8 თებერვალი, 2024 წელი,
საქმე №ას-1367-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–სა“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან საწარმო) და ფიზიკურ პირებს - დ.მ–ს, ა.ხ–ს და ა.კ–ძეს შორის - მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომლის საგანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად საწარმოსათვის (დამკვეთი) მომსახურების გაწევა იყო.
ხელშეკრულების 5.6 პუნქტის მიხედვით, საწარმოს წარმომადგენელი მიმდინარე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებდა და შესრულებული მომსახურების ან/და მისი ნებისმიერი ნაწილის მიღებას აწარმოებდა. ამავე ხელშეკრულების 5.8 პუნქტით საწარმო ვალდებული იყო, სამუშაოს შემსრულებლისთვის სამუშაო ფორმა დამკვეთის ბრენდირებით გამოეყო, ხოლო, შემსრულებელს, მიწოდებული ფორმის გამოუყენებლობის უფლებამოსილება არ ჰქონდა (5.9 პუნქტი). ხელშეკრულების საფუძველზე დასახელებული პირები საწარმოს სახელით აწარმოებდნენ სამუშაოს.
2. 2018 წლის 6 აგვისტოს, ქ.თბილისში, .......... წყლის გაყვანის სამუშაოს შესრულებისას შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან საწარმო) თანამშრომლების მიერ მყარი საგნის მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანდა შპს „ჩ.ს–ის“ მიერ დამონტაჟებული გაზის მილი, რის შედეგადაც მისი ჰერმეტულობა დაირღვა.
საწარმოს თანამშრომლებმა დაზიანებული d=22მმ დიამეტრის მქონე მიწისქვეშა გაზსადენის პლასტმასის მილი თვითნებურად შეაკეთეს, რა დროსაც დაირღვა გაზის სისტემის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები.
ამის შედეგად, 2018 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში ...... თ.ყ–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რამაც ამ უკანასკნელის, თ.ს–ის, ა.გ–ის, ლ.ნ–ძის, ხ.ხ–ძის, ე.ნ–ას, შპს „ო.გ–ის“, შპს „მ–ისა“ და ს.ჩ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების დაზიანება გამოიწვია.
3. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 22 452.10 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 4 600 ლარის გადახდა დაეკისრა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 22 452.10 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქონების დაზიანება მოპასუხე საწარმოს თანამშრომელთა ბრალეულმა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა.
შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 997-ე (პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე) მუხლების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა კანონშესაბამისად ჩაითვალა.
6.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სამუშაოს მწარმოებელი პირები მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებას, ისინი მასთან დასაქმებულები არ ყოფილან და მათ მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი საწარმო ვერ იქნებოდა.
მოცემული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ შემდეგი გარემოებები მიიღო მხედველობაში:
1). შესასრულებელ სამუშაოს, შემსრულებლები, მათსა და საწარმოს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და საწარმოს სახელით აწარმოებდნენ. აღნიშნული პირების მიერ შესრულებული სამუშაო, ობიექტური დამკვირვებლის თვალით აღქმული იყო, როგორც, მოპასუხის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო.
2). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში სამუშაოს შემსრულებელმა დ.მ–მა მიუთითა, რომ ორ წელზე მეტია საწარმოს თანამშრომელი იყო და, როგორც ინჟინერი, მხოლოდ ის იყო პასუხისმგებელი გაზის მილის აღდგენასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
3). სსკ-ის 997-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, კანონი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოს მწარმოებელ მუშაკთა სადავო მოქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც თავად მოპასუხის მოქმედება.
6.3. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 8 ივლისის საინჟინრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 23 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნებით იხელმძღვანელა, რაც შემდეგი რამდენიმე არგუმენტით დაასაბუთა, კერძოდ:
1). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 8 ივლისის საინჟინრო დასკვნა დეტალურად ასახავს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად გასაწევ ხარჯებს და სახეობებს, აფეთქების ზემოქმედებით წარმოქმნილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთარღიცხვო გაანგარიშებას, რომელიც შესაბამის სამშენებლო ნორმატივებსა და ფასთა კრებულს ეფუძნება და დანართის სახით დასკვნას თან ერთვის.
ამასთან, მითითებული დასკვნა უშუალოდ პასუხობს ექსპერტისთვის დასმულ შეკითხვას, თუ რა ზარალი განიცადა 2018 წლის 1 დეკემბერს ქ.თბილისში, ....... ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულმა დაზიანებულმა შენობა-ნაგებობამ, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით.
2). მართალია, სადავო საკითხის დადგენის თვალსაზრისით, ექსპერტიზის დროულად ჩატარება ზოგადად სასურველია, თუმცა აღნიშნული ცალსახად არ წარმოადგენს ექსპერტიზის სარწმუნოობის შეფასების განმსაზღვრელ ერთადერთ კრიტერიუმს, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც, სახეზეა აფეთქების შედეგად დამდგარი სპეციფიკური ხასიათის მქონე ზიანი და ამ ზიანის შეფასებისას, დასკვნის დადების შეუძლებლობის ან გარე ფაქტორების ზემოქმედების თაობაზე სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპერტი არანაირ მითითებას არ აკეთებს.
3). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 8 ივლისის დასკვნაში მითითებული ქონების იდენტიფიცირების შეუძლებლობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია მცდარია. თავად საექსპერტო დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მისი შეფასებით, უთუოდ ირკვევა, რომ საექსპერტო დასკვნაში ადგილი აქვს საკვლევი ობიექტის მისამართთან დაკავშირებულ ტექნიკურ უზუსტობასაც.
დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევ ობიექტს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს. გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ....... ქ.N64-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა ....... ქუჩაზე მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და მოსარჩელე დაზარალებულადაა ცნობილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 7 აგვისტოს Nინ-190 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით, აზომვებით და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების შეფასების შედეგად დადგინდა რომ დაზიანდა სახლის ფასადის გარკვეული ნაწილი (ფართით 50მ), მეტალოპლასტმასის ფანჯრის ერთკამერიანი მინა-პაკეტები, საერთო ფართით 22მ, ორკამერიანი მინა-პაკეტები, საერთო ფართით 3.0მ2 და ოთხი ცალი ფანჯრის საკეტი, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის, მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული საინჟინრო დასკვნის კვლევით ნაწილთან, სადაც მითითებულია შემდეგი „საცხოვრებელი სახლის ადგილზე შესწავლისას დადგინდა, რომ სახლის უკანა ფასადი მთლიანად დაზიანებულია, მიმდებარედ არსებული სახლის აფეთქების შედეგად მასზე მომხდარი შუშის და ქვის ნამსხვრევებით, ასევე დაზიანებული იყო მეტელოპლასმასის კარფანჯრები და ვიტრაჟები...“.
4). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 23 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული მოსარჩელის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებიდან ნაწილი დანიშნულებით გამოსაყენებლად უვარგისია, ხოლო, ნაწილის შეკეთება შესაძლებელია და, ამ საფუძვლით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ჯამია 1 400 ლარი.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
12. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება. სარჩელის დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 997-ე (პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებშია წარმოდგენილი.
13. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).
ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).
14. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში მოსარჩელეს წარმოადგენს.
ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (სუსგ №ას-1322-2018, 4.04.2019). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ზიანი მიაყენა და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.
15. მოპასუხის მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი მოსარჩელემ სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომელთა წინააღმდეგ მოპასუხეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ამრიგად, მოპასუხის მიერ მისთვის სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა მოსარჩელემ დაადასტურა, რაც, ამ ფაქტის უარყოფელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით მოპასუხემ ვერ გააქარწყლა (სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლები).
16. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 8 ივლისის საინჟინრო დასკვნისა (რომლითაც დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისათვის მიყენებული ზიანი 21052,01 ლარს შეადგენს) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 23 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის (რომლითაც დადგენილია, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული მოსარჩელის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებიდან ნაწილი დანიშნულებით გამოსაყენებლად უვარგისია, ხოლო, ნაწილის შეკეთება შესაძლებელია და, ჯამურად მათი ღირებულება 1 400 ლარია) გაზიარების მიზანშეწონილობის კუთხით იგი ამომწურავ არგუმენტაციას შეიცავს (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3 პუნქტი).
17. ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის ნაწილშიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორი მსჯელობაა წარმოდგენილი, კერძოდ, მოცემული საკითხის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო შემდეგი გარემოებები, კერძოდ:
1). შესასრულებელ სამუშაოს უშუალო შემსრულებლები, მათსა და საწარმოს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და საწარმოს სახელით მოქმედებდნენ.
2). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში სამუშაოს შემსრულებელმა დ.მ–მა მიუთითა, რომ ორ წელზე მეტია საწარმოს თანამშრომელს იყო და, როგორც ინჟინერი, მხოლოდ ის იყო პასუხისმგებელი გაზის მილის აღდგენასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
3). სსკ-ის 997-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, კანონი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს;
შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ სამუშაოს მწარმოებელ მუშაკთა სადავო მოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც თავად დამსაქმებლის (მოპასუხის) მოქმედება.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 122.05 ლარის (საგადახდო დავალება #31, გადახდის თარიღი - 21.11.2023) 70% - 785.43 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე