საქმე №ას-753-2023 07 თებერვალი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი) - შპს „ი.ჯ–ი“
მეორე კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი) -საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
დავის საგანი - დაკისრებული პირგასამტეხლოს უკანონოდ აღიარება (სარჩელი); პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელი)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელეს (მიმწოდებელს) და მოპასუხეს (შემსყიდველს) შორის 2019 წლის 27 ნოემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ- ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება.
2. 2019 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულება მოქმედებს 2019 წლის 01 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. ხარეთა შორის 2019 წლის 27 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულების 8.1.4. პუნქტის თანახმად, მომწოდებელი ვალდებულია „ბრალდებულების/მსჯავრდებულების, მოსამსახურეების ჯანმრთელობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ისინი მათი ექიმის მიერ დანიშნული კვების ულუფით (დიეტა)“. ამავე ხელშეკრულების 9.11. პუნქტის თანახმად, 8.1.4. პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით.
4. 2021 წლის 24 სექტემბერს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, რომლებიც იმყოფებიან კუჭ-ნაწლავისა და „C“ ჰეპატიტის სპეციალურ დიეტაზე, უნდა მიეღოთ და არ მიუღიათ საქონლის რძე.
5. მიწოდებული საქონლის (მათ შორის, „სასმელი რძის“) ჩაბარების თარიღად დაფიქსირებულია 2021 წლის 24 სექტემბერი, ხოლო დროდ - 15:09:00 საათი მოპასუხემ 2021 წლის 05 ნოემბრის №264775/01 წერილით მოსარჩელისგან პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 21,923.18 ლარის გადახდა.
6. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ი.ჯ–ი“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ; სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, მოპასუხის 2021 წლის 05 ნოემბრის №264775/01 წერილით, მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს სახით 21,923.18 ლარის დარიცხვის გაუქმება.
7. მოპასუხეთა შესაგებელი
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა შპს „ი.ჯ–ის“ მიმართ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოპასუხეზე, 2019 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება 21,923.25 ლარის ოდენობით.
9. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ი.ჯ–ის“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ 2021 წლის 05 ნოემბრის №264775/01 წერილით, პირგასამტეხლოს სახით, დაკისრებული 21923.18 ლარის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე შპს „ი.ჯ–ი“ გათავისუფლდა მოპასუხის მიერ 2021 წლის 05 ნოემბრის №264775/01 წერილით, პირგასამტეხლოს სახით, დაკისრებული 18,835.47 ლარის გადახდისგან. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „ი.ჯ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „ი.ჯ–ს“ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 3,087.71 ლარის გადახდა.
11. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხის) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა შპს „ი.ჯ–მა“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
13.2. სააპელაციო პალატამ საკუთარ განჩინებაში დამფუძნებელ ნორმად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებილების დროულად შესრულების ფაქტი.
13.3. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის 3 087.71 ლარის დაკისრება, რადგან მისი მოსაზრებით, ეს თანხა არ წარმოადგენდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სახეზე არ იყო ხელშეკრულებით გამოწვეული ზიანი, თუმცა ნამდვილად არსებობდა კრედიტორის მარალი ლეგიტიმური ინტერესი შესრულების მიმართ.
13.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ი.ჯ–ის“ მოსაზრება შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის კიდევ უფრო შემცირებაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ისედაც შემცირებული თანხის შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ დადასტურება.
14. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხის) საკასაციო საჩივარი
14.1. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი.ჯ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14.2. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მიუხედავად ამისა, თუნდაც რეალობა ასეთივე ყოფილიყო, ის არ უნდა ჩათვლილიყო ხელშეკრულების დარღვევად. 2021 წლის 10 სექტემბრის N067 აქტით დასტურდება, რომ 2021 წლის 21 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს გაეწიათ კვებითი მომსახურება, შესაბამისად, გაუგებარია თუ რატომ იქნა ეს ფაქტი უგულებელყოფილი სააღრიცხვო ბარათში ან აქტში. აქტებში პირდაპირაა მითითებული, რომ კვებითი მომსახურება სრულად გაეწიათ მსჯავრდებულებს. სხვაგვარად, პენიტენციური სამსახური არ გადაიხდიდა შესრულებულ სამუშაოში შესაბამის თანხას.
14.3. სასამართლომ არასწორად გამოითვალა პირგასამტეხლო ხელშეკრულების სრული ოდენობიდან, რადგან აღნიშნული ოდენობა ასევე მოიცავს მოსარჩელის მიერ წარსულში შესრულებულ ვალდებულებასაც, ჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებას არანაირი კავშირი არ აქვს პირგასამტეხლოს გამოთვლასთან, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იქნეს გამოთვლილი უშუალოდ იმ ვალდებულების ღირებულებიდან, რომელიც სადავოა: 2021 წლის 23 სექტემბერს გაცემული ულუფების სრული ოდენობა იყო 175. თითოეული ულუფის ფასი 6 ლარით განისაზღვრა, ამიტომ იმ დღეს მოსარჩელეს სულ რომ არ შეესრულებინა ვალდებულება, მისი ღირებულება იქნებოდა 1050 ლარი. მოცემულ შემთხვევაში კი სადავოა მხოლოდ საუზმეზე რამდენიმე მსჯავრდებულისთვის ულუფის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი საკვები პროდუქტის, რძის დარიგება, რაც საბოლოოდ იძლევა მიზერულ თანხას. კასატორი დამატებით უთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (Nას-164-160-2016; ას-581-2019), რომელთა თანახმად, საკასაციო პალატა პირგასამტეხლოს გამოთვლის წესად განსაზღვრავს არა ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას, არამედ კონკრეტულად შეუსრულებელი ვალდებულების ფასს.
14.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს მოსარჩელემ 2021 წლის 24 სექტემბერს 6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ კუჭ-ნაწლავის პრობლემებისა და „ც“ ჰეპატიტის მქონე, სპეციალურ დიეტაზე მყოფ პატიმრებს არ მიაწოდა საქონლის რძე. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი მიუთითებს, რომ 2021 წლის 30 სექტემბრის N067 აქტში მითითებულია, რომ 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით 6 პენიტენციურ დაწესებულებას გაეწია კვებითი მომსახურება, ხოლო პენიტენციურმა სამსახურმა სრულად აანაზღაურა მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, სახეზე არაა ვალდებულების შეუსრულებლობა.
14.5. დამატებით, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ზედნადების დასრულების თარიღის სამართლებრივი მნიშნველობა. სადავო ზედნადები გააქტიურებულია 2021 წლის 23 სექტემბერს 06:00 საათზე და დასრულებულია 2021 წლის 24 სექტემბერს 15:09 საათზე, რაც წარმოადგენს ტრანპორტირების დოკუმენტაციას და არ ენიჭება არანაირი იურიდიული ძალა ტრანსპორტირების განხორციელების შემდგომ. მით უმეტეს, ქუთაისიდან გარდაბნამდე ტრანსპორტირებას არ ჭირდება 33 საათი და 9 წუთი, შესაბამისად, პროდუქცია 23 სექტემბერსვე მიეწოდა პენიტენციურ სამსახურს.
15. მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
15.1. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15.2. წარდგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატამ არაჯეროვნად შეაფასა საქმის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და შედეგად არასწორი სამართლებრივი შედეგი დააყენა. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 8.1.4. პუნქტის პირობა, რაც გამოიხატა 2021 წლის 11 მარტს N12 დაწესებულებაში საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და საკვების საგემოვნო თვისებების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერების არარსებობაში. მოსარჩელე ვალდებული იყო 2021 წლის 24 სექტემბერს N6 დაწესებულების სასადილოში არსებული მენიუს მიხედვით, ექიმის დანიშნულებით საუზმეზე დაერიგებინათ საქონლის რძე, კუჭ-ნაწლავისა და „ც“ ჰეპატისის სპეციალურ დიეტაზე მყოფ მსჯავრდებულთათვის, თუმცა დიეტაზე მყოფ მსჯავრდებულებს არ მიუღიათ რძე, რაც ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტის დარღვევა.
15.3. ასეთი მოცემულობების მიუხედავად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მაინც შეამცირეს პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, რაც დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო არა ნებისმიერ შემთხვევაშია ვალდებული შეამციროს პირგასამტეხლო, არამედ იმ დროს, როდესაც კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე დადგინდება, რომ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო მისი შემცირება უნდა მოხდეს გონივრული ოდენობით. ასევე, პირგასამტეხლოს მიღების უფლება არსებობს ზიანის მიყენების მიუხედავად, რადგან ამ შემთხვევაში, მთავარია არა ზიანი, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რასაც სწორედ პირგასამტეხლო აზღვევს.
15.4. დამატებით, პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ ემსახურება უშუალოდ სუსტი მხარის არსებობას სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში კი ასეთი მხარე სახეზე არაა, რადგან ორივე იურიდიული პირია და სრულად შესწევთ საკუთარი უფლებების რეალიზების უნარი. მოცემულ შემთხვევაში კი უდავოა, რომ მოსარჩელე 2008 წლიდან ოპერირებს შესაბამის ბაზარზე, აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, ხელშეკრულებას ხელი მოეწერა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, რითაც დაეთანხმა ხელშეკრულების ყველა პირობას, აქედან გამომდინარე, მათი ამჟამინდელი მტკიცება პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე საფუძველსმოკლებულია.
15.5. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გამოთვლის წესს, კასატორი უთითებს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 73 077 261.50 ლარს, რომლის 0.03% შეადგენს 21 923,18 ლარს, სასამართლომ კი, არა თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ დღიურად შესასრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან, 64 842 ლარიდან გამოითვალა მომსახურების საშუალო ფასი, რითაც არასწორად განსაზღვრა 3087,71 ლარი, მაშინ, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების საერთო ღირებულების შესაბამისად. შპს „ი.ჯ–ი“ არა მხოლოდ მსჯავრდებულებს, არამედ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებსაც უზრუნველყოფს კვებითი მომსახურებით, აღნიშნულ პირთა ოდენობა კი სავსებით განსხვავდება სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში, შესაბამისად, სასამართლოს მიერ საშუალო ოდენობის გამოთვლა მიზანშეუწონელია, რადგან ერთ დაწესებულებაში მაგალითად 2634 პატიმარია, ხოლო სხვაგან - 46. ასევე, სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რა იგულისხმება 21 დაწესებულებაში, მაშინ, როდესაც ყველა აღნიშნულ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდა, არიან დასაქმებული პირები, რომელთა კვების ტარიფები განსხვავებულია, რაც დაუსაბუთებელს ხდის საშუალოს გამოყვანის გზით პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისისა და 14 ივლისის განჩინებებით ორივე საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით როგორც შპს „ი.ჯ–ის“, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი საკითხი მდგომარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შედეგად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრაში.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
21. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაგვიანებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 8.1.4. პირობის თანახმად, 2021 წლის 24 სექტემბერს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს, რომლებიც იყვნენ კუჭ-ნაწლავისა და „C“ ჰეტატიტის სპეციალურ დიეტაზე, უნდა მიეღოთ და არ მიუღიათ საქონლის რძე. სწორედ აღნიშნული საკითხია შედავებული მოსარჩელის მიერ, რომელიც მიუთითებს, რომ ასეთ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ პროდუქციის მიწოდება მოხდა დაგვიანებით, რაც აისახა კიდეც შესაბამის ოქმში, კერძოდ, მიწოდება მოხდა 2021 წლის 24 სექტემბრის 15:09 საათზე, ხოლო, როგოც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, დღის დილის მონაკვეთი არ წარმოადგენს 15:09 საათს, აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ თავისი ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა, ქვედა ინსტანციების მიერ დადგინდა, რაზეც, თავის მხრივ, კვალიფიციური შედავება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია, ხოლო საკასაციო პალატა თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, შებოჭილია ხელახლა იკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლები განსაზღვრავენ მხარეთა სახელშეკრულებო, ორმხრივმავალდებულებელ მბოჭავ ურთიერთობას, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
23. თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).
24. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შესაბამისად წარმოშობს პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, თუ აღნიშნულის შესახებ მხარეები შეთანხმებულები არიან ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი შეთანხმება სახეზეა, თუმცა გასარკვევია პირგასამტეხლოს ოდენობა არის თუ არა გონივრული. საკასაციო პალატა არაერთ სამართლებრივ აქტში მიუთითებს, რომ „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის“. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ას-189-2022 გადაწყვეტილება).
25. „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს“ (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020; №ას-1210-2023, 18 იანვარი, 2024 წ.).
26. პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (იხ. ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7.). პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021 წელი).
27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი.).
28. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული და შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა, სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (შდრ: სუსგ №ას-1499-2022, 24 იანვარი, 2023 წელი; №ას-1576-2022, 16 მარტი, 2023 წელი).
29. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ. დამატებით: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე შდრ: სუსგ №ას-827-2021, 03 დეკემბერი, 2021წელი.). რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (იხ. ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
30. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ-ები: №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022, პ.74; №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020; №ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019; №ას-581-2019, 31 ივლისი, 2019; №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016).
32. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი სახეზეა, მის ჯეროვან შესრულებაზე პასუხისმგებელი პირია შპს „ი.ჯ–ი“, რომელიც მეწარმე სუბიექტია და შესაბამისად, ვალდებული იყო კვალიფიციური შესაგებლით დაესაბუთებინა პირგასამტეხლოს განსაზღვრა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. მან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას ცალსახად გამოხატა თავისუფალი ნება, მათ შორის, აიღო ვალდებულება, არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ, რაც გათვალისწინებულია ვალდებულების საერთო თანხის 0,03%-ით განსაზღვრაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით გათვალისწინების მთავარი მოტივაცია არამხოლოდ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დაზღვევაა, არამედ ხელშეკრულების შესრულების მიზნის ეფექტიანად უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სახელმწიფო ორგანოა, რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია - უზრუნველყოს პატიმრებისთვის სათანადო პირობები, რაც მათ შორის გულისხმობს მსჯავრდებულების კვებას, რადგან პატიმრის განსხვავებული საცხოვრებელი რეჟიმი აუცილებელს ხდის სახელმწიფომ შეუფერხებლად შეძლოს მათი საკვებით მომარაგება, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ხასიათი მოითხოვს ვალდებულების შესრულების შესაბამის გარანტიებს იმისათვის, რომ კრედიტორმა შეძლოს მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების დროული და შეუფერხებელი განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, მათ შორის, სახეზეა სპეციალური საჭიროების მქონე პატიმრები, რომლებსაც სჭირდებათ განსხვავებული, მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი შესაბამისი საკვები პროდუქციით მომარაგება. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის ნათელია, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში არსებული ვალდებულების შეუსრულებლობა განსხვავდება ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობისგან, სწორედ ხელშეკრულების ხასიათიდან და შესრულების მიზნებიდან გამომდინარე, რის შესახებაც სათანადოდ იყო ინფორმირებული მოვალე, ამიტომ ვალდებულების დარღვევის ხასიათი განსაკუთრებულად კრიტიკულია, რადგან პირდაპირპორორციულად შესაძლოა წარმოშვას ეგზისტენციალური საფრთხეები არა ხელშეკრულების, არამედ ხელშეკრულებით მოსარგებლე მხარეების მიმართ. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არც მთლიანი ღირებულების 0,03%-ის სრულად დაკისრებაა თანაზომიერი, რადგან, როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იქნეს დაანგარიშებული ვალდებულების მთლიანი მოცულობიდან, შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, დარღვევის ხასიათიდან, ხელშეკრულების მიზნობრივი მნიშვნელობიდან და მხარეთა სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყველაზე პროპორციული, შესაბამისი და გონივრული ოდენობა არის პირგასამტეხლოს სახით 10 961,59 ლარის გადახდის დაკისრება.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს - 10 961,59 ლარის გადახდისგან, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 10 961,59 ლარის გადახდა.
34. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
35. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ი.ჯ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1 415,23 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ი.ჯ–ის“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 05 ნოემბრის №264775/01 წერილით, პირგასამტეხლოს სახით, დაკისრებული 21923.18 ლარის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოსარჩელე შპს „ი.ჯ–ი“ გათავისუფლდეს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 05 ნოემბრის №264775/01 წერილით, პირგასამტეხლოს სახით, დაკისრებული 10 961,59 ლარის გადახდისგან;
4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „ი.ჯ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „ი.ჯ–ს“ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 10 961,59 ლარის გადახდა;
5. შპს „ი.ჯ–ს“ (.........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1 415,23 ლარის გადახდა;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე