საქმე №ას-772-2023 10 ოქტომბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ნ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ნ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა/კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – I საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, II საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ.ნ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „პირველი კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „მეორე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 21.04.2022 წლის №03-73/კ ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. მოსარჩელის აღდგენა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე;
1.3. მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე ყოველთვიურად 2420 ლარის ანაზღაურება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე 2013 წლიდან 26.04.2022 წლამდე დასაქმებული იყო მოპასუხესთან. ცხრაწლიანი სამუშაო გამოცდილების ფარგლებში მოსარჩელე არაერთხელ დაწინაურდა. მისი ბოლო დაწინაურების შემდეგ, 24.12.2021 წლიდან, იკავებდა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობას განუსაზღვრელი ვადით. თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო ყოველთვიურად 2420 ლარით. დასაქმების პერიოდში, მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რამაც მისი კარიერული წინსვლა განაპირობა. მოსარჩელეს ჰქონდა სამმართველოს უფროსის თანამდებობისთვის საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება.
2.2. დამსაქმებლის ახალი უფროსის №03-2838 წერილით 24.03.2022 წელს მოსარჩელეს ეცნობა 26.04.2022 წლიდან თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც მოსარჩელისთვის მოულოდნელი იყო. წერილიდან არ ირკვეოდა გათავისუფლების საფუძველი. დამსაქმებელმა მიუთითა მხოლოდ საკადრო ცვლილებებზე, კერძოდ, აღნიშნა, რომ შეიცვალნენ უმაღლეს თანამდებობაზე მყოფი პირები. მოსარჩელე 26.04.2022 წლიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან სადავო ბრძანების საფუძველზე. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტზე - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს ასეთი ობიექტური გარემოება არ ჰქონდა. მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ მის თანამდებობაზე დაინიშნა გამოუცდელი კადრი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხის 24.03.2022 წლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, 30.12.2021 წლიდან მოპასუხე ორგანიზაციაში გარკვეული საკადრო ცვლილებების შესახებ, კერძოდ, შეიცვალნენ უმაღლეს მმართველობით პოზიციაზე დასაქმებული პირები. შესაბამისად, მოპასუხისა და მისი ტერიტორიული სამმართველოების წინაშე დაისვა ახალი ამოცანები, მიდგომები და მოთხოვნები. ამდენად, მიზანშეწონილად მიიჩნიეს შესაბამისი სამმართველოს ხელმძღვანელობა განხორციელებულიყო მაღალი გამოცდილების მქონე, განახლებული ადამიანური რესურსით. მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა 26.04.2022 წლიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, კომპენსაციის მიღებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ. მოპასუხის 21.04.2022 წლის ბრძანებით კი - მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 26.04.2022 წლიდან.
3.2. მოპასუხემ სშკ-ით დადგენილი წესი სრულად შეასრულა, მოსარჩელე 30 დღით ადრე გააფრთხილა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითაა გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, შესაბამისად, არც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.3. თანამდებობას, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, ამჟამად სხვა პირი იკავებს. რაც შეეხება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, მოპასუხის ტერიტორიულ სამმართველოში არსებობს უფროსი სპეციალისტისა და მთავარი სპეციალისტის თანამდებობები, რომლებიც ვაკანტური არ არის. გარდა ამისა, აღნიშნული პოზიციები განსხვავებულია როგორც ფუნქციურად, ასევე - შრომის ანაზღაურების კუთხით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 12000 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. დასაქმებულმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მანვე განმარტა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილი. დამსაქმებელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
6.1. მოსარჩელე 2013 წლიდან 26.04.2022 წლამდე დასაქმებული იყო მოპასუხესთან.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, 10.10.2018 წლიდან, მოსარჩელე დაინიშნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარ სპეციალისტად.
6.3. 01.12.2019 წლიდან მოსარჩელე უკონკურსოდ გადაყვანილ/დანიშნულ იქნა მოპასუხის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროს სპეციალისტად.
6.4. მოპასუხის დირექტორის 19.02.2020 წლის №03-50/კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოვალეობები.
6.5. კარიერული განვითარების შესახებ 28.09.2020 წლის №03-199/კ ბრძანებით, 01.10.2020 წლიდან, მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსად, თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2200 ლარით.
6.6. 24.12.2021 წლის №03-254/კ ბრძანებით მოსარჩელე 01.01.2022 წლიდან დაინიშნა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით.
6.7. №03-254/კ ბრძანებით მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად 2420 ლარით.
6.8. სხვადასხვა პერიოდში მოსარჩელემ გაიარა დამსაქმებლის მიერ ორგანიზებული ტრენინგები; 2015 წლის 25 და 26 აპრილს ჩაბარებული აქვს ზოგადი უნარებისა და პროფესიული გამოცდა. მოსარჩელე, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიერად. 29.12.2017 წელს წახალისებულია მინისტრის ბრძანებით და გამოცხადებული აქვს მადლობა.
6.9. მოპასუხის ხელმძღვანელის 24.03.2022 წლის №03-2838 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 30.12.2021 წლიდან დამსაქმებელთან გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, შეიცვალნენ უმაღლეს მმართველობით პოზიციაზე დასაქმებული პირები, მოპასუხისა და მისი ტერიტორიული სამმართველოების წინაშე დაისვა ახალი ამოცანები, მიდგომები და მოთხოვნები. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შესაბამისი სამმართველოს ხელმძღვანელობა განხორციელებულიყო მაღალი გამოცდილების მქონე, განახლებული ადამიანური რესურსით. მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა 26.04.2022 წლიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, კომპენსაციის მიღებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ.
6.10. მოპასუხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ი.ღ–ის 21.04.2022 წლის №03-73/კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე 26.04.2022 წლიდან გათავისუფლდა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან და მასზე გაიცა კომპენსაცია.
6.11. მოსარჩელემ 17.05.2022 წელს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გათავისუფლების საფუძვლის განმარტება, კერძოდ, რა ახალი ამოცანები და მიდგომები დაისვა მოპასუხის წინაშე და რომელს ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე მისი კვალიფიკაციისა და კარიერული განვითარების შესახებ დამსაქმებელთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნულ წერილზე მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია.
6.12. გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას). მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციის თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივი საფუძველია 24.03.2022 წლის შეტყობინებაში მითითებული გარემოება - ხელმძღვანელობის ცვლილება და მათ მიერ დასახული ახალი ამოცანები და მიდგომები.
6.13. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ არის. მოსარჩელე არ მიუთითებს რომელიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ტოლფასი ვაკანსიის არსებობის თაობაზე, სადაც მისთვის სასურველი იქნებოდა დასაქმება. იგი ზოგადად აღნიშნავს, რომ მას არ გამოუხატავს უარყოფითი პოზიცია მოშორებულ რეგიონში (მაგ. გარდაბანში) დასაქმებასთან დაკავშირებით, თუმცა არ მიუთითებს კონკრეტულად სად არის მისთვის სასურველი, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა.
6.14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი შეფასებითია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამტკიცებს დამსაქმებელი ისეთი გარემოების არსებობას, რაც გაამართლებს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებას. ასეთი გარემოება უნდა ადასტურებდეს უკიდურესი აუცილებლობის არსებობას, რაც შეუძლებელს ხდის (გამორიცხავს) მოსარჩელის დასაქმების შესაძლებლობას მოპასუხის მიერ. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, რა ფაქტობრივი რეალობის გამო აღმოჩნდა დამსაქმებელი დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე და განაპირობა თუ არა ეს კადრის არაკვალიფიციურობამ. უნდა შეფასდეს, დამსაქმებლის მიერ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება ქმნიდა თუ არა დასაქმებულის უნარ-ჩვევების იმგვარი ობიექტური შეფასების საფუძველს, რომ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა ახალი ხელმძღვანელობის მიერ დასახული ახალი ამოცანებისა და მიდგომების განხორციელებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
6.15. დადგენილია, რომ მოსარჩელე 2013 წლიდან გათავისუფლებამდე (26.04.2022წ.) დასაქმებული იყო მოპასუხესთან არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე (კარიერული წინსვლით). ამდენად, მოსარჩელეს დამსაქმებელთან ჰქონდა უწყვეტი და, შესაბამისად, უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ამ თანამდებობაზე მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, დასაქმებულს რაიმე გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელი არ შეფარდებია, პირიქით, იგი 29.12.2017 წელს წახალისებულია მინისტრის ბრძანებით და გამოცხადებული აქვს მადლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით ეკიდებოდა შრომითი მოვალეობების შესრულებას და, ამასთან, მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კვალიფიციურად. ნიშანდობლივია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
6.16. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებლის მტკიცებით, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა უმაღლეს მმართველობით პოზიციაზე დასაქმებული პირების საკადრო ცვლილებები, მოპასუხისა და მისი ტერიტორიული სამმართველოების წინაშე დასმული ახალი ამოცანები, მიდგომები და მოთხოვნები, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნიეს შესაბამისი სამმართველოს ხელმძღვანელობა განხორციელებულიყო მაღალი გამოცდილების მქონე, განახლებული ადამიანური რესურსით. თუმცა, მოპასუხემ ვერც მიუთითა და ვერც დაადასტურა მოსარჩელის კვალიფიკაციის არასაკმარისი დონე ან/და დაკავებულ თანამდებობასთან მისი კვალიფიკაციის შეუსაბამობა.
6.17. მოპასუხემ უნდა მიუთითოს და ამტკიცოს, რომ სამინისტროსა და თავისი ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, დაისახა კონკრეტული ახალი ამოცანები და მიდგომები, რომლის შესრულება/დაძლევა მოსარჩელეს არ შეეძლო მისი კვალიფიკაციის, გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა თუ სხვა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. მოსარჩელის კვალიფიკაციის შეფასებისა და დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო კრიტერიუმებთან შეუსაბამობის თაობაზე მოპასუხეს რაიმე მითითება ან მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
6.18. სშკ-ის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულისა. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტური გარემოების არსებობა, რომელიც ამართლებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებულის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების (ბრძანების) მართლზომიერება. უსაფუძვლოა დამსაქმებლის მითითება იმ გარემოებაზე, თითქოს სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ბრძანების უკანონოდ აღიარების შემდეგ, გასაჩივრებული ბრძანება ძალაში რჩება, ვინაიდან გადაწყვეტილებაში არ არის პირდაპირი მითითება მისი ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტური შინაარსი (სარეზოლუციო ნაწილის ჩათვლით), სწორედ გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობას გულისხმობს (ამის დასტურია გადაწყვეტილების მე-8 გვერდის პირველი აბზაცი) და გადაწყვეტილების აღსრულებისას, მხარეთა მიერ რაიმე ბუნდოვანებაზე მითითების შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა, კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების გზით, მარტივად არის შესაძლებელი.
6.19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის პოზიციას არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, რის გამოც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის საფუძველზე.
6.20. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმა უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში ერთგვარ ალტერნატივას სთავაზობს სასამართლოს, სახელდობრ, მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ იმ პოზიციაზე, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, დასაქმებულია ზ.ე–ია (აღნიშნულ გარემოებაზე თავად მოსარჩელეც მიუთითებს). ამასთან, მოსარჩელე არ მიუთითებს სხვა, ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ, სადაც მისთვის სასურველი იქნებოდა დასაქმება. მხოლოდ იმ გარემოებაზე მოსარჩელის მითითება, რომ მას არ გამოუხატავს უარყოფითი პოზიცია რეგიონში (მაგალითად, გარდაბანში) დასაქმებასთან დაკავშირებით, ვერ ადასტურებს, რომ ასეთი ვაკანსია არსებობს და მოსარჩელე თანახმაა, დაიკავოს ეს თანამდებობა. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება მიიჩნია.
6.21. მოქმედი შრომის კოდექსი და კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს, თუმცა სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის დასაქმების შესაძლებლობები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან და სხვა. სააპელაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა (12000 ლარი) იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ და შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით; მოცემული მომენტისთვის მოსარჩელის განმარტებით, იგი არ არის დასაქმებული (მოპასუხეს არ წარმოუდგენია საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება); არ არსებობს ვაკანტური ან ტოლფასი (მოსარჩელისთვის სასურველი) თანამდებობა. ვინაიდან არ არსებობს დასაქმებულის პირვანდელ ან/და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა.
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
11.1. მოსარჩელე 2013 წლიდან 26.04.2022 წლამდე დასაქმებული იყო მოპასუხესთან (ტ.1, ს.ფ. 44-63);
11.2. მოპასუხის დირექტორის 19.02.2020 წლის №03-50/კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოვალეობები (ტ.1, ს.ფ. 61);
11.3. მოსარჩელის კარიერული განვითარების შესახებ 28.09.2020 წლის №03-199/კ ბრძანებით, 01.10.2020 წლიდან, მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსად. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2200 ლარით (ტ.1, ს.ფ. 62);
11.4. 24.12.2021 წლის №03-254/კ ბრძანებით მოსარჩელე 01.01.2022 წლიდან დაინიშნა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად 2420 ლარით (ტ.1, ს.ფ. 63);
11.5. მოპასუხის ხელმძღვანელის 24.03.2022 წლის №03-2838 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 30.12.2021 წლიდან დამსაქმებელთან გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, შეიცვალნენ უმაღლეს მმართველ პოზიციაზე დასაქმებული პირები, მოპასუხისა და მისი ტერიტორიული სამმართველოების წინაშე დაისვა ახალი ამოცანები, მიდგომები და მოთხოვნები. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელობა განხორციელებულიყო მაღალი გამოცდილების მქონე, განახლებული ადამიანური რესურსებით. მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა 26.04.2022 წლიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, კომპენსაციის მიღებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 30);
11.6. მოპასუხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 21.04.2022 წლის №03-73/კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე 26.04.2022 წლიდან გათავისუფლდა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან და მასზე გაიცა კომპენსაცია - ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის (წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი (ტ.1, ს.ფ. 31);
11.7. მოსარჩელემ 17.05.2022 წელს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გათავისუფლების საფუძვლის განმარტება (ტ.1, ს.ფ. 27). აღნიშნულ წერილზე მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა, დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ. სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.).
13. შრომის სამართლის ბუნებიდან გამომდინარე, სშკ ადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველთა ამომწურავ ჩამონათვალს (სშკ-ის 47-ე მუხლი), რათა განისაზღვროს ზუსტი ჩარჩოები და არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. ამასთან, დასაქმებულისათვის მაქსიმალურად განჭვრეტადი უნდა იყოს ის საფუძვლები, რომლებიც შესაძლებელია, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა გახდეს (სუსგ №ას-1213-2020, 07.06.2022წ.).
14. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
15. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი: სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
16. ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (სუსგ №ას-715-2019, 04.07.2019წ; №ას-126-2020, 27.10.2020წ; №ას-188-2021, 08.04.2021წ.).
17. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტული და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი), (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-1001-2018, 05.03.2021წ; №ას-1185-2022, 19.10.2022წ; №ას-523-2023, 06.07.2023წ.).
18. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.). შესაბამისად, სწორედ დამსაქმებელს ეკისრება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმგვარი ობიექტური გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს.
19. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს 24.03.2022 წლის შეტყობინებაში აღნიშნულ გარემოებებზე - ხელმძღვანელობის ცვლილებასა და მათ მიერ დასახულ ახალ ამოცანებსა და მიდგომებზე. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ხელმძღვანელობის ცვლილების ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმგვარ ობიექტურ გარემოებად, რომელიც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გაამართლებდა. რაც შეეხება დამსაქმებლის ნებას მაღალი გამოცდილების მქონე, განახლებული ადამიანური რესურსების გამოყენების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა) საფუძველზე. ასეც რომ არ იყოს, მოპასუხემ ვერ შეძლო მიეთითებინა და დაემტკიცებინა, თუ რა ახალი ამოცანები და მიდგომები დაისახა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, რომელთა შესრულება/დაძლევა მოსარჩელეს არ შეეძლო მისი კვალიფიკაციის, გამოცდილების, უნარ-ჩვევების თუ სხვა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).
21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა, მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. არ არსებობს მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების თაობაზე მეორე კასატორის (დამსაქმებლის) მსჯელობის გაზიარების საფუძველი.
22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ძალაშია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია მისი არა ბათილად, არამედ - უკანონოდ ცნობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოტივაციო ნაწილი შეიცავს ცხად და არაორაზროვან განმარტებას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ერთ-ერთი თანმდევი შედეგი - კომპენსაციის დაკისრებაა მითითებული, სარეზოლუციო ნაწილში, ბრძანების ბათილად ცნობის ნაცვლად, მის უკანონობაზე მითითება (სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს), არ წარმოშობს მეორე კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის გაზიარების საფუძველს.
23. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
24. დადგენილია, რომ დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. რაც შეეხება ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე, მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებულის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია, გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (სუსგ №ას-890-857-2016, 09.10.2017წ; სუსგ №ას-475-456-2016, 24.06.2016წ; №ას-1208-2018, 18.02.2021წ., პუნ. 103; №ას-1101-2022, 17.11.2022წ., პუნ. 56). განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულმა ვერ მიუთითა რომელიმე ტოლფას თანამდებობაზე, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მისი დასაქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზიარებული ვერ იქნება პირველი კასატორის პრეტენზია ვერც სამუშაოზე აღდგენასთან და ვერც ტოლფას სამუშაოზე დასაქმებასთან დაკავშირებით. დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებად მართებულად განისაზღვრა მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება.
25. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ითვალისწინებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა, სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები), (შდრ. სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საკასაციო პალატა ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან საკუთარ უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტს (დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის არამართლზომიერი გათავისუფლება); იმ გარემოებას, რომ მხარეებს მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ, შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს - და მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიან და გონივრულ ოდენობად მართებულად განისაზღვრა 12000 ლარი.
26. პირველი კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებით არ იხელმძღვანელეს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
27. სშკ-ის 58-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 29.09.2020 წლის ცვლილებებამდე არსებული რედაქციით, იძულებითი განაცდურის შესახებ დასაქმებულის მოთხოვნა კმაყოფილდებოდა მხოლოდ პირის პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში, ხოლო, თუ წარუმატებელი იყო სასარჩელო მოთხოვნა აღდგენასთან მიმართებით, აღნიშნული გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობასაც. 29.09.2020 წელს სშკ-ში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით (რომელიც ამოქმედდა იმავე წლის 5 ოქტომბერს), იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულს მიენიჭა არა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, არამედ - კომპენსაციის მიკუთვნების პირობებშიც (სუსგ №ას-888-2022, 16.11.2022წ.).
29. მოცემულ შემთხვევაში, რადგან სადავოა დამსაქმებლის 21.04.2022 წლის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის შესახებ, რომ, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სშკ-ის ახალი რედაქციის (29.09.2020 წელს განხორციელებული ცვლილება, რომელიც ამოქმედდა იმავე წლის 5 ოქტომბერს) 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარჩელით, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ითხოვდა დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 2420 ლარის (მოსარჩელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო) დაკისრებას (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 2-25). ამავე საკითხს შეეხებოდა მისი სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზიაც (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 152-168). ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომპენსაციასთან ერთად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 2420 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 26.04.2022 წლიდან, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე (შდრ. სუსგ №ას-888-2022, 16.11.2022წ; №ას-1183-2022, 23.12.2022წ; №ას-1610-2022, 21.03.2023წ.).
30. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს (სსსკ-ის 410-ე მუხლი), ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 2420 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება, 26.04.2022 წლიდან სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა
31. წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი კმაყოფილდება მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაწილში დასაქმებული გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ ნაწილში დავის საგნის (31460 ლარის) ღირებულების 3%, 4% და 5%, რომელთა გადახდისაგან სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, ჯამურად - 3,775.2 ლარი. რადგან არ კმაყოფილდება სამუშაოზე აღდგენის/ტოლფას სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე დასაქმებულის მოთხოვნა, ამ ნაწილში მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარს, ვინაიდან არ კმაყოფილდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მეორე კასატორის (დამსაქმებლის) მოთხოვნა, არ არსებობს მის მიერ საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600 ლარის) მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები და აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. გ.ნ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გ.ნ–იას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 2420 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება, 26.04.2022 წლიდან სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3,775.2 ლარის გადახდა.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია