Facebook Twitter

საქმე №ას-647-2022

21 ივნისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - მ.ლ–ი (მოსარჩელე)

მეორე კასატორი - ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სამსახურში აღდგენის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება N108 მ.ლ–ისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ.

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 4 ივნისის ბრძანება N245 მ.ლ–ის გათავისუფლების შესახებ და მ.ლ–ი აღდგენილ იქნეს ქ.

ახალციხე, ა–ის ქ. N5-ში მდებარე N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე.

1.3 ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მოსარჩელე მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 4 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 მოსარჩელე 1984 წლიდან, 2021 წლის 7 ივნისამდე მუშაობდა სკოლამდელ დაწესებულებაში. 2021 წლის 01 მარტიდან, 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით დაეკისრა ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ დაქვემდებარებაში მყოფი N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელის მოვალეობის შესრულება.

2.2 მ.ლ–ზე საბავშვო ბაგის მენეჯერი მუდმივად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, კოლექტივის წინაშე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცდილობდა უკმაყოფილება ჩამოეგდო მოსარჩელეს და საბავშვო ბაგაში მომუშავე პერსონალს შორის და შეექმნა კონფლიქტური მდგომარეობა. მოსარჩელეს 2021 წლის 26 მარტს N108 ბრძანებით გამოეცხადა საყვედური, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ რა დისციპლინურ გადაცდომას ჰქონდა ადგილი.

2.3 2021 წლის 4 ივნისის ბრძანებით, მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მხრიდან მუდმივად ხდებოდა კოლეგიური და ზოგადი ეთიკური ნორმების დარღვევა, მისი მხრიდან ინიცირებულ კონფლიქტს და დაპირისპირების გამოწვევას თანამშრომლებს შორის, ჩხუბს და მუქარას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეურაცხყოფას თანამშრომლებზე. სწორედ აღნიშნულის გამო გამოეცხადა საყვედური და შემდეგ გათავისუფლდა სამსახურიდან. ბრძანებები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

4.2 ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ დირექტორის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება N108 მ.ლ–ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ.

4.3 ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ დირექტორის 2021 წლის 4 ივნისის ბრძანება N245 მ.ლ–ის გათავისუფლების შესახებ და მ.ლ–ი აღდგენილ იქნა N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე.

4.4 ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას’’ მოსარჩელე მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 4 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 400 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

4.5 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

5.2 მ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5.3 ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორის 2021 წლის 26 მარტის N108 ბრძანება მ.ლ–ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ;

5.4 ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორის 2021 წლის 04 ივნისის N245 ბრძანება მ.ლ–ის გათავისუფლების შესახებ;

5.5 მ.ლ–ის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

5.6 ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას“ მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 400 ლარის(ხელზე ასაღები) ოდენობით (2021 წლის 07 ივნისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

5.7 ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 1000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით;

5.8 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორის 2021 წლის 26 მარტის N108 ბრძანება მ.ლ–ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ და ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორის 2021 წლის 04 ივნისის N245 ბრძანება მ.ლ–ის გათავისუფლების შესახებ;

5.9 სააპელაციო პალატამ სშკ-ის 48-ე მუხლის, მე-9 ნაწილის საფუძველზე, ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა მ.ლ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ყოველთვიურად 400 ლარის(ხელზე ასაღები) ოდენობით (2021 წლის 07 ივნისიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5.10 რაც შეეხება მოთხოვნას, დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია, აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზე ყურადღება არ გაამახვილა. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საპაექრო სიტყვაში მიუთითა, რომ ამჟამად მოსარჩელის მ.ლ–ის თანამდებობა არ არის ვაკანტური, შესაბამისად, თუნდაც მივიჩნიოთ, რომ კანონიერია მოსამართლის გადაწყვეტილება ბრძანების ბათილობასთან დაკავშირებით, შეუძლებელია მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, რადგან აღნიშნული თანამდებობა აღარ არის ვაკანტური; დასაქმებულია ფატიმა მეკეიძე.

5.11 პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ ხდება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მაგრამ შეუძლებელია პირის პირვანდელ სამუშაოზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, სასამართლო უფლებამოსილია დასაქმებულის დარღვეული უფლების რესტიტუცია მოახდინოს მისთვის კომპენსაციის მიკუთვნების გზით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელია მოსარჩელის პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა, შესაბამისად, მას უნდა მიეცეს კომპენსაცია - 1000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

5.12 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურში აღდგენა, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1 პირველმა კასატორმა, მ.ლ–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა. კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე, იმ მოტივით, რომ აღნიშნული პოზიცია უკვე დაკავებული იყო და ამის ნაცვლად დამსაქმებელს მ.ლ–ის სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

6.2 კასატორის მითითებით, მოპასუხე მხარისათვის ბრძანებების გამოცემის დღიდან იყო ცნობილი, რომ მ.ლ–ი თავისი დარღვეული უფლებების დასაცავად მიმართავდა სასამართლოს. ასევე მხარეებისთვის არ იყო ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. მოპასუხე მხარეს შეეძლო შესაგებლის წარმოდგენისას არა მხოლოდ მიეთითებინა აღნიშნულ გარემოებაზე, არამედ წარმოედგინა მტკიცებულების სახით ბრძანება თანამშრომლის დანიშვნის შესახებ, რაც მოპასუხემ არ გააკეთა და მხოლოდ საპაექრო სიტყვის დროს მიუთითა აღნიშნულის შესახებ, თან მაშინ, როდესაც ეს ფაქტი მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო მ.ლ–ის სამსახურიდან განთავისუფლების მომენტიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ იყო ახლად აღმოჩენილი და გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მოპასუხე მხარისთვის ცნობილი გახდა პაექრობის ეტაპზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების შეცვლით კი მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

6.3 მეორე კასატორის, ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოთხოვნაა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.ლ–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, კერძოდ, ააიპ "ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის 26 მარტის N108 ბრძანების ბათილად ცნობის, ააიპ "ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი ზრდის დაწესებულების" დირექტორის 2021 წლის 4 ივნისის N245 ბრძანების ბათილად ცნობის, ყოველთვიურად, 400 ლარის ოდენობით განაცდურის ანაზღაურების დაკისრების, 1000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრების, სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში. ამასთან, კასატორი მოითხოვს, თ.პ–ნის 2021 წლის 7 ოქტომბრის, მოხსენებითი ბარათის დამატებითი მტკიცებულების სახით მიღებას.

6.4 კასატორის განმარტებით, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად უგულებელყო შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული, მოპასუხის მხრიდან წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი. გადაწყვეტილებაში აღნიშნული გასაჩივრებული განჩინება სასამართლოს საერთოდ არ უხსენებია. მტკიცებულებებში კოლეგები დეტალურად აღწერდნენ მ.ლ–ის მხრიდან არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას და შეურაცხყოფის მიყენების და ცილისწამების ფაქტებს, მეტიც ბაგას ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან წასვლის მიზეზად ასახელებდნენ მ.ლ–ის მხრიდან არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას, აღნიშნულის გამო ფერხდებოდა სასწავლო პროცესი.

6.5 კასატორი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 21-ე გვერდის, მე-2 აბზაცზე, სადაც აღნიშნავს, რომ სასამართლომ მ.ლ–ის მხრიდან არ მიიჩნია ეთიკური ნორმების დარღვევა. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში მოიპოვება ფაქტის ამსახველი თანამშრომელთა განცხადებები და დისციპლინური სხდომის ოქმი (N1 სხდომის ოქმი), რითაც დასტურდება გადაცდომა, უფრო მეტიც საქმეში არსებობს მოსარჩელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები, რომლის მეშვეობითაც ბრალი დასდო თავის კოლეგებს ბავშვის მიმართ ძალადობაში და საკვების ქურდობაში. (აღნიშნულ ბრალდებაზე ჩატარდა მოკვლევა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ აღნიშნული ბრალდებები მიზნად ისახავდა სხვა თანამშრომლების დისკრედიტაციას).

6.6 კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია საყვედურის შეფარდების წინაპირობის არარსებობა და განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა 2021 წლის 19 მარტის ბაგის მენეჯერის თ.პ–ნის და სხვა თანამშრომელთა განცხადება.

6.7 კასატორის მითითებით, გადაწყვეტილებაში სასამართლო მსჯელობს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, მაშინ, როდესაც სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრება წარმოადგენდა, შესაბამისად, სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნას და იძულებით განაცდურთან ერთად სრულიად დაუსაბუთებლად დააკისრა კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის და 2022 წლის 26 ივლისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივნისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორთა არგუმენტების გაცნობის შემდეგ ასკვნის, რომ ამ კუთხით მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაშვები საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ: მ.ლ–ი 03.04.2007წ.-01.05.2007წ. მუშაობდა ა(ა)იპ ,,ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ფილიალი ქ. ახალციხე, ........ მდებარე საბავშვო ბაგაში მეეზოვედ. 01.05.2007წ.-01.11.2008წ. ა(ა)იპ ,,ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ფილიალი ქ. ახალციხე, ....... მდებარე საბავშვო ბაგაში მეეზოვედ.01.11.2008წ.-01.11.2008წ. ა(ა)იპ ,,ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ფილიალი ქ. ახალციხე, ...... მდებარე საბავშვო ბაგაში მეორე ცვილს აღმზრდელის თანამდებობაზე. 05.09.2014წ.-16.02.2018წ. ა(ა)იპ ,,ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ ფილიალი ქ. ახალციხე, ....... მდებარე საბავშვო ბაგაში პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე; 2021 წლის 26 მარტს მ.ლ–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური; ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ დაქვემდებარებაში მყოფი ქ. ახალციხე, ... მდებარე N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელ მ.ლ–ს 2021 წლის 7 ივნისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება; მ.ლ–ის თანამდებობრივი ხელზე ასაღები სარგო შეადგენდა 400 ლარს. დადგენილია, რომ საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებდნენ მ.ლ–ის მხრიდან კოლეგიური და ზოგადი ეთიკური ნორმების დარღვევის ფაქტს, რაც თავის მხრივ გახდებოდა მის მიმართ დისციპლინური სახდელის-საყვედურის გამოყენების საფუძველი.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გამოცემული დისციპლინური სახდელის-საყვედურის გამოცხადებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. კერძოდ, გამოვლენილი გადაცდომა/გადაცდომები ქმნიდა თუ არა იმის საფუძველს, რომ დამსაქმებელს შეეწყვიტა ხელშეკრულება და, უარყოფით შემთხვევაში, არსებობს თუ არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობა;

13. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 48-ე მუხლის მე-9 პუნქტი (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე)

15. საკასაციო პალატა, თავდაპირველად შეამოწმებს მეორე კასატორის (დამსაქმებელი) საკასაციო საჩივრის ფარგლებში დასაქმებულთან (მოსარჩელე) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებას, რაც შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; სუსგ №ას-416-399-2016,29.06.2016წ.).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დასაქმებულის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი).

18. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) საფუძველზე. მოსარჩელემ სადავო გახადა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების კანონიერება. ასეთ ვითარებაში გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურება, რაც დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილებაში მდგომარეობს. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

20. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო პერიოდში მოქმედი 37-ე, 38-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმა სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც, ერთის მხრივ, იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და, მეორე მხრივ, დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე რომ, აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია გამართლებული იყოს, როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად „სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან (იხ. სუსგ საქმე № ას-475-2022, 05.07.2022 წ.).

21. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორე კასატორი (მოპასუხე) იყო ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა დასაქმებულის (პირველი კასატორი, მოსარჩელე) მიერ, მასზე ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნებოდა მიჩნეული.

22. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორმა ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 26 მარტს მ.ლ–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას საფუძვლად დაედო საბავშვო ბაგის თანამშრომლების განცხადება, რომლის მიხედვით მ.ლ–ი სამსახურში იწვევდა კონფლიქტს და დაპირისპირებას თანამშრომლებს შორის. მ.ლ–მა აღნიშნული ფაქტი სადავო გახადა და განმარტა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მეტიც, თავად არის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. მოპასუხე მხარის მიერ ფაქტის საწინააღმდეგოს დასადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. კერძოდ, საქმეში არ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებდნენ მ.ლ–ის მხრიდან კონკრეტული ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ შრომის შინაგანაწესის მე-10.3 პუნქტის შესაბამისად,(რომლის თანახმად, შრომითი დისციპლინის დარღვევად, სხვა დანარჩენ შემთხვევებთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს და დისციპლინური სასჯელი იქნეს გამოყენებული კოლეგიური და ზოგადი ეთიკური ნორმების დარღვევისათვის) დაკვალიფიცირდება კოლეგიური და ზოგადი ეთიკური ნორმების დარღვევად და რაც გახდებოდა მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველი. შესაბამისად, ზოგადი ხასიათის განცხადების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ არ არსებობდა საფუძველი შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის - საყვედურის გამოყენებისათვის.

23. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სამართლებრივ დასკვნებს საყვედურის გამოცხადების შესახებ 2021 წლის 26 მარტის ბრძანების კანონშეუსაბამობისა და ბათილად ცნობის შესახებ, რაც იმავდროულად იწვევს სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე 2021 წლის 04 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობას, ვინაიდან სახეზე არ არის საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) გამოყენების საფუძველი.

24. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი კასატორის (მოსარჩელე) უფლებრივი რესტიტუციის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო შედავებაზე, სადაც კასატორი მიიჩნევს, რომ იგი უნდა აღდგენილიყო პირვანდელ სამუშაოზე თანამდებობაზე, (ქ. ახალციხეში, ...... მდებარე N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე) ხოლო აღდგენის შეუძლებლობის მტკიცების ტვირთი უნდა დაჰკისრებოდა სწორედ დამსაქმებელს.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (სუსგ №ას-1210-2018, 15/02/2019წ.). „ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხთან მიმართებით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ).

26. თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული. პირვანდელ სამუშაო ადგილზე პირის აღდგენის წინაპირობებია: აღდგენის შესაძლებლობა და აღდგენის მიზანშეწონილობა. აღდგენის შესაძლებლობა, მოიცავს: 1) მოპასუხე ორგანიზაციაში იმ თანამდებობის არსებობას, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა თანამდებობიდან განთავისუფლებამდე და 2)ამავე თანამდებობის ვაკანტურობას საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპისათვის. აღდგენის მიზანშეწონილობა კი ძირითადად იმ სუბიექტურ მიზეზთა ერთობლიობაა, რომელთა არსებობაც ზემოქმედებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის ნორმალურად გაგრძელების შესაძლებლობაზე. (იხ.სუსგ. Nას-100-2022 26.02.2023წ.)

27. როგორც აღნიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, შრომით-სამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, სასამართლო ხელმძღვანელობს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს, რომ ის საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, აღარ არის ვაკანტური.

პირველი კასატორის მიერ შედავებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომლის თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია, რომ დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობა არ არის ვაკანტური. სააპელაციო პალატა დაეყრდნო დამსაქმებლის საპაექრო სიტყვაში გაჟღერებულ პოზიციას, თუმცა არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, დამსაქმებელს არ წარმოუდგენია თავისი პოზიციის გასამყარებლად შესაბამისი მტკიცებულება.

28. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როცა თავისუფალი ვაკანსიის არარსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის, რელევანტური მტკიცებულებები, რომ კონკრეტული სამუშაო ადგილი ვაკანტური არ არის, დამსაქმებელმა თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ მ.ლ–ის პრეტენზიას, იმ კუთხით, რომ მხოლოდ საქმის განხილვისას, საპაექრო ეტაპზე, ზეპირსიტყვიერად იმის მითითება, რომ სადავო პოზიციაზე მიღებულ იქნა ახალი თანამშრომელი ვერ გახდება მტკიცებულების ძალის მქონე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე დასტურდება ბაგის აღმზრდელის სადავო თანამდებობის ვაკანტურობა.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ მ.ლ–ის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 4 ივნისის N245 ბრძანება არის ბათილი, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მ.ლ–ი აღდგენილი უნდა იქნეს ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე.

30. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას. იძულებითი განაცდური გულისხმობს ხელფასის სახით მისაღებ თანხას, რომელიც დასაქმებულს უნდა მიეცეს მისი გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მისი გათავისუფლება იყო უკანონო. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან, ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას’’ მოსარჩელე მ.ლ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 04 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად, თანამდებობრივი სარგოს, 400 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

31. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად უგულებელყო შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული საოქმო განჩინება დამატებითი მტკიცებულებების დართვაზე უარის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც მოპასუხე მხარეს უარი ეთქვა ქ. ახალციხის #1 ბაგის მენეჯერის თ.პ–ნის 2021 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათისა და მესენჯერის მიმოწერის დართვაზე, აღნიშნული საოქმო განჩინება მიღებულია საკასაციო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის სასამართლოს მთავარი სხდომაზე. ახალციხის რაიონული სასამართლოს განმარტებით, მთავარ სხდომაზე, შეკითხვების ეტაპზე, დაუშვებელი იყო ახალი მტკიცებულებების წარდგენა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებს პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა დავის საგანთან, რადგან მტკიცებულებები შეეხებოდა სოცქსელში არსებულ მიმოწერას საქმის განხილვის დროსათვის.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. ასევე საგულისხმოა, სსსკ-ის 219-ე მუხლის დანაწესი იმის შესახებ, რომ მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

33. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნათა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მტკიცებულებათა მიუღებლობის კუთხით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები (1. ქ. ახალციხის N1 ბაგის მენეჯერის თ.პ–ნის 2021 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, მ.ლ–მა მიმდინარე წლის 19 მაისს, გამოაქვეყნა რეპუტაციის შემლახველი და ცილისმწამებლური განცხადება მშობელთა ჯგუფში, რომელიც საქმის განხილვის დროისთვისაც იძებნება და წაშლილი არ არის; 2. მესენჯერში საბავშვო ბაგის მშობლების ჯგუფში არსებული მიმოწერა 2021 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით). არსებითი ხასიათის არ არის, საქმესთან პირდაპირი კავშირში არა აქვს და აღნიშნულით სარჩელის საფუძვლიანობა არ დასტურდება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა გასაჩივრებული საოქმო განჩინება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივად და სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ-ის 377-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ს.ფ. 25) სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო დავის გადასაწყვეტად.

34. რაც შეეხება კასატორის მიერ 2023 წლის 31 მარტს Nა-1701-23 წარმოდგენილ განცხადებაზე დართულ მტკიცებულებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 20.03.2023წ. N12-1223079139 წერილს, რომლის თანახმად, 2022 წლის 17 სექტემბრიდან გაუქმდა ქ. ახალციხის, ....... მდებარე N1 საბავშვო ბაგა, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

35. დამატებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სადავო იყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე უარის თქმის კანონიერება, განმცხადებელმა (დამსაქმებელმა) მოითხოვა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოპასუხეს (დამსაქმებელს) მოსარჩელისთვის (დასაქმებულისთვის) კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაჰკისრებოდა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი, დამსაქმებელმა მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში განხილვისას, მან კანონის სრული დაცვით გააუქმა სამუშაოდან გათავისუფლებული პირის ვაკანტური თანამდებობა, ამასთან, დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნა სხვა პირები, რის გამოც შეუძლებელი იყო ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა გადაწყვეტილების აღსრულების წესის ცვლილების შესახებ განმცხადებლის (დამსაქმებლის) მიერ მითითებული მოტივი და განმარტა შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, უდავო ძალის მატარებელი ფაქტია, რომ საქმის განხილვის დროისათვის არსებობდა ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა, ხოლო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დამსაქმებლის მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისთვის არასასურველი კანდიდატის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას გამორიცხავს, მიუხედავად სამართლის ფორმალური მიდგომების დაცვისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრუნვის სუბიექტის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ ქცევად. შესაბამისად, ის გარემოება, როდესაც დამსაქმებლისათვის ცნობილია დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით ამართლებს საკუთარ ქმედებას, ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერ ქცევად“. ამრიგად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1116-2019, 31 იანვარი, 2020 წელი).

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

8. პროცესის ხარჯები

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

8.2 განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მ.ლ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის და ადვოკატის მომსახურების 150 ლარის ანაზღაურება. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 27 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მ.ლ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების 2.4-2.6 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. მ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. მ.ლ–ი აღდგენილ იქნას ქ. ახალციხე, ...... მდებარე N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე.

6. ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას’’ მოსარჩელე მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 04 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 400 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

7. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს და კასატორს უკან დაუბრუნდეს 31.03.2023 წლის განცხადებაზე დართული მტკიცებულება (სულ 2 ფურცელი).

8. ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის და ადვოკატის მომსახურების 150 ლარის ანაზღაურება.

9. 1.ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 27 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 600 ლარი, (საგადახდო დავალება №06930), რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);

10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე