15 მარტი 2023 წელი №ას-737-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ბ.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - დ.ბ–ი, ს.ნ.პ–ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ.ბ–მა ყვარლის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების: დ.ბ–ისა და ს.ნ.პ–ის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. 2016 წლის 11 ივლისს ნოტარიუს ც.კ–ის მიერ მამკვიდრებელ ე.ბ–ის დანაშთ ქონებაზე დ.ბ–ის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ქონების 1/2 წილზე.
1.2. 2009 წლის 27 მარტს გარდაცვლილი ე.ბ–ის დანაშთი ქონების 1/2 წილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. მოსარჩელის მამა, ე.ბ–ი გარდაიცვალა 2009 წლის 27 მარტს, ხოლო მოსარჩელის ძმა ნ.ბ–ი - 2015 წლის 27 აპრილს.
5.2. ნოტარიუს ნ.ჩ–ის მიერ 2016 წლის 19 მაისს ბ.ბ–ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ მემკვიდრეს გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა და, ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა სამკვიდროს დაუფლების ფაქტი.
5.3. ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 11.07.2016 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ქ.ბ–ის, დ.ბ–ისა და ლ.ბ–ის, როგორც ნ.ბ–ის პირველი რიგის მემკვიდრეების მიმართ, მამკვიდრებლის ნ.ბ–ის დანაშთ ქონებაზე, რომელშიც შედის ნ.ბ–ის მამის, გარდაცვლილი ე.ბ–ის დანაშთი უძრავი ქონება.
5.4. 2018 წლის 04 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 05.08.2016 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების (მდებარე: ყვარელი, სოფელი .... ს/კ: ........) მესაკუთრედ დ.ბ–ია (პ/ნ .....) აღრიცხული.
5.5. მოსარჩელე 1997 წლიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მამის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში 2013 წლის 23 ივლისს ჩამოვიდა.
5.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426.1 მუხლზე მიუთითა და არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მისი მხრიდან მამის, ე.ბ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად განცხადების შეტანის დაგვიანება განხორციელდა საპატიო მიზეზის არსებობის პირობებში, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ე.ბ–ი გარდაიცვალა 2009 წლის 27 მარტს, შესაბამისად, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა 2009 წლის 27 სექტემბერს ამოიწურა. აპელანტის მითითება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული საომარი მდგომარების შესახებ, როგორც საქართველოში ჩამოსვლის შეუძლებლობის განმაპირობებელი გარემოება, ვერ იქნებოდა გაზიარებული, ვინაიდან ამ მოვლენებიდან გასული იყო ერთ წელზე მეტი. ამასთან, სამკვიდროს მისაღებად საქართველოში ჩამოსვლის შეუძლებლობის პირობებშიც კი, მოსარჩელეს გააჩნდა შესაძლებლობა ესარგებლა საფოსტო მომსახურებით და სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დაცვით განცხადებით მიემართა ნოტარიუსისათვის.
5.7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ მამის გარდაცვალებიდან საქართველოში ჩამოსვლამდე პერიოდში სამკვიდროს მიუღებლობის საპატიოდ მიჩნევის შემთხვევაშიც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ვინაიდან, მოსარჩელე მამის გარდაცვალების შემდგომ, 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სამკვიდროს მისაღებად ამ დროიდან მაინც უნდა მიეღო შესაბამისი ზომები. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2018 წელს, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მისი ძმა - ნ.ბ–ი და 2016 წელს სადავო ქონება მიიღეს მისმა მემკვიდრეებმა. მოსარჩელემ ვერ მიუთითა ისეთ საპატიო გარემოებებზე, რაც გახდა სამკვიდროს მისაღებად ხელშემშლელი 2013 წლის შემდგომ 2018 წლამდე (სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვამდე).
5.8. სააპელაციო სასამართლომ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ სამართლებრივად სარწმუნო და წონადი არგუმენტები ვერ წარმოადგინა იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობდა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის გაშვების საპატიო გარემოებები, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში მუდმივად აგზავნიდა ოჯახში თანხას, მამის სიცოცხლეში გაარემონტა საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი, სადაც განათავსა ავეჯი და პირადი ნივთები და საქართველოში ყოფნისას სწორედ ამ ოთახებით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე და მამის კომლი იყვნენ გაყრილები და მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ გაყრილობის აქტით ხსენებული ორი ოთახი მის საკუთრებას წარმოადგენდა, დანარჩენ ქონებაზე პრეტენზია მას არც ჰქონია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნული გარემოება უნდა შეეფასებინათ, როგორც სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მიიღო თუ არა მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში მამის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს, სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი), მაგრამ როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი) შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება.
13. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია საქართველო სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017).
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი 2009 წლის 27 მარტს გარდაიცვალა. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს კანონით განსაზღვრულ ექვსი თვის ვადაში მამის დანაშთი ქონების მისაღებად სანოტარო ორგანოსათვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს. კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს დადგენილად უნდა მიეჩნიათ მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში თანხას უგზავნიდა ოჯახს, სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის 2 ოთახში (რომელსაც საკუთრებად მიიჩნევდა) სარემონტო სამუშაოები ჩაატარა და საქართველოში ჩამოსვლის დროს, სადავო საცხოვრებელ სახლში რჩებოდა.
15. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ 2016 წლის 19 მაისს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე მოსარჩელეს უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა და ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტაციით მის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტი არ დგინდებოდა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე 1997 წლიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მამის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში მხოლოდ 2013 წლის 23 ივლისს ჩამოვიდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა ვლინდებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მის ბატონობას დაადასტურებდა. ასევე, არ დასტურდება არც მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების მოსარჩელის მიერ დაუფლებისა და განკარგვის ფაქტობრივი გარემოება. მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე კი, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მტკიცება, რომ მამის დანაშთი ქონება მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო.
რაც შეეხება სამკვიდრო ქონების გაუმჯობესების მიზნით სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში თავადვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სარემონტო სამუშაოები მან მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე - მამის სიცოცხლეში განახორციელა, ამდენად, ვერც აღნიშნული გარემოება გამოდგება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების სამტკიცებლად.
16. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არც იმგვარი მტკიცებულება წარმოუდგენია, რაც სამკვიდრო ქონების მისაღებად განცხადების დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მამის გარდაცვალებიდან სამკვიდროს მიუღებლობის საპატიოდ მიჩნევის შემთხვევაშიც არ ვლინდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე მამის გარდაცვალების შემდგომ, 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში, შესაბამისად, მას ამ დროიდან მაინც უნდა განეხორიცელებინა შესაბამისი მოქმედებები მამის სამკვიდროს მისაღებად. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელემ ნოტარიუსს მიმართა 2016 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც გარდაეცვალა ძმა - ნ.ბ–ი და სადავო ქონება ამ უკანასკნელის მემკვიდრეებმა მიიღეს, ხოლო სასამართლოში სარჩელი მან 2018 წელს წარადგინა.
17. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელეს სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილ ვადაში არც ფაქტობრივი ფლობით მიუღია და არც სანოტარო ორგანოსათვის მიუმართავს შესაბამისი განცხადებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ბ.ბ–ს (პასპორტის №60 ......) დაუბრუნდეს ლ.ჩ–ის (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი: 27.06.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი