15 სექტემბერი 2023 წელი
№ას-937-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს. „კ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ.წ–ი
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთების ყოფილი მესაკუთრის სახელზე აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ს. „კ.ბ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: ო.წ–სა და თ.წ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №193034617531MPT საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების - 17 236.65 ლარის გადახდა, საიდანაც 12577.44 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 3217.26 ლარი - პროცენტი (სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი), 725.32 ლარი - პირგასამტეხლო/ჯარიმა, ხოლო 716.63 ლარი – სიცოცხლის დაზღვევის თანხა. მოპასუხე ო.წ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა №20414919559OHX საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების – 5347.61 ლარის გადახდა, საიდანაც 3750 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1131.53 ლარი – პროცენტი (სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი), 209.56 ლარი – პირგასამტეხლო, ხოლო 256.52 ლარი – სიცოცხლის დაზღვევის თანხა. მოპასუხეებს: ო.წ–სა და თ.წ–ს, №193034617531MPT საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დარჩენილი ძირითადი თანხის წლიური 22.95%, ძირითადი თანხის გადახდამდე; მოპასუხე ო.წ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ №20414919559OHX საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დაეკისრა დარჩენილი ძირითადი თანხის წლიური 33.20%, ძირითადი თანხის გადახდამდე; ბათილად იქნა ცნობილი თ.წ–სა და ზ.წ–ს შორის 2020 წლის 07 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (უფლების რეგისტრაციის თარიღი 07.05.2020 წ), როგორც მოჩვენებითი გარიგება და უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბორჯომში, ......., ს/კ-......, საჯარო რეესტრის სააგენტოში აღირიცხა ყოფილი მესაკუთრის – თ.წ–ის საკუთრებად.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ.წ–მა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად. იმავე წლის 16 მაისის განჩინებით კი, ზ.წ–ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2022 წლის 12 ივლისს, 12:00 საათზე.
4. 2022 წლის 12 ივლისს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი კახა ჩადუნელი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი თ.წ–სა და ზ.წ–ს შორის 2020 წლის 7 მაისს დადებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბორჯომი, ......, ს/კ-......) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ქონების თ.წ–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ (ბანკმა), მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
7.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინამძღვარი. პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები განსახილველ შემთხვევაში, შესრულებული იყო, კერძოდ: დადგენილი იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2022 წლის 12 ივლისს, 12:00 საათზე. მოწინააღმდეგე მხარეს საქმეში არსებულ, სააპელაციო შესაგებელში მითითებულ მისამართზე (ტ. II, ს.ფ. 27) გაეგზავნა უწყება და, ამასთან, განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები. გზავნილის ჩაბარების შესახებ ფოსტის მიერ შედგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება, 19.05.2022 წელს ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - შ.მ–მა (ამ ფაქტს საჩივრის ავტორი არ შედავებია). დანიშნულ დროს მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ აცნობა სასამართლოს. აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. რაკი აპელანტის ახსნა-განმარტება იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
7.2. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ: სხდომაზე გამოუცხადებლობის ერთ-ერთ საპატიო მიზეზად მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა ოჯახის წევრის ავადმყოფობაზე. პალატის მოსაზრებით, ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო, სხდომაზე მხარის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, თუმცა ასეთ დროს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, უნდა დადასტურდეს ოჯახის წევრის ავადმყოფობის ფაქტი და ისიც, რომ ამ გარემოების თაობაზე სასამართლოს წინასწარი ინფორმირება შეუძლებელი იყო. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის რწმუნებულს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია თავისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მან ამ გარემოებაზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითა. გარდა ამისა, არც ის დაუსაბუთებია, თუ რატომ არ აცნობა სხდომის დაწყებამდე სასამართლოს ოჯახის წევრის ავადმყოფობის შესახებ. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო, თავისი ინიციატივით (სხდომის მდივნის მეშვეობით), დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელს, რათა გაერკვია გამოუცხადებლობის მიზეზი. შესაბამისად, მხარეს მიეცა დამატებითი შესაძლებლობა, ეცნობებინა სასამართლოსათვის ოჯახის წევრის ავადმყოფობის თაობაზე და სხდომის გადადებაც მოეთხოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეთი შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ამ გარემოებას იმით ხსნის, რომ აღელვებული იყო და დაიბნა, რაც არადამაჯერებელია, რადგან სასამართლო მას სწორედ იმიტომ დაუკავშირდა, რომ გამოუცხადებლობის მიზეზი გაეგო. სატელეფონო საუბრისას, სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენელს ჰკითხა - იყო თუ არა ინფორმირებული სხდომის თაობაზე და რატომ არ გამოცხადდა დანიშნულ დროს სხდომის დარბაზში. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ დროულად იქნა გაფრთხილებული სხდომის თაობაზე, თუმცა გამოუცხადებლობის შესახებ არაფერი განუმარტავს და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.
7.3. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას სურდა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვა, მაგრამ ვერ შეძლო სასამართლოს მიზეზით. სასამართლოს თავისი ინიციატივით რომ არ დაერეკა მოსარჩელის წარმომადგენლისათვის, ეს უკანასკნელი სასამართლოსთან დაკავშირებას არც აპირებდა, რაც სასამართლოს არ დაუტოვებია ყურადღების მიღმა. ამასთან, სასამართლო სხდომის მდივანთან სატელეფონო საუბრისას, მოსარჩელის წარმომადგენელს არ გამოუთქვამს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან მოგვიანებით გადაწყვიტა სხდომაზე დისტანციურდა ჩართვა, რისთვისაც დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს. პალატამ აღნიშნა, რომ ამ მიზნით, სასამართლოს მოხელესთან დაკავშირების ფაქტს საჩივრის ავტორი ვერ ამტკიცებდა, ამასთან, სადავო გარემოება რომც დაემტკიცებინა, მისი პრეტენზია მაინც ვერ იქნებოდა გაზიარებული, რადგან, ჯერ ერთი, მას წინასწარ უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილის შესახებ ან ესარგებლა სასამართლოს მიერ მიცემული შესაძლებლობით და ასეთი შუამდგომლობა დაეყენებინა სხდომის მდივნის მიერ სატელეფონო კავშირის დროს. მეორეც, მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლოს მოხელეს დაუკავშირდა 12:24:51, 12:44:36 და 13:03:12 საათზე. მოსარჩელის წარმომადგენლის პირველი ზარის დროს სასამართლო შემადგენლობა უკვე სათათბირო ოთახში იყო გასული (პალატა სათათბიროდ გავიდა 12:15 საათზე), ამიტომ სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაბრუნებულიყო საჩივრის განხილვის ეტაპზე და მხარე ჩაერთო საქმის განხილვაში (ასეთ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს). აქვე განსაზღვრული იყო ის გარემოებაც, რომ აპელანტი იურიდიული პირია და, ცხადია, მას ჰქონდა შესაძლებლობა პროცესზე სხვა რწმუნებულით ყოფილიყო წარმოდგენილი. თუკი ამ საქმეში მოსარჩელის წარმომადგენელმა დროულად არ აცნობა მარწმუნებელს თავისი ოჯახის წევრის ავადმყოფობისა და სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, ეს არ ამართლებს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობას, რადგან იურიდიული პირის მენეჯმენტის გაუმართავი მუშაობა ვერ მიიჩნევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად (ს.უ.ს.გ: Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.; Nას-152-148-2016, 03.06.2016წ.; Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.; Nას-274-2021, 07.07.2021წ.).
7.4. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივრის ავტორის ის პრეტენზიაც, რომ სააპელაციო საჩივარი არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას. პალატამ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო ხელმძღვანელობს აპელანტის ახნა-განმარტებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.2 მუხლი) და არა საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტის ახსნა-განმარტება ამართლებდა ამ უკანასკნელის მოთხოვნას.
8. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ კი, მამის ავადმყოფობით. იგი 2022 წლის 9 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით მშობლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, არ იმყოფებოდა სამსახურში. დასახელებული მიზეზიდან გამომდინარე იყო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ვერ შეძლო გამოუცხადებლობის მიზეზი დეტალურად განემარტა სხდომის მდივნისათვის, თუმცა მოგვიანებით, მოსამართლის თანაშემწესთან საუბრისას, დააფიქსირა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი ან/და დისტანციურად ჩართვის შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის გამოცხადების შესაძლებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა სასამართლოს მიზეზით. გარდა ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებაა და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ს.უ.ს.გ. №ას-964-929-16, 06.03.2017).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
15. ანალოგიური პრინციპით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილი და გაზიარებული იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (ს.უ.ს.გ. 27.11.2019წ. საქმეზე №ას-920-2019).
16. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022წ. განჩინებით ზ.წ–ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2022 წლის 12 ივლისს, 12:00 საათზე. სხდომის დანიშვნის შესახებ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა, კერძოდ, მას საქმეში არსებულ, სააპელაციო შესაგებელში მითითებულ მისამართზე (ტ. II, ს.ფ. 27) გაეგზავნა უწყება და განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგებიც. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება 2022 წლის 19 მაისს ჩაიბარა მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა – შ.მ–მა (პ/ნ .......) (ტ.2, ს.ფ. 43), ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გარემოება მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 12 ივლისს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის. აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის უარყოფა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა, რომ აპელანტის ახსნა-განმარტება იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (ს.უ.ს.გ. 19.12.2019წ. №ას-738-2019).
18. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ობიექტური გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.
19. კასატორის წარმომადგენელი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა საპატიო მიზეზმა, კერძოდ კი, მამის ავადმყოფობამ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე კასატორის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო, სხდომაზე მხარის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო მიზეზად იმ შემთხვევაში, თუკი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება ოჯახის წევრის ავადმყოფობის ფაქტი და ისიც, რომ ამ გარემოების თაობაზე სასამართლოს წინასწარი ინფორმირება შეუძლებელი იყო. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეს გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, რაიმე მტკიცებულება (მაგ: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, კლინიკური კვლევის შედეგი და ა.შ), რომლითაც დაადასტურებდა კასატორის წარმომადგენლის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის იმგვარ პრობლემას, რაც შეუძლებელს გახდიდა წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადებას და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას, საქმეში არ მოიპოვება, მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი განმარტება კი, ბუნებრივია, უპირობოდ ვერ განიხილება საპატიო გარემოებად და ვერ დაედება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად. იმ შემთხვევაშიც კი, რომ გაზიარებულიყო საჩივრის ავტორის პოზიცია მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არის იურიდიული პირი და შეზღუდული არ არის სასამართლოში წამომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვოს სხვა თანამშრომელიც. შესაბამისად, მხარეს შეეძლო გამოეჩინა წინდახედულება და სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიევლინა სხვა თანამშრომელი, რაც მას არ განუხორციელებია. თუკი ამ საქმეში მოსარჩელის წარმომადგენელმა დროულად არ აცნობა მარწმუნებელს თავისი ოჯახის წევრის ავადმყოფობისა და სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, ეს არ ამართლებს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობას, რადგან იურიდიული პირის მენეჯმენტის გაუმართავი მუშაობა ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად (იხ.ს.უ.ს.გ: Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.; Nას-152-148-2016, 03.06.2016წ.; Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.; Nას-274-2021, 07.07.2021წ.).
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორს არ დაუდასტურებია ის ფაქტიც, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არათუ კასატორის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან სხდომამდე წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, არამედ მას არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარსა და არც საკასაციო საჩივარში არც კი მიუთითებია იმ გარემოებებზე, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს დროული, წინასწარი ინფორმირება.
21. ამასთან, ხაზგასასმელია ის უდავოდ დადგენილი გარემოება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი მოხელის მეშვეობით თავად დაუკავშირდა გამოუცხადებლობის მიზეზის გამოსარკვევად. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა მასზეც, რომ ფაქტობრივად მხარეს დამატებით მიეცა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის სათანადოდ განემარტა გამოუცხადებლობის მოტივი ან ეშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, რაც მას არც ამ შემთხვევაში არ განუხორციელებია. აღნიშნული კი, საკასაციო საჩივარში ასახულ არგუმენტაციას, კიდევ უფრო არასარწმუნოს ხდის.
22. როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოში საპაელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სხდომა დანიშნული იყო 2022 წლის 12 ივლისს, ხოლო კასატორის წარმომადგენელი თავადვე მიუთითებს, რომ იგი 2022 წლის 09 ივლისიდან იმავე წლის 13 ივლისის ჩათვლით, მამის ავადმყოფობის გამო, არ იმყოფებოდა სამსახურში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ როგორც კასატორის წარმომადგენლისათვის, ისე - უშუალოდ მოსარჩელე ორგანიზაციისათვის, დანიშნული სხდომის თარიღამდე – 2022 წლის 12 ივლისამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე გამოვლინდა წარმომადგენლის მიერ ზემოხსენებული პრობლემის გამო სამსახურებრივი უფლებამოსილებების აღარ/ვეღარ განხორციელება, შესაბამისად, კასატორისათვის შეუძლებელი არ უნდა ყოფილიყო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს გაფრთხილება და სადავო საკითხთან მიმართებით, შესაბამისი ზომების მიღება.
23. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პოზიციას გაიზიარებს, რომ მან სხდომაზე დისტანციურად ჩართვის შესახებ იშუამდგომლა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის გამოუცხადებლობის დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, არ არის მნიშვნელოვანი საქმეში წარმოდგენილი მასალები, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს, არამედ - დამტკიცებულად მიიჩნევა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები (ს.უ.ს.გ 27.12.2019წ. №ას-852-816-2014).
სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის/აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა. თუ მოპასუხეს სურს შეჯიბრებითობის ფარგლებში დავის არსებით განხილვაში, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის მიღება, იგი (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები მიიჩნევა დადასტურებულად. იმისათვის, რომ სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საკმარისია, სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის სახელზე აღრიცხვის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ ის მოსაჩვენებლად იყო დადებული. აპელანტის განმარტებით, 2020 წლის 07 მაისს, აპელანტსა და მოვალეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. ბორჯომი, ...., ს/კ ........) რეალური ხელშეკრულებაა და იგი არ არის დადებული მოსაჩვენებლად, იმ განზრახვით, რომ მსესხებელს თავი აერიდებინა კრედიტორთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგან, კერძოდ, აპელანტმა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირა სადავო ქონება და დაეუფლა კიდეც მას. ამდენად, მყიდველმა შეასრულა ყველა ის მოქმედება, რაც ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ის სადავო ქონების ნამდვილი მესაკუთრეა და არ არსებობს სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების შემადგენლობა გამორიცხავს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივარში (აპელანტის ახსნა-განმარტებაში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას.
25. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია), (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.06.2016წ. გადაწყვეტილება, საქმეზე N ას-121-117-2016; ასევე იხ: სუსგ 03.06.2015 წელი, საქმეზე №ას-356-338-2015; სუსგ 27.12.2019 წელი, საქმეზე №ას-852-816-2014). დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელების, მხარეთა მოქმედების/უმოქმედობის გამო, პასუხისმგებლობის დონის ამაღლების დამატებით გარანტიას (იხ: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა"მერიდიანი," თბილისი 2015, გვ.632.).
26. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; ამას გარდა, საჭიროა იმ გარემოების გამოკვლევა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ).
27. კონკრეტულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება, კერძოდ, ჰქონდა გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მას არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
29. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს. ,,კ.ბ"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. ,,კ.ბ"-ს (ს/კ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება № 10023833, გადახდის თარიღი: 05.07.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „კ.ბ–ი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი