საქმე №ა-4827-შ-143-2023
16 თებერვალი, 2024 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ.შ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ზ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის დრამის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და თრაკის ერთწევრიანი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის დრამის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ.შ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ნ.ზ–ძეს (მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) დაევალა მოსარჩელისათვის 23 000 ევროს კანონიერი პროცენტით გადახდა, ვადის გასვლის დღიდან - 2011 წლის 1 იანვრიდან, სრულად გადახდამდე.
2. საბერძნეთის თრაკის ერთწევრიანი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განჩინებით ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დასახელებული გადაწყვეტილებისა და განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ითხოვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ საქმე მხარეთა დასწრების გარეშე განიხილებოდა.
5. ზემომითითებული შუამდგომლობის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სასამართლო შეტყობინებები ფოსტით ორჯერ გაეგზავნა მოპასუხეს, თუმცა ხსენებული შეტყობინებების მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხეს სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით ეცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საბერძნეთის დრამის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის 23 000 ევროს კანონიერი პროცენტით გადახდა, ვადის გასვლის დღიდან - 2011 წლის 1 იანვრიდან, სრულად გადახდამდე; საბერძნეთის თრაკის ერთწევრიანი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განჩინებით ხსენებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71.1 და 71.2 მუხლებით დადგენილია, რომ შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე, ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უცხო ქვეყნის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.შ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად, საბერძნეთის დრამის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და საბერძნეთის თრაკის ერთწევრიანი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განჩინება, რომლითაც საბერძნეთის დრამის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე ნ.ზ–ძის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ ნაწილში, რომლითაც ზ.შ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ნ.ზ–ძეს დაევალა ზ.შ–ისათვის 23 000 ევროს კანონიერი პროცენტით გადახდა, ვადის გასვლის დღიდან - 2011 წლის 1 იანვრიდან, სრულად გადახდამდე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე