№ა-4508-შ-123-2023
15 თებერვალი, 2024 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქ. ბობროვის საერთაშორისო სასამართლო
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქ. ბობროვის საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის რეზოლუციის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქ. ბობროვის საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის რეზოლუციით 1994 წლის 22 სექტემბერს დაბადებული ვ.კ–ნი მიჩნეულ იქნა დამნაშავედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში; ვ.კ–ნს ჩამოერთვა მართვის უფლება 1 წლით და 6 თვით და დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 30 000 რუბლის ოდენობით.
2023 წლის 1 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქ. ბ–ის საერთაშორისო სასამართლოდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილ იქნა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქ. ბ–ის საერთაშორისო სასამართლოს რეზოლუცია, ვ.კ–ნისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინა ვ.კ–ნის ფაქტობრივი მისამართი, შესაძლებლობის შემთხვევაში ვ.კ–ნის პირადი ნომერიც, რათა სასამართლოს უზრუნველეყო მისთვის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება.
საკასაციო პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინების ნათარგმნი და დამოწმებული ასლი შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა საფოსტო გზავნილი დაბრუნდა უკან იმ მიზეზით, რომ ვერ მოხერხდა მისი გაგზავნა რუსეთის ფედერაციაში (იხ. შპს „ს.კ.ს–ის“ წერილი). ზემოაღნიშნული განჩინება რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქ. ბობროვის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ელეტრონულ ფოსტაზე bobrovsky.vrn@... გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორს 2024 წლის 18 იანვარს. შუამდგომლობის ავტორმა (გენერალური განყოფილების უფროსი ნ.მ–ა) 2024 წლის 18 იანვარს დაადასტურა გზავნილის მიღება. 2024 წლის 19 იანვარს შუამდგომლობის ავტორის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილია მომართვა, სადაც მოწინააღმდეგე მხარე ვ.კ–ნის მისამართად მითითებულია საქართველოს რესპუბლიკა, ქ. ახალქალაქი, კორპუსი 8, ასევე მითითებულია ტელეფონის ნომერი: ........
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინა ვ.კ–ნის ფაქტობრივი მისამართი, შესაძლებლობის შემთხვევაში ვ.კ–ნის პირადი ნომერიც, რათა სასამართლოს უზრუნველეყო მისთვის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.
ზემოაღნიშნული განჩინებისა და მისი თარგმანის ასლები შუამდგომლობის ავტორს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე - bobrovsky.vrn@.... გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 18 იანვარს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მართალია შუამდგომლობის ავტორმა მომართა საკასაციო პალტას, თუმცა მის მიერ მოწინააღდეგე მხარის მისამართად მითითებული „საქართველოს რესპუბლიკა, ქ. ახალქალაქი, .......“, იდენტურია საქმის მასალებში არსებული მისამართისა, რომელიც არასრულია და ხარეზის დადგენის საფუძველი გახდა. შუამდგომლობის ავტორის მიერ ასევე მითითებულია მოწინააღმდეგე მხარის ტელეფონის ნომერი: ......., რომელზე დაკავშირებაც ვერ მოხერხდა. შესაბამისად, აღნიშნული მომართვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული ხარვეზის შევსებად.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს მოწინააღმდეგე მხარის საქმის განხილვის შესახებ ინფორმირების მიზნით საკმარის და სწორ ინფორმაციას, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქ. ბობროვის საერთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქ. ბობროვის საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის რეზოლუციის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და განემარტოს, რომ განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით კვლავ აღძრას შუამდგომლობა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია