06 თებერვალი 2024 წელი
№ას-600-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
კასატორი _ შ.პ.ს. „ლ.ს..“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ნ.პ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ქმედების დავალდებულება, ფულადი კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2018 წლის 16 მაისს შ.პ.ს. „ლ.ს..“-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი წარდგინა შ.პ.ს. „ნ.პ–ი“-ს მიმართ და მოსარჩელის კუთვნილი ეტიკეტით და შეფუთვით ან მისი იდენტური ეტიკეტით და შეფუთვით მოპასუხისათვის პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა უკვე წარმოებული და რეალიზებული პროდუქტისათვის სასაქონლო ნიშნით დაცული სიკეთის ხელყოფისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისათვის ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.
7. მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2023 წლის 06 თებერვალს დაინიშნა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვა. სასამართლო სხდომაზე მხარები მორიგდნენ და წარმოადგინეს ხელმოწერილი მორიგების აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს და შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
10. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სასამართლომ განკარგა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები და საბოლოოდ, მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, დავის მორიგებით დასრულების თაობაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
15. მორიგების აქტს კასატორის (მოსარჩელის) მხრიდან ხელს აწერსორგანიზაციის დირექტორის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი - ბ.მ–ნი. სხდომაზე მან წარმოადგინა შ.პ.ს. „ლ.ს..“-ის დირექტორის თ.ხ–ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ძალითაც, ბ.მ–ნს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს შ.პ.ს. „ლ.ს..“ ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით (იხ. მინდობილობა).
16. მორიგების აქტს მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მხრიდან ხელს აწერს ორგანიზაციის დირექტორის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი - ც.ც–ვა. სხდომაზე მან წარმოადგინა შ.პ.ს. „ნ.პ–ი“-ს დირექტორის პ.ც–ას მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ძალითაც, ც.ც–ვას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს შ.პ.ს. „ნ.პ–ი“ ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით (იხ. მინდობილობა). ამდენად, მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ შ.პ.ს. „ლ.ს..“-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ლ.ს..“-ის და შ.პ.ს. „ნ.პ–ი“-ს შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
2.1. შ.პ.ს. „ლ.ს..“ (ს/კ ........) უარს აცხადებს კომპენსაციის სახით მოთხოვნილი თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით სრულად.
2.2. შ.პ.ს. „ნ.პ–ი“ (ს/კ .......) ადასტურებს, რომ აღარ აწარმოებს „ჭ.პ–ს“ ისეთი სასაქონლო ნიშნით, როგორითაც წარმოდგენილი იყო ბაზარზე, სასარჩელო წარმოების დროს. ამასთან, მოპასუხე ადასტურებს, რომ არ მოახდენს სადავო ეტიკეტით პროდუქციის რეალიზაციას.
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება (№2-2057/2018) და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის განჩინება (№2/ბ-467-21).
4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-600-2022.
5. დაუბრუნდეს შ.პ.ს. „ლ.ს..“-ის (ს/კ .....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (საგადასახადო დავალება №1, გადახდის თარიღი: 05.07.2022წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი