საქმე №ას-1391-2023 31 იანვარი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ლ–ია
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ–კი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლ.კ–კის (შემდგომში მოსარჩელე ან განმცხადებელი) სარჩელი გ.ლ–იას (შემდგომში მოპასუხე) მიმართ და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის, ს.ლ–იას სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადასახდელად დაეიკისრა 3500 ლარი სარჩელის აღძვრიდან (2013 წლის 13 აგვისტოდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, შვილს, ს.ლ–იას გაუხსნას საბანკო ანაბარი და შვილის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად გადარიცხოს 1500 ლარი ალიმენტის სახით; იგი ასევე იღებს ვალდებულებას, ს.ლ–იას დედას, მოსარჩელეს, ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით, გადაუხადოს 2000 ლარი ყოველთვიურად, შვილის სრულწლოვანებამდე; მოსარჩელე იღებს ვალდებულებას მიღებული 2000 ლარიდან გადაიხადოს ბაღის საფასური, ხოლო სხვა წრეებზე სიარულის საფასურს გადაიხდის მოპასუხე; მხარეები თანხმდებიან, რომ არასრულწლოვანი სასკოლო ასაკამდე განაგრძობს სიარულს იმავე ბაღში (Redix), სადაც იგი დავის მომენტში დადის, ან მშობელთა შეთანხმებით, სხვა კერძო ბაღში; მხარეები, ასევე, თანხმდებიან, რომ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საანაბრო ხელშეკრულების ვადამდე დარღვევა ორივე მშობლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე; ბაღში სწავლების ექვსი თვის საფასურს გადაიხდის მოპასუხე და აღნიშნულ თანხას მოსარჩელისთვის ყოველთვიურად გადასახდელი 2000 ლარიდან დაქვითავს პროპორციულად (ყოველთვიურად).
4. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმისწარმოება.
5. 2016 წლის 26 იანვარს სააპელაციო სასამართლომ მითითებულ საქმეზე გასცა სააღსრულებო ფურცელი.
6. 2016 წლის 4 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მოითხოვა 2014 წლის 8 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, თუ როდიდან (რომელი რიცხვიდან) უნდა დაწყებულიყო ალიმენტის თანხის გადახდევინება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და 1.2 პუნქტები განიმარტა შემდეგნაირად: 1.1. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას მის შვილს გაუხსნას საბანკო ანაბარი და 2013 წლის 13 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანდებამდე, ყოველთვიურად გადარიცხოს 1500 ლარი ალიმენტის სახით; 1.2 მოპასუხე ასევე იღებს ვალდებულებას მოსარჩელეს ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადაუხადოს 2000 ლარი ყოველთვიურად, 2013 წლის 13 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე.
8. მითითებულ განჩინებაზე 2016 წლის 21 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გასცა სააღსრულებო ფურცელი.
9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 17 აგვისტოს #56074 წერილის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 17 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული #A16037901 სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა კრედიტორის (მოსარჩელის) 2017 წლის 20 ივლისის განცხადების საფუძველზე და სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით.
10. 2023 წლის 22 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის მიერ 2016 წლის 26 იანვარს და 21 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების დუბლიკატების გაცემა.
11. განმცხადებლის მითითებით, მოპასუხე მას დაპირდა მორიგების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც, მოსარჩელის 2017 წლის 20 ივნისის განცხადების საფუძველზე, შეწყდა სააღსრულებო წარმოება და სააღსრულებო ფურცელი უკან დაუბრუნდა მოსარჩელეს. დაპირების მიუხედავად, მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. განმცხადებლის განმარტებით, იგი ვერ პოულობს სააღსრულებო ფურცლის დედანს, რათა განაახლოს სააღსრულებო წარმოება, რის გამოც, ითხოვს, სასამართლოს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველი ნაწილით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 23-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი მისი განცხადების საფუძველზევე დაუბრუნდა კრედიტორს შეუსრულებელი სახით, საქმეზე სააღსრულებო წარმოება არ დამთავრებულა და არც ამჟამად მიმდინარეობს, შესაბამისად, არსებობს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ არსებობდა იმ გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა, რომელზეც დაადგინა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა. მხარეთა შორის 2014 წლის 8 იანვრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები შეიცვალა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით და მოპასუხეს შუმცირდა ალიმენტის ოდენობა 1200 ლარამდე, ასევე გათავისუფლდა 54 419.42 ლარის ალიმენტის დავალიანებისგანაც, მეტიც, აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ შეიცვალა 2020 წლის 18 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლის მიხედვით, მოპასუხე სრულად გათავისუფლდა 2020 წლის 1 ნოემბრამდე არსებული საალიმენტო დავალიანებისგან, ხოლო დაკისრებული ყოველთვიური საალიმენტო გადასახადი, 1200 ლარი შეუმცირდა 500 ლარამდე. ამასთან, ყოველთვიური საალიმენტო გადასახადის დასაწყისად დადგინდა 2020 წლის 1 ნოემბერი. ამრიგად, ცალსახაა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა და დუბლიკატის გაცემის შესაძლებლობა დაადგინა იმ განჩინებაზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილი შეცვლილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სხვა გადაწყვეტილებით და არ ექვემდებარება აღსრულებას.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი, ქმედითი აღსრულება, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-842-1056-08, 16 ივნისი, 2020 წ., პ. 6), აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს კი ადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი კი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.
19. ამავე კანონით განსაზღვრულია სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის წესი – სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში, ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი).
20. როგორც წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, განმცხადებელმა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა მისი დაკარგვის საფუძვლით, თუმცა ამავე განცხადებაში მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესულ და აღსასრულებელ სასამართლოს განჩინებაზე დაწყებული სააღსრულებო საქმისწარმოება შეწყდა მისივე (ანუ კრედიტორის) 2017 წლის 20 ივლისის განცხადების საფუძველზე და სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელი სახით დაუბრუნდა უკან (მითითებული გარემოების დამდასტურებელი მტკიცებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 17 აგვისტოს #56074 წერილი, განმცხადებელმა დაურთო წარდგენილ განცხადებას, იხ. ტ. 2, ს.ფ 142).
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, აღსრულება წყდება, თუ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, კი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება და იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია. ზემოაღნიშნული ნორმების დისპოზიციისა და თავად განმცხადებლის მიერ განცხადებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოვლენილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო საქმისწარმოების შეწყვეტისა და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები, რაც საფუძველს აცლის მოსარჩელის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის მოტივით მისი დუბლიკატის გაცემის შესახებ.
22. ამასთან, თუნდაც არ იკვეთებოდეს ზემოაღნიშნული მოტივით განცხადების უარყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მაინც არ იარსებებდა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც უკვე აღინიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მითითებული კანონის მიზანი აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი, სწრაფი, ეფექტიანი და რაც მთავარია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს.
23. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის მორიგების აქტი, რომლის აღსრულების მიზნითაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას, ამავე სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეიცვალა იმგვარად, რომ მოსარჩელეს შეუმცირდა მორიგების აქტით შეთანხმებული ალიმენტი (ყოველთვიურად, 3500 ლარის ნაცვლად, დაეკისრა 1200 ლარი), ამასთან, იგი გათავისუფლდა საალიმენტო დავალიანებისგან (54 419.42 ლარის გადახდისაგან) (იხ. ტ. 2. ს.ფ 176-190). დადგენილია ისიც, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ დაკორექტირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ნოემბრის მორიგების აქტით (განჩინებით) და მოსარჩელე, ამჯერად, სრულად გათავისუფლდა 2020 წლის 1 ნოემბრამდე არსებული საალიმენტო დავალიანებისგან, ყოველთვიური საალიმენტო გადასახდი კი, შეუმცირდა 500 ლარამდე, რომლის გადახდევინების დასაწყისად განისაზღვრა 2020 წლის 1 ნოემბერი (იხ. ტ. 2, ს.ფ 191-193). ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ განმცხადებელი სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას განჩინებაზე, რომლით დადგენილი სამართლებრივი შედეგიც არაერთი განჩინებითაა შეცვლილი, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ განმცხადებლის მოთხოვნა წარდგენილია გადაწყვეტილებაზე/განჩინებაზე, რომელიც არ ექვემდებარება აღსრულებას (არ არის აღსრულებაუნარიანი), რაც ამ მოტივითაც უსაფუძვლოს ხდის წარდგენილ მოთხოვნას.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლითგათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და განმცხადებელს უარი ეთქვას სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ლ–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ოქტომბრის განჩინება;
3. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე