საქმე №ა-6119-შ-184-2023 14 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე- ჰ.ა.პ.ვ.მ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ნიდერლანდების, ოვერეისელის სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება #C/08/222536 / ES RK 18-3997(JT)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნიდერლანდების, ოვერეისელის სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით #C/08/222536 / ES RK 18-3997(JT) მეუღლეთა ჰ.ა.პ.ვ.მ–სა და ლ.ა–ს შორის საქართველოში ქ. გურჯაანში 2002 წლის 15 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. ლ.ა–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების ნაწილში.
3. ნიდერლანდების, ოვერეისელის სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. ამავე ცნობით ირკვევა, რომ ქორწინება გაუქმებულია 2018 წლის 2 ოქტომბრიდან, და განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება აღრიცხულია ჰააგის სამოქალაქო რეესტრში.
4. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქმარი არის ნიდერლანდების, ხოლო, ცოლი საქართველოს მოქალაქე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ა–ის შუამდგომლობა ნიდერლანდების, ოვერეისელის სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების #C/08/222536 / ES RK 18-3997(JT) საქართველოს ტერიტორიაზე, განქორწინების ნაწილში ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ნიდერლანდების, ოვერეისელის სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება #C/08/222536/ES RK 18-3997(JT) განქორწინების ნაწილში ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე, რომლითაც გაუქმდა მხარეთა შორის 2002 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში, გურჯაანში რეგისტრირებული ქორწინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ნიდერლანდების, ოვერეისელის სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება #C/08/222536 / ES RK 18-3997(JT) განქორწინების ნაწილში, რომლითაც გაუქმდა მხარეთა შორის 2002 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში, გურჯაანში რეგისტრირებული ქორწინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი