საქმე №ას-792-2023
21 ნოემბერი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.გ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ჩ–აძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ნ.გ–ნის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, .........., ფართით 145.56 კვ.მ., ს/კ №....... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ლ.ჩ–აძეს.
1.2 დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 სარჩელის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ......., ფართი 145.56 კვ.მ., ს/კ №........ საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ლ.ჩ–აძის სახელზე.
2.2 მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში და მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ წყვეტს ნივთით უკანონო სარგებლობას.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 19 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, თუმცა, რეალურად, მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა და მოპასუხე ხელშეკრულების დადებიდან დღემდე იხდის პროცენტს. შესაბამისად, მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი უძრავი ქონებიდან მისი გამოსახლების შესახებ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ–აძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ.გ–ნის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ......., ფართით 145.56 კვ.მ., ს/კ №...... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ.ჩ–აძეს. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, ნ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
5.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, ............., ფართით 145.56 კვ.მ., ს/კ №........., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ლ.ჩ–აძის სახელზე. ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით N210754567, დამოწმების თარიღი: 2021 წლის 19 ივლისი.
5.3 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი, სადავო ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168, 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა - აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მას კანონის თანახმად ეკისრებოდა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
5.4 სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
5.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ–ნმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო დარღვევებით, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება.
6.3 კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 19 ივლისს დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს მიჰყიდა სადავო უძრავი ქონება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადა შეადგენდა ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეს, 2022 წლის 19 იანვრის ჩათვლით. აპელანტის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით არის თვალთმაქცური გარიგება, ვინაიდან, რეალურად მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს კერძო პირების მიერ იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვას, მათ კანონის გვერდის ავლით დადეს აღნიშნული ხელშეკრულება. შესაბამისად, მხარეებს არ ჰქონიათ განზრახვა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების, არამედ მათ შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა და მოპასუხე დღემდე იხდის სესხის პროცენტს და უახლოეს მომავალში აპირებს გამოსყიდვის თანხის - რეალურად, სესხის თანხის გადახდას, შესაბამისად, კასატორის შეფასებით, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, მოპასუხე უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.
6.4 საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორი ასევე მოითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას, სადავო საკითხზე სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტზე მითითებით (თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით). კერძოდ, კასატორი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული N2/7438-23 საქმის დასრულებამდე, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს კასატორი, მოპასუხეს - ლ.ჩ–აძე, დავის საგანია გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ რეგისტრაცია, შეჩერდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული N2ბ/746-23 დავა. კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ნ.გ–ნის სარჩელს და ბათილად იქნება ცნობილი ის ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო ლ.ჩ–აძის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციას, კერძოდ კი გაუქმდება უძრავი ქონების ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, შესაბამისად უძრავი ქონების მესაკუთრე კვლავ გახდება ნ.გ–ნი, ხოლო ლ.ჩ–აძე დაკარგავს უფლებას უძრავი ქონება გამოითხოვოს ნ.გ–ნის „უკანონო მფლობელობიდან“.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით, ნ.გ–ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
12. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, .........., 145.56 კვ.მ ფართის, ს/კ №......... მესაკუთრეა ლ.ჩ–აძე. ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს - 2021 წლის 19 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
18. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამგვარად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში;
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.). პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.
20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ იგი დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, იმ გარემოებასთან დაკავშირებით სადაც იგი აღნიშნავს, რომ ქონებას ფლობს მართლზომიერად.
21. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის ის მითითება, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება უკანონოდ მოიპოვა და მის მიერ გამოვლენილი ნება მიზნად ისახავდა არა სადავო ქონების გასხვისებას, არამედ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიღებული თანხის გადახდის უზრუნველყოფას.
22. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
23. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხის პოზიცია შესაგებელში მისათითებელ გარემოებებს სცდება და საჭიროებს დამოუკიდებელი მოთხოვნის წარდგენას, დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარემ უნდა აღძრას სარჩელი ან, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, შეგებებული სარჩელით მიმართოს სასამართლოს. რადგან, ყოველი პირი თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი მისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად.
24. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული დავა შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებზე, რომელთა დადგენა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა. მხარეთა შორის არსებული სხვა ურთიერთობის დადგენა კი (მათ შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობის დადგენა) წინამდებარე დავის ფარგლებს სცდება მოპასუხის მხრიდან სარჩელის ან შეგებებული სარჩელის წარუდგენლობის პირობებში. შესაბამისად, გასაზიარებელი არ არის კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა თვალთმაქცური გარიგების დადების საკითხზე.
25. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინების კანონიერების შესახებ. აღნიშნული საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ.გ–ნის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული N2ბ/746-23 საქმის შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული N2/7438-23 საქმის დასრულებამდე, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს კასატორი, მოპასუხეს - ლ.ჩ–აძე, დავის საგანია გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (იხ. სუსგ. №ას-415-415-2018, 04.05.2018წ. Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს სხვა დავაც, სადაც მოსარჩელეს განსახილველი დავის მოპასუხე, ხოლო მოპასუხეს პირიქით, წინამდებარე დავის მოსარჩელე წარმოადგენს, ხოლო დავის საგანია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ სხვა დავაში, მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, რომლის მიხედვითაც სადავო ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს, აკრძალული აქვს ქონების გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა. ამდენად, სხვა დავის გადაწყვეტამდე, მიმდინარე დავის შეჩერების საფუძველი არ არსებობს ვინაიდან, სადავო საგანს საფრთხე ისედაც ვერ შეექმნება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო, ხოლო დასახელებულ ორ საქმეს შორის ისეთი კავშირი, რომ სხვა საქმეში გარკვეული გარემოებების დადგენამდე, მიმდინარე საქმის განხილვა შეუძლებელი იყოს, არ არსებობს, ვინაიდან, საკუთრების უფლება დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით (შდრ. სუსგ Nას-784-2020, 25.11.2020წ).
27. ამასთან, უძრავი ნივთების მიმართ მოქმედ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისრულის პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს მარტოოდენ ის გარემოება, რომ ყოფილმა მესაკუთრემ სადავოდ აქცია მისი საკუთრებიდან ნივთის გასვლის კანონიერება, ვინაიდან ასეთი დავის ინიცირების შესაძლებლობა თეორიულად ყველა ყოფილ მესაკუთრეს გააჩნია შემძენისათვის ნივთზე მფლობელობის გადაცემის გასაჭიანურებლად. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების მოპოვების უკანონობის პრეტენზიას საფუძველს არ უმყარებს სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება (თუნდაც კანონიერ ძალაში შეუსვლელი), მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი ვერ გადაწონის კანონმდებლის ნორმატიული ნებით დაცულ ფაქტს - რეგისტრირებული საკუთრების სისწორესა და უტყუარობას (იხ. სუსგ. Nას-246-2023 13.04.2023).
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ნის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.ს–ას მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“ 2023 წლის 12 ივლისს, N17813132995 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე