Facebook Twitter

საქმე №ას-1200-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ....“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში -„მოსარჩელე“, „სამინისტრო“ ან „კასატორი“) (უფლებამონაცვლე - „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „მ....“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა, საიჯარო ქირის სახით, 16731.60 ლარის და, პირგასამტეხლოს სახით, 500 ლარის გადახდა; სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა, ქირის სახით, 1115.33 ლარის და პირგასამტეხლოს სახით - 4770.09 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 09 ივნისს მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, ........ მდებარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ, მეორე ფლიგელის პირველ სართულზე არსებული ფართიდან (ს/კ .......) 46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი შესაბამისი ინვენტარით (დახლი 1 ცალი, მაგიდა 1 ცალი, 2 ცალი სკამი), კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

2.2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1115.33 ლარს. 2.2. პუნქტის თანახმად, წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 13 383.96 ლარს. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოიჯარე პასუხს აგებდა წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5.2. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობა ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2 წლის ვადით;

2.3. მოპასუხემ 2015 წლის 09 ივნისის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, 2015 წლის 09 ივნისის საგადახდო დავალების თანახმად, გადაიხადა საიჯარო ქირა 409.34 ლარის ოდენობით, 2015 წლის 03 ივნისის საგადახდო დავალებით - 705.99 ლარი, 2015 წლის 15 ივლისის საგადახდო დავალებით - 1115.33 ლარი, 2015 წლის 26 აგვისტოს საგადახდო დავალებით - 1115.33 ლარი, 2015 წლის 19 ოქტომბრის საგადახდო დავალებით - 1115 ლარი, 2015 წლის 25 დეკემბრის საგადახდო დავალებით - 1115 ლარი, 2016 წლის 04 თებერვლის საგადახდო დავალებებით -2230 ლარი, 2016 წლის 16 აპრილის საგადახდო დავალებით -1115 ლარი.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის და საიჯარო ფართში საქმიანობის შეწყვეტა (გამოთავისუფლება) მოხდა 2017 წლის მაისის თვიდან. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2017 წლის 03 მაისის განცხადების შინაარსით ცალსახად დასტურდება საქმიანობის „ზარალზე“ არსებობის ფაქტი, რის გამოც სწორედ მითითებული თარიღიდან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს კომპანია. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე მოიჯარის მიერ გამოვლენილი ნება მიუვიდა რა მეიჯარეს, მას რაიმე პრეტენზიები არ გამოუთქვამს. საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული განცხადების საპასუხო შედავება მხარისათვის და მეტიც, არც სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარეს არ განუცხადებია, რომ მისთვის მიუღებელი იყო მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენა. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა ნების არსებობის პირობებში ხელშეკრულების შეწყვეტა.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება იჯარის ქირის გადახდის თაობაზე, მოსარჩელის მიმართ მას შესასრულებელი ჰქონდა ფულადი ვალდებულება, საიჯარო ქირის სახით, 16731.60 ლარის ოდენობით.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იჯარის ხელშეკრულების 5.1 და 5.2 პუნქტებზე, მოიხმო სსკ-ის 420-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, მართებული იყო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 500 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

11. საკასაციო საჩივრის თანახმად:

11.1. მხარეთა შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულების 4.1.7. პუნქტის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე მისი ინიციატივით ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ სხვა მოიჯარეს და ამასთან, ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობით. ხელშეკრულების 4.1.8. პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ, თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს მეიჯარეს მისთვის მისაღებ ახალ მოიჯარეს, მან ქირა უნდა იხადოს ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე;

11.2. მოიჯარეს არ შეუთავაზებია მეიჯარისათვის ახალი მოიჯარე და, შესაბამისად, ის ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ვადის დასრულებამდე ეხადა საიჯარო ქირა;

11.3. 2017 წლის 3 მაისის განცხადებით დასტურდება, რომ მოიჯარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებდა და აღნიშნული განცხადებით მან მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა ზარალზე და საქმიანობას შეწყვეტდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ განცხადების წარმოდგენიდან მოიჯარეს საქმიანობა აღარ განუხორციელებია, არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება;

11.4. სასამართლო არ მსჯელობს, თუ საიდან იქნა 500 ლარი პირგასამტეხლო დაანგარიშებული და მიღებული.

12. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე [სსკ-ის 581-ე მუხლი: იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული].

13. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნით სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების დარეგულირებისთვის ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-294-294-2018, 8 მაისი, 2018 წელი).

14. სსკ-ის 588-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.

15. სსკ-ის 588-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია ისაა, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ ამ ნორმამ მეიჯარე საიჯარო შემოსავლებით უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქონების ახალი მოიჯარისათვის (მინიმუმ ადრინდელ მოიჯარესთან არსებული პირობებით) გადაცემამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-738-700-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი).

16. მსგავს ნორმას შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 4.1.7. და 4.1.8. ქვეპუნქტები, რომლებზედაც აპელირებს კასატორი (იხ. წინამდებარე განჩინების 11.1. ქვეპუნქტი).

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 09 ივნისს მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის 7.1. პუნქტის თანახმად, ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობა ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2 წლის ვადით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. და 2.2. ქვეპუნქტები). კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის და საიჯარო ფართში საქმიანობის შეწყვეტა (გამოთავისუფლება) მოხდა 2017 წლის მაისის თვიდან. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ ხელშეკრულების შეწყვეტაზე მოიჯარის მიერ გამოვლენილი ნება მიუვიდა რა მეიჯარეს, მას რაიმე პრეტენზიები არ გამოუთქვამს. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა ნების არსებობის პირობებში ხელშეკრულების შეწყვეტა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მხარეთა ნების არსებობა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტაზე, უსაფუძვლოა კასატორის აპელირება იჯარის ხელშეკრულების 4.1.7. და 4.1.8. ქვეპუნქტებზე და, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნა ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე.

19. რაც შეეხება სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

20. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, მართებული იყო პირგასამტეხლოს ოდენობის 500 ლარამდე შემცირება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი