საქმე №ას-625-2019 09 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს.კ.ა–ა“ (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ გ.ა–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.ა–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სადაზღვევო კომპანია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მერია“) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 21.12.2016 წელს მერიასა (შემსყიდველი) და სადაზღვევო კომპანიას (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N10.02/20/683 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, რომლის ტექნიკური მახასიათებლები და ერთეულის ღირებულებები განისაზღვრა მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში, დანართი 8-ის შესაბამისად;
2.2. სადაზღვევო პირობების მე-5 მუხლით (საერთო გამონაკლისები) გათვალისწინებული იქნა ის გამონაკლისები (გარემოებები), რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, ამასთან, გამონაკლისები ეხებოდა დაზღვევის მთელ ხელშეკრულებას (ხელშეკრულებას, პირობებს და პოლისს), ხოლო 5.1.17. პუნქტით განისაზღვრა, რომ ყველა სხვა შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (ტომი 1; ს.ფ. 19-28; ს.ფ. 29-31);
2.3. 22.10.2017 წელს ქ. თბილისში, ...... გზატკეცილზე, ......დან ......ის მიმართულებით არსებულ მონაკვეთზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა მერიის ბალანსზე მყოფი და ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომობილი - კია ოპტიმა (სახ. ნომრით ....) (ტომი 1; ს.ფ. 34-35);
2.4. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ავტომანქანის მძღოლი გ.ა–ძე (შემდგომში - „მძღოლი“ ან „მესამე პირი“) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 62, მე-7 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და დაჯარიმდა 250 ლარით (ტომი 1; ს.ფ. 37) (მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრების ფაქტს. ამასთან, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მძღოლმა აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არ გაასაჩივრა, მოსარჩელემ სააპელაციო შესაგებლით არ უარყო და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება საჯარიმო ქვითარს არ დაყრდნობია, ამ გარემოებას საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ჯარიმის დაფარვა განხორციელდა დროულად, რაც ადასტურებდა, რომ მძღოლი დაეთანხმა მისი ქმედებისთვის მიცემულ კვალიფიკაციასა და სანქციას);
2.5. შპს „ს.გ–ის“ მიერ 2017 წლის 4 ნოემბერს შედგენილი N1028 აქტის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი შეადგენს 4855.00 ლარს (ტომი 1; ს.ფ. 36);
2.6. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეტყობინება და შესაბამისი დოკუმენტაცია მიეწოდა მზღვეველს - სადაზღვევო კომპანიას;
2.7. სადაზღვევო კომპანიამ 16.01.2018 წლის N1655 წერილით უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის უხეში გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად და სსკ-ის 829-ე მუხლი მოპასუხეს აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებდა (ტომი 1; ს.ფ. 49);
2.8. მერიის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 4 855.00 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ: ა) ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის ბრალით, კერძოდ, უხეში გაუფრთხილებლობით (ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის მიერ საგზაო პირობების გაუთვალისწინებლობა და მოძრაობის სიჩქარის დარღვევა წარმოადგენს უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენელ ელემენტებს); ბ) უხეში გაუფრთხილებლობა არ იყო დაზღვეული რისკი. სასამართლოს მითითებით, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა დასტურდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემით, სამართალდარღვევის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით.
4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 62, მე-7 და მე-10 ნაწილებით (6. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 62. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 10. ამ მუხლის მე-6, 62 და მე-7-მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით) გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის მძღოლის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით. ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზარალი გამოწვეულია თავად დამზღვევის (მოსარჩელის) მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა დასტურდება, როგორც თვით შემთხვევის განვითარების მექანიზმის, ისე - მოპასუხის მიერ ჩატარებული ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზით, კერძოდ, 06.12.2017 წლის შპს „ტ. და პ.კ.ე.ც–ის“ N33/017ატ/ტრ ექსპერტიზის დასკვნით (ტომი 1; ს.ფ. 38-48), რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა ავტომობილ „კია ოპტიმას“ ტექნიკური გაუმართაობით. ავტომობილის საჭის მექანიზმი და სავალი ნაწილი (სამუხრუჭე სისტემა) ტექნიკურად გამართულია. „კია ოპტიმას“ მძღოლმა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილის მართვისას უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის დაცვის შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მას შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. აღნიშნული გახდა მიზეზი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევისა. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ჩამოყალიბებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, რომლის თანახმად, მძღოლმა ავტომობილის მართვისას დაარღვია გასათვალისწინებელი პირობები (საგზაო პირობები და მოძრაობის სიჩქარე) და დროის მცირე მონაკვეთში დაახლოებით 2.5წმ–ში უყურადღებოდ დატოვა მოძრავი ავტომობილი. ექსპერტი მათემატიკური ფორმულების გამოყენებით მიდის იმ დასკვნამდე, რომ მძღოლს ჰქონდა დაგვიანებული რეაქცია, რაც ადასტურებს იმას, რომ მძღოლმა გარკვეული პერიოდის მანძილზე უყურადღებოდ დატოვა მოძრავი ავტომობილი. ამასთან, გამოთვლებითა და გზის პარამეტრების გათვალისწინებით (სიგანე, სიმრუდის რადიუსი, ხილვადობა) ექსპერტი უთითებს, რომ დასაშვები მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობისას გზა არ არის საფრთხის მატარებელი და რომ გზის ამ მონაკვეთზე სავალი გზის დაზიანებული გვერდული მძღოლის მიერ მითითებული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ხილვადობის არის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს საფრთხეს. ექსპერტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ, თუ მძღოლი იმოძრავებდა დასაშვები მაქსიმალური სიჩქარით და გაითვალისწინებდა მოძრაობის პირობებს, შეძლებდა შეჯახების თავიდან აცილებას.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მძღოლი მიუთითებდა გზის სავალ ნაწილზე არსებული ორმოს აცილების მიზნით მანევრის შესრულებაზე. აღნიშნული გამოირიცხა ექსპერტიზის დასკვნით, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ მან შეისწავლა შემთხვევის ადგილი, სქემა, დაზიანებული ავტომობილი, ფოტომასალა, ხილვადობის არე, ავტომობილების გადაადგილება და საჯარიმო ქვითარი, რის საფუძველზეც მძღოლის ახსნა-განმარტებაში მითითებული მიზეზით – „№31ა განათების ბოძთან ავარიდე გზის სავალ ნაწილზე არსებულ ორმოს, რის გამოც ვერ დავიმორჩილე საჭე და შევეჯახე ავტომანქანა ოპელს, რომელიც საპირისპირო მიმართულებაზე გზის სავალი ნაწილიდან იყო გადასული მიწის საფარზე და იყო გაჩერებულ მდგომარეობაში“ - ავარიის მექანიზმის განვითარება მისაღები არ არის. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ავტომობილებზე მიღებული დაზიანებების ფორმა და ხასიათი არ შეესაბამება გზის სავალ ნაწილზე არსებული დაზიანების მიმართ მანევრირებით გადაადგილებული ავტომობილის შეჯახებით გამოწვეულ დაზიანებებს. პალატამ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ამ დასკვნით დადგენილი გარემოების გამომრიცხავი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
7. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ექსპერტის დასკვნის დაუსაბუთებლობაზე არ მიუთითებს ის გარემოება, რომ ექსპერტი არ აკონკრეტებს მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეს. უდავოა, რომ ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა ავტოსაგზაო შემთხვევის ის მექანიზმი, რაც მოსარჩელის მძღოლს ჰქონდა აღწერილი თავის ახსნა-განმარტებაში. ფაქტია, რომ, თუ მძღოლი გაითვალისწინებდა მოძრაობის პირობებს და ამის შესაბამისად შეარჩევდა სიჩქარეს, ის შეძლებდა, თუნდაც მისი სავალი ზოლის გვერდულზე არსებული დაზიანების გათვალისწინებით, მანევრის სწორად განხორციელებას, რა დროსაც თავიდან აიცილებდა გზის საპირისპირო ზოლის მიმდებარე მიწის საფარზე გადასვლას და იქ გაჩერებულ ავტომანქანაზე შეჯახებას. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე (1. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება; 2. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს). მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება, რომ შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ბრალეულმა ქმედებამ - უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც გამოიხატა ავტომანქანის სიჩქარის არასწორ შერჩევასა და მანევრირების წესების დარღვევაში, 2.5 წამის განმავლობაში ავტომობილის უყურადღებოდ დატოვებაში, რა დროსაც იგი გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა გზის საპირისპირო ზოლის მიმდებარე მიწის საფარზე გაჩერებულ ავტომანქანას.
8. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1. მუხლზე (მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით), რომლითაც გათვალისწინებულია მანევრებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები და რომლებიც მძღოლებს ავალდებულებს მანევრის იმდაგვარად განხორციელებას, რომ ამით საფრთხე არ შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. 2017 წლის 6 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს მითითებას უხეშ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით და უთითებს მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევაზე, რაც ვერ გაიგივდება უხეშ გაუფრთხილებლობასთან. მძღოლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ სუბიექტად მიჩნევა ავტომატურად არ გულისხმობს უხეშ გაუფრთხილებლობას;
14.2. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მძღოლი დასაშვები სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდა;
14.3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ განასხვავებს მარტივი და უხეში გაუფრთხილებლობის სახეებს. შესაბამისად, საქმის გარემოებების დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს სახეზეა მარტივი თუ უხეში გაუფრთხილებლობა;
14.4. თავად ექსპერტს შენიშვნის სახით დაფიქსირებული აქვს, რომ თანდართულ სქემას არ ახლავს დათვალიერების ოქმი, სქემაზე არ არის მითითებული შეჯახების სავარაუდო ადგილი, არ არის დაკონკრეტებული გაჩერებული ავტომანქანისა და გზის კიდესთან არსებული დაზიანებული გზის ზედაპირის სიდიდე და მდებარეობა ათვლის წერტილიდან, რაც აღწერდა შეჯახების ფორმას, ხასიათს, შემთხვევის მონაკვეთს. მთელი რიგი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის შეუძლებლობის პირობებში, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, რამდენად იყო შესაძლებელი მსგავსი შინაარსის ექსპერტიზის დასკვნის შედგენა და მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის დადგენა;
14.5. კასატორს მიაჩნია, რომ სახეზეა მარტივი გაუფრთხილებლობა.
15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 799.1. [დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება] და 820-ე [ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით] მუხლები.
16. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი). დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
17. საკასაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადაზღვევო პირობების მე-5 მუხლით (საერთო გამონაკლისები) გათვალისწინებული იქნა ის გამონაკლისები (გარემოებები), რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, ამასთან, გამონაკლისები ეხებოდა დაზღვევის მთელ ხელშეკრულებას (ხელშეკრულებას, პირობებს და პოლისს), ხოლო 5.1.17. პუნქტით განისაზღვრა, რომ ყველა სხვა შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი).
19. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
20. ამდენად, მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე პირობაში კანონზე მითითებით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება დამზღვევის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევისას.
21. კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, სახეზეა უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობა.
22. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.
23. საკასაციო პალატის განმარტებით, გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ბრალეულმა ქმედებამ - უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც გამოიხატა ავტომანქანის სიჩქარის არასწორ შერჩევასა და მანევრირების წესების დარღვევაში, 2.5 წამის განმავლობაში ავტომობილის უყურადღებოდ დატოვებაში, რა დროსაც იგი გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა გზის საპირისპირო ზოლის მიმდებარე მიწის საფარზე გაჩერებულ ავტომანქანას. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საგზაო მოძრაობის წესების ასეთი დარღვევა შეიძლება შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად. მოცემულ შემთხვევაში დამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი