Facebook Twitter

15 სექტემბერი 2023 წელი №ას-556-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ.ღ–ი, მ.დ–ი, ი.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების გადადებაზე უარის თქმის შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აღსრულების გადადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ღ–მა, მ.დ–მა და ი.ნ–ძემ 2022 წლის 05 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ნ.ხ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, ........(ყოფ. .......) ქუჩა N15-ში, ს/კ .......... გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ......... (ყოფ. ..........) ქუჩა N15-ში, ს/კ ..... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეებს. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეების შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა, ხოლო სარჩელის ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში - სააპელაციო საჩივრით.

5. 2023 წლის 09 თებერვალს მოპასუხემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმისწარმოების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეჩერება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში უზრუნველყოფის სახით მოწინააღმდეგე მხარეებისათვის სასამართლო დეპოზიტზე 80 000 ლარის შეტანის დავალდებულება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 თებერვლის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოპასუხის 2023 წლის 14 თებერვლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

8. 2023 წლის 01 მარტს მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შუამდგომლობით მიმართა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადადება თუ მისი განაწილვადება დაიშვება მხარის რთული ქონებრივი მდგომარეობის და/ან სხვა გარემოებების არსებობისას, რაც ობიექტური შეფასების შემთხვევაში იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა ზიანის მომტანი იქნება მხარეთათვის. ამასთან, მიუთითა, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების წინაპირობა მოვალის მიერ იმ სახის მტკიცებულებების წარმოდგენა იყო, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულების კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების შესაბამისად წარმართვას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა მოვალის ინტერესებისათვის.

9.2. ზემოაღიშნული მსჯელობის საფუძველზე, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცნობა ასახავდა მოვალის ჯანმრთელობის მდგომარეობას 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, რომელიც არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას იმ დასკვნისათვის, რომ შუამდგომლობის განხილვის დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ კრედიტორის ლეგიტიმური მოთხოვნის დროებით შეზღუდვას გაამართლებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ დაადგინა, რომ ვინაიდან მოპასუხემ ვერ შეძლო შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურება, მისი შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს ამავე თარიღის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და გადაწყვეტილების აღსრულების გადადება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის არის პენსიონერი, ასაკოვანი ავადმყოფი და უმწეო მოხუცი და მისი დაუყოვნებლივ გამოსახლება დაუშვებელია. გარდა ამისა, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილით გავალისწინებული საფუძვლები, რაც დაუშვებელს ხდის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

15. მითითებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროით გადადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად. თუმცა, ზემოაღნიშნული ნორმა არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მის საზიანოდ იქცეს. ამასთან, თუ გადაწყვეტილების აღსრულებით მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება მოვალე, ხოლო მისი აღსრულების გადადების, განაწილვადების ან აღსრულების წესის შეცვლით ზიანი მიადგება კრედიტორს, მაშინ უპირატესობა ამ უკანასკნელის ინტერესებს უნდა მიენიჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გადაიქცევა არაქმედით გადაწყვეტილებად.

16. ამდენად, აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსნება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (სუსგ. №ას-1174-1094-2017,11 ოქტომბერი, 2017 წელი).

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..... (ყოფ. .......) ქუჩა N15-ში, ს/კ ........ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეებს და მოსარჩელეების შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა.

18. მოპასუხემ გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნული შუამდგომლობა დააფუძნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, იგი სტაციონარში მოთავსდა 18.06.2022 წელს და გაეწერა 21.06.2022 წელს (ძირითადი დიაგნოზი: ანემია, დაუზუსტებელი), ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და სტაციონარიდან გაწერისას მისი მდგომარეობა იყო სტაბილური.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებები გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არ ქმნის რაიმე დაბრკოლებას. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საფუძველი იქნებოდა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ.

20. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მართალია, ზოგადად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობაზე, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უპირატესი კრედიტორის ინტერესია. სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სწორედ კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოვალის ქონებისა თუ სხვა მატერიალური ხარჯების განკარგვის გზით. მხარეთა ამგვარ მდგომარეობას ლეგიტიმურს ის გარემოება ხდის, რომ კრედიტორს, რომლის დარღვეული უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების კანონიერ ძალაში შესული აქტით არის აღდგენილი, ჰქონდეს რეალური გარანტია, უფლების რეალიზაციისა. მიუხედავად ამგვარი ვითარებისა, კანონმდებლობა გარკვეულ ბალანსს ადგენს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის და კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის უპირატესი გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მოვალის უფლებების დაცვას, რათა ხელისუფლების ორგანოს ქმედებით (სააღსრულებო ორგანოები) მოვალეს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამგვარ საშუალებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების ერთჯერადად გადადება, მისი განაწილვადება და სხვა, ამ თვალსაზრისით საინტერესოა, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი კრედიტორისა და მოვალის უფლებები, სადაც ასევე გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მხარეთა მორიგების შესაძლებლობა (იხ. სუსგ: Nას-24-35-2014, 19.02.2014).

21. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს მოვალის ინტერესების დაცვას იძულებითი აღსრულებისას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორმა მართალია ვერ დაადასტურა გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საფუძვლების არსებობა, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების გამო შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 263-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების გადადებაზე უარის თქმის შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი