საქმე №ას-1144-2023 20 დეკემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - იბა „...ა–ი ...“, ი.წ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ძე (მოსარჩელე)
მოპასუხეები - გ.ჩ–ა, ც.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება, უძრავი ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ა–ძის სარჩელი შპს „ე.კ“-ის წინააღმდეგ, სახელფასო სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება, უძრავი ქონების მიკუთვნების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 და 04 მაისის განჩინებებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც მხარეებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შესავსებად დაგენილი ვადის გასვლის გამო.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, რომლითაც მოითხოვეს განჩინების გაუქმება.
6. კერძო საჩივრის ავტორების შედავება დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტეზე: 1) სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ორჯერ გაეგზავნა მხოლოდ ი.წ–ძეს, თუმცა რადგან საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კარი კოდირებულია, კურიერი ვერ მიაკითხავდა სახლის კართან, ამიტომ კურიერს უნდა დაერეკა ადრესატისთვის; 2) სასამართლო სატელეფონო კომუნიკაციის გზით არ დაკავშირებია საჩივრის ავტორს, მაშინ, როდესაც ტელეფონის ნომერი მითითებულია საქმეში; 3) სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა - უწყების ჩაბარება მუნიციპალური ორგანოსთვის დავალების გზით; 4) სასამართლოს თანამშრომლებს წარმოამდგენელთან ჰქონდათ ხშირი კომუნიკაცია და შეეძლოთ მისთვის განჩინების ჩაბარება, რაც არ მომხდარა. 5) სასამართლომ ნათია ქაჯაიას განჩინებები გაუგზავნა ფოსტის მეშვეობით, რომლებიც ადრესატს ჩაბარდა 16 ივნისს, აპელანტებმა კი დროულად შეავსეს ხარვეზი. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორი თვლის, რომ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან დაიღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.
7. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივნისის განჩინებაში დაშვებული შეცდომა ტექნიკური არ არის, იგი განჩინების შინაარსს უკავშირდება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივნისის განჩინებით მას საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაერღვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. . სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
14. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 10 ივლისის განჩინების შემოწმება.
18. ზემოაღნიშნული ნორმების სისტემური განმარტების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაიცვას რაიმე სახის თანმიმდევრობა გზავნილის/უწყების ჩაბარების დროს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასევე, თუ კი საქმეში თავად მხარის მიერაა მითითებული მისამართი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული იმპერატიული რეგულირებით სასამართლო უწყების ზედიზედ ორჯერ ჩაუბარებლობა იურიდიული ფიქციის საფუძველზე გულისხმობს ჩაბარებას, მიუხედავად იმისა, რეალურად ჩაბარდა თუ არა მხარეს გზავნილი.
19. საჩივრის ავტორის შედავება სადარბაზოს კარის ჩაკეტვის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მსჯელობა, რომ „სადარბაზოში შესვლაც ვერ მოხერხდებოდა, თუ არ მოხდებოდა ი.წ–ძის ტელეფონზე დაკავშირება...“ წარმოადგენს ჰიპოთეტურ, დაუსაბუთებელ მოსაზრებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად საჩივრის ავტორი მიუთითებს ადრესატის მეზობლის მიერ კურიერისთვის განმარტების მიცემაზე, რაც გულისხმობს, რომ კურიერი შეეცადა ადრესატის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.
20. რაც შეეხება მუნიციპალური ორგანოსთვის დავალების მიცემას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მხარეს არ მიუთითებია თავისი მისამართი სასამართლოსთვის, ან ასეთი მისამართი უცნობია. თუ კი მხარე თავად უთითებს მისამართს, ამ საქმის მიზნებისთვის, ეს ვითარება ვეღარ მოექცევა სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოწესრიგების სფეროში, რადგან წინსწრებულად მოქმედებს 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ზედიზედ გაგზავნილი უწყება ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად.
21. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოს მოხელეს შეეძლო განჩინება წარმომადგენელთან ხშირი კომუნიკაციის არსებობის პირობებში მისთვის ეცნობებინა. საკასაციო პალატა ვერც ამ არგუმენტს გაიზიარებს, რადგან სასამართლო არაა ვალდებული დამატებით განაგრძოს მოქმედებები იმ შემთხვევაში, თუ კი ჩაბარების მიზნები ერთი საშუალების გამოყენებითაც შესაძლებელია მიიღწეს. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ აპელანტს მითითებული ჰქონდა საკუთარი მისამართი, სასამართლომ შეასრულა თავისი საპროცესო ვალდებულება - ორჯერ გაუგზავნა მხარეს განჩინება და სწორედ ამის შემდგომ, რადგან მხარეს ჩაბარდა განჩინება, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ არაკანონიერად მიიღო განჩინება, საფუძველსმოკლებულია.
22. რაც შეეხება დადგენილი ხარვეზის ვადებს, სააპელაციო პალატამ აპელანტებს განჩინება ჩააბარა 2023 წლის 29 მაისს, შესაბამისად, დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 30 მაისს და ამოიწურა 2023 წლის 08 ივნისს, რა პერიოდის მანძინლზეც აპელანტებს არ მიუმართავთ სასამართლოსთვის, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დადგენლი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იბა „... ა–ი ...“-სა და ი.წ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე