საქმე №ას-558-2020 30 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.გ–ძის უფლებამონაცვლე ი.ქ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) და შპს „ჯ.ქ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2013 წლის 4 ნოემბერს დაიდო #208 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს ფოთში, ........., #16-ში და #21-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა. სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადად - 2014 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.
1.1. მხარეთა შეთანხმებით, სამშენებლო სამუშაოების ხარისხს, საქართველოში მოქმედი ნორმები და შემსყიდველის მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა (იხ. შეთანხმების 10.4 პუნქტი).
1.2. შეთანხმების 10.1 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში და ხარისხიანად შესრულებაზე კონტროლი, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობი სახით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ იკისრა.
2. ფოთში, ......., მდებარე #5 ბინა, ჯ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე ან მამკვიდრებელი) საკუთრება იყო.
3. მერიამ, ფოთში, ......., მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო (ფასადების მოპირკეთება და მანსარდის მოწყობა) სამუშაოები მენარდის მეშვეობით დაიწყო.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, შემკვეთმა ხელშეკრულება შეწყვიტა და მენარდეს დააკისრა პირგასამტეხლო - 117445,38 ლარი.
5. 2013 წლის დეკემბრიდან მენარდის მიერ წარმოებული და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელ სახლში არსებული მობინადრეთა საკუთრებაში მყოფი ბინები, მათ შორის მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა, კერძოდ:
5.1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 1 მაისის #002780518 დასკვნით - ქ. ფოთში, ....... საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სახურავის სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, სახურავის მოწყობისას არ არის გათვალისწინებული CниП2.04.01-85*, შენობის შიდა წყალსადენი და კანალიზაცია, პუნქტ #17.18-ში მითითებული მოთხოვნები...
5.1.2. ამავე დასკვნის მიხედვით, ქ. ფოთში, ....... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება - 10 507,48 ლარია.
5.1.3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართზე საკვამური მილის მოწყობის შესახებ შპს „მ–იის“ მიერ შესრულებული პროექტის მიხედვით, საკვამური მილის მოწყობის ღირებულება - 1210.53 ლარი, ხოლო გაწეული მომსახურების ანაზღაურება - 200 ლარია.
5.2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 30 იანვრის #5000534419 დასკვნის თანახმად, ქ. ფოთში, ....... მდებარე შენობის დაზიანებები გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად.
6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ 2018 წლის 5 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიხცველი, ისე მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
9. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასრგებლოდ ზიანის - 10507.48 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
11. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
11.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად და არასრულყოფილად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა მისი მემკვიდრე ი.ქ–ვა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კასატორი ან უფლებამონაცვლე).
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. მოსარჩელის მოთხოვნაა იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც მას მიადგა უხარისხოდ ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად. ეს სამართლებრივი შედეგი სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
16. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809-776-2016, 04.04.2017).
17. განსახილველ შემთხვევაში, მიზეზობრივი კავშირის დასაბუთებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 002780518 დასკვნაზე, რომლის შინაარსით: ფოთში, დ. აღმაშენებლის ქუჩა #16 საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სახურავის სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, სახურავის მოწყობისას არ არის გათვალისწინებული CниП2.04.01-85*, შენობის შიდა წყალსადენი და კანალიზაცია ასევე პუნქტ #17.18-ში მითითებული მოთხოვნები...
ამავე დასკვნის მიხედვით, ფოთში, ........... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება - 10 507, 48 ლარია. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა, მეტიც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 30 იანვრის #5000534419 დასკვნით დამატებით, დასტურდება, რომ ფოთში, .......... მდებარე შენობის დაზიანებები გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, რომელიც მერიამ, მის მიერ შერჩეული მენარდის მეშვეობით დაიწყო და განახორციელა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება, თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით), მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა.
მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. თუკი მხარე მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზებას თავს ვერ გაართმევს ეს გარემოება მხარისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ, მაშინაც, როდესაც თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
18.1. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
18.2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს.
18.3. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
18.4. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მოპასუხის მიერ (მოპასუხის დაკვეთით) შესრულებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა, უძრავი ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა 10 507,48 ლარი, ზიანი გამოსწორებული არ არის და მოსარჩელის ქონების დაზიანება კვლავ გრძელდება.
საკასაციო პალატის დასკვნით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მოპასუხის დაკვეთით და ზედამხედველობით, სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოთა უხარისხოდ ჩატარების ფაქტი შეიცავს სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საჭირო ხარისხის ბრალეულობის შემადგენლობას და გამოკვეთილია ზიანის ანაზღაურების დაკისრების ძირითადი საფუძვლები (ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის), რაც თავის მხრივ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობებს წარმოქმნის.
19. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი, ისე შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა).
19.1. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 128.1 მუხლზე რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა.
ამავე კოდექსის 1008-ე მუხლით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დინების დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.
ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
19.2. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი მოპასუხეს არ გამოუსწორებია და ი.ქ–ვას საცხოვრებელი სახლის დაზიანება კვლავ გრძელდება; მოსარჩელემ ზიანის აღმოფხვრისთვის აუცილებელი დანახარჯების მოცულობის შესახებ შეიტყო მხოლოდ საექსპერტო კვლევის (2018 წლის 01 მაისის #002780518 ექსპერტიზა) შედეგების მიღების შემდეგ. დასახელებული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რასაც ვერ აქარწყლებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია.
20. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
22. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე