საქმე №ას-222-2024 21 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ი–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა:
- შემცირდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 2022 წლის 29 ივლისის N11 მიღება-ჩაბარების აქტით დაქვითული პირგასამტეხლო 7914.50 ლარით და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.02%-ით რაც შეადგენს 242 ლარს;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 7672.5 ლარის გადახდა;
- შემცირდეს მოპასუხის 2022 წლის 12 ივლისის წერილით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტელო ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.02%, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.02%-მდე;
- შემცირდეს მოპასუხის 2022 წლის 02 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დარიცხული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.02%-დან შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.02%-მდე და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს ჯამში 1000 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.06.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7672.5 ლარის გადახდა;
- სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის 2022 წლის 12 ივლისის წერილით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტელო ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.02%, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.02%-მდე შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.3, ს.ფ. 96-118).
ამავე კოლეგიის 23.06.2023 წლის განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.02%-დან შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.02%-მდე შემცირების და პირგასამტეხლოს ოდენობის ჯამში 1000 ლარის განსაზღვრის შესახებ დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 119-123). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 175-177).
4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
6. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
7. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით:
სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 416-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისთვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისთვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
ამდენად, აღნიშნული ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და კერძო საჩივრის წარდგენის ვადის შეცვლა არ დაიშვება (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი).
8. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსით 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით (იხ.: ტ.3, ს.ფ. 147, 178). საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ გზავნილი კერძო საჩივრის ავტორის თანამშრომელს (იურისტს) ჩაჰბარდა 12.12.2023 წელს (იხ.: შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ტ.3, ს.ფ.182).
9. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
11. მოცემულ შემთხვევაში, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 13 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 25 დეკემბერს (რადგან გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო კვირა). საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 29.12.2023 წელს ((იხ. ტ.3, ს.ფ.186), უშუალოდ სასამართლოს კანცელარიაში კი დარეგისტრირდა 18.01.2024 წელს (იხ. ტ.3, ს.ფ.183). ამდენად, კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-252-2021, 19.03.2021 წელი, №ას-2-2020, 13.01.2020 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 416-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე და 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი–ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე