას შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ეცნობა საპატრულო პოლიციასაც და მზღვეველსაც.
5. მოსარგებლე, ავტომობილის მართვაზე უფლებამოსილი მძღოლი იყო.
6. დასახელებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარგებლე სამართალდამრღვევად მიიჩნიეს და 250 ლარის ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.
ალკოტესტზე ტესტირებისას ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის შემოწმების შედეგია - 0.000%.
7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნის თანახმად, დაზიანებამდე ავტომობილის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 44 000 ლარს შეადგენდა.
8. ხსენებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის სრულად განადგურებისა და განადგურებამდე მისი საბაზრო ღირებულების - 44 000 ლარით განსაზღვრის შესახებ გარემოება სადავო არ არის.
9. 2022 წლის 1 აპრილის წერილით მზღვეველმა უარი განაცხადა დამზღვევისათვის ზარალის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ:
1). უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირობებიდან გამომდინარე, შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება, ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა)), რაც იმის მტკიცების საფუძველს ქმნიდა, რომ სახეზე იყო უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი (ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პირობების მე-4 ნაწილის 1.1.6 ქვეპუნქტი), რამაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია.
2). დამზღვევის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის მიწოდებული რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლისთვის საჭირო ინფორმაცია წინასწარი შეცნობით ყალბი ან არაზუსტი იყო.
10. 44 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ დამზღვევმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 42 595.37 ლარის გადახდა დაეკირა.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მზღვეველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2022 წლის 26 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომობილის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით არ ყოფილა გამოწვეული.
შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად იქნა ცნობილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დამზღვევის მხრიდან ადგილი არ ჰქონია აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც დასახელებული მოტივით მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის არამართლზომიერებაზე მიუთითებდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 829-ე მუხლი).
13.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის მეორე მოტივიც მართლზომიერად ვერ შეფასდებოდა, რამდენადაც მზღვეველმა ვერ დაასაბუთა, რომ მოსარგებლის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის მიწოდებული რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლისთვის საჭირო ინფორმაცია წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი იყო.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
14.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა მოპასუხის უხეშ გაუფრთხილებლობას არ გამოუწვევია. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის, დ.გ–ის განმარტებით, უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილს საკმსარისზე გაცილებით მაღალი მოძრაობის სიჩქარე ჰქონდა, რაც მოცემული რადიუსის მოსახვევის უსაფრთხო გავლისთვის საჭირო (64კმ/სთ) სიჩქარეს ბევრად აღემატებოდა და რამაც საავტომობილო გზიდან ავტომობილის გადასვლა და სხვადასხვა წინაღობებთან შეჯახება გამოიწვია.
ამდენად, ლოგიკურად გამორიცხულია, რომ ავტომობილი მოსარგებლეს დაბალი (იმ ადგილისთვის) სიჩქარით ემართა და ავტოსაგზაო შემთხვევა მხოლოდ მოყინულ გზაზე მოცურების ფაქტს მოჰყოლოდა.
თუკი გზის საფარის მოყინვისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ამ მიზეზით ხდომილების შესახებ გარემოება სიმართლეს შეესაბამება, სახეზეა მძღოლის მიერ უსაფრთხოების ნორმების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაუცველობა, რაც დაზღვევის პირობების მე-4 ნაწილის 1.1.6 პუნქტისა და სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, სადაზღვევო თანხის ანაზაურებაზე უარის თქმის საფუძველია.
14.2. გასაჩივრებული განჩინების ფორმულირებიდან გამომდინარე იმგვარი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უზუსტოდ ან ყალბად მოპასუხემ მხოლოდ მოსარგებლის ახსნა-განმარტებაში მითითებული სიჩქარის მაჩვენებლის საფუძველზე მიიჩნია.
აღნიშნულ გარემოებასთან ერთად, არაზუსტი/ყალბი ინფორმაციის მიწოდებად მზღვეველმა ავტოსაგზაო შემთხვევის ხდომილების გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება ჩათვალა, რომ ავტომობილის დაზიანება გზის საფარის მოყინვამ გამოიწვია.
წერილობით ახსნა-განმარტებაში მოსარგებლე აღნიშნავდა, რომ იგი 60კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა ხსენებული ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, როდესაც მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარგებლის ახსნა-განმარტებაში მითითებული სიჩქარის მაჩვენებელი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ დასაშვებ სიჩქარეს აღემატებოდა.
გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევის გზის საფარზე თოვლჭყაპის არსებობისა და გზის მოყინვის ფაქტი. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობის მონაცემები არაზუსტია.
ამასთან, ცნობის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, მცხეთის რაიონის რაიონის სოფელ ....... ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური დაკვირვება არ წარმოებს, რის გამოც სსიპ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს .......ისგან დიდი მანძილით დაშორებული თიანეთის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები მიაწოდა. შესაბამისად, ისინი არასწორ მეტეოროლოგიურ მონაცემებს ეყრდნობა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
18. სარჩელის განსახილველი მოთხოვნა სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით), 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში), 823-ე (სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლებიდან გამომდინარეობს.
ამრიგად, სსკ-ის 799.1 მუხლით დადგენილია მზღვეველის ვალდებულება - აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ის ზიანი, რომელიც ხელშეკრულების პირობების მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.
იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, ისე, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;
მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
სსკ-ის 799-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
20. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის საგანი, სახელდობრ:
1). სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია თუ არა ავტომობილის მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილმა ქმედებამ, კერძოდ, მის მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ;
2). ჰქონდა თუ არა ადგილი სადაზღვევო კომპანიისთვის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი ინფორმაციის (მიწოდებული რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლისათვის საჭირო ინფორმაცია) მიწოდებას.
ზემოაღნიშნულ შეკითხვებს სააპელაციო სასამართლომ სწორად გასცა პასუხი, რისი დამასაბუთებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით გაქარწყლებული ვერ იქნა.
20.1. დასაწყისში, საყურადღებოა, სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსი, რომლითაც დადგენილია, რომ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აქვე, საგულისხმოა, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის განხილვისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი - მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების გამონაკლისს წარმოადგენს, რის გამოც, სადაზღვევო დაფარვა მასზე ვერ გავრცელდება (სუსგ: Nას-1181-2020, 28.01.2021).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარგებლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ჩადენისა და მის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების ფაქტის დადასტურება (რაც მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად), მზღვეველის (მოპასუხის) მტკიცების ტვირთში შედიოდა.
20.2. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (სუსგ Nას-1306-1226-2015, 1.07.2016წ.);
უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.).
გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის უმნიშვნელოდ გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1279-2022, 20.12.2022წ.).
20.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო კომპანიამ განსახილველ შემთხვევაში ვერ დადასტურა მოსარგებლის მიერ 2022 წლის 26 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი.
საქმის მასალებით უტყუარად ვერ დგინდება, თუ კონკრეტულად რა სიჩქარით მოძრაობდა მოსარგებლე ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომამდე, თუმცა რაკი საქმეზე გამოიკვეთა, რომ საგზაო შემთხვევის ადგილი დასახლებულ პუნქტს არ წარმოადგენდა, ამიტომ მძღოლის მხრიდან თუნდაც 64კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, სიჩქარის იმგვარ გადაჭარბებად და ავტომობილის ისეთი ხასიათის მართვად ვერ შეფასდება, რაც მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის საშუალებას განაპირობებს.
საქმის მასალებით არც ის გარემოება არ დადასტურდა, რომ ავტომობილის მართვის პროცესში მოსარგებლე ალკოჰოლური ან სხვაგვარი თრობის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ავტომობილის მართვისას აუცილებელი ყურადღება უჩვეულოდ მაღალი ხარისხით ვერ გამოიჩინა.
20.4. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ავტომობილის მძღოლის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი ინფორმაციის (მიწოდებული რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლისათვის საჭირო ინფორმაცია) მიწოდებას, მოცემული კუთხითაც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება გასაზიარებელია, შემდეგი მიზეზების გამო:
ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარად ვერ დგინდება, თუ კონკრეტულად რა სიჩქარით მოძრაობდა შემთხვევის დადგომამდე დაზღვეული ავტომობილით მოსარგებლე, ამ უკანასკნელის მიერ საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ამინდის ფაქტორზე მიუთითებლობა ან/და მისი მხრიდან მოძრაობის სიჩქარის აღქმასთან მიმართებით შეცდომის დაშვება, საკმარის საფუძველს ვერ შექმნის მზღვეველისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ფაქტის უცილობლად დამტკიცებულად მიჩნევისათვის.
საამისოდ მოპასუხის მიერ ვერც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის არადამაჯერებლობაზე მითითება გამოდგება, რამდენადაც აღნიშნული ცნობის მიხედვით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .......აში ავტოსაგზაო შემთხვევის დროის მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურის (თიანეთის) მონაცემების გათვალისწინებითაა გაცემული, რაც ხსენებულ მტკიცებულებაში ასახულ ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანს ხდის.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ა–ს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 200 ლარის (საგადახდო დავალება №d41, გადახდის თარიღი - 20.10.2023) 70% - 1 540 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე