საქმე №ას-941-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჯ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მუსიკალური ცენტრი“, „ცენტრი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (რომლითაც ლ.ჯ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცენტრის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვის თაობაზე ცნობილი იქნა უკანონოდ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ცენტრში სოლისტის თანამდებობაზე; ცენტრს დაეკისრა მოსარჩელისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებით განაცდური ხელფასის, თვეში ხელზე ასაღები 640 ლარის, ანაზღაურება; სარჩელი დისკრიმინაციის დადგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა) მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მუსიკალური ცენტრის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის ნაწილში. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 03 იანვრიდან მოსარჩელე მუშაობდა მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტად;
2.2. 2014 წლის 03 იანვრიდან მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 800 ლარს (ხელზე ასაღები 640 ლარი);
2.3. 2015 წლის 21 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ ირიცხებოდა მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურის აბიტურიენტთა სიაში, იტალიის საელჩომ მისცა სასწავლო ვიზა და საგამოცდო რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადებულიყო 2015 წლის 1 სექტემბერს. ხელშეწყობის მიზნით ცენტრისაგან მოითხოვა სწავლის დაფინანსება, ასევე, სამუშაო ადგილისა და ხელფასის შენარჩუნება (ს.ფ.25);
2.4. 2015 წლის 26 აგვისტოს მუსიკალურ ცენტრში გაიმართა მოსარჩელის საზღვარგარეთ წარგზავნისა და დაფინანსების მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსარჩელე წარგზავნილიყო მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიაში ასპირანტურის 2015-2016 აკადემიური წლის მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება მომხდარიყო ცენტრის ბიუჯეტიდან (ს. ფ. 60-61). ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს გამოეყო 2242 ევრო და 1350 ლარი;
2.5. მოსარჩელემ, ნაცვლად მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურისა, ჩააბარა ქ. მილანში, კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში ორწლიან სწავლებაზე, რომლის თაობაზე ცენტრის დირექტორს 2015 წლის 15 სექტემბერს აცნობა ამავე სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა მ.ჯ–მა და მოითხოვა მოსარჩელეს შეჩერებოდა შრომითი ხელშეკრულება;
2.6. მუსიკალური ცენტრის დირექტორის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით მოსარჩელეს 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა და დადგინდა, რომ ამ პერიოდში არ მისცემოდა შრომის ანაზღაურება. დირექტორმა 2015 წლის 15 სექტემბრის №190ა ბრძანება მიიღო ამავე ცენტრის საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელის მ.ჯ–ის 2015 წლის 15 სექტემბრის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად (იხ. ბრძანება, ს/ფ 141-142);
2.7. საქმეში წარმოდგენილი კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის ადმინისტრაციის 2015 წლის 20 ოქტომბრის წერილით აჭარის კულტურის სამინისტროსა და მუსიკალურ ცენტრს ეცნობა, რომ მოსარჩელე მიღებული იყო მათ სასწავლებელში, სწავლება შეადგენდა ორწლიან კურსს, მათ შორის, პირველი კურსის სწავლება მოიცავდა 2015 წლის 15 სექტემბერიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს;
2.8. კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის პირველი კურსი მოსარჩელემ დაასრულა 2016 წლის 30 ივნისს. მეორე კურსზე სწავლის გაგრძელების გამო, 2016 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს მ.ჯ–ს და კვლავ მოითხოვა სამუშაო ადგილის შენარჩუნება, რომელმაც, თავის მხრივ, 2016 წლის 12 ივლისის მოხსენებითი (სამსახურებრივი) ბარათით მიმართა დირექტორს და ითხოვა, სწავლის გაგრძელების მიზეზით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერება (ს.ფ. 50-51). ამასთან, თავად კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის ადმინისტრაციის წერილით მუსიკალურ ცენტრს ეცნობა, რომ მოსარჩელე სწავლობდა მეორე კურსზე და რომ სასწავლო წელი გრძელდებოდა 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე;
2.9. მუსიკალური ცენტრის დირექტორის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 1 ივლისს, თუმცა კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის სპეციალიზირებული ასპირანტურის ორწლიანი კურსი დაასრულა 2017 წლის 08 ნოემბერს, ხოლო სამსახურში გამოცხადდა 2017 წლის დეკემბერში, რა დროსაც ზეპირად განუმარტეს, რომ ის სამსახურიდან დათხოვნილი იყო 2016 წლის 1 ივლისიდან. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე წერილობითი გადაწყვეტილება მოპასუხეს არ მიუღია;
2.10. იტალიის ქალაქ მილანში, კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2015-2016 და 2016-2017 წლებში წარმატებით გაიარა სასწავლო კურსი კლასიკური მუსიკის ინსტიტუტში და გამოცდა საბოლოოდ ჩააბარა 08.11.2017 წელს (იხ. ცნობა, ს.ფ. 67).
3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია სამსახურიდან დათხოვის თაობაზე მოპასუხის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა და ასეთი გადაწყვეტილების გამოტანით სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მუსიკალური ცენტრის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობით სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
4. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა მოპასუხეს, რომ მუსიკალური ცენტრის დირექტორის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება, რომლითაც 2015 წლის 15 სექტემბერიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში მოსარჩელეს შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა, წარმოადგენდა საკმარის საფუძველს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის და დამატებით, დასაქმებულის გაფრთხილების და წერილობითი დოკუმენტის გამოცემის აუცილებლობა არ არსებობდა.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე-51-ე, 355-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება დასაქმებულისათვის შეტყობინების ჩაბარება, შეტყობინება ჩაბარებულად არ მიიჩნევა.
6. სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმდევრობით დადებული მრავალჯერადი ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელე დამსაქმებელთან უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა. ამასთან, დამსაქმებელს 2016 წლის 1 ივლისიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არც წერილობითი გადაწყვეტილება გამოუცია და არც რაიმე ფორმით შეტყობინება გაუგზავნია მოსარჩელისთვის. აღნიშნული ადასტურებდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი არ ყოფილა და იგი კვლავ მუსიკალურ ცენტრთან შრომით ურთიერთობაში მყოფ სოლისტს წარმოადგენდა.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველო შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით და აღნიშნა, რომ 2016 წლის 30 ივნისის განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით სამსახურის შენარჩუნება ანუ სახეზეა სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილი. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი განცხადება მიუვიდა ადრესატს, თუმცა რაიმე პასუხი დამსაქმებლისაგან არ მიუღია. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სსკ-ის 51.2 მუხლი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების უარყოფის უფლებას აძლევს, რაც დამსაქმებელს არ განუხორციელებია, აღნიშნული ადასტურებდა, რომ დასაქმებულს ჰქონდა სამუშაო ადგილის შენარჩუნების გონივრული მოლოდინი. ეს კი გამორიცხავდა 2016 წლის 1 ივლისიდან სამუშაოზე გამოუცხადებლობით შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. შესაბამისად, სასამართლომ დამსაქმებლის ქმედება, რომლითაც მოსარჩელეს შეეზღუდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 2018 წლის იანვრიდან სამუშაოზე დაშვება, უკანონოდ მიიჩნია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მუსიკალურ ცენტრში სოლისტის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე - დასაბუთებულად.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. 2021 წლის 19 მაისს მოპასუხემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 927,6 ლარის და საკასაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 544 ლარის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ ცენტრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ორგანიზაცია, ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ აქვს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს, რომელზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის დანარჩენ მოთხოვნებს. ამასთან, მას არ მოუთხოვია გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია;
14.2. მუსიკალური ცენტრის დირექტორის 2015 წლის 15 სექტემბრის №190ა ბრძანების თანახმად, მოსარჩელე სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 1 ივლისს, თუმცა მან დამსაქმებელთან შეუთანხმებლად სწავლა გააგრძელა იტალიაში, რომელიც იწყებოდა 2016 წლის 10 ოქტომბერს და სრულებოდა 2017 წლის 30 ივნისს. სამსახურში გამოუცხადებლობა შრომითი ურთიერთობის დარღვევაა და დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს. მოსარჩელის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებით და დამსაქმებლის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ვერ ჩაითვლება დასაქმებულის საპატიო მიზეზად. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. კოდექსი არ ითვალისწინებს დისციპლინური დარღვევის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებულის გაფრთხილების ვალდებულებას წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. მოპასუხეს დისციპლინური დარღვევის გამო უფლება ჰქონდა შეტყობინების გარეშე მოსარჩელისთვის ცალმხრივად შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელეს აღარ გაუფორმა მორიგი ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება;
14.3. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა მეორე წელსაც შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოლოდინი. რადგან დამსაქმებელს დასაქმებულისთვის დადებითი პასუხი არ გაუგზავნია და არც შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე ბრძანება არ გამოუცია, რაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაა, აღნიშნული ქმედება უთანაბრდებოდა უარის თქმას;
14.4. სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები - მოპასუხის მიერ გაცემული 12.09.2016 წ. №91601064075 ცნობა, რომ მოსარჩელე 2007 წლის 03 იანვრიდან ნამდვილად მუშაობდა მუსიკალურ ცენტრში სოლისტად და 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით იტალიაში სწავლასთან დაკავშირებით შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა და 19.04.2017წ. №01700369744 ცნობა, რომ მოსარჩელე 2007 წლის 03 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე ნამდვილად მუშაობდა მუსიკალურ ცენტრში სოლისტად, შემდგომ მან სწავლა გააგრძელა იტალიაში. სწავლის დასრულების შემდგომ, მისი პირადი განცხადების საფუძველზე, შესაბამისი წესების დაცვით მიღებული იქნებოდა საოპერო დასის სოლისტად. აღნიშნულით მოსარჩელეს ეცნობა 2016 წლის 01 ივლისიდან სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ, რაც მას სადავოდ არ გაუხდია;
14.5. სასამართლომ არ განმარტა, მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის რომელი თანამშრომელი ექვემდებარება თანამდებობიდან განთავისუფლებას მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის გამო, როგორც მის ადგილზე დანიშნული. საოპერო დასის სოლისტის 16 საშტატო ერთეულიდან არცერთი არ არის ვაკანტური;
14.6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე №ას-1083-1020-2015);
14.7. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა მისი სამუშაოზე გამოცხადების ზუსტი თარიღი;
14.8. კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის 2015 წლის 22 ოქტომბრის №192ა კორესპონდენციით დგინდება, რომ ორწლიანი კურსი თავიდანვე მთლიანობაში მოიცავდა სასწავლო პერიოდს, რომელიც იწყებოდა 2015 წლის 12 ოქტომბერს და სრულდებოდა 2016 წლის 30 ივნისს და, გამომდინარე აქედან, არ წარმოადგენდა კალენდარულ წელს.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრების კანონიერება.
16. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არამართლზომიერი საფუძვლით უთხრა უარი სამუშაოზე დაშვებაზე.
17. დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო. სშკ-ის 36.1. მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. კერძოდ, დადგენილია, რომ მუსიკალური ცენტრის დირექტორის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით მოსარჩელეს 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა და დადგინდა, რომ ამ პერიოდში არ მისცემოდა შრომის ანაზღაურება (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6. ქვეპუნქტი). დადგენილია ისიც, რომ კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის პირველი კურსი მოსარჩელემ დაასრულა 2016 წლის 30 ივნისს. მეორე კურსზე სწავლის გაგრძელების გამო, 2016 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს მ.ჯ–ს და კვლავ მოითხოვა სამუშაო ადგილის შენარჩუნება, რომელმაც, თავის მხრივ, 2016 წლის 12 ივლისის მოხსენებითი (სამსახურებრივი) ბარათით მიმართა დირექტორს და ითხოვა, სწავლის გაგრძელების მიზეზით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერება (იხ. წინამდებარე განჩინების 2.8. ქვეპუნქტი). ამასთან, იტალიის ქალაქ მილანში, კლაუდიო აბადოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2015-2016 და 2016-2017 წლებში წარმატებით გაიარა სასწავლო კურსი კლასიკური მუსიკის ინსტიტუტში და გამოცდა საბოლოოდ ჩააბარა 08.11.2017 წელს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.10 ქვეპუნქტი).
18. კასატორი მიიჩნევს, რომ მუსიკალური ცენტრის დირექტორის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანების თანახმად, მოსარჩელე სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 1 ივლისს, თუმცა მან დამსაქმებელთან შეუთანხმებლად სწავლა გააგრძელა იტალიაში. რადგან დამსაქმებელს დასაქმებულისთვის დადებითი პასუხი არ გაუგზავნია და არც შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე ბრძანება გამოუცია, აღნიშნული ქმედება უთანაბრდებოდა უარის თქმას. მოსარჩელის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებით და დამსაქმებლის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ვერ ჩაითვლება დასაქმებულის საპატიო მიზეზად. ამასთან, მოპასუხეს დისციპლინური დარღვევის გამო უფლება ჰქონდა შეტყობინების გარეშე მოსარჩელისთვის ცალმხრივად შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელეს აღარ გაუფორმა მორიგი ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება.
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ დასაქმებულის უფლებების დაცვის მიზნით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის მართლზომიერებას, ასევე - პროცედურის კანონშესაბამისობას.
20. დასაქმების დაცვის უფლება შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას - შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აქტები, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-549-517-2010, 19 ოქტომბერი, 2010წ). ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამართლიან ანაზღაურებაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, იყოს გონივრული ვადით ადრე ინფორმირებული მისი დასაქმების შეწყვეტის შესახებ [რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის №1876-რს დადგენილებით]. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე წინასწარი შეტყობინების /გაფრთხილების/ ვალდებულება ადმინისტრაციის მხრიდან, წარმოადგენს მუშაკის კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ გარანტიას, მომზადებული შეხვდეს სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტს, რომ ეს არ იყოს მისთვის მოულოდნელი (იხ. სუსგ №ბს-822-788(კ-06), 6 თებერვალი, 2007წ.). დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნა შეტყობინებისა და მისგან ახსნა–განმარტების მიღების გარეშე. გამონაკლისია მძიმე გადაცდომა, რაც მიზანშეუწონელს ხდის მასთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას, და, შესაბამისად, არ არსებობს დასაქმებულისაგან გასამართლებელი პასუხის მიღების აუცილებლობა. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც, მაგალითად, დასაქმებულის მიერ საწარმოსათვის მიყენებული ზიანი საკმაოდ მძიმეა და აშკარაა, რომ მისი წინასწარი გაფრთხილება და მისგან ახსნა–განმარტების მოსმენა მიზანშეუწონელია (იხ. სუსგ №ას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წ.). უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განმარტებები შეესაბამება „დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმების შეწყვეტის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის №158 კონვენციის მე–7 მუხლის სულისკვეთებას, რომლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნა მიზეზით, რომელიც უკავშირდება მის მიერ სამუშაოს შესრულებას ან სამუშაოზე მის ქცევას, მანამ სანამ დასაქმებულს არ მიეცემა თავის გამართლების საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამსაქმებელს არ შეიძლება კეთილგონივრულად მოეთხოვოს დასაქმებულისთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემა. აღნიშნული კონვენცია საქართველოს მიერ რატიფიცირებული არ არის, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად, თუმცა, კონვენციაში ასახული სტანდარტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომის კოდექსის ნორმების განმარტების პროცესში, როგორც არაპირდაპირი წყარო და საფუძვლად დაედოს სამოსამართლო სამართლის განვითარებას (იხ. სუსგ საქმე № ას-864-831-2016, 11 ოქტომბერი, 2017 წელი).
21. ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია ხელშეკრულების კანონით დადგენილი წესით შეწყვეტა. ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღება-სავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა. ამდენად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ყოველთვის მოითხოვს შეწყვეტის შესახებ შეტყობინების განხორციელებას. სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. თუმცა ეს ნორმა არ მოითხოვს გარკვეული ფორმის დაცვას. ვინაიდან შეტყობინებისათვის სავალდებულო ფორმას არც შრომის კოდექსი აწესებს, ამიტომ, ზეპირი შეტყობინება, როგორც ფორმადაუცველი, ბათილად ვერ მიიჩნევა, მაგრამ მისი დადასტურება, მტკიცების თვალსაზრისით, რთულია. შეტყობინების ჩაბარების დადასტურება კი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმის მნიშვნელობის შესახებ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საინტერესოა საქართველოს სამართლებრივ სივრცეში იურიდიული ძალის არმქონე №166-ე რეკომენდაციაში მოცემული დებულება. რეკომენდაციის მე-12 პარაგრაფის თანახმად, შრომის ხელშეკრულება წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უნდა შეწდეს. კერძოდ, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს წერილობით შეატყობინოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. მოცემულ ვითარებაში, №166-ე რეკომენდაციის გამოყენება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის შრომითსამართლებრივ ჭრილში ინტერპრეტაციის მიზნებისათვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება დასაქმებულისათვის შეტყობინების ჩაბარება, შეტყობინება ჩაბარებულად არ მიიჩნევა (იხ. „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 255).
22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმდევრობით დადებული მრავალჯერადი ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელე დამსაქმებელთან უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა. ამასთან, დამსაქმებელს 2016 წლის 1 ივლისიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არც წერილობითი გადაწყვეტილება გამოუცია და არც რაიმე ფორმით შეტყობინება გაუგზავნია მოსარჩელისთვის. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის და იგი კვლავ მუსიკალურ ცენტრთან შრომით ურთიერთობაში მყოფ სოლისტს წარმოადგენს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ 2016 წლის 30 ივნისის განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით სამსახურის შენარჩუნება, რაზეც დამსაქმებელს პასუხი არ გაუცია. აღნიშნულმა კი მოსარჩელეს შეუქმნა სამუშაო ადგილის შენარჩუნების გონივრული მოლოდინი, რაც გამორიცხავდა 2016 წლის 1 ივლისიდან სამუშაოზე გამოუცხადებლობით შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. რაც შეეხება მოპასუხის განცხადებას სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მუსიკალური ცენტრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ორგანიზაცია და ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წარმოდგენილია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (თავი VI), რომლის შესწავლის შედეგად არ დასტურდება, რომ მუსიკალური ცენტრი ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 544 ლარის 70% – 380,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 10 ივლისს №05776 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 544 ლარის 70% – 380,8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი