Facebook Twitter

საქმე №ას-1654-2023 20 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ძ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ც–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.04.2023 წლის გადაწყვეტილებით ი.ც–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი მ.ძ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 15.10.2013 წელს დაბადებული ა.ძ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „არასრულწლოვანი“) სარჩენად ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა 26.12.2022 წლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და არასრულწლოვნის სასარგებლოდ ალიმენტის სახით მისთვის ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის დაკისრება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ ალიმენტის სახით 250 ლარიდან 150 ლარის დაკისრების ნაწილში, ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 1800 (150*12) ლარს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, იგი ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 365-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

8. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ.).

10. სსსკ ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა. იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს გადაწყვეტილება და ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 100 ლარით (იხ.ს.ფ.109). შესაბამისად, სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართებულად განსაზღვრა 1800 ლარით. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2000 ლარზე ნაკლებია, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ძ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია