Facebook Twitter

საქმე №ას-1403-2023 19 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ხ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.09.2023 წლის განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2023 წლის გადაწყვეტილებით შპს „ხ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი შპს „ნ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.07.2023 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

3. მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.09.2023 წლის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

3.2. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

3.3. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

3.4. სსსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.

3.5. მოსარჩელეს მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გადაეცა (ჩაბარდა) 08.08.2023 წელს. შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან 09.08.2023 წლიდან და ამოიწურა 18.08.2023 წელს.

3.6 მოსარჩელის წარმომადგენელმა შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა დაგვიანებით, კერძოდ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარდგენილია სასამართლოს ოფიციალურ მეილზე 01.09.2023 წელს (სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ მეილზე შემოსულია 31.08.2023 წელს 18:14 საათზე). შესაბამისად, დაირღვა კანონით დადგენილი საპროცესო ვადა, რაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.09.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა მოსარჩელის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღად 01.09.2023 წელი, რამეთუ შეგებებული სააპელაციო საჩივარი პირველად 17.08.2023 წელს წარადგინა. 31 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მასალები განმეორებით გაეგზავნა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. სსსკ-ის 379-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.

9. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა შეგებებული სააპელაციო საჩივარი მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

10. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ:

10.1. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ასლი თანდართული დოკუმენტებით, ასევე სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.07.2023 წლის განჩინების ასლი მოსარჩელეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 08.08.2023 წელს (ტ.2, ს.ფ.9). შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადა დაიწყო 09 აგვისტოს და ამოიწურა 18 აგვისტოს;

10.2. 15.08.2023 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი აპირებდა 20 000 ლარის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანას (ტ.2, ს.ფ.10-20);

10.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე - ......ge - 17.08.2023 წლის 18:11 საათზე მიღებულია მოსარჩელის შემდეგი შინაარსის წერილი: „გიგზავნით შპს „ხ–ის“ შეგებებულ სააპელაციო საჩივარს (მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი). შესაბამისი რწმუნებულება თან ახლავს შპს „ხ–ის“ შესაგებელს შპს „ნ–ის“ სააპელაციო საჩივარზე“ (წერილს არ ერთვის ე.წ. მიმაგრებული ფაილი) (ტ.2, ს.ფ.31);

10.4. იმავე ელექტრონულ მისამართზე 31.08.2023 წლის 18:14 საათზე მიღებულია მოსარჩელის შემდეგი შინაარსის წერილი: „განმეორებით გიგზავნით დოკუმენტს“ (წერილს ე.წ. მიმაგრებული ფაილის სახით ერთვოდა შეგებებული სააპელაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით) (ტ.2, ს.ფ.21-31).

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით.

12. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017წ.). ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენების წესი სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დამოკიდებულია პროცესის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მთლიანად ეროვნული სამართალწარმოება და მასში სააპელაციო სასამართლოს როლი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება საქმეზე HERMI v. ITALY [დიდი პალატა], №18114/02, §60).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კონვენცია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს უფლებები, რომლებიც არის პრაქტიკული და ეფექტური და არა თეორიული ან ილუზორული. კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განსაზღვრისას შეფასება უნდა განხორციელდეს ფასადს მიღმა, ყურადღება უნდა გამახვილდეს სიტუაციის რეალურ მხარეზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20.10.2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Dvorski v. Croatia [დიდი პალატა], №25703/11, §82; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 28.03.2019 წლის (საბოლოო გახდა 28.06.2019) გადაწყვეტილება საქმეზე Kereselidze v. Georgia, №39718/09, §32).

14. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. იგი ექვემდებარება შეზღუდვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საჩივრის დასაშვებობის პირობებს. თუმცა სასამართლოსადმი წვდომის შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს პროპორციული, არ უნდა ზღუდავდეს სასამართლოსადმი წვდომას იმდენად, რომ დაირღვეს უფლების არსი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 01.09.2016 წლის (საბოლოო გახდა 01.12.2016) გადაწყვეტილება საქმეზე Marc Brauer v. Germany, №24062/13, §34; იხ. ასევე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 23.06.2016 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Baka v. Hungary [დიდი პალატა], №20261/12, §120; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 15.03.2018 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Naït-Liman v. Switzerland [დიდი პალატა], №51357/07, §114, §115; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014 წლის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).

15. პროცედურული ხასიათის შიდასახელმწიფოებრივი წესების განმარტება ეკისრება სასამართლოს, რომლის როლი მოიცავს იმასაც, რომ დაადგინოს, შეესაბამება თუ არა ამგვარი განმარტების შედეგები კონვენციას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.07.2011 წლის (საბოლოო გახდა 19.10.2011) გადაწყვეტილება საქმეზე Majski v. Croatia, №16924/08, §68).

16. ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ინდივიდის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების დაცვა, დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ეფექტური იყოს, ინდივიდს უნდა ჰქონდეს მკაფიო, პრაქტიკული შესაძლებლობა, გაასაჩივროს ის ქმედება, რომელიც ჩარევას წარმოადგენს მის უფლებებში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 04.12.1995 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Bellet v. France, №23805/94, §36). შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა მხარის სამართლებრივი თავდაცვის მექანიზმია, რაც, თავის მხრივ, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ნაწილია.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ 17.08.2023 წელს წერილობით ნათლად და არაორაზროვნად გამოხატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების ნება. გადაწყვეტილების გასაჩივრების ნების ნათლად და არაორაზროვნად გამოვლენა, თუნდაც არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ფორმით, წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე/შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დაწესების საფუძველს. შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მოსარჩელე აღმოჩნდა იმაზე მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში, ვიდრე ის მხარე, რომელსაც წარდგენილი აქვს ფორმადაუცველი სააპელაციო საჩივარი, ან სააპელაციო საჩივრის შეუვსებელი ფორმა, რა დროსაც, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, აპელანტს უწესდება ხარვეზი სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი წესით წარსადგენად. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის საკითხის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების სისტემურ განმარტებას და არღვევს გასაჩივრების უფლებას.

18. ყოველივე აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.09.2023 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ხ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.09.2023 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია