731-697(გ-06) 6 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. წკეპლაძე,
ლ. ლაზარაშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
31.05.06წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტრომ და მოპასუხე ა. ყ-სათვის 14 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროსთან 17.08.05წ. გააფორმა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. 31.10.05წ. მოპასუხე გაეცნო ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებს და ხელმოწერით დაადასტურა იგი. ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხა. მოსარჩელის განცხადებით, ა. ყ-მა დაარღვია კონტრაქტის პირობები და იგი ვალდებულია აუნაზღაუროს თავდაცვის სამინისტროს ჯარიმის სახით 14 000 ლარი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ კონტრაქტის 8.4 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად განსჯად სასამართლოდ სამინისტროს ადგილსამყოფელის რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე უნდა ჩათვლილიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.08.06წ. განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სარჩელზე დართული ხელშეკრულება დადებულია თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის, ხელშეკრულების საგანია სამხედრო სამსახური, მისი გავლის წესი და “სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული პირობები. “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს თავდაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს პრეზიდენტის 05.04.04წ. ¹119 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” 1-ლი პუნქტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში. ა. ყ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.08.05წ. ¹2328 ბრძანებით დანიშნული იყო საცეცხლე გათვლის მეთაურად და მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება _ “კაპრალი”. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აზრით, თავდაცვის სამინისტროსა და ა. ყ-ს შორის გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გაფორმდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და შესაბამისად, დავაც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმედ მიიჩნია და განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.09.06წ. განჩინებით საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება და მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამასთანავე აღნიშნა, რომ სარჩელი შეტანილი იყო განსჯადობის წესების დარღვევით. ადმინსიტარციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული ხელშეკრულების 8.3 მუხლით განსაზღვრული სასამართლო განსჯადობის თაობაზე მხარეთა შეთანხმება ვერ აკმაყოფილებდა საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ განსჯადობის ვერც ერთ წესს. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით დადგენილი არ იყო ხელშეკრულების შესრულების ადგილი. ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო ქვედანაყოფში უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო კოლეგიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თელავის რაიონული სასამართლოსათვის სარჩელის დაქვემდებარება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო. დავა განსჯადობის თაობაზე შესაძლებელია წარმოიშვას მხოლოდ სასამართლოებს, და არა სასამართლოსა და მხარეს შორის. განსჯადობის თაობაზე დავა იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო, რომელსაც განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა კონკრეტული საქმე, არ გაიზიარებს საქმის გადმომგზავნი სასამართლოს მოსაზრებას საქმის განსჯადობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საგნობრივი განსჯადობის მიხედვით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა ყოფილიყო განხილული და მხოლოდ აღნიშნული მოსაზრების გამო გადასცა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსახილველად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ გაზიარებული იქნა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება სარჩელის საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით. ამდენად, კოლეგიებს შორის სარჩელის საგნობრივ განსჯადობაზე დავა არ წარმოშობილა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მიერ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე მსჯელობის საფუძველს არ ქმნის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განხილული უნდა იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქ. თელავის რაიონულ სასამართლოში. სასკ-ის 26-ე მუხლის საფუძველზე ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით დავა დაიშვება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის, ტერიტორიულ განსჯადობაზე დავა შეუძლებელია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველ სასამართლოებს შორის, მათ შორის დასაშვებია დავა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობაზე. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამდენად, ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ განსახილველი სარჩელის ქ. თელავის რაიონული სასამართლოს განსჯადად მიჩნევის შემთხვევაში კოლეგია უფლებამოსილია, საქმე განსჯადობით განსახილველად გადასცეს აღნიშნულ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია სადავოდ გახადოს ტერიტორიული განსჯადობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკსაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის თაობაზე წარმოებული საქმე განსჯადობის დავის არ არსებობის გამო განსჯადობის საკითხის განუხილველად უნდა დაუბრუნდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ა. ყ-ის მიმართ გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.