საქმე №ას-423-2023 29 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ს–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ი.დ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 300 000 აშშ დოლარისა და სარგებლის (წლიური 4 %-ის) - 180 000 აშშ დოლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2005 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 300 000 აშშ დოლარი, რათა ამ უკანასკნელს ფული დაებანდებინა, საიდანაც მოსარჩელესაც უნდა მიეღო წილი. მოპასუხე იყო სს „ს.ს.ბ–ის“ ყ–ის ფილიალის მმართველი. მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ თანხის ნახევარი დააბანდა, მეორე ნახევართან დაკავშირებით კი შესთავაზა, შეეტანა მოპასუხის ბანკში მოსარჩელის მეუღლისა და შვილის სახელზე, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა. მოპასუხემ მოსარჩელეს დაახვედრა შესაბამისი საბანკო ხელშეკრულებები. 2006 წლიდან 2013 წლამდე მოსარჩელე სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოპასუხე მოსარჩელეს უგზავნიდა რაღაც პროცენტებს. მოპასუხესთან მოიყარა თავი მოსარჩელის სხვა თანხებმაც. მოპასუხემ დაუკავა 18000 აშშ დოლარი ადვოკატისათვის გადახდის საფუძვლით, 50 000 აშშ დოლარი - დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის გადახდის საფუძვლით. ნაწილ-ნაწილ გადარიცხვით გზავნილით მოპასუხემ გადაიხადა 61259 აშშ დოლარი, ხელზე ნაწილ-ნაწილ 57 000 აშშ დოლარი. აღსრულების ბიურომ გადაახდევინა 14000 აშშ დოლარი. მოპასუხემ ხელწერილით აღიარა 150 000 აშშ დოლარი, წარმომადგენლის ხელით მოსარჩელეს გადასცა 50 000 აშშ დოლარი, 100 000 აშშ დოლარი კი არ გადაუხდია.
2.2. მოპასუხის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოსარჩელის დიდი ოდენობით თანხის მითვისების თაობაზე. 25.12.2018 წლის დადგენილებიდან მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ თაღლითურად, ყალბი დოკუმენტების დამზადებით მიითვისა მოსარჩელის 300 000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად. 13.02.2019 წლის დადგენილებით მოპასუხეზე თაღლითობის მუხლით შეწყდა დევნა ხანდაზმულობის გამო, ხოლო მოსარჩელის დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მოპასუხის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე წარმოებაშია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საფუძვლით 26.09.2022 წელს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 480 000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს მითითებით, 08.07.2022 წელს მოპასუხის მეუღლეს მ.ქ–ს ჩაბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2321 მუხლის თანახმად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
- მოპასუხის მეუღლეს ჩაბარდა მხოლოდ განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია;
- მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის უსაფუძვლოდ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს არაერთი სამართლებრივი დავა;
- მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ უკვე ჰქონდა სასამართლოში დავა ვითომდა საბანკო დოკუმენტების, ე.წ. სადეპოზიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც დასრულებულია და დადგინდა, რომ ამგვარი სადეპოზიტო ხელშეკრულებები საერთოდ არ არსებობს. მან გაყალბებული სადეპოზიტო ხელშეკრულებების ასლები წარმოადგინა, რომელთა არსებობა შემდეგ თავადვე უარყო;
- მოსარჩელის ვალი ჰქონდა ვინმე ნ.დ–ს, რომელსაც აღიარებული აქვს 265000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულება;
- მოსარჩელის მითითებით მოპასუხემ გასწია გარკვეული ხარჯები (დაზარალებული ოჯახის, ადვოკატის);
- მოპასუხეს გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული 14000 აშშ დოლარის გადახდა, რაც აღსრულებულია; მას ამ თანხაზე ახალი სარჩელიც ჰქონდა აღძრული;
- მოპასუხის მიერ მოსარჩელის ოჯახისათვის გადარიცხულმა თანხებმა შეადგინა 174 000 აშშ დოლარი. მოსარჩელის პრეტენზია 265 000 აშშ დოლარზე დასრულებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ. 255-263).
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 10.11.2022 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 26.09.2022 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2022 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 10.11.2022 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
განჩინება ეფუძნება შემდეგს:
- მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად არ დასტურდება მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება, ასევე - მისთვის შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მოსალოდნელი საპროცესო შედეგების განმარტება, რის გამოც მხარეს არ უნდა წაერთვას სამართლიანი სასამართლოს და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლება;
- საქმეში წარმოდგენილია არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება, მსგავსი ფაქტობრივი გარემოებებით და სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რამდენად არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობა, რომელიმე სარჩელი ხომ არ მოიცავდა სარჩელის აღძვრის ერთი და იმავე წინაპირობას, რომელზეც სასამართლოს, შესაძლოა, უკვე ნამსჯელი აქვს;
- არ არსებობდა საქმეზე სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლების თანახმად.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.
12. სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
13. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
14. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
15. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
16. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა (შდრ. სუსგ №ას-1492-1412-2017, 28.02.2018წ; №ას-975-2019, 05.06.2020წ; №ას-1318-2020, 25.06.2021წ; №ას-1203-2019, 30.07.2021წ; №ას-479-2023, 24.07.2023წ.). როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (Dombo Beheer B.V. v. The Netherlands, №14448/88, 27.10.1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი“ (Bellet v. France, №23805/94, 04.12.1995წ., §38). კონვენცია მიზნად ისახავს იმ უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], №36760/06, 17.01.2012წ., §231) (სუსგ №ას-1469-1389-2017, 21.06.2018წ.). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (Bartaia v. Georgia, №10978/06, 26.07.2018წ. (საბოლოო გახდა 26.10.2018წ.), §34) (შდრ. სუსგ №ას-28-2021, 12.03.2021წ; №ას-1751-2018, 01.06.2020წ.). საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA), №30459/13, 17.01.2017წ., სუსგ №ას-1154-2021, 23.02.2022წ., პუნ.28).
19. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა როგორც დაუწრებელი გადაწყვეტილება, ისე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. არც საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არსებობს სამართლის განვითარების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია