საქმე №ას-1103-2022 19 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს-გ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი. ჯ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ი. ჯ–მ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სარჩელი აღძრა შპს „ს-გ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა უსაფუძვლოდ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის 1 101 557.72 ლარისა და პროცენტის 238 030.63 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 101 557.72 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და 30.12.2019 წლის განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. 13.02.2024 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
8. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
10. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22.04.2021წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთის მხრივ, შპს „ს-გ–ს“ (კასატორი/მოპასუხე) და, მეორეს მხრივ, სს „ი.ჯ–ს“ (მოწინააღმდეგე მხარე/მოსარჩელე) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. სს „ი.ჯ–ო“ თანახმაა 30%-ით (დისკონტირებული თანხა) შეამციროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.10.2020 წლის №2/37577-18 (#330210018002789562) გადაწყვეტილებით შპს „ს-გ–ზე“ დაკისრებული და გადახდას დაქვემდებარებული თანხა 1101557.72 (ერთი მილიონ ასერთი ათას ხუთასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, ასევე უარს ამბობს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის ოდენობის თანხის შპს „ს-გ–გან“ მოთხოვნაზე იმ პირობით, რომ შპს „ს-გ.“ დროულად და სრული მოცულობით სათანადოდ შეასრულებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ პირობის შესაბამისად შპს „ს-გ–ს“ მიერ სს „ი.ჯ–თვის“ გადასახდელი თანხა შეადგენს 771090.40 (შვიდასსამოცდათერთმეტი ათას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს (ანუ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის 70%) (შემდგომში “მხარეთა მიერ შეთანხმებული თანხა“).
1.2. შპს „ს-გ“ კისრულობს ვალდებულებას დროულად და სრული მოცულობით/სათანადოდ შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
1.3. შპს „ს-გ“ კისრულობს ვალდებულებას სრულად გადაუხადოს სს „იჯ–ს“ წინამდებარე შეთანხმების 1.1 პუნქტში მითითებული თანხა, სასამართლოს მიერ წინამდებარე შეთანხმების დამტკიცებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4. შპს „ს-გ.“ გადაუხდის სს „ი.ჯ–ს“ მხარეთა მიერ შეთანხმებულ თანხას ქვემოთ მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით:
ბენეფიციარი ბანკი: სს “პ.ბ.ჯ–ია“
მიმღები ბანკის SWIFT კოდი: P.22.
ბენეფიციარი: სს “ი.ჯ.“
ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო კოდი: ....
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE23PB1036080000470001.
1.5. სს „ი.ჯ.“ უარს ამბობს დისკონტირებული თანხის გადახდის მოთხოვნაზე, თუ მხარეთა მიერ შეთანხმებულ თანხას შპს „ს-გ“ გადაიხდის სრულად, სათანადოდ და მითითებულ ვადაში.
1.6. შპს „ს-გ–ს“ მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების, მათ შორის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში და სრული მოცულობით სათანადოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა შპს „ს-გ–ს“ ნებისგან დამოუკიდებელი გარემოებების შედეგად ვალდებულებების შესრულების დაყოვნების შემთხვევებისა, როგორიცაა მომსახურე ბანკების მიერ მხარეთა მიერ შეთანხმებული თანხის გადარიცხვის ან ჩარიცხვის დაგვიანება და ა.შ., სს „ი.ჯ–ს“ უფლება აქვს გადაახდევინოს 1101557.72 (ერთი მილიონ ასერთი ათას ხუთასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარი მოვალის ნებისმიერი ქონების ხარჯზე. შესაბამისად, სს „ი.ჯ–ს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს აღსრულების ფურცლის გაცემის მოთხოვნით. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ შპს „ს-გ.“ არ წარმოუდგენს სს „ი.ჯ–ს“ დადგენილ ვადასა და სრული მოცულობით/სათანადოდ მომსახურე ბანკისთვის დავალების მიცემის ფაქტის დამადასტურებელი საგადახდო დავალების ასლს (სხვა შემთხვევებში სხვა შესაბამის დოკუმენტებს), სს „ი.ჯ–ის“ აღსრულების ფურცლის გასაცემად საკმარისია სასამართლოში შეთანხმების 1.4 პუნქტში მითითებული ანგარიშიდან ამონაწერის წარდგენა, რომლითაც დასტურდება შპს „ს-გ–ს“ მიერ ვალდებულების (მხარეთა მიერ შეთანხმებული თანხის გადარიცხვა) შეუსრულებლობა იმ ოდენობით და ვადაში, რომლებიც მითითებულია შეთანხმებაში.
1.7. მოცემული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შპს „ს-გ–მ“ უნდა მიმართოს სასამართლოს შეთანხმების დამტკიცების და სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
1.8. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
1.9. შპს „ს-გ–ს“ მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ვადაში შესრულების შემდეგ, სს „ი.ჯ–ს“ მოთხოვნით შეთანხმებაში მითითებული სასამართლო საქმის ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოვალის ქონებაზე დაკისრებული ყველა შეზღუდვა და აკრძალვა უქმდება, და ამისათვის სს „ი.ჯ.“ მიმართავს შესაბამისი განცხადებით სასამართლო ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს თანხის სრული მოცულობით მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.
2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1103-2022.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. შპს „ს–გ–ს“ (ს/კ .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #1659344169, გადახდის თარიღი: 01.08.2022წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თეა ძიმისტარაშვილი