საქმე №ას-892-2021 22 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ჯ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.შ–ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ჯ–მა (შემდეგ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.გ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, გაიხსნას მისი უძრავი ქონების (ს/კ ....... და ს/კ .......) აუცილებელი გზა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ........) (არსებული შენობა-ნაგებობის არსებობამდე) და ეს გზა გათავისუფლდეს ქვა-ღორღის, ავტომანქანისა და მოპასუხის მიერ დასმული რკინის მილებისგან; მოპასუხეს 2018 წლის აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის ყოველთვიურად 1300 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აღეკვეთა მოპასუხეს ხელშეშლა მოსარჩელის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდებით – №......და №........ – რეგისტრირებული უძრავი ნივთების სარგებლობაში და უძრავი ნივთი (ს/კ №..........) მოპასუხის მიერ გათავისუფლებულ იქნა ქვა-ღორღის, ავტომანქანისა და რკინის მილებისგან; მოპასუხისათვის მიუღებელი საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ თ.შ–ია (შემდგომ – პირველი უფლებამონაცვლე, მოწინააღმდეგე მხარე) და თ.ა–ძე (შემდგომ – მეორე უფლებამონაცვლე).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აღეკვეთა მოპასუხეს ხელშეშლა პირველი უფლებამონაცვლის მიერ საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდებით: №...... და №...... რეგისტრირებული უძრავი ნივთების სარგებლობაში და ამ უკანასკნელს მიეცა ნებართვა, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი (უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით – №....) გამოიყენოს აუცილებელი გზის სახით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 29 ივლისის დასკვნის №1 დანართში მითითებული ვარიანტის მიხედვით; უძრავი ნივთი (ს/კ №.......) მოპასუხის მიერ გათავისუფლდეს ქვა-ღორღის, ავტომანქანისა და რკინის მილებისგან; მეორე უფლებამონაცვლის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმისწარმოება.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სხვის ნივთზე უფლების წარმოშობის საფუძვლად მიიჩნია 2013 წლის 30 იანვარს მ.ჯ–ძესა (შემდგომ – ქონების თავდაპირველი მესაკუთრე) და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება, რომლითაც მოპასუხეს აღებული აქვს ვალდებულება, მოსარჩელეს მისცეს მოპასუხის კუთვნილი სადავო გზით სარგებლობის შესაძლებლობა. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების საფუძვლად მიიჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობა, სასამართლომ ამით ფაქტობრივად დაადგინა სერვიტუტის უფლება, თუმცა, ვინაიდან საჯარო რეესტრში 2013 წლის 30 იანვარს თავდაპირველ მესაკუთრესა და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება არ დარეგისტრირებულა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 247-ე, 183-ე მითითებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის ნივთზე უფლების წარმოშობის საფუძველს 2013 წლის 30 იანვარს დადებული გარიგება წარმოადგენდა.
7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სარეზოლუციო ნაწილი ზოგადი და ბუნდოვანია, არ არის მითითებული მოპასუხისათვის დავალებული ხელშეშლის აღკვეთის სახე. ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზასთან, ხოლო ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელია მეზობელი (მოპასუხის კუთვნილი) ნაკვეთით სარგებლობა, მოსარჩელემ ფაქტობრივად მოითხოვა აუცილებელი გზის უფლების რეალიზაცია.
8. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 180-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2020 წლის 29 მაისს მომზადებული №003599520 ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, ფაქტების კონსტატაციის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული 2018 წლის 18 მაისის ოქმით, დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას საჯარო გზებთან კავშირი არ გააჩნია. ნივთიდან საჯარო გზასთან დაკავშირება კი, მოპასუხის კუთვნილი მეზობელი ნაკვეთის გავლის გარეშე, შეუძლებელია, შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მოპასუხის ნაკვეთზე გადაადგილების უფლება არ მიეცემა, იგი საკუთრებით ვეღარ ისარგებლებს და, არსებითად, მას დაკარგავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე, როგორც ფეხით, ისე ავტომობილით გადაადგილების ნება უნდა დაერთოს და მოპასუხის მხრიდან უნდა აღიკვეთოს მითითებულის ხელშეშლა. ამისთვის კი, ნაკვეთის ის მონაკვეთი, რომელიც აუცილებელია გადაადგილებისათვის, უნდა გათავისუფლდესს ქვა-ღორღის, ავტომანქანისა და რკინის მილებისაგან.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მეორე უფლებამონაცვლემ და განმარტა, რომ მას მიმდინარე დავაში არანაირი ინტერესი არ გააჩნდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მოთხოვნის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმისწარმოება.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. კასატორის მითითებით, სასამართლომ ჯეროვნად არ გამოიკვლია, ჰქონდა თუ არა სხვა აუცილებელი გზა №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და, მეორე, რომც არ ჰქონდეს, მოპასუხე არ არის ვალდებული, თავისი ნაკვეთიდან მისცეს გზა, რადგან, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
12. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ჰქონდა და დღემდე აქვს აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ უძრავი ქონება იყო ერთი პირის – მ.ჯ–ძის – საკუთრება და ამ ქონებას ჰქონდა აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. ასევე, დღევანდელი მონაცემებით, №......... საკადასტრო კოდით არსებულ უძრავ ქონებას აქვს შენობის პირველ სართულზე არსებული 39.64 კვ.მ ოდენობის ფართიდან (ს/კ ........) აუცილებელი საავტომობილო გზა და კავშირი .......... ქუჩასთან, ანუ ცენტრალურ გზასთან. ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, 39.64 კვ.მ ფართის (ს/კ ........) მესაკუთრე და აუცილებელი გზით მთხოვნელი უძრავი ქონების ს/კ №......... საკადასტრო კოდით თანამესაკუთრე არის ერთი და იგივე პიროვნება – მეორე უფლებამონაცვლე, რომელსაც თავისივე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან აქვს აუცილებელი გზა, თუმცა აუცილებელ გზას ითხოვს მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან.
13. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარის ჩართულობის გარეშე ექსპერტიზის წინაშე იმგვარად დასვა შეკითხვა, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მეორე უფლებამონაცლის კუთვნილი ფართის (ს/კ ......) გამოყენების თაობაზე საკითხი. სასამართლოს მიერ დასმული კითხვის ფორმულირებით ექსპერტიზა შეიზღუდა და იმსჯელა მხოლოდ კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გარშემო, საიდანაც მართლაც შესაძლებელია გზის მოწყობა, თუმცა აუცილებელი კავშირისათვის საჭირო სამანქანო და საფეხმავლო გზის მოწყობა შესაძლებელია ს/კ ......... მიწის ნაკვეთიდანაც, რომელიც რეგისტრირებულია მეორე უფლებამონაცვლის სახელზე.
14. სააპელაციო სასამართლომ დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც დაუსაბუთებლად უთხრა უარი, რამაც შემდგომ გამოიწვია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმესაფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება – დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. მოსარჩელის მოთხოვნის - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული.
20. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (სუსგ №ას-1869-2018, 25.10.2019წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს მეზობლის ინტერესებით თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოებების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.; №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).
22. მოპასუხის შედავების მიხედვით, მოსარჩელეს (მის უფლებამონაცვლეს) საშუალება აქვს სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან მისასვლელი გზა და ამისათვის მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის გზად გამოყენება არაა აუცილებელი, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა მოპასუხის უძრავი ქონების გამოყენებით აუცილებელი გზის დადგენის წინაპირობები.
23. პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი (ს/კ №.....), მდებარე ქ. თბილისში, ....... ქუჩის მიმდებარედ, ნაკვეთი 21/057, დაზუსტებული ფართობი 137 კვ.მ, რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2011 წლის 23 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება). 2018 წლის 16 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით №....., რომლის მისამართია თბილისი, .....შესასვლელი გზის მარჯვენა მხარე, დაზუსტებული ფართობი 280 კვ.მ, ისევე, როგორც, ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ნივთები, საკადასტრო კოდებით №......... და №....... (39.64 კვ.მ ფართი), 2018 წლის აპრილიდან რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრებად. 2020 წლის ნოემბერში მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №........, რეგისტრირებულია როგორც უფლებამონაცვლეების საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 2020 წლის 28 ოქტომბერსა და 2020 წლის 26 აგვისტოს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები). №......... უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მეორე უფლებამონაცვლის საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2020 წლის 28 ოქტომბერს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება), ხოლო უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №........., რეგისტრირებულია მოსარჩელის პირველი უფლებამონაცვლის - მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლება.
24. საქმეში არსებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ს/კ №....... მიწის ნაკვეთს არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი სამანქანო და საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან, ისე, რომ აღნიშნულმა გზამ არ გაიაროს სხვა მესაკუთრეების რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო, რაც შეეხება №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართს, აღნიშნული 184.18 კვ.მ უძრავი ქონებაა, რომელიც განთავსებულია №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მეორე სართულზე. №......... საკ.კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი სამანქანო და საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან ........ ქუჩიდან (იხ. დანართი №1). მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ №....... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო უმოკლესი და ოპტიმალური გზა კი შესაძლებელია მოეწყოს მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან იმ მიმართულებით როგორც ეს დანართ №1-ზე შინდისფერი ისრებით არის ნაჩვენები. ასევე, №...... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს №...... საკადასტრო კოდით რეგისტირირებული მიწის ნაკვეთიდანაც (იხ. დანართ №1-ზე ლურჯი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება), თუმცა აღნიშნული გზის მოსაწყობად საჭირო იქნება გარკვეული საიჟინრო ნაგებობების მოწყობა (დახრილი პანდუსი), რადგან №........ მიწის ნაკვეთის სამხრეთით მდებარე გზის ზედაპირსა და №.......... მიწის ნაკვეთის ზედაპირს შორის არის დიდი დონეთა შორის სხვაობა, ასევე, №......... მიწის ნაკვეთის სამხრეთ საზღვარზე გზის გასწვრივ განთავსებულია მწვანე ნარგავები, ელბოძები და გაზის მილი, შესაბამისად, საჭირო იქნება ნარგავების მოჭრა და კომუნიკაციების გადატანა. დანართ №1-ში მითითებული ვარიანტებით გზის მოწყობის შემთხვევაში საჭირო იქნება გზის მოწყობის პროექტის შედგენა კომპეტენტური საპროექტო სამსახურის მიერ სანშენებლო ნორმების და წესების გათვალისწინებით.
25. პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ №.......... უძრავ ქონებას საჯარო გზასთან კავშირი არ გააჩნია. უძრავი ქონებიდან საჯარო გზასთან დაკავშირება კი, მოპასუხის კუთვნილი მეზობელის ნაკვეთის გავლის გარეშე, შეუძლებელია. უდავოა, რომ მოსარჩელის (უფლებამონაცვლის) წვდომა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე შეფერხებულია მოპასუხის მიერ მის კუთვნილ ქონებაზე მოწყობილი დაბრკოლებების გამო. ამასთან, ეს უკანასკნელი დავობს იმ გარემოებაზე, რომ არსებობს ალტერნატიურლი ვარიანტი - ს/კ ........ მიწის ნაკვეთი, საიდანაც შესაძლებელია აუცილებელი გზის მოწყობა.
26. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას დაასაბუთებდა და დაამტკიცებდა, რომ ს/კ ...... მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია მოეწყოს აუცილებელი გზა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სიტუაციური ნახაზიდან და ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმიდან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. ნიშანდობლივის ის გარემოებაც, რომ თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობებით (17.03.2021წ.), ასევე, ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტიზისათვის დასმული კითხვის შინაარსით დგინდება, რომ საჭიროა გარკვეული სამუშაოები (კარების გახსნა, ღიობის გაკეთება ან სხვა), რომ №..........მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საჭირო საფეხმავლო ან/და საავტომობილო გზა მოეწყოს ს/კ .......... მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 39.64 კვ.მ ფართიდან (ს/კ..........), რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო უძრავი ქონებაზე შესაძლებელი იქნება აუცილებელი გზის მოწყობა (რაც საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება), აღნიშნული მეორე უფლებამონაცლის უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის მოწყობისთვის საჭირო დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, რისი საჭიროებაც, მოპასუხის ნაკვეთის მიმართ არ არსებობს, რისი გათვალისწინებითაც, აუცილებელი კავშირისათვის საჭირო სამანქანო და საფეხმავლო გზის მოწყობა ს/კ.......... მიწის ნაკვეთიდან ვერ იქნება ალტერნატიული ან ოპტიმალური ვარიანტი.
27. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კასატორის პრეტენზიის უსაფუძვლობას ადასტურებს უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრესა და მოპასუხეს შორის არსებული შეთანხმებაც, რომლითაც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ.........., ფართი 137 კვ.მ) მეშვეობით მ.ჯ–ძისათვის მიეცა შესაძლებლობა არსებული შესასვლელით ესარგებლა და დაჰკავშირებოდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს (ს/კ ..........ფართი). უდავოა, რომ იმ პერიოდისათვის ამ უკანასკნელის საკუთრებას ასევე სხვა უძრავი ქონებები, მათ შორის, ამჟამად მეორე უფლებამონაცვლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც წარმოადგენდა (ს/კ..........), რომელსაც კასატორი გზის მოწყობის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს. პალატის მითითებით, თავდაპირველ მესაკუთრეს იმ პერიდისათვის თუ თავისივე უძრავი ქონებიდან შეეძლო ესარგებლა აუცილებელი გზით (ს/კ..........) ზემოაღნიშნული შეთანხმების აუცილებლობა ბუნებრივია არ დადგებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოპასუხის საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობას.
28. რაც შეეხება №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართს, საქმის მასალებით დგინდება, რომ იგი განთავსებულია №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მეორე სართულზე. №......... საკ.კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს კი აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი სამანქანო და საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან .......... ქუჩიდან, თუმცა პალატის მითითებით, ვინაიდან დაკმაყოფილდა მოთხოვნა (ს/კ ........) უძრავი ქონების გამოყენებისათვის აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე, საიდანაც ასევე შესაძლებელია №......... საკადასტრო კოდზე მდებარე ქონებასთან დაკავშირება, ამ ნაწილში, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
29. პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს კასატორის სხვა საკასაციო პრეტენზიებსაც და მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეზე ექსპერტიზა დაინიშნა, თუმცა საქმეში არსებული სხდომის ოქმით არ დგინდება, რომ კასატორს განსხვავებული კითხვების დასმა სურდა ექსპერტისათვის და ეს უფლება შეეზღუდა. მას არც განცხადებით არ მიუმართავს სასამართლოსთვის და არ წარუდგენია ის კითხვები, რომლითაც, მისი მოსაზრებით, სწორად განსაზღვრავდა გამოსაკვლევ საკითხს. რაც შეეხება დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმას, პალატის მითითებით, ამ კუთხით სავსებით მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სრული და გასაგებია, არ არსებობს დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის წინაპირობები (სსსკ-ის 173.1 მუხლი).
30. საკასაციო პალატა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების საფუძველზე ასკვნის, რომ საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობას და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა აუცილებელი გზა მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, რათა მოსარჩელეს ჰქონდეს თავისი უძრავი ქონებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა, ამასთან, არ გამოვლენილა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით) თმენის ვალდებულების გამომრიცხველი გარემოებები, შესაბამისად, აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა და მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
31. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ, საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (სუსგ №ას-665-2022, 10.11.2022წ.;№ას-646-2022, 30.09.2022წ.; №ას-1017-2021, 24.05.2022წ.; №ას-638-2020, 28.10.2020წ.).
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ჯ.გ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 27.07.2021), 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე